მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: აქვს თუ არა ქალს ეკლესიაში ქადაგების უფლება?
პასუხი: ქალს ეკლესიაში ქადაგების ნება არ აქვს. პავლე მოციქულის განმარტებით, ეკლესიაში ქალები არ ლაპარაკობენ. სამაგიეროდ, ქალს შეუძლია ქრისტიანობა ეკლესიის მიღმა იქადაგოს. ქალს, ასევე, ეკრძალება საკუთრხეველში შესვლაც. თუმცა, არსებობს გამონაკლისიც, როდესაც ეკლესია ქალთა მონასტერშია. იმის გამო, რომ მონასტერში არ იყოს გარეშე მამაკაცი, მღვდლის დამხმარედ საკურთხეველში შესვლა შეუძლია ხნიერ ქალწულ მონაზონს.
კითხვა: აზიარებს თუ არა ეკლესია ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს და მიიჩნევა თუ არა ცოდვად ასეთი ადამიანისგან ჩადენილი თვითმკვლელობა?
პასუხი: ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ეკლესია აზიარებს. ამ ადამიანებისთვის ეკლესიაში არის განკუთვნილი სპეციალური ადგილი – სტოა, სადაც ხდება მათი ზიარებაც. ხოლო თუ თვითმკვლელობა ჩადენილია ასეთი ადამიანის მიერ, ასეთ დროს შეიძლება აღსრულდეს მასზე საეკლესიო წესი.
კითხვა: როდის ებრძვის ყველაზე მეტად ბოროტი ძალა ადამიანს?
პასუხი: ეს ხდება ძირითადად წმინდა საიდუმლოთა მიღების შემდეგ, გულითადი ლოცვის შემდეგ. განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა იყოთ სარგო საქმის შემდეგ, რადგან ამ დროს ეშმაკი ადამიანის მიერ შურითა და ბოროტებით არის აღსავსე.
კითხვა: რა არის ცდუნება?
პასუხი: ცდუნება არის ყველაფერი ის, რაც ბადებს ფიქრს ცოდვაზე და გვიბიძგებს და გვაიძულებს ცოდვის ჩადენას. ხშირად ადამიანები ბოროტ ძალას აბრალებენ და ამბობენ, რომ ეშმაკმა აცდუნა ამა თუ იმ ცოდვის ჩადენისკენ. ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა იყოს ქრისტიანი, რათა არ ცდუნდეს.