ჭეშმარიტი სარწმუნოება
სულის სხეულისგან გაყრის მიჯნაზე
(წმიდა გრიგოლ დიოლოღოსის მონათხრობი)
ზოგჯერ ხდება ისე, რომ, ჯერ კიდევ სხეულში მყოფი ადამიანის სული ნაწილობრივ ხედავს სასჯელს, რაც მისთვის იმქვეყნად არის განკუთვნილი. ეს ან მათივე ჭკუის სასწავლებლად ხდება, ან გარშემო მყოფთა შესაგონებლად. ერთხელ ჩვენს მონასტერში ერთი მეტად მშფოთვარე ყმაწვილი მოხვდა, სახელად თეოდორე, რომელიც თავის ძმას მოჰყვა. ის მონასტერში იძულების გამო აღმოჩნდა და არა ნებაყოფლობით.
თეოდორეს უმძიმდა, როცა ვინმე მისი ცხონების შესახებ საუბრობდა, რადგან მას კეთილის ქმნა არა მარტო არ შეეძლო, არამედ, მისი ხსენებაც კი არ უნდოდა. ყმაწვილი ფიცით, მრისხანებითა და დაცინვით ამტკიცებდა, რომ არასდროს მოისურვებდა წმიდა მონაზვნურ ცხოვრებას.
ერთხელ, ეპიდემიის დროს, როცა ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი გაწყდა, იგი დასნეულდა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა. მის სარეცელთან მონასტრის ძმები შეიკრიბნენ, რათა ლოცვით გაეცილებინათ იმქვეყნად. მომაკვდავს კიდურები უკვე გაუცივდა, ამიტომ ძმებმა უფრო მოშურნედ იწყეს ლოცვა. უცებ თეოდორემ იყვირა და ბერებს ლოცვა გააწყვეტინა: „გაიწიეთ, გაიწიეთ! დრაკონის შესაჭმელად ვარ განწირული, მაგრამ თქვენ გამო მას ჩემი შთანთქმა არ შეუძლია. თავი უკვე გადაყლაპა; გზა დაუთმეთ, რომ აღარ მაწვალოს! რაც უნდა, ის მიქნას, განწირული ვარ, თქვენ გამო რატომ უნდა გამიხანგრძლივდეს ტანჯვა?“ „რას ამბობ ძმაო? პირჯვარი გადაისახე“, – ურჩიეს ძმებმა, მან კი ყვირილით უპასუხა: „მინდა, მაგრამ დრაკონი ხელს მიშლის“. ამის გამგონე ძმები ცრემლმორეულნი დაემხნენ და უფრო მხურვალედ დაიწყეს ლოცვა. უეცრად სნეულმა შვება იგრძნო და ხმამაღლა წამოიძახა: „მადლობა უფალს! დრაკონი, რომელიც შეჭმას მიპირებდა, გაიქცა. თქვენი ლოცვით განდევნილი, აქ ვეღარ გაჩერდა. ილოცეთ ჩემი ცოდვებისთვის, ვინაიდან, მზად ვარ, მოვინანიო და საერთოდ განვეშორო საერო ცხოვრებას“.
ამგვარად, ის, ვინც უკვე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო, მთელი გულით მოექცა უფლისადმი, აზრი შეიცვალა, დიდხანს მოღვაწეობდა გულშემუსვრილი და ყოველივე ამის შემდეგ განეშორა მისი სული სხეულს.