„დონ ჟუანი“ აქტიურობს!..
როგორ უნდა მიხვდეს ქალი, რომ მამაკაცს მოეწონა? ერთი შეხედვით, მამაკაცის არსენალი, როცა საქმე საინტერესო ქალს ეხება, მწირია და მარტივი. საკმარისია, ქალმა გაუღიმოს, რომ ფარშევანგივით „შლის კუდს“. ახდენს თავისი ძალის, სტატუსის, მნიშვნელობის დემონსტრირებას. ანუ, ძნელი მისახვედრი ნამდვილად არ არის. დააკვირდით მისი საუბრის მანერას. თუკი იწყებს საუბარს იმაზე, როგორი წარმატებულია სამსახურში; როგორი მაგარი მანქანა ჰყავს; როგორ არ უჭირს საქმეების მოკვარახჭინება, იცოდეთ, ტყავში ძვრება, თავი რომ მოგაწონოთ... ამ დროს აუცილებლად შეისწორებს პერანგის საყელოს, ქამარს, თმას. ახლა უკვე თქვენი ჯერია. „დონ ჟუანი“ სცენაზეა და აქტიურობს. თქვენი გადასაწყვეტია, რას დაუპირისპირებთ. მაგალითად, ბევრი მამაკაცი პირდაპირ დნება, როცა ქალი ფეხს ფეხზე გადაიდებს და მუხლისთავს გამოაჩენს.
მთავარია, „დონ ჟუანი“ არ გააწბილოთ და უკან არ გააბრუნოთ. ეთამაშეთ მას ყველა დასაშვები მეთოდით. მერე უკვე მიხვდებით, რამდენად სერიოზულია ეს ადამიანი თქვენთვის. თავიდანვე აიღეთ ხელში ურთიერთობის მართვის სადავეები. ამით მხოლოდ მოიგებთ. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ნებისმიერი მამაკაცის მოთოკვა და მორჯულება შეიძლება. მთავარია, სწორად მიუდგეთ მას. სწორად შეარჩიოთ ურთიერთობის ფორმა... დე, იაქტიუროს. ამით უკეთესად გამოავლენს საკუთარ ბუნებას და უკეთ გაგაცნობთ თავს. ზოგიერთი ქალი ფრთხება, როცა „დონ ჟუანი“ აქტიურობს, არადა, ისინი სულაც არ არიან საშიშნი, თუკი ბრმად არ ჩაუვარდებით ხახაში.
როგორ
უფრო ადვილია...
როცა ცხოვრებაში ღალატი იჩენს თავს, პირველი კითხვა, რომელიც წარმოიშობა და მოსვენებას აღარ გვაძლევს არის – ვაპატიო, თუ სამუდამოდ დავასრულო ურთიერთობა. ოჯახი ხომ მარტო ინტიმური სიახლოვე არ არის?! ის უამრავი კომპონენტისგან შედგება. ითვალისწინებს ათას ნიუანსს... ოჯახი ინტერესთა კავშირია. საერთო წარსული, აწმყო, რომელსაც ორივე ერთად ქმნიდით. შვილები, მათ მომავალთან დაკავშირებული გეგმები... როცა წყვილი დიდხანს ცხოვრობს ერთად, საერთო ჩვევებიც კი უჩნდებათ. ისინი გრძნობენ ერთმანეთს, ესმით ერთმანეთის სურვილები. სწორედ ამიტომაც არის ასეთი მტკივნეული ღალატი. ის უფრო გულისხმობს ამ ყოველივეს ნგრევას, ვიდრე პარტნიორის ვიღაცასთან ერთჯერად ფიზიკურ სიახლოვეს. ამიტომ, როცა საკითხი დგება ასე – ვაპატიო თუ არ ვაპატიო... გასათვალისწინებელია ბევრი ფაქტორი, სწორედ ისინი, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს – ძნელია გააგრძელო ცხოვრება ადამიანთან, რომელმაც არაფრად ჩაგაგდო... დაივიწყა ყველაფერი, პასუხისმგებლობა ოჯახის წინაშე და აჰყვა ცდუნებას. გამოსავალი მხოლოდ ერთია: სასწორის პინაზე უნდა დადო ერთ მხარეს ის, რატომ არ უნდა შეურიგდე, მეორე მხარეს – რატომაც უნდა შეურიგდე... იფიქრო და ისე გადაწყვიტო. უფრო ადვილია აპატიო და ცხოვრების ეს ეპიზოდი სამუდამოდ დაივიწყო. მით უმეტეს, თუკი ხვდები, რომ მის გარეშე ცხოვრება გაგიძნელდება. მხოლოდ იშვიათად შეუძლია ადამიანს, ხელის ერთი მოსმით დაასრულოს ერთი და დაიწყოს მეორე. ჩვეულებრივ, ეს ასე მარტივად არ ხდება და ხშირ შემთხვევაში, სერიოზულ ტკივილთან არის დაკავშირებული...
ვაპატიოთ ღალატი?
ცხოვრება ღალატის შემდეგ რთულია და ძნელად პროგნოზირებადი, მაგრამ, თუ თქვენი ქორწინება უფრო პოზიტივით იყო გაჯერებული, აჯობებს, ღალატის ეპიზოდი ცუდი სიზმარივით დაივიწყოთ. თუმცა, ეს ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. ხშირად ყველაფერს მოგონებები წყვეტს. სწორედ ისინი, რაც პარტნიორზე დადებითი წარმოდგენის შენარჩუნებაში გვეხმარებიან. თუ პრობლემას წმინდა ფსიქოლოგიურად მივუდგებით, შეიძლება, თქვენს წარმოსახვაში გაჩნდეს ასეთი სურათი: ქმარს ნივთებს ულაგებ, კარს უღებ და სახლიდან მიაბრძანებ... სხვათა შორის, ამის ხშირად წარმოდგენა გვეხმარება სტრესისა და აგრესიისგან გათავისუფლებაში.
თუკი ღალატის პატიების გადაწყვეტილება მიიღეთ, აუცილებელი არ არის, ქმარს ამის შესახებ მაშინვე ამცნოთ... პირიქით, კარგად უნდა მოემზადოთ, ჯერ გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოთ, მერე კი შეუდგეთ სიმშვიდის დამყარებას.
რატომ აღიარა მამაკაცმა ღალატი?! ხომ აჯობებდა, გაჩუმებულიყო. ერთი შეხედვით საშინელი სისასტიკეა – ჯერ უღალატო ადამიანს, მერე მიხვიდე და მოუყვე ამ ყველაფერზე. მაგრამ, შეხედეთ სიტუაციას მეორე მხრიდან – რამ აიძულა მამაკაცი და უბიძგა გულახდილობისკენ – სინდისმა შეაწუხა? თუ ასეა, მაშინ ღალატის პატიება შესაძლებელია. ესე იგი, მამაკაცმა იგრძნო, რაც დააშავა და თქვენც მიეცით საშუალება, კარგად გაიაზროს დანაშაული... მაგრამ, ბოლომდე მაინც ნუ ენდობით მის ბოდიშებს და სინანულის მონოლოგს. მარტივად არ გამოძვრეს, თორემ, თუკი იოლად შერჩება... იოლადაც გაიმეორებს იგივეს.
პრინცი და კონკია...
მაგალითისთვის განვიხილოთ რომანი წარმატებულ, ახალგაზრდა ბიზნესმენსა და ჩვეულებრივ, უბრალო გოგონას შორის. ის არც ეცდება, შეცვალოს თავისი ცხოვრების წესი. ანუ გაუჭირდება, გაუგოს ქალს, რომელსაც ფუფუნებაში არ უცხოვრია. ეს არ ნიშნავს, რომ მათ შორის სიყვარული შეუძლებელი იქნება, მაგრამ ურთიერთობაში სირთულეები აუცილებლად გაჩნდება. ჯერ ერთი, თქვენს „პრინცს“ ყოველთვის შეაწუხებს კითხვა: ნამდვილად ვუყვარვარ ჩემს „კონკიას“ თუ დარბაზებში ცხოვრება მოუნდა?! სხვათა შორის, ეს საკმაოდ სერიოზული კითხვაა, რომელმაც შესაძლოა, ცხოვრება გაგირთულოთ. მით უმეტეს, თუკი „კონკია“ არ იზრუნებს იმაზე, რომ თავისი სიყვარული დაუმტკიცოს. მდიდარი მეორე ნახევრის ყოლის ხიბლი, ბუნებრივია, დიდია. ვერცერთ ქალს ვერ დაძრახავ იმისთვის, რომ უნდა, უკეთესად იცხოვროს. მაგრამ ჯობია, თავიდანვე იცოდე, რის ფასად დაგიჯდება ყველაფერი. თავიდან შეიძლება, ყველაფერი მართლაც არაჩვეულებრივად იყოს, მაგრამ, რა მოხდება მერე, როცა „პრინცი“ აღმოაჩენს, რომ „კონკია“ პრინცესად ვერ იქცა. რომანტიკა გაივლის და იქნებ, მწარედაც ინანოთ. ასე რომ, ყველაფერი ძალიან კარგად აწონ-დაწონეთ... თორემ სიყვარული ზოგჯერ გვაბრმავებს თავისი ბრწყინვალებით და ვეღარ ვფიქრობთ, რა გველოდება ქორწინებაში. ისე არ აღმოჩნდეს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ მიხვდეთ, როგორი სერიოზული შეცდომა დაუშვით.