დუმილი სიკვდილის ფასად
ადვოკატ მელოუს თავი უსკდებოდა და ნახევრად უსმენდა მშვენიერ, ქერა ქალს, რომელიც მასთან დახმარების სათხოვნელად მივიდა. ძირითადად, მელოუ მაშინ ახსენდებოდათ, როცა საქმე უიმედო იყო... მაგრამ, ადვოკატს არც უკითხავს ქალისთვის, ვინ გაუწია რეკომენდაცია. შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი იყო.
– უნდა მომეხმაროთ, სერ. მე არ მომიკლავს ქმარი.
– რა თქმა უნდა, არ მოგიკლავთ და რატომ გაბრალებენ?
– იმიტომ, რომ პოლიციამ გადაწყვიტა, მოტივი გაქვსო.
– რა მოტივია? – ადვოკატი უფრო ათვალიერებდა ქალს, ვიდრე უსენდა.
– საქმე ისაა, რომ ჩემი ქმარი ჯეიმსი დიდი ხნის განმავლობაში ჯერალდ დინთან მუშაობდა მსახურთუფროსად.
– იმ ჯერალდ დინთან, რამდენიმე ფაბრიკის მფლობელთან, რამდენიმე თვის წინ რომ გარდაიცვალა?
– დიახ. მან ანდერძი დატოვა და ჯეიმსს ექვსი ათასი დოლარი დაუტოვა. ეს არც ისე დიდი თანხაა, მაგრამ პოლიციას, რატომღაც, მიაჩნია, რომ სწორედ ამ ფულისთვის შეიძლებოდა მომეკლა... არადა, იმ დროს კინოში ვიყავი. მივედი და დავინახე, რომ ჯეიმსი იატაკზე ეგდო, დანა ზურგში ჰქონდა ჩარჭობილი.
– პოლიციაში დარეკეთ? თქვენ თვითონ?
– ვაპირებდი, მაგრამ პოლიცია თვითონ მოვიდა. მითხრეს, შენი ალიბი სასაცილოაო.
– კინოს ბილეთი შენახული გაქვთ?
– არა, რა თქმა უნდა... რას წარმოვიდგენდი, ასე თუ მოხდებოდა...
– ჰო, მესმის... ანუ, გინდათ, რომ ნამდვილი მკვლელი ვიპოვო?
– დიახ. მე მართლა არ მომიკლავს ჯეიმსი... მიყვარდა, კარგი ადამიანი იყო.
– ესე იგი, თქვენი ქმარი მდიდარ ჯერალდთან დიდხანს მუშაობდა.
– დიახ, საკმაოდ დიდხანს, ალბათ, ოცდაათი წელი.
– მაინც უცნაურად მეჩვენება, რომ თქვენს ქმარს ექვსი ათასი დოლარი დაუტოვა. აქ საქმე სუფთად არ არის.
– ანუ, დამეხმარებით?
– ვნახოთ. წინასწარ ვერაფერს დაგპირდებით.
მელოუ დაფიქრდა. ეჭვმიტანილების წრე, მისი აზრით, ძალიან ვიწრო უნდა ყოფილიყო. კაცს, რომელიც ოცდაათი წელი ერთ ოჯახში მუშაობს მსახურთუფროსად მეგობრები არ ეყოლება და ალბათ, არც მტრები... მკვლელი ახლოს უნდა ეძებნა. არ იყო გამორიცხული, რომ მკვლელი მართლაც ცოლი აღმოჩენილიყო, მაგრამ რადგან ის მისი კლიენტი გახლდათ, თანაც, ძალიან ლამაზი, უნდა დაეჯერებინა, რომ უდანაშაულოა.
საღამოს ბარში ცოტა დალია და იქვე გადაწყვიტა, რომ ფაბრიკანტის ოჯახი უნდა მოენახულებინა. იქნებ, მოტივისთვის მიეგნო. მოტივი კი ერთი ნაბიჯი იყო მკვლელის პოვნის გზაზე.
დიდი, ფეშენებელური სახლის კარი ახალგაზრდა კაცმა გაუღო. ორმოც წლამდე თუ იქნებოდა. ხმამაღლა იცინოდა და ძალიან წითელი სახე ჰქონდა. სახლის სიღრმეში ქალების ხმები ისმოდა. ადვოკატს ერთი ვერსია ჰქონდა – ჩვეულებრივ, მსახურთუფროსმა და უბრალო მსახურებმაც, ყველაფერი იციან – ყველა საიდუმლო და ზოგჯერ, თავის პატრონებს აშანტაჟებენ ხოლმე. ამაზე ფიქრი ღირდა, იქნებ, ანდერძით დატოვებული ექვსი ათასი დოლარი სხვა არაფერი იყო, თუ არა საფასური დუმილისთვის.
მელოუ დიდ სასტუმრო ოთახში მიიღეს და პირველად ჯერალდ დინის მეუღლეს, ხანში შესულ, სიმპათიურ ქალბატონს გაესაუბრა, სახეზე ირონიული ღიმილი რომ დასთამაშებდა.
– თქვენი მსახურთუფროსი მოკლეს... იცით ამის შესახებ?
– დიახ. რა თქმა უნდა. ამბობენ, ცოლმა მოკლაო.
– ტყუილია. მას არ მოუკლავს.
– მართლა? – ჩაიცინა ქალბატონმა, – ესე იგი, ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ჩვენგანია?
ადვოკატმა ყოყმანით დაუქნია თავი.
– მეც? – მოხუცმა ქალბატონმა გადაიხარხარა, – ძალიან გამართეთ...
– ქალბატონო, თქვენმა განსვენებულმა მეუღლემ მსახურთუფროსს ექვსი ათასი დოლარი დაუტოვა ანდერძით.
– დიახ. ვიცი. მაგაზე ყოველთვის ვხალისობ. იცით, მაგ თანხის შესახებ ანდერძში რა წერია? რომ ფული ჩემმა ქმარმა მას დუმილში გადაუხადა.
– ანუ, დუმილის სანაცვლოდ? იყიდა მისი სიჩუმე? ესე იგი, გარდაცვლილმა რაღაც საიდუმლო იცოდა.
– რა თქმა უნდა, იცოდა. მსახურებმა ყოველთვის ყველაფერი იციან, რაც მათი ბატონების სახლში ხდება... ჰა, ჰა, ჰა, რა სასაცილოა. ანდერძში პირდაპირ ასე ეწერა – ამ ფულს ვაძლევ ჯეიმს დორს იმისთვის, რომ არასოდეს თქვას საჯაროდ, ის რაც მას თავში აქვს. ახლა ეს საიდუმლო ჯეიმსთან ერთად დაიმარხა და მის შესახებ ვერავინ შეიტყობს.
– შეგიძლიათ, მითხრათ, რა საიდუმლოა?
მოხუცმა მხრები აიჩეჩა.
– წარმოდგენა არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. ეს საიდუმლო არც ადრე წარმოადგენდა რაიმე მნიშვნელოვანს ჩემთვის. მით უმეტეს, ახლა. ჰა, ჰა, ჰა! ძალიან სასაცილოა.
– მისის დინ, ჯეიმს დორი თქვენს მეუღლეს აშანტაჟებდა?
– არ მახსენდება... არა. ამის შესახებ შეგიძლიათ, ჩემს ვაჟს, მაქსიმილიანს ჰკითხოთ.
– გმადლობთ, საჭირო არ არის. მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ქალბატონო.
ერთი საათის შემდეგ მელოუ ინსპექტორის წინ იჯდა და ჯეიმს დორის მკვლელობის ვერსიას ყვებოდა.
– დააპატიმრეთ მაქსიმილიან დინი. მკვლელი ის არის. ჯეიმს დორი სწორედ მან მოკლა და არა ცოლმა.
– საიდან იცით, ადვოკატო?
– ახლავე გეტყვით. განსვენებულმა დინი-უფროსმა თავის მსახურთუხუცესს ექვსი ათასი დოლარი სიჩუმისთვის დაუტოვა, რათა მას პირი არ გაეღო და რაღაც საიდუმლო არ ეთქვა. საიდუმლო მას არ ეხებოდა, რადგან ის მოკვდა და იტყოდა რამეს ჯეიმსი თუ არა, საერთოდ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ვის შეიძლებოდა, შინებოდა ცოცხლად დარჩენილი მსახურთუფროსის? ქალბატონს არა, რადგან მას ძალიან ამხიარულებს ქმრის ანდერძში ჩაწერილი ეს პუნქტი. დარჩა მაქსიმილიან დინი, რომელიც ოცდაშვიდი წლისაა და ნამდვილად ვერ იქნებოდა დარწმუნებული იმაში, რომ მამამისის ერთგული მსახურთუფროსი პირს არ მოაღებდა. აი, ჩემი არგუმენტები. ახლა თქვენი ჯერია – დააკავეთ ეჭვმიტანილი და ის აღიარებს დანაშაულს.
ინსპექტორმა ადვოკატს ყურადღებით შეხედა.
– თქვენ, ალბათ, ისიც იცით, რა საიდუმლოზეა საუბარი.
– სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს. ჩვემთვის სხვა რაღაც არის მნიშვნელოვანი, – ჩემი კლიენტის სიმართლე და მე ის დავამტკიცე. ახლა თქვენი ჯერია. თუ ძალიან მოინდომებთ, მაგასაც გაიგებთ. არ გაგიჭირდებათ.
კმაყოფილი მელოუ პოლიციის განყოფილებიდან გამოვიდა. ცოტა იყოყმანა, მერე კი ჯეიმს დორის სახლისკენ გასწია. ამ ქალში – ქვრივში ნამდვილად იყო რაღაც და თავისი შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა.