კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა გარუჯვამ და რომელი მედიკამენტები ზრდის მზის ალერგიის გამოწვევის რისკს

ზაფხულში მზე, ზღვა და კარგი რუჯი ყველასთვის სასურველია. შავგვრემანი, გარუჯული სხეული ბევრად მიმზიდველია, მაგრამ მზის ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება იმდენად ავნოს თქვენს კანს, რომ მზის ალერგიაც კი  გამოიწვიოს. ამ და სხვა თემებზე, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტს, ქალბატონ ნინო ლომიძეს ვესაუბრეთ.

 – ულტრაიისფერი სხივები 3  სახის არსებობს: UVA, UVB, UVC, თუმცა ძირითადად, პრობლემას პირველი ორი ქმნის. UVA სხივები როგორც კანის ზედაპირულ შრეში, ისე ღრმად დერმაშიც აღწევს და საზიანოა ორგანიზმისთვის. UVB კი, უშუალოდ კანის ზედაპირულ შრეში ჩერდება და A სხივთან შედარებით ნაკლებად მავნეა. მზის ალერგიის გამოვლინება კანზე არის პოლიმორფული, ანუ სხვადასხვა ტიპის და შეიძლება, გამოვლინდეს სიწითლის, ქავილის, ჭინჭრის ციების, ვეზიკულების, ანუ პატარა ბუშტუკების სახით. საყურადღებოა, რომ მზის ალერგიის ზემოაღნიშნული გამოვლინებები ვითარდება სხეულის იმ ნაწილებზე, რომელსაც უშუალოდ ხვდება მზის სხივები და ტანსაცმლით არ არის დაფარული.
– იწვევს თუ არა გარუჯვა მზის ალერგიას?
– მზის ალერგიის მიზეზი შეიძლება არასწორი გარუჯვა გახდეს, ამიტომ აუცილებელია, მოვერიდოთ დღის იმ პერიოდს, როცა მზის ულტრაიისფერი გამოსხივება მაქსიმალურია, ასევე აუცილებელია, გამოვიყენოთ მზის დამცავი საშუალებები. თუმცა, ალერგია არ უნდა აგვერიოს დამწვრობაში, ან მზის დაკვრაში. თუ კანისმიერ გამოვლინებას, თან დაერთო გულისრევა, ღებინება, ტემპერატურა, თავის ტკივილი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან შესაძლოა, ეს მზის დაკვრა იყოს.
– შესაძლებელია თუ არა, რომ სხვადასხვა მედიკამენტმა გაზარდოს მზის ალერგიის განვითარების რისკი?
– მზის ალერგიის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ ულტრაიისფერი გამოსხივება არ არის. ზოგი მედიკამენტი გარუჯვისას მკვეთრად ზრდის მზის ალერგიის განვითარების რისკს. ასეთ მედიკამენტებს მიეკუთვნება: ტეტრაციკლინისა და სულფანილამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, ორალური კონტრაცეპტივები, ზოგიერთი შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თუ პაციენტი მკურნალობს აღნიშნული მედიკამენტებით, თავი შეიკავოს გარუჯვისა და მზის ზემოქმედებისგან. აღნიშნული უნდა გაითვალისწინოს როგორც პაციენტმა, ასევე ექიმმაც, განსაკუთრებით ზაფხულში, ზღვის სეზონზე.
– მზის ალერგიისკენ მიდრეკილება, ალბათ, უფრო ღია ფერის ადამიანებს აქვთ. როდის იწყებს ალერგია გამოვლინებას?
– მზის ალერგიის მიმართ მიდრეკილნი არიან  ღია ფერის კანისა და თმის მქონე ადამიანები, ასევე, ბავშვები. ამიტომ, განსაკუთრებით მათ რუჯი თანდათანობით უნდა მიიღონ. აუცილებელია სწორი რეჟიმის დაცვაც. დილის 10 საათიდან 4 საათამდე მზის ულტრაიისფერი გამოსხივება განსაკუთრებით მავნეა ორგანიზმისთვის. შესაბამისად, ამ პერიოდში გარუჯვა არ არის მიზანშეწონილი. არ უნდა დაგვავიწყდეს მზის სათვალე და მზის დამცავი საშუალება. მზის ალერგიის განვითარების რისკ-ჯგუფს ასევე მიეკუთვნებიან ის პირები, რომელთაც აღენიშნებათ ატოპიური დერმატიტი, იგივე კანის ალერგიული გამონაყარი, მშრალი კანი. კანის სიმშრალე წყლის შეკავების დარღვევასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, კანის ბარიერული შრე დარღვეულია და მზის ულტრაიისფერი სხივები განსაკუთრებით მავნედ მოქმედებენ მასზე. მზის ალერგიის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა გენეტიკურ განწყობასაც ენიჭება. რაც შეეხება გამოვლინებას, შესაძლებელია, დაიწყოს როგორც მზის სხივის ზემოქმედებიდან რამდენიმე წუთში, ასევე 24 საათის გასვლის შემდეგაც. მზის ალერგიის თანდაყოლილი ფორმები გაცილებით უფრო რთულად სამკურნალოა, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს ადრეული ასაკიდან აღენიშნებათ. ასეთმა პირებმა განსაკუთრებით უნდა შეიკავონ თავი შუადღის მზეზე გასვლისგან და გარუჯვისგან. რეგულარულად უნდა გამოიყენონ მზის დამცავი საშუალებები მაღალი დამცავი ფილტრით.
– კოღოს ნაკბენიც ალერგიის ერთ-ერთი სახეობაა. მისი გართულების შემთხვევაში რა შედეგამდე შეიძლება, მივიდეს ადამიანი?
– როდესაც კოღო კბენს ადამიანს, ის ორგანიზმში საკუთარი ნერწყვის მცირე რაოდენობას ტოვებს, რომელიც ალერგიის გამომწვევი მიზეზი ხდება. კოღოს ნაკბენს ახასიათებს ძლიერი ქავილი, ნაკბენის გარშემო კანი წითლდება და შუპდება. თუ შეშუპება და სიწითლე ვრცელდება დიდ უბანზე (10 სანტიმეტრი და მეტი), ნაკბენი ხელის შეხებით ცხელია, აღენიშნება ყვითელი ფერის გამონადენი, განვითარებული ძლიერი ქავილის შედეგად, აუცილებლია ექიმის კონსულტაცია. კოღოს ნაკბენი განსაკუთრებით ურთულდებათ ალერგიულ პირებს და ბავშვებს. ამიტომ, მათ ვურჩევ, გაზაფხულის დაწყებისთანავე გაიარონ ალერგოლოგის კონსულტაცია, რომ შესაბამისი რეკომენდაციები მიიღონ.
 – როგორ უნდა დავამუშაოთ გაღიზიანებული კოღოს ნაკებენი?
– ზოგადად, ინსექტური ანუ მწერის ნაკბენზე ალერგია, ძალიან სერიოზული თემაა და ზაფხულში, როგორც კოღოს, ასევე ფუტკრისა და ბზიკის ნაკბენებზე ალერგიაც აქტუალურია. ფუტკრისა და ბზიკის ნაკბენით გამოწვეული ალერგია ბევრად საშიშია, რამაც შესაძლებელია, ძლიერი ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსიური შოკიც კი გამოიწვიოს. ზოგჯერ კოღოს ნაკბენი ინფექციის წყაროა. ამიტომ, აუცილებელია, მათი დამუშავება უვნებელი თანამედროვე ანტისეპტიკური ხსნარებით. გარდა ამისა, რეკომენდებულია ანტიალერგიული კრემების, გელების, მედიკამენტების გამოყენება ქავილისა და გამონაყრის შესამცირებლად. თუმცა, მაინც სასურველია, ექიმთან ვიზიტი. თუ დროულად ჩაიტარებთ მკურნალობის კურსს, მზის ალერგია კანზე კვალს არ ტოვებს.

скачать dle 11.3