რა ემართება დიასახლის ცოლს, რომელიც უცებ აღმოჩნდება თავისუფალი
მამაკაცს მიაჩნია, რომ, თუ მისი ცოლი სახლში იჯდება და ცხვირს არ გაყოფს გარეთ, დაცული იქნება უსიამოვნო სიურპრიზებისგან, ანუ ცოლის მხრიდან ღალატისგან, რაც საკმაოდ სასაცილო და არაგონივრული არგუმენტია. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სწორედ ზედმეტად შეზღუდული, შებოჭილი და აკრძალვებით დაღლილი ადამიანები ოცნებობენ ისეთ თავისუფლებაზე, რომელიც მათ ფანტაზიების ხორცშესხმის საშუალებას მისცემს. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ქალს აქვს სურვილი, უღალატოს ქმარს, თუმცა, არავინ იცის, რა უდევს გულში ქალს, რომელსაც მოულოდნელად გაუღებენ დიდი ხნის წინ ჩაკეტილ კარს.
მარიკო (39 წლის): თხუთმეტი წელი ხდება, რაც გათხოვილი ვარ. ვერ დავიწუწუნებ და ვერ ვიტყვი, რომ ამ ხნის განმავლობაში სულ უბედურად ვგრძნობდი თავს – ასე ნამდვილად არ ყოფილა, მით უმეტეს – თავიდან, როცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ოჯახი ზუსტად ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც მე მქონდა.
– როგორი ოჯახი გქონდათ, შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად მოყვეთ?
– ჩვეულებრივი, ქართული, მამაპაპური... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ჩემი ქმარი მხოლოდ ენით არის ევროპელი და პროგრესულად მოაზროვნე, სინამდვილეში, კი ჩვეულებრივი ტირანი და სულთამხუთავია. მკითხავთ, რაში გამოიხატება ეს ყველაფერიო. იმაში, რომ მე მთრგუნავს და ჩემს პიროვნებას პატივს არ სცემს. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ მისთვის უცხო ვიყავი. ჩემში ხედავდა მხოლოდ მოსამსახურეს და მისი ბრძანებების შემსრულებელს. „ცოლი არ უნდა შეზღუდო“, „იმუშაოს ცოლმა, რა პრობლემაა“, „ქალსაც აქვს უფლება, სამსახური და საკუთარი საქმე ჰქონდეს“ – ამ ფრაზებს მხოლოდ ჰაერზე ისროდა, რეალურად კი ყველაფერში ხელი შემიშალა – არც სამუშაოდ გამიშვა, ცხვირიც კი არ გამაყოფინა გარეთ... ოღონდ, ეს ისე ეშმაკურად გააკეთა, არც მიფიქრია, ბოროტი განზრახზვა რომ ჰქონდა.
– ბოროტი განზრახვა?
– ჰო, ასე გამოვიდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავი გავიმართლო. მე ბუნებრივ ემოციებს ავყევი, ისე მოვიქეცი, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა და უცებ გადავწყვიტე, რომ ეს ჩემს უღიმღამო ცხოვრებას გააფერადებდა. საკუთარ თავში დიდხანს ვახშობდი სურვილს, მეცხოვრა ისე, როგორც მინდოდა, ჩემი ქმარი კი, ადრე თუ გვიან, გამოსავალს მოძებნიდა. ანუ, რაც მოხდა, გარდაუვალი იყო. სხვათა შორის, არ ვნანობ, უბრალოდ, დავიწყებას ვცდილობ.
– გინდათ, დაივიწყოთ, რომ ქმარს უღალატეთ?
– ფიზიკურად არ მიღალატია, თუმცა ერთ მამაკაცთან ძალიან სასიამოვნოდ გავატარე რამდენიმე დღე. იცით, რა კარგად ვსწავლობდი უნივერსიტეტში?! შემეძლო, კარგი კარიერა გამეკეთებინა, დამოუკიდებელი და შემდგარი პიროვნება ვყოფილიყავი. დიასახლისობაში ამომხდა ლამის სული და ბოლოს კინაღამ გავაფრინე. რაში მჭირდებოდა მე მისი საქებარი სიტყვების მოსმენა, მხოლოდ სუფრაზე, რომ მაგარი ცოლი და დედა ვარ? ჩემში ქალურმა საწყისმა დაიწყო კვდომა – ხვდებით, რას გეუბნებით?
– დაახლოებით. ანუ, დიასახლისი – სახლში გამოკეტილი ცოლი – ღალატზე ოცნებობს?
– არა, რა თქმა უნდა, ღალატზე ნამდვილად არ ვოცნებობდი, რა სისულელეა! ვოცნებობდი რაღაც ახალზე, საინტერესოზე, განსხვავებულზე; იმაზე, რაც არ მქონდა. დავიღალე და მომწყინდა ყოველდღე ერთი და იმავეს კეთება. ლამის ჭკუიდან შევიშალე. ყველაფერზე ნერვები მეშლებოდა. კინაღამ გავაფრინე. ჩვენი ოჯახის კეთილდღეობა მთლიანად ჩემს ქმარს მიეწერებოდა. არ უარვყოფ, მართლა გულმოდგინედ შრომობდა და ბევრს წვალობდა, მაგრამ, მეც ხომ ვაკეთებდი რაღაცას? ოჯახის მთელი საზრუნავი საკუთარ თავზე მქონდა აღებული, სახლში ყოველთვის სიმშვიდე და წესრიგი ხვდებოდა – ეს არაფერს ნიშნავს? მაგრამ, ვინ ხედავდა და, ვინ აღიარებდა? – არავინ... ნელ-ნელა დაგროვდა ეს ყველაფერი ჩემი მოთმინების ფიალაში და ბოლოს გადმოიღვარა. ოღონდ, ეს ჩემდა უნებურად მოხდა, გაუცნობიერებლად. ეტყობა, ისე ცუდად ვიყავი, რომ ჩემი ქმარიც კი მიხვდა. ვერც კი წარმოვიდგენდი ოდესმე, ისეთი რამე შემომთავაზა: საგზურს გიყიდი და ოთხი-ხუთი დღით მარტო წადი დასასვენებლადო. მეგონა, მეხუმრებოდა. გავბრაზდი კიდეც – უარესად რატომ მიშლი ნერვებს, ხომ იცი, რომ ბავშვებს ვერ დავტოვებ და შენც უჩემოდ ვერაფერს შეძლებ-მეთქი. არა უშავს, მოვახერხებ რაღაცას, წადი, ოღონდ, მერე ყველაფერი ძველებურად იქნებაო.
– ანუ?
– ანუ, ისევ ოჯახს უნდა დავბრუნებოდი და გამეგრძელებინა ჩემი საქმე; ისევ უარი უნდა მეთქვა პირადზე – განვითარებაზე, ჩემს საქმეზე... მაინც დავთანხმდი. დახურული ფანჯარა რომ გაგიღონ და სუფთა ჰაერი შემოუშვან, ზუსტად ასე მჭირდებოდა ეს დასვენება, თუნდაც ხანმოკლე, მაგრამ, მარტო ჩემი...
– გაგიკვირდათ, ქმარმა ეს რომ შემოგთავაზათ?
– ჰო, გამიკვირდა. მე ხომ რობოტივით ვიყავი – ვალაგებდი, ვრეცხავდი, ვუვლიდი, ვზრუნავდი... არავინ არაფრად მაგდებდა როგორც პიროვნებას, თითქოს ამ ყველაფრის ვალდებული ვიყავი. ბევრი ქართველი კაცი იმ სტერეოტიპში ჩარჩა, რაც ბავშვობაში შეექმნა ან შეუქმნეს, ამიტომ, მათ თავიანთი სიმართლე აქვთ და სხვა არაფრის გაგონება არ უნდათ და ჩემი ქმარიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
– ის მამაკაცი რომელ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც დასასვენებლად ყოფნისას გაიცანით?
– არ ვიცი და არც მაინტერესებს. მართლა არ მაინტერესებს, მთავარია, რომ ოთხი დღე სხვა ცხოვრებით ვიცხოვრე... ბედნიერი ვარ, რომ ჭურჭლის რეცხვის გარდა გასახსენებელი მაინც მექნება რამე. ფანტასტიკური ფლირტი გვქონდა, არაჩვეულებრივი; ინტიმი ფიზიკური სიახლოვის გარეშე – თურმე ასეთი რაღაც შესაძლებელი ყოფილა... ნიუანსებს აღარ ჩავუღრმავდები, მაგრამ, იმ ოთხმა დღემ ძალიან ბევრი მომცა – მივხვდი, რომ მარტო მზარეული და მრეცხავი არ ვარ. ყველა ქალს სჭირდება საკუთარი ქალურობის განცდა... მეც მჭირდებოდა.
– იმის თქმა გინდათ, რომ დიასახლისი ცოლი ფეთქებადსაშიშია, ანუ, თუ ერთი დღით მაინც გაუშვი, გიღალატებს?
– არა, მთლად ასეც არ არის. მაგრამ, ქალის ჩაკეტვა-გამოკეტვა არ შეიძლება. კაცს მაშინ არ ეშლება არაფერი, როცა ცოლში პიროვნებას ხედავს, აფასებს და განვითარების საშუალებას აძლევს. ხომ შეიძლებოდა, ეს ოთხი ბედნიერი დღე საკუთარ ქმართან მქონოდა? მაგრამ მან ეს არ მოინდომა.
– მანამდე ერთხელ მაინც თუ გილაპარაკიათ ქმართან საკუთარ სურვილებზე?
– მცდელობა ბევრჯერ მქონდა, თუმცა, ერთხელაც არ მომისმინა, ყოველთვის აგდებით მაწყვეტინებდა. იმან კი ოთხ დღეში მოახერხა ქმარზე უკეთესად გავეცანი. როგორი რომანტიკული ბუნების ყოფილხარო და, ფანტასტიკური რომანტიკული საღამო მომიწყო. გულიც კი დამწყდა, რომ ჩემი ქმარი არ იყო იმ უცხო კაცის ადგილას – ჰო, ის მაინც უცხო იყო ჩემთვის და უცხოდაც დარჩება, მაგრამ, ვერ უარვყოფ, რომ ბედნიერი ვიყავი – ბედნიერება რომ სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, ეს უკვე ვიცი...
– ქმარს არაფერს ეტყვით?
– რა უნდა ვუთხრა, რომ ინტიმის გარეშე მქონდა უცხო კაცთან ფლირტი? არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ცოტა დოპინგი მივიღე და ახლა კარგად ვარ – სულ ეს იყო, მეტი არაფერი მომხდარა.