კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სერგო ორჯონიკიძის რა საიდუმლო აუწყა ბერიამ სტალინს

სტალინის პირველი დიდი იუბილე 1929 წლის 21 დეკემბერს გაიმართა, რომელიც მთელმა ქვეყანამ დიდი ერთსულოვნებით აღნიშნა. თავად ბელადი ამის მომხრე არ ყოფილა, მაგრამ ეს საკითხი პოლიტბიურომ ერთხმად მიიღო და მიუხედავად სტალინის საკმაოდ აქტიური პროტესტისა, დადგენილება არავის შეუცვლია. ქვეყანა საამისოდ ორ თვეს საგანგებოდ ემზადებოდა და ამ ხნის განმავლობაში სტალინის რევოლუციური მოღვაწეობის ამსახველი რამდენიმე წიგნი გამოიცა. მასში ჩვენი პარტიის გამოჩენილი მოღვაწეები, ძველი ბოლშევიკები დოკუმენტური სიზუსტით აღწერდნენ ბელადის საქმიანობის დეტალებს. გარდა ამისა, ასობით ქალაქს, სოფელს, საწარმოს, გემსა და თვითმფრინავს მიენიჭა სტალინის სახელი. მრავალი სპექტაკლი შეიქმნა მის ცხოვრებაზე, ხოლო კინოდოკუმენტალისტებმა მასზე უნიკალური მასალა გადაიღეს, რომელიც დღემდე სპეცარქივშია „ჩამარხული“ და თუ როდის  იხილავს მას ფართო საზოგადოება, არავინ უწყის. საქმე ისაა, რომ, როდესაც სტალინის იუბილეს აღნიშვნის საკითხი გადაწყდა, მასზე დოკუმენტური ფილმის შექმნის იდეა წამოიჭრა და საამისოდ „ქრონიკიორთა“ (ასე ერქვათ მაშინ კინოოპერატორებს) სპეციალური ჯგუფი შეიქმნა. მათ ფარულად უნდა გადაეღოთ ფოტომასალა სტალინზე და შემდეგ სიურპრიზის სახით ეჩვენებინათ მისთვის. ერთი სიტყვით, ყველაფერი ეს, როგორც ჩვენთან, ასევე „გეპეუსთან“ შეთანხმებული იყო და მკაცრად კონტროლდებოდა. იაგოდა და ვლასიკი კი ამ ნაბიჯზე სერგო ორჯონიკიძის დაჟინებული თხოვნისა და პოლიტბიუროს წევრთა წერილობითი დასტურის შემდეგ წავიდნენ. ხუმრობა ხომ არ იყო, მათ სტალინთან შეთანხმების გარეშე, მისი ფარული გადაღებისთვის უნდა შეეწყოთ ხელი. თუმცა, ეს ყოველივე ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს მიერ იყო სანქცირებული, ვლასიკიცა და იაგოდაც საკმაოდ შეშინებულები იყვნენ. ფილმის შექმნის იდეა კი თავად ორჯონიკიძეს ეკუთვნოდა, რომელმაც ჯერ პოლიტბიუროს წევრები დაარწმუნა, შემდეგ კი პირადად ესაუბრა იაგოდასაც და ვლასიკსაც. ორჯონიკიძე სტალინის მეგობარი იყო და პოლიტბიუროს ყველა დანარჩენი წევრისგან განსხვავებით, განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან.
„თავებს დაგვაყრევინებს“, – უთქვამთ ვლასიკსა და იაგოდას ორჯონიკიძისთვის. მას კი ორივე დაუიმედებია: „ნუ გეშინიათ, ის არც ისეთი სასტიკია, როგორც გეჩვენებათ“. შემდეგ კი ხუმრობით დაამატა: „ის არა, მაგრამ მე კი ნამდვილად ვერ გადამირჩებით ორივე“. ერთი სიტყვით, სტალინის მოშიში ხელქვეითების დაყოლიება ორჯონიკიძემ მაინც შეძლო და მუშაობაც გაჩაღდა. მე  თავად შევსწრებივარ ამ გადაღებებს. ვლასიკისგან მკაცრად ვიყავით გაფრთხილებულები, რომ ენაზე კბილი დაგვეჭირა და რასაც ვხედავდით, არავისთვის გაგვემხილა. „ქრონიკიორები“ საკმაოდ შენიღბულად მოქმედებდნენ და თითოეულ გადაღებაზე სამი კამერა მუშაობდა. იღებდნენ თითქმის ყველგან – კრემლში, ზუბალოვოში, სხვადასხვა შეხვედრაზე, შავიზღვისპირეთში. იმ პერიოდში მე იმ კადრებს ვინ მაჩვენებდა და მხოლოდ ორი ათეული წლის შემდეგ მოვახერხე ამ უნიკალური კადრების ნახვა, რომელიც თორმეტ საათზე მეტ ხანს მოიცავს (რა თქმა უნდა, მონტაჟის გარეშე). თავად ფილმი კი ზუსტად ერთსაათიანია და იმდენად ბრწყინვალედაა შესრულებული, რომ დღესაც კი (1974 წელი) მსგავსი არაფერი შექმნილა. იქ არის ერთი უნიკალური ეპიზოდი, როდესაც ზუბალოვოში სტალინი თავის შვილებსა და მათ მეგობრებს ეთამაშება. ამ კადრებზე სტალინი იმდენად სხვანაირია, რომ მის მნახველებს, შესაძლოა, მსახიობიც კი ეგონოთ. ერთ ეპიზოდში სტალინი დაოთხილი დგას. მას ზურგზე სვეტა აზის, მიქოიანის ბიჭი კი მოხრილია და ცხვირი ცხვირზე აქვს მიდებული მისთვის. ერთი სიტყვით, როდესაც ეს ფილმი სტალინს აჩვენეს, ყველაზე მეტი ამ სცენაზე უცინია. იქ არის კიდევ ერთი უნიკალური კადრი, როდესაც სტალინი თავის აგარაკზეა გაგრაში და ზღვაში ცურავს. ეს პერიოდი მეც კარგად მახსოვს, რადგან იქ ვიმყოფებოდი და ბელადის უშუალო უსაფრთხოება მევალებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ სტალინი მშვენივრად ცურავდა და დასვენებისას დიდ დროს უთმობდა ამ საქმიანობას. ჩემ მიერ ხსენებული ეპიზოდის დროს სტალინი წყლიდან ამოვიდა, მყვინთავის მოწყობილობა ჩაიცვა, „გორპუნი“ (წყლის თოფი) აიღო და ჯერ ზღვაში შეცურდა, შემდეგ კი ჩაყვინთა. ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, იღებდნენ. უეცრად სტალინი წყლის ზედაპირზე ჩნდება, ნაპირისკენ მოცურავს და როდესაც გამოდის, თავზე უზარმაზარი თევზი აწევს, რომელიც „გორპუნის“ ისრითაა განგმირული. მოგვიანებით, ეს თევზი ავწონეთ და 23 კილოგრამი გამოვიდა. სხვათა შორის, შავიზღვისპირეთში გადაღებული კადრები ამ ფილმში ყველაზე კარგია. იმ პერიოდში, ანუ 1929 წლის აგვისტოში, ლავრენტი ბერია საქართველოს „ჩეკას“ მაღალჩინოსანი იყო და სტალინის დაცვის უზრუნველყოფა პირადად მას ევალებოდა. სტალინთან მისი დაახლოების პირველი ეტაპი სწორედ იმ პერიოდს მოიცავს. მშვენივრად მახსოვს, როგორ ცდილობდა ბერია სტალინთან დაახლოებას და მისი მოწონების დამსახურებას. ბერია იმ პერიოდში საკმაოდ გამხდარი, მოძრავი ახალგაზრდა იყო. ამასთან, სულ იღიმებოდა, თუმცა, ეს ღიმილი საკმაოდ ავისმომასწავებელი იყო. ძალზე ხშირად ბერია სტალინთან განმარტოებას ახერხებდა და რაზე საუბრობდნენ ისინი კონკრეტულად, არავინ უწყის. თუმცა, სტალინის მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ბერია დააწინაურეს. საგულისხმოა, რომ, როცა სტალინის იუბილესთან დაკავშირებით მოსკოვში მოწვეული სტუმრების სია წარუდგინეს ბელადს, იქ მან საკუთარი ხელით ჩაამატა – ლავრენტი ბერია.
ერთი სიტყვით, სტალინზე გადაღებული მასალის მონტაჟი ნოემბრის ბოლოს დასრულდა და ფილმი მზად იყო. ორჯონიკიძის ინიციატივით ეს ფილმი სტალინისთვის 21 დეკემბერს ზუბალოვოში უნდა ეჩვენებინათ. მოკლედ, სტალინის იუბილემ ბრწყინვალედ ჩაიარა, იყო უამრავი მილოცვა და ყველასგან გასაკვირად, სტალინმა ბერიაც მიიწვია ზუბალოვოში. ფილმი უკვე ადგილზე იყო და ორჯონიკიძის იდეის მიხედვით, ერთ-ერთი სადღეგრძელოს შემდეგ მას სტალინისთვის უნდა ეთქვა: ახლა კი, მეგობრებო, სტალინის სახე ყველამ ერთად ვნახოთო და სიურპრიზიც უნდა ეჩვენებინა. ზუბალოვოში სულ 40-მდე ძალიან ახლობელი ადამიანი შეიკრიბა. და მათ შორის ბერიას გამოჩენა უჩვეულო იყო. თუმცა, გაოცება სტუმრებს ჯერ კიდევ წინ ელოდათ. ჩვეულებისამებრ, სტალინის ყველა წვეულებას ორჯონიკიძე თამადობდა და ამჟამადაც დარწმუნებული იყო, რომ ეს მისია არ ასცდებოდა. როდესაც სტუმრები სუფრას მიუსხდნენ, სტალინმა სასმისი ასწია და წარმოთქვა: მეგობრებო, დღევანდელ სუფრას გაუძღვება ჩვენი ახალგაზრდა მეგობარი საქართველოდან, ამხანაგი ლავრენტი ბერია. გთხოვთ, პატივი ვცეთ მას და მისი სადღეგრძელო შევსვათ. სუფრა გაირინდა, თუმცა ყველამ შესვა ბერიას სადღეგრძელო, მან კი სამადლობელის ნაცვლად, სტალინის სადღეგრძელო შესთავაზა სტუმრებს. ცოტა ხნის შემდეგ სიტყვა ორჯონიკიძემ ითხოვა, რათა წინასწარ დაგეგმილი ჩანაფიქრი განეხორციელებინა და სიურპრიზი შეეთავაზებინა თანამესუფრეებისთვის, მაგრამ სტალინმა უეცრად ხმამაღლა თქვა: „რა სულ ჩემზე და ჩემზე – მოდი, სხვა რამეზე, თუნდაც კინოზე ვისაუბროთ, ან სულაც, რომელიმე ფილმი ხომ არ გვენახა, თუნდაც დოკუმენტური? ამ სიტყვებით მან ბერიას გადახედა და შემდეგ განაგრძო: ამხანაგებო, სერგოს, თურმე, სცენარისტობა და რეჟისორობა განუზრახავს, უფრო სწორედ კი, უკვე დაუწყია და ამბობენ, წარმატებებსაც მიაღწიაო. მოდი, ერთი ვნახოთ, როგორ გამოვიყურები შავი ზღვის ფონზე“. საქმეში ჩახედულები გაშრნენ, ჩაუხედავები ცნობისმოყვარეობით აცეცებდნენ თვალებს, ხოლო სერგო ორჯონიკიძე მწველ მზერას არ აშორებდა სუფრის თამადას, რომელიც სტალინს შესციცინებდა თვალებში. ნათელი იყო, რომ ფილმის გადაღების საიდუმლო ამბავი სტალინს ბერიამ აუწყა.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3