რის დასაფარად მისცა ღმერთმა ადამიანებს შესამოსელი და რისი სიმბოლოა ლოცვისას ქალის თავზე დახურული მანდილი
ადამიანები დავდივართ ეკლესიაში, წირვა-ლოცვებს ვესწრებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას. ზოგჯერ მათი არსებობის შესახებ არაფერი ვიცით. ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– წმიდა მამები გვირჩევენ, როგორც კი დილით სამოსის ჩაცმას დაიწყებ, მაშინვე გაიხსენე, რატომ მოგცა ღმერთმა ტანსაცმელიო. შეგახსენებთ, რომ, როდესაც სამოთხეში ადამიანებმა ცოდვა ჩაიდინეს, მათ მაშინვე იგრძნეს სიშიშვლე და სირცხვილი. ნათლით შემოსილები ჩამქრალ ლამპარს დაემსგავსნენ. ამიტომ, ღმერთმა მათ ტყავის შესამოსელი შეუკერა და მას შემდეგ ატარებს ადამიანი ტანსაცმელს. თანამედროვე დროში კი ჰგონიათ, რომ სამოთხეში ადამიანები შიშვლები დადიან და მათ ეს სიშიშვლე ღმერთთან აახლოვებთ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთმა შესამოსელი სირცხვილისა და სიშიშვლის დასაფარად მოგვცა. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში კორინთოს ეკლესიის ქრისტიანებს გარკვევით შეაგონებს: „ყოველთვის გახსოვდეთ და ინახავდეთ სწავლებას, რომელიც გადმოგეცათ“. ეს სწავლება კი ეხება მამაკაცისა და დედაკაცის მდგომარეობას ლოცვის დროს. მამაკაცმა არ უნდა დაიფაროს ლოცვის დროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა. ხოლო, რადგან დედაკაცია მამაკაცისგან შექმნილი, ამიტომ მას თავზე უნდა ჰქონდეს ხელმწიფების ნიშანი ანგელოზებისა და უფლის გულისთვის, ანუ მანდილი, რომელიც მორჩილების სიმბოლოა. თუმცა, თუ ჩვენ გადამეტებულად ვიქნებით ღვაწლში, სულიერ და ხორციელ მდგომარეობას დავიზიანებთ. ყველაფერში – ღვაწლში, ვარცხნილობაში, სამკაულის ტარებაში ზომიერების დაცვაა საჭირო. ჩვენ ხშირად ყურადღებას წვრილმანებზე ვამახვილებთ და უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვავიწყდება.
– რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები?
– ბევრი მხოლოდ მარხვის განმავლობაში დადის ეკლესიაში. მათთვის იესო ქრისტე და ცხონება მხოლოდ მარხვის დღეებშია. ეს გარკვეული ნაკლოვანებაა, სექტური წარმოდგენა მართლმადიდებლობაზე. თუ არ უნდა ადამიანს ეკლესიაში სიარული, ნუ ივლის, არავინ აძალებს – ღმერთი არავის ეხვეწება ეკლესიაში სიარულს. მან ყველაფერი აღასრულა იმისთვის, რომ ადამიანები ცხონდნენ, მაგრამ, თუ ვიღაცას არ უნდა ცხონება, ღმერთი მძლავრებითად არავის აცხონებს. თუ აღმსარებლობა, მართლმადიდებლობა არ მოგიწოდებს სინანულისკენ, შენ არ ხარ მორწმუნე და, ესე იგი, შენი სარწმუნოება საერთოდ არ არის შენი მაცხონებელი, პირიქით, ხიბლში ხარ და, ამიტომაც, შენი სარწმუნოება ამ მიდგომით ვერასდროს მიგიყვანს ცხონებამდე. ამიტომ, როდესაც ეკლესიაში მიდიხართ, თქვით აღსარება და მიიღეთ ზიარება, რადგან, მომავალ კვირას რა იქნება, არავინ იცის. ბევრი სისტემატურად დადის ეკლესიაში, ამბობს აღსარებას, ეზიარება, მაგრამ, ერთი რამ მუდმივად ავიწყდება – არ შეიძლება ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დაგვიანება.
– და ამისთვის არსებობს გარკვეული სასჯელი?
– ასეთებს მოძღვარი ხშირად არ აზიარებს, მათ აღსარებას აღარ იბარებენ, რაც ასეც უნდა იყოს. ადამიანი ყველაფერს აკეთებს სამსახურში, სახლში, მეგობრებთან, შემდეგ უცებ რაღაც მცირე დროს გამონახავს და მიდის შუა წირვაზე, ეზიარება, იცხებს ზეთს და ისევ გარბის. ასეთი ქმედება არასწორია და ამის შესახებ სასულიერო პირმა აუცილებლად უნდა ამოიღოს ხმა, უნდა ასწავლოს მრევლს, რა არის სწორი და რა – არასწორი. ბევრი კი პირიქით იქცევა: თავის დროზე მოდის ეკლესიაში, ესწრება ქადაგებას, მაგრამ, არც აღსარებას ამბობს, არც ეზიარება და ხშირად საერთოდ არ იცნობს გვერდით მდგომ მრევლსა და იმ ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირებს. თუ გინდა, რომ ეკლესიაში ღმერთი შეიცნო, სიყვარული უნდა გაგაჩნდეს, თავმდაბლობა, უბრალოება. მოძღვარს თუ არ ესალმები, კურთხევას არ იღებ, მრევლს თუ არ იცნობ, მის მიმართ თუ არ გაგაჩნია სიყვარული, თუ არ ამბობ აღსარებას, არ ეზიარები, მაშინ, რისთვის დადიხარ ეკლესიაში?! ნეტარი ავგუსტინე ამბობს: ადამიანში წარმმართველი, მამოძრავებელი არის ორი დიდი ვნება. ესენია: სიხარბე და ძალაუფლებისმოყვარეობა. ყველაზე დიდ სიამოვნებას ადამიანი, თურმე, მაშინ იღებს, როდესაც მას ძალაუფლება გააჩნია – ეს ეკლესიაშიც არის, ერშიც და თავად მათხოვრებშიც კი, რომლებიც ხშირად ერთმანეთზე ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას. ყველა განსაცდელი იმიტომ ხდება, განსაკუთრებით კი ბოლო დროს, რომ ჩვენ, ადამიანები, გავძლიერდეთ და ისე შევხვდეთ განსაცდელს, არ მივატოვოთ ეკლესია. სანამ ჭეშმარიტების ხმა აქა-იქ კიდევ ისმის, ჯობია, მოვისმინოთ, რადგან, დადგება დრო, როდესაც ამას ვერსად მოვისმენთ და მოგვენატრება. ძალიან ბევრი მღვდელი თუ ეპისკოპოსი ისეთ რამეს გიქადაგებთ, ვერც კი მიხვდებით და გეგონებათ, რომ ეს ადამიანი სიმართლეს გეუბნებათ. არადა, ის პირდაპირ გეტყვით: მიდით, თაყვანი ეცით ანტიქრისტეს. ის ღოჯებიანი და რქებიანი ცხოველი კი არ იქნება, არამედ, სიმპათიური, განათლებული ადამიანი, რომელიც მოგეფერებათ და პურს დაგირიგებთ. მაგრამ, შენ რომ იტყვი, ეს ცუდიაო, იტყვიან, რომ ჩამორჩენილი ხარ და არაფერი იცი, მაგრამ, სამაგიეროდ, შეძლებ საკუთარი და სხვისი სულის გადარჩენას. სანამ მშვიდობიანი პერიოდია ქვეყანაში და ეკლესიაში ისმის ჭეშმარიტება ისე, როგორც უნდა ისმოდეს, უნდა ისმინო, ისწავლო ის, რასაც გვასწავლიდნენ იოანე ოქროპირი, პავლე მოციქული და სხვა დიდი მამები, და არა ის, რასაც სასულიერო პირები საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე გვასწავლიან. ღმერთს ბოროტება არ შეუქმნია, ისევე‚ როგორც არ ჩაუდენია ღმერთს ცოდვა და შესაბამისად‚ არც შეუქმნია ის. ბოროტება არ არის ღმერთისგან. ამიტომ, მას‚ ვისაც გაკერპებული ჰყავს საკუთარი თავი, მოძღვარი, ქვეყნის პირველი ან მეორე პირი, ან პატრიარქი, სცოდავს, რადგან არავის გაკერპება და გაბატონება არ შეიძლება. როგორიც არის შენი გონება, ისეთი არის შენი სული. თუ შენი გონება განწმენდილია ცოდვებისგან, მაშინ შენი სულიც განწმენდილი იქნება. ყველა ზრახვა, ცოდვა ადამიანში შემოდის გონების გავლით, შემდეგ გადავა გულში და ის უკვე იმყოფება ცოდვაში. თუმცა, ხშირად‚ სამწუხაროდ‚ ის ამას ვერ ხვდება. ცოდვის წყარო არის დაცემული სული, რომელსაც არსებობა არ გააჩნია. როგორც კი ჩაიდენ ცოდვას, მაშინვე ჩნდება ბოროტება, მანამდე მას შენთან არაფერი ხელეწიფება. წყარო ცოდვისა არ არის ადამიანი – ადამიანს ამდენიც არ შეუძლია. ადამიანი არის ქმნილება და, ვისაც თავისი გონებით გაუღებს კარს, ისეთივე იქნება მისი სული.