კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: როგორც ვიცი, კანის გაუწყლოების დროს ტენიანობის აღდგენის ყველაზე სწრაფი მეთოდია ჰიალურონის მჟავის ინიექცია. თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით მიამბეთ ამ პროცედურის შესახებ.
პასუხი: ჰიალურონის მჟავის ინიექცია მართლაც ყველაზე სწრაფად აღადგენს კანის ტენიანობას. მასზეა დამოკიდებული ბიორევიტალიზაციის პროცედურა. ამ ინიექციას არ მოჰყვება რეაბილიტაციის პერიოდი; ერთადერთი მცირე კომფორტი ისაა, რომ 2-3 დღის განმავლობაში რჩება ნემსის ნაჩხვლეტის კვალი, მაგრამ, სამაგიეროდ, საოცარია ეფექტი: კანი სწრაფად აღდგება, მკვრივდება და ახალგაზრდულად გამოიყურება.
კითხვა: მართალია თუ არა, რომ ლიმონის წვენით შესაძლებელია თმის გაბაცება?
პასუხი: დიახ, ეს მართალია. თუმცა ლიმონის წვენი ვერ აქცევს მუქ თმას ქერად, მაგრამ, მელირების გამოცოცხლებას ან თმის ნახევარი ტონით გაბაცებას ნამდვილად მოახერხებს. ახალგამოწურული ლიმონის წვენი ფუნჯით წაისვით თმის მთელ სიგრძეზე და მზეზე გაჩერდით 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეეცადეთ, რომ წვენი არ მოხვდეს თავის კანს, რადგან ის შეასრულებს პილინგის ფუნქციას, რაც გამოიწვევს კანის გაღიზიანებასა და აქერცვლას.
კითხვა: რა განსხვავებაა გამწმენდ და ჩვეულებრივ კონდიციონერებს შორის?
პასუხი: ჩვეულებრივ კონდიციონერს თმაზე ივლებენ შამპუნით დაბანის შემდეგ, რათა თმას მიეცეს ბზინვარება და მკვეთრი ფერი. გამწმენდი კონდიციონერი კი გამოიყენება შამპუნის ნაცვლად, რადგან ის მოქმედებს პრინციპით – „3-1-ში“; ბანს თმას, ასრულებს ჩვეულებრივი კონდიციონერის ფუნქციას და გარდა ამისა, ის იცავს თმის ღერებს ნებისმიერი დაზიანებისგან.
კითხვა: ახლახან გავიგე, რომ არსებობს „შამპუნი მზის შემდეგ“. დაახლოებით კი ვხვდები მის დანიშნულებას, მაგრამ, კონკრეტულად რითაა თმისთვის სასარგებლო?
პასუხი: ეს არის შამპუნი, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ შვებულების დღეებს ზღვის სანაპიროზე გაატარებთ: ის წმენდს თმას მარილებისგან, ქლორისგან და სილისგან; გარდა ამისა, აღადგენს თმის ღერების ფერსა და ელასტიკურობას.