კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-34(765)

 – ჩვენ უცხოური პასპორტები და ვიზები გვჭირდება, – უთხრა დიმკამ კიტიას.
– ხუთი ათასი მანეთი დაგიჯდებათ, – მიუგო დიმკას მასპინძელმა.
– ორი ცალი?
– გეძვირათ?
– იაფი არაა, მაგრამ თანახმა ვართ.
– ერთ პასპორტსა და ვიზას სამად ვამზადებ. თქვენ კი ნოდარის ხათრით დაგიკელით.
– მადლობლები ვართ, – თქვა დიმკამ და დაამატა, – ჩვენ ოთხი პასპორტი და ოთხი ვიზა გვჭირდება.
– ოთხი? – გაიმეორა კიტიამ და დაუსტვინა,  – კოლექტიურ გაქცევას აპირებთ ქვეყნიდან?
დიმკას ყურადღება არ მიუქცევია კიტიას ბოლო ფრაზისთვის და ჰკითხა:
– დაგვიმზადებთ ოთხ პასპორტსა და ოთხ ვიზას?
– გინდა, ათ-ათს დაგიმზადებთ.
– ათი ათასად, ხომ?
– კი. ოთხი ვიზა და ოთხი პასპორტი ათი ათასი მანეთი დაჯდება. თითოეული ორი ათას ხუთასი, – დააზუსტა ნოდარ კიტიამ.
– რამდენ ხანში იქნება მზად?
– ერთ კვირაში. ხვალ კი სურათების გადასაღებად მოდით ოთხივე და ნახევარი თანხაც წამოიღეთ. ასეთი წესი მაქვს. ნახევარს წინასწარ იხდით, დანარჩენს კი, სამუშაოს შესრულების მერე.
– ხუთი ათასს ახლავე დაგიტოვებთ, მაგრამ ერთი პატარა პრობლემაა, – თქვა დიმკამ. ჯიბიდან ფული ამოიღო და ორმოცდაათი ცალი ასმანეთიანი მაგიდაზე დადო.
ფულის დანახვამ მასპინძელი გაახალისა. კუპიურები ჯიბეში გააქანა. ქალ-ვაჟს გაუღიმა და მხიარულად უთხრა:
– აბა, რა პრობლემა გაქვთ? პრობლემების მოგვარება ჩემი პროფესიაა. გისმენთ.
– ჩვენ კი მოვალთ ხვალ, მაგრამ დანარჩენი ორი ვერ შეძლებს მოსვლას და მათი სურათები გვაქვს, – მიუგო დიმკამ კიტიას და ფიგაროს და სედოის ფოტოები უჩვენა, რომელიც მათ პოპოვმა გადაუღო.
ფოტოზე ფიგარო ჩვეულებრივად იყო აღბეჭდილი. სედოის კი გრიმი ჰქონდა გაკეთებული, რომელიც მას გენერალმა შეურჩია.
კიტიამ ყურადღებით დაათვალიერა ფოტოები და დიმკას უთხრა:
– რა გაეწყობა, ამ ფოტოებს ჩავაკრავ. თუმცა, ჯობდა, ეს ხალხი მე თვითონ გადამეღო. უკიდურეს შემთხვევაში, მათი ნეგატივები მაინც მქონოდა, რომ რეტუშირება გამეკეთებინა.
– ნეგატივები მაქვს.
– დამიტოვეთ.
– არ წამომიღია და ხვალ მოგიტანთ.
– კარგი. მოვილაპარაკეთ. ხვალ, საღამოს ხუთი საათისთვის გელოდებით თქვენი ნეგატივებიანად, – უთხრა კიტიამ ქალ-ვაჟს. შემდეგ ტელეფონის ყურმილი აიღო და უპასუხა:
– გისმენთ.
მასპინძელმა პაუზა გააკეთა და სანამ ტელეფონს გათიშავდა, თქვა:
– კი. ხვალ სამზე მოდი. მზადაა და დანარჩენიც მოიტანე.
საუბარი რომ დაასრულა, მასპინძელმა ქალ-ვაჟს გაუღიმა და უთხრა:
– ყავას ხომ არ მიირთმევთ კონიაკთან ერთად?
– არა, გმადლობთ. ჩვენ წავალთ, – მიუგო დიმკამ და ნუცასთან ერთად კიტიას ბინა დატოვა.
წყვილი რომ სადარბაზოდან გამოვიდა, ორასიოდე მეტრი ფეხით გაიარეს. შემდეგ ტაქსი გააჩერეს და ნუცას ბინისკენ აიღეს გეზი. მანქანა სახლიდან სამასი მეტრის მოშორებით გააჩერეს. ფეხით განაგრძეს გზა და ბინაში მშვიდობიანად მივიდნენ.
– ესეც ასე, – თქვა დიმკამ, როდესაც სავარძელში მოკალათდა, ერთ კვირაში ვიზები და პასპორტები გვექნება და სულ მალე უცხოეთში გავემგზავრებით. იქ კი მდიდრულად და თავისუფლად ვიცხოვრებთ. შენ ისწავლი.
– ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე, – მიუგო ნუცამ და ჰკითხა.
– ყავა გინდა?
– კი, – მიუგო დიმკამ, – შენ და... რამეში ეჭვი გეპარება?
– რას გულისხმობ? – ჰკითხა ნუცამ, თან ყავის მომზადებას შეუდგა.
– რას და, რომ თქვი, ჰოპ მერე დაიძახეო.
– ჯერ პასპორტები და ვიზები ჩავიბაროთ, მერე ლენინგრადში დავბრუნდეთ... გარდა ამისა, არც განძის საზღვარზე გადატანაა იოლი, – მიუგო ნუცამ და ყავა დიმკას წინ დაუდო, – ერთი სიტყვით, ჯერ კიდევ მრავალი ბარიერი გვაქვს გადასალახავი და იქამდე შორი გზაა.
– ყველაფერი კარგად იქნება, ნუციკო. ნუ გეშინია. აი, ნახავ, რა კარგად აეწყობა საქმე, – ხალისიანად უთხრა დიმკამ გოგონას. სიგარეტი გააბოლა და ყავა მოსვა.
ქალ-ვაჟმა გვიან დაიძინა. რომ გაეღვიძათ, შუადღეს უკვე გადაცილებული იყო. ნუცამ სადილი გააწყო და დიმკას დაუძახა.
– არ მშია, – დაიჯღანა ბიჭი.
 – ეგ იმიტომ, რომ უზმოზე აბოლებ. მოდი, ჭამე.
– არა, ნუციკო. მართლა არ მინდა. თუ არ გეზარება, ყავა გამიკეთე.
ნუცამ ყავა მიუტანა დიმკას და ჰკითხა:
– რა გჭირს?
– რა ვიცი, რაღაც ვერ ვარ ხასიათზე. უცნაური სიზმარი ვნახე და ალბათ,  იმიტომ.
– რა სიზმარი?
– მამაშენი დამესიზმრა.
– მამაჩემი?
– ჰო, ძია ნოდარი.
– მაინც, როგორ დაგესიზმრა?
– როგორ და, ვითომ ზონასთან მივედი, სადაც ერთად ვიჯექით. ზონას ზაპრეტკა არ ჰქონდა.
– ეგ რას ნიშნავს?
– კედელი და მავთულხლართი... მხოლოდ შავი და წითელი ხაზები იყო გავლებული. მე ზონაში შესვლა მინდოდა და შავ ხაზს გადავაბიჯე. ძია ნოდარი კი ჩემ წინ იდგა. ხელებს მიქნევდა და რაღაცას მიყვიროდა.
– რას გიყვიროდა?
– არ ვიცი. მისი ხმა არ მესმოდა. ალბათ, ზონაში შესვლას მიშლიდა.
– შეხვედი?
– არა. უცებ საიდანღაც შენ გაჩნდი. ხელი ჩამავლე და გავიქეცით.
– გავიქეცით? – გაეცინა ნუცას.
– ჰო. ტაიგაში გავრბოდით და მერე გამომეღვიძა.
ნუცამ მხიარულად გადაიკისკისა და თქვა:
– ალბათ, ჩემი წუხანდელი სიტყვები ჩაგყვა ძილში და ეს სიზმარიც ამის ბრალია.
– ალბათ, – მიუგო დიმკამ. გააბოლა და მღელვარების დაფარვა სცადა, რადგან ცუდი წინათგრძნობა დაუფლებოდა და კიტიასთან წასვლა არ უნდოდა, ამიტომ, ტელევიზორი ჩართო. ვიდეომაგნიტოფონში კასეტა შეაცურა და კომედია ჩართო.
ნუცას არ გამოპარვია ბიჭის მღელვარება, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, მასთან ერთად მიუჯდა ტელევიზორს.
ოთხი საათი რომ მოახლოვდა, დიმკამ ნუცას უთხრა:
– მოდი, ასე ვქნათ, მე მარტო წავალ. შენ კი აქ დარჩი.
– რატომ?
– რა ვიცი. წავალ, სიტუაციას დავზვერავ. და თუ ყველაფერი სუფთად იქნა, დაგირეკავ და მოდი.
– კარგი რა, დიმკა, სიზმარმა შეგაშინა? – გაეცინა ნუცას.
– შიში რა შუაშია?
– აბა, რატომ არ გინდა ჩემი წაყვანა?
– რა ვიცი, რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს. ცუდი არაფერი მოხდეს.
– ცუდი შეიძლება მაშინ მოხდეს, მარტო, დაზღვევის გარეშე რომ გახვიდე გარეთ, – უთხრა ნუცამ, – ჩემთან ერთად კი ნურაფრის გეშინია.
გოგონას სიტყვებზე დიმკა წამოწითლდა და მიუგო:
– რისი უნდა მეშინოდეს?! უბრალოდ, თავს ვიზღვევ.
ნუცას ეშმაკურად ჩაეცინა და ბიჭს უთხრა:
– ერთი მაგარი აზრი მომივიდა თავში.
 – რა აზრი?
– რა და, მე მარტო წავალ, სიტუაციას დავზვერავ. ყველაფერი თუ სუფთად იქნა, დაგირეკავ და მოდი.
– დამცინი, ნუციკო?
– გეხუმრები, ვერ ხვდები?
– კარგი, კარგი... ერთად წავიდეთ, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. წინათგრძნობას არასდროს უღალატია ჩემთვის. მაშინაც, ინკასაცია რომ უნდა დაგვებომბა, ასეთივე ცუდი წინათგრძნობა მქონდა.
– იმედია, ცეცხლს არავინ გაგვიხსნის, – გაეღიმა ნუცას, – მაშინ თქვენ გასაძარცვად მიდიოდით. ახლა კი სურათი უნდა გადავიღოთ.
– მაინც, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, – მიუგო დიმკამ ნუციკოს და ქამარში „პარაბელიუმი“ გაირჭო.
– შენ რა, მართლა საომრად ხომ არ მიდიხარ? – უთხრა ნუცამ ბიჭს.
– ეს ყოველი შემთხვევისთვის მომაქვს და იმედია, არ დამჭირდება, – მიუგო დიმკამ და დასძინა, – მზად ვარ. გავედით!
წყვილი რომ ქუჩაში გავიდა, წესისამებრ, ორასიოდე მეტრი ფეხით გაიარეს და ტაქსიში შემდეგ ჩასხდნენ. თუმცა, როგორც ყოველთვის, მანქანა კიტიას სახლიდან ორასი მეტრის მოშორებით არ გაუჩერებიათ. მის ქუჩაზე ჩაიარეს და მხოლოდ ამის მერე აპირებდნენ მანქანის გაჩერებას და უკან დაბრუნებას. მანამდე კი იქაურობა ტაქსიდან უნდა შეეთვალიერებინათ.
– მოიცა, მოიცა. ერთი წუთით შეაჩერე. რაღაც გამახსენდა, – უთხრა დიმკამ ტაქსისტს და მანქანა გააჩერებინა, როგორც კი ისინი კიტიას საცხოვრებელ კორპუსს ორმოცდაათიოდე მეტრით მიუახლოვდნენ.
მანქანა გაჩერდა. დიმკამ კიტიას  სახლის სადარბაზოს გახედა და გაფითრდა, რადგან დაინახა, თუ როგორ გამოიყვანა ხელბორკილდადებული ნოდარ კიტია, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა მილიციელმა. შემდეგ კი მანქანაში ჩასვა და წაიყვანა. მილიციელი კი, რომელიც კიტიას ახლდა, კაპიტანი ვასო ჩხიკვაძე იყო. ეს სცენა არც ნუცას გამოპარვია და ისიც გაქვავებული იჯდა ტაქსის უკანა სავარძელზე.
– რა ვქნათ, წავიდეთ თუ ისევ აქ ვიდგეთ? – ჰკითხა ტაქსისტმა წყვილს.
– უკან წადი. სულ გამოვშტერდი. ფული სახლში დამრჩენია, – უთხრა დიმკამ ტაქსისტს და ანიშნა, – „ზადნით“ გადი.
– აბა, აბა, ეგეთები არ იყოს. ნისიაზე არ დავდივარ, – თქვა მძღოლმა და მანქანა უკუსვლით დაძრა.
– რა ნისია, ბიძაჩემო, – შეუღრინა ბიჭმა.
– შენ არ თქვი, ფული დამრჩაო?
– მე სხვა ფულს ვგულისხმობ. შენ კი, აი, გამომართვი. რა, არ გეყოფა? –  დიმკამ მძღოლს წითელი ათმანეთიანი გაუწოდა.
მძღოლმა ფული ჯიბეში გააქანა და მიუგო:
– როგორ არ მეყოფა, ძმაო-ჯან. ბოდიში, თუ რამე გაწყენინე. ვიფიქრე, ხომ არ მაგდებენ-მეთქი.
დიმკას პასუხი არ გაუცია ტაქსისტისთვის. მთელი გზა ჩუმად იყო. შემდეგ, მანქანა ჩვეულებისამებრ, ნუცას სახლიდან ორასიოდე მეტრის მოშორებით გააჩერებინა. წყვილი მანქანიდან გადმოვიდა და გზა ფეხით გააგრძელეს. სახლში მშვიდობიანად დაბრუნდნენ და დიმკამ ენაჩავარდნილ ნუცას უთხრა:
– აი, ესეც ჩემი სიზმარი და წინათგრძნობა. ბეწვზე ვართ გადარჩენილები.
– დიმკა! – აღმოხდა ნუცას და ბიჭს ჩაეხუტა.
***
ხელბორკილდადებული ნოდარ კიტია ვასო ჩხიკვაძემ და მისმა კოლეგებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიყვანეს დაკითხვაზე. კიტიაზე კი მილიციელები სრულიად შემთხვევით გავიდნენ. მათ სწორედ ის კაცი დააპატიმრეს, ვინც კიტიასთან სამ საათზე უნდა მისულიყო ყალბი საბუთების წასაღებად და ათას ხუთასი მანეთი უნდა მიეტანა. ის კაცი ძებნილი გახლდათ და მილიციამ ერთ-ერთ ბინაში აიყვანა. დაკითხვაზე კი მან კიტია დაასახელა და ყალბი საბუთების დამამზადებელი ფაქტზე  აიყვანეს.
სანამ კიტიას კითხავდნენ, მილიციის ოპერები მის ბინას ჩხრეკდნენ, რომ იქ სხვა სამხილები აღმოეჩინათ.
ვასო ჩხიკვაძემ კიტიას ხელბორკილები შეხსნა. სკამზე დასვა. ფურცელი და საწერკალამი წინ დაუდო და უთხრა:
– აბა, დაწერე ყველაფერი, თან, გახსოვდეს, რომ გულწრფელი აღიარება სასჯელს შეგიმსუბუქებს. სასჯელი კი საკმაოდ მძიმე გელის.
– რა დავწერო, უფროსო, თქვენ ხომ ისედაც ყველაფერი იცით. თქვენ თვითონ არ მომიგზავნეთ ის კაცი? – ამოილუღლუღა კიტიამ.
– კი არ მოგიგზავნეთ, დანაშაულზე წაგასწარით, – შეუსწორა კაპიტანმა.
– მცოდნოდა, ნასედკა იყო, მაგას ტროლეიბუსის აბონემენტსაც არ გავუკეთებდი, – სინანულით თქვა კიტიამ.
– ნასედკა კი არა, ძებნილი იყო. დავაკავეთ და თქვენზე გამოვედით, – უთხრა ჩხიკვაძემ.
 – ბოზი, ჩამშვები ყოფილა. რა მნიშვნელობა აქვს, – თქვა კიტიამ.
– მოქალაქე კიტიავ, წესიერად ილაპარაკეთ, – შეუბღვირა ვასომ.
– ჯერ კიდევ მოქალაქე ვარ?
– ჯერჯერობით კი. ჯერ ეჭვმიტანილი ხართ. აბა, შეუდექით საქმეს.
– რა საქმეს, უფროსო. ის კაცი ერთმა ნაცნობმა გამომიგზავნა და მთხოვა: – ვიზა და პასპორტი გაუკეთეო. იმან კი ჩამიშვა.
– ჰოდა, ეგ ყველაფერი ფურცელზე დაწერე და ხელი მოაწერე.
– რომ არ დავწერო?
– თქვენი ნებაა. დანაშაულს მაინც დაგიმტკიცებთ და უფრო მკაცრად დაისჯებით თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო.
– მცემთ და მაწამებთ, არა?
– თქვენს ცემას არავინ აპირებს. არ დაწერთ და ნუ დაწერთ. საკანში მოგათავსებთ. საქმეს თქვენი აღიარების გარეშეც გავხსნით. აი, თქვენ კი მაქსიმალურს მიიღებთ. შეგიძლიათ, საკანში წახვიდეთ. ბადრაგს ახლავე გამოვიძახებ.
– კარგი, დავწერ, – ხელი ჩაიქნია კიტიამ. საწერკალამი აიღო და წერას შეუდგა. ნახევარი საათის შემდეგ კი დაასრულა და ვასო ჩხიკვაძეს წინ დაუდო.
– აი, დავწერე.
ვასომ კიტიას ჩვენება წაიკითხა. საქაღალდეში შეინახა და პატიმარს უთხრა:
– ძალიან კარგი. ახლა საკანში დაისვენეთ და როცა საჭირო იქნება, მე თვითონ დაგიძახებთ.
ბადრაგმა ნოდარ კიტია საკანში წაიყვანა. ჩხიკვაძემ კი შიდა ტელეფონზე დარეკა და თქვა:
– ბიჭები რომ დაბრუნდებიან, თუ რამე ახალი ექნათ, ჩემთან შემოვიდნენ. კიტიას ჩვენება უკვე მაქვს.
ვასომ გააბოლა. შემდეგ საქაღალდე გადაშალა და ნოდარ კიტიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის კითხვას შეუდგა. ოციოდე წუთის შემდეგ კაპიტნის კაბინეტში ორი ოპერი შემოვიდა. ერთ-ერთმა მაგიდაზე საქაღალდე და ცელოფნის პარკი დადო და კაპიტანს უთხრა:
– აი, რა ვიპოვეთ კიტიასთან.
– ეს რა არის? – ჰკითხა ვასომ.
– ხუთი ათასი მანეთი და ორი ფოტოსურათია, – მიუგო ოპერმა, – როგორც ეტყობა, კიდევ ვიღაცას უკეთებდა ყალბ საბუთებს.
ვასომ ჯერ ფულით სავსე პარკი შეამოწმა და გვერდზე გადადო. შემდეგ საქაღალდე გადაშალა. ორი ფოტო აიღო. ყურადღებით შეათვალიერა და ოპერებს უთხრა:
– სულ ესაა?
– კი, – მიუგო ერთ-ერთმა ოპერმა.
– კიტიას ბინაში ახლა რა ხდება?
– ჩასაფრების ჯგუფია იქ. სამნი ბინაში არიან. ოთხი კაცი კი გარეთ, მანქანაში მორიგეობენ.
– კარგი. თავისუფლები ხართ. თუ დამჭირდით, დაგიძახებთ, – უთხრა ვასომ ხელქვეითებს და კაბინეტიდან გაისტუმრა. შემდეგ ფიგაროს და სედოის ფოტოები ყურადღებით დაათვალიერა, მაგიდაზე დაყარა და სამინისტროს ძებნის სამსახურის უფროსს დაურეკა.
– თუ გცალია, ჩემთან შემოდი და თან მოსკოვის საქმის ძებნილების ფოტოები მოიტანე.
– ვინ ძებნილების? – ვერ მიხვდა ძებნის სამსახურის უფროსი.
– ინკასატორებს რომ ნახევარი მილიონი გასტაცეს.
– გასაგებია. ხუთ წუთში მოვალ.
ხუთიოდე წუთის შემდეგ ვასო ჩხიკვაძეს ძებნის სამსახურის უფროსი ეწვია. შავი საქაღალდე მაგიდაზე დადო და ვასოს ჰკითხა:
– რა ხდება?
– მოიტანე, რაც გთხოვე? – კითხვა შეუბრუნა კაპიტანმა.
– აი, აქაა, – ახალმოსულმა შავ საქაღალდეზე მიუთითა კაპიტანს.
ვასომ ჯერ ძებნის სამსახურის უფროსის საქაღალდე გადაშალა. იქიდან დიმკას და სედოის სურათები ამოიღო და მაგიდაზე დაალაგა. შემდეგ კიტიას ბინიდან ამოღებული სურათები გვერდით დაულაგა და ახალმოსულს უთხრა:
– აბა, დააკვირდი და ამ სურათებს შორის მსგავსებას თუ ხედავ?
