როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ბეღელაური
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეღელა.
ბეღელი პურეულის შესანახი ნაგებობაა ფშავში, ხევსურეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებში. ფარცხისში 1818 წელს ნიკოლოზ პეტრეს ძე ადულასშვილის თავდებად მოიხსენიება გიორგი ზურაბის ძე ბეღელაური. ამავე ძირისაა გვარები: ბეღელაძე და ბეღელაშვილი.
საქართველოში 230 ბეღელაური ცხოვრობს: გორში – 97, თბილისში – 89, თეთრი წყაროში – 14. არიან სხვაგანაც.
ანთაური
გვარის ფუძედ წინაპრებს გამოუყენებიათ სიტყვა ანთა.
სავარაუდოდ, ანთაიძე და ანთაური ერთი და იგივე გვარი უნდა იყოს. არსებობს მოსაზრება, რომ, ანთაი, ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების – ანთარის ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც დროთა განმავლობაში საკუთარ სახელად ქცეულა. სხვა ვარაუდით, ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამას მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა.
ამავე ძირისაა გვარები: ანთაიძე, ანთაური.
საქართველოში 109 ანთაური ცხოვრობს: თბილისში – 33, დუშეთში – 19, თელავში – 17. არიან სხვაგანაც.
ყირიმელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყირიმა.
ბესო ყირიმელაშვილი მოიხსენიება 1843 წლის აღწერისას დიდ თონეთში. დიდ თონეთში 1885 წელს კონსტანტინე მჭედლიძის თავდებად მოიხსენიება სვიმონ ყირიმელაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: ყირიმელი, ყირიმლიშვილი, ყირიმელიშვილი.
საქართველოში 47 ყირიმელაშვილი ცხოვრობს.
თეზელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თეზი, თეზია. მისი კნინობითი ფორმებია: თეზიკო, თეზულა.
იასე თეზელაშვილი 1873 წლის აღწერაში სოფელ წვერში მოხსენიებულია, როგორც დროებით ვალდებული გლეხი. ამავე ძირითაა გვარები: თეზელიშვილი, თეზიაშვილი.
საქართველოში 299 თეზელაშვილი ცხოვრობს.
აფრიამაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აფრიამა.
სტეფანა აფრიამასშვილი, საბუთის დამწერი, მოიხსენიება 1775 წელს ოვანესა ამაზასშვილის მიერ საამ ყაფლანისშვილისადმი მიცემულ ყმობის წიგნში.
ახუა აფრიამაშვილი 1851 წელს მოხსენიებულია სოფელ მუხათში.
ქართველების გრიგორიანული წესით მონათვლის გამო, კუმისში მცხოვრები კათოლიკე აფრიამაშვილები სომხებად – აფრიამოვებად ჩაწერეს.
აფრიამაშვილები სოფელ კუმისში, ადიგენის რაიონის სოფელ არალიდან არიან ჩამოსულები.
საქართველოში 752 აფრიამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 547, ახალციხეში – 77. არიან სხვაგანაც.
ავაქაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ავაქა.
ავაგა მოიხსენიება 1744 წელს თუმანიანი პაპუას მიერ ჩარჩიანთ ქრისტესიას სახელზე გაცემული ყმის ნასყიდობის წიგნში.
ბერუა ავაქაშვილი იყო მოწმე შაყუბათა ბერუაშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისა და დურმიშხან დემურაშვილის მიერ თავისი ბიძაშვილისთვის – ალიხანასთვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა.
ამავე ძირისაა გვარები: ავაგაშვილი, ავაგუმაშვილი.
საქართველოში 160 ავაქაშვილი ცხოვრობს. საგარეჯოში – 68, თბილისში – 56, რუსთავში – 18. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით