ექიმის რჩევები
კითხვა: მყავს 80 წლის დედა. 40 წელია, ჰიპერტონიკია და რეგულარულად იღებს წნევის დასაწევ წამლებს. 2 წლის წინ დაეწყო მარჯვენა ტერფის ტკივილი, შემდეგ თითი გაუღიზიანდა და დაუწყლულდა. სისხლძარღვების შევიწროების დიაგნოზი დაუსვეს. მედიკამენტურმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, ოპერაციას კი ვერ გავუკეთებთ ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. იქნებ არსებობს ამ პრობლემის მკურნალობის ხალხური მეთოდები?
პასუხი: ჩვენი რჩევა იქნება, მიმართოთ ანგიოლოგს და იმოქმედოთ მისი რეკომენდაციით. მხოლოდ ასე შეძლებთ ისეთი სერიოზული გართულების თავიდან აცილებას, როგორიცაა განგრენა. ხალხური მედიცინა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.
კითხვა: ვარ 25 წლის ქალი. ამ ბოლო დროს მაწუხებს მუხლების ტკივილი, განსაკუთრებით დილაობით, როცა კიბეზე ჩავდივარ. შეიძლება ეს იყოს სიმძიმის ბრალი? ორსულობის შემდეგ მოვიმატე 20 კილო, ახლა ვარ 80 კილო.
პასუხი: მიზეზი მართლაც, ზედმეტი წონის ზემოქმედებით, სახსრების დატვირთვა უნდა იყოს. ეცადეთ წონა შეამციროთ.
კითხვა: 2-3 თვის წინ ქუჩაში ჩხუბის დროს თვალში ძლიერად მომხვდა. ამის შემდეგ მარჯვენა თვალში რაღაც წერტილი გამიჩნდა, ანუ მწერივით რაღაც და საითაც ვიყურები, იქით მიდის. როგორ შეიძლება მისი მკურნალობა? ან რა სირთულე შეიძლება გამოიწვიოს?
პასუხი: აუცილებლად მიმართეთ ოფთალმოლოგს. შემოწმების გარეშე ტრავმის ხარისხის დადგენა შეუძლებელია.
კითხვა: ზღვაზე თვალებზე კენჭები დავიდე. 10 წუთის შემდეგ თვალები რომ გავახილე, ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი. ასე გაგრძელდა 10 წუთი. მერე გამიარა. რამე სერიოზული გართულება ხომ არ მოჰყვება ამას?
პასუხი: თუ ქუთუთოების დამწვრობა არ აღგენიშნებათ, არც მხედველობის რაიმე დისკომფორტს უჩივით, მაშინ არ არის საჭირო ექიმს მიმართოთ. იმედია, მომავალში მსგავს ქმედებას არ გაიმეორებთ..
კითხვა: დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის საშუალო ზომის თიაქარისა და კარდიის უკმარისობის დროს, შეიძლება თუ არა მუცლის პრესის ვარჯიშების გაკეთება?
პასუხი: მუცლის პრესის ვარჯიშების გაკეთება ამ დროს სასურველი არ არის.
კითხვა: ჩემს სამწლინახევრის გოგონას, რომელიც საკმაოდ გინიერი და ჭკვიანია, ლაპარაკობს გამართულად, ღამით არ ეღვიძება შარდვის დროს და ვაცმევ პამპერსს. მე უნდა ვასწავლო ღამით გაღვიძება, თუ ეს თვითონ უნდა გააკეთოს? რას მირჩევთ?
პასუხი: პირველადი ღამის ენურეზი, ძილის დროს შარდის ბუშტის უნებლიე დაცლაა, რაც კვირაში ორჯერ მაინც ხდება. ასეთ დიაგნოზს, წესისამებრ, უსვამენ 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ჩვილობიდანვე არ ჰქონიათ მშრალი პერიოდი და არ აღენიშნებათ საშარდე სისტემის ორგანოთა დაზიანება. ვინაიდან 5 წლამდე ღამის ენურეზი ჩვეული მოვლენაა და პათოლოგიად არ მიიჩნევა, მის მკურნალობას 5 წლიდან იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ენურეზის დროს ხშირია სპონტანური გამოჯანმრთელება. ასე, რომ თუ გამოღვიძების ჩვევა ბავშვს არ ჩამოუყალიბდა 5 წლის ასაკისთვის, უნდა მიმართოთ ექიმს.