ძებნის სამსახურის უფროსს, თავისი პროფესიის წყალობით, თვალი ისე ჰქონდა გავარჯიშებული, რომ შეცდომას არ უშვებდა. ნებისმიერი ძებნილის ამოცნობა შეეძლო და ვასოს დაუფიქრებლად მიუგო:
– ეს სემიონ სემიონოვია, იგივე სედოი, – მან ძებნილი სედოის სურათი და პარიკიან-გრიმიანი სედოის სურათი ხელში აიღო და ერთად დაალაგა და, – ესეც სედოია, ოღონდ გრიმიანი.
– ყოჩაღ, – ჩაეცინა ვასოს.
ძებნის სამსახურის უფროსმა კი დანარჩენი ორი ფოტოც ერთად დაალაგა და ვასოს უთხრა:
– ეს დიმიტრი კანდელაკია, იგივე დიმკა. ეს კი – ფიგარო.
– ჰო, ფიგაროა. მეც ვიცანი, – დაუდასტურა კაპიტანმა.
– რა მერე?
– რა და ის, ჩემო კარგო, რომ თუ არ ვცდები, ეს ძებნილები თითქმის ხელში გვყავს და რომ არ გაგვექცნენ, მე და შენ უნდა ვიყოჩაღოთ.
– ფიგარო არაა ძებნილი. ძებნილები ეს ორია.
– ფიგაროზე არც მითქვამს. მე დიმკასა და სედოის ვგულისხმობდი.
– მაინც, რა ხდება, ვასო, არ იტყვი?
– რა ხდება და, ახლახან ვინმე ნოდარ კიტია ავიყვანეთ, რომელიც ყალბი პასპორტებისა და ვიზების დამზადებაშია მხილებული. ეს ორი ფოტოც მისი ბინიდან ამოიღეს ბიჭებმა. ესე იგი, სედოი ყალბი პასპორტითა და ვიზით აპირებს ქვეყნის დატოვებას. სადაც სედოია, იქ დიმკაც უნდა იყოს. ხვდები ახლა?
– კი. რა თქმა უნდა.
– ჰოდა, შენს ბიჭებს ორიენტიროვკა მიეცი, რომ სედოი და დიმკა ეძებონ თბილისში. შეიძლება, ფიგაროც აქ იყოს, მე კი კიტიას დავკითხავ ხელახლა.
– კარგი. წავედი, – თქვა ძებნის სამსახურის უფროსმა და ვასო ჩხიკვაძის კაბინეტი სასწრაფოდ დატოვა.
კაპიტანმა ბადრაგს სასწრაფოდ ნოდარ კიტიას გამოყვანა დაავალა საკნიდან. თვითონ კი სიგარეტს მოუკიდა და კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა.
ხუთიოდე წუთის შემდეგ ნოდარ კიტია კვლავ ჩხიკვაძის კაბინეტში იმყოფებოდა. მან კაპიტანს უცნაურად შეხედა და ჰკითხა:
– მოხდა რამე, უფროსო?
– კიტია, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ყველაფერს გულწრფელად აღიარებდით? – ჰკითხა კაპიტანმა პატიმარს.
– დიახ, – მიუგო კიტიამ.
– მერე, ასე ასრულებთ პირობას?
– მე ხომ ყველაფერი ვაღიარე?
– ყველაფერი – არა.
– აბა, კიდევ რას მოითხოვთ ჩემგან? – ჰკითხა კაპიტანს კიტიამ.
ვასო ჩხიკვაძემ, ნოდარ კიტიას, ხუთი ათასი მანეთით სავსე პარკი, ფიგაროსა და სედოის ფოტოები წინ დაუდო და ჰკითხა:
– ეს რა არის?
– მაინც იპოვეთ, ხომ? – თავი გააქნია პატიმარმა, – ის, რის გამოც ახლა აქ ვიმყოფები.
– ბრალდებულო, კიტია! – ხმას აუწია კაპიტანმა, – ახლა ქარაგმებით ლაპარაკის დრო არაა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გამეცით პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაქსიმალურ სასჯელსა და უმკაცრეს რეჟიმს მიიღებთ. ეს კი თქვენი აღსასრული იქნება. გასაგებია?
– უფრო გასაგებად ვერ იტყვის კაცი, – თქვა კიტიამ.
– მაშინ გისმენთ. თქვით, ვისია ეს ფოტოები და ვის ეკუთვნის ეს ხუთი ათასი მანეთი.
– ფოტოებზე აღბეჭდილებს არ ვიცნობ. ეს ფული კი იმ თანხის ნახევარია, რაც ოთხი ყალბი პასპორტისა და ვიზისთვის უნდა გადაეხადათ.
– ეს უკვე საქმესთან ახლოა. ახლა დაწვრილებით მომიყევით ყველაფერი, ხოლო თუ შეკითხვები გამიჩნდა, ბოლოს დაგისვამთ, – უთხრა კიტიას ჩხიკვაძემ, – აბა, ყურადღებით გისმენთ.
– უფროსო, გუშინ ჩემთან ქალ-ვაჟი მოვიდა. ოთხი პასპორტი და ვიზა შემიკვეთეს. ნახევარი თანხა დამიტოვეს და ეს ორი ფოტო. დღეს, ხუთ საათზე უნდა მოსულიყვნენ ფოტოების გადასაღებად, თან ამ ორი ფოტოს ნეგატივებიც უნდა მოეტანათ. აი, სულ ესაა, რაც ვიცი, – თქვა კიტიამ და დადუმდა.
კაპიტანმა საათს დახედა და თქვა.
– ათი დაიწყო. როგორც ეტყობა, თქვენმა სტუმრებმა დაგვინახეს, ყველაფერს მიხვდნენ და გაიქცნენ.
– ალბათ, – მიუგო კიტიამ.
– ქალ-ვაჟის ვინაობა დაასახელეთ და თქვენთან ვინ გამოუშვა, – უთხრა კაპიტანმა პატიმარს.
– თუ დამიჯერებთ, მე მათი სახელებიც კი არ ვიცი. უბრალოდ, მითხრეს, რომ ნოდარ მდივნისგან იყვნენ, ესაა და ეს.
– ნოდარ მდივანი ვინ არის?
– ჩვემი ძველი და კარგი  ნაცნობია. თორმეტი წელია, რაც სასჯელს იხდის, – მიუგო კაპიტანს პატიმარმა და დაამატა, – შეიძლება, მოვწიო?
– მოწიეთ, – მიუგო ჩხიკვაძემ და სიგარეტის კოლოფი და ასანთი მიაწოდა კიტიას. თვითონ კი კაბინეტში გაიარ-გამოიარა და პაუზის შემდეგ პატიმარს ჰკითხა:
– ფოტოებზე აღბეჭდილ პირებს იცნობთ?
– არა.
– მათთვისაც უნდა დაგემზადებინათ ყალბი საბუთები?
– დიახ. ამიტომაც დამიტოვეს სურათები. თუმცა, ნეგატივებიც ჰქონიათ. მე კი ნეგატივები მერჩივნა და დღეს უნდა მოეტანათ.
– რა გითხრა ქალ-ვაჟმა, თვითონ ესენი რატომ არ მოვლენო სურათის გადასაღებად?
– არ ვიცი, უფროსო, – მხრები აიჩეჩა კიტიამ, – ასე მითხრეს, ვერ მოვლენო.
– ქალ-ვაჟი ამიწერეთ.
– ახალგაზრდა, ლამაზი წყვილია, უფროსო. ორივეს კარგი ტანი აქვს. მაღლები არიან. გოგოს მზის აჩკები ეკეთა. ბიჭს კი – ჩვეულებრივი აჩკები, სამედიცინო. სიმართლე გითხრათ, თვალიერება არ დამიწყია.
– რაიმე განსაკუთრებული ნიშნები ხომ არ ჰქონდათ? მაგალითად, ტატუ, იარა სხეულზე... მეტყველების დეფექტი. ერთი სიტყვით, ისეთი რამ, რისი საშუალებითაც მათი ამოცნობა შეიძლება.
კიტია ჩაფიქრდა და ჩხიკვაძეს უთხრა:
– არა, უფროსო. მსგავსი არაფერი შემინიშნავს.
– რომ ნახოთ, ამოიცნობთ?
– პირისპირ რომ ვნახო, ალბათ, კი.
 ვანო ჩხიკვაძემ უჯრიდან ათი სხვადასხვა ფოტო ამოიღო. მათ შორის დიმკასიც. ყველა ერთ მწკრივში დააწყო და კიტიას უთხრა.
– ამ ფოტოებს ყურადღებით დააკვირდით და მითხარით, მათ შორის თუ არის ის ბიჭი, ვინც თქვენთან იყო გუშინ და ხუთი ათასი მანეთი დაგიტოვათ ყალბი საბუთებისთვის.
კიტია, კარგა ხანს აკვირდებოდა სურათებს. ბოლოს კი ჩხიკვაძეს უთხრა:
– არა უფროსო, ამათში ის ბიჭი არაა.
– დარწმუნებული ხართ?
– დიახ.
კაპიტანმა მწკრივიდან დიმკას სურათი აიღო. კიტიას მიაწოდა და უთხრა:
– კარგად დააკვირდით ამ ფოტოს. გუშინ ეს ბიჭი ხომ არ იყო თქვენთან გოგონასთან ერთად?
კიტიამ კიდევ ერთხანს ათვალიერა დიმკას ფოტო. ბოლოს კაპიტანს დაუბრუნა და უთხრა:
– არა, უფროსო, ეს ბიჭი არ ყოფილა გუშინ ჩემთან.
კაპიტანმა უჯრაში შეინახა ფოტოები. შემდეგ გააბოლა და კიტიას უთხრა:
– ახლა კვლავ საკანში დაგაბრუნებთ. ჩვენება კი დილით თავიდან დაწერეთ. მაგრამ, თუ გაირკვა, რომ კიდევ მოგვატყუეთ, რამე დაგვიმალეთ და საერთოდ, ჩვენს გაცურებას შეეცადეთ, იცოდეთ, დაუნდობლად, კანონის მთელი სიმკაცრით დაგსჯით.
– გასაგებია, უფროსო. მე ყველაფერი გითხარით, რაც ვიცოდი, – მიუგო კიტიამ ჩხიკვაძეს და ბადრაგს საკანში გაჰყვა.
პატიმარი რომ გაისტუმრა, კაპიტანმა შიდა ტელეფონზე ძებნის სამსახურის უფროსს, მაიორ თოიძეს დაურეკა და უთხრა:
– რას აკეთებ, გივი, გცალია?
– ცოტა ხანში წასვლას ვაპირებ, – მიუგო მაიორმა.
– რომ გამოხვალ, შემომიარე.
– კარგი. ათ წუთში მოვალ.
ათიოდე წუთის შემდეგ, სახლში მიმავალმა გივი თოიძემ ვასო ჩხიკვაძეს კაბინეტში შეუარა.
– მოდი, გივი, დაჯექი. ძალიან გეჩქარება? – ჰკითხა ახალმოსულს ჩხიკვაძემ.
– საქმეს სიჩქარე არ უყვარს. თუ საჭიროა, შევყოვნდები, – მიუგო მან კაპიტანს და სკამზე დაჯდა.
– რა ქენი, გააძლიერეს შენმა ბიჭებმა სედოისა და დიმკას ძებნა? – ჰკითხა ჩხიკვაძემ თოიძეს.
– კი. მთელი აგენტურული ქსელი ფეხზე დგას და თუ ნამდვილად თბილისშია, აუცილებლად მივაგნებთ.
– ეს არც თუ ისე იოლია, – თავი გააქნია კაპიტანმა.
– იოლი არც ლობიოს ჭამაა. შეიძლება, გაგბეროს, – გაეცინა მაიორს.
– მოკლედ, გივი, მე მგონი, არც სედოია თბილისში და არც ფიგარო. თუ ალღო და ლოგიკა არ მღალატობს, აქ მხოლოდ დიმკა უნდა იყოს. თანაც კარგად შენიღბული. სავარაუდოდ, ის ახალგაზრდა, მაღალ, ლამაზ გოგონასთან ერთად გადაადგილდება და მისი ძებნისას ამას მიაქციონ ყურადღება.
– გასაგებია.
– გოგონას მზის სათვალე შეიძლება ეკეთოს. დიმკას კი – სამედიცინო სათვალე.
– კარგი. გავითვალისწინებ, – თქვა მაიორმა და ჩხიკვაძეს ჰკითხა:
– რატომ ფიქრობ, რომ თბილისში მხოლოდ დიმკაა?
– იმიტომ, გივი, რომ იმ ბიჭმა, რომელიც მე დიმკა მგონია, კიტიას ფიგაროსა და სედოის ფოტოები დაუტოვა. დღეს კი ნეგატივები უნდა მიეტანა. თავად დიმკას და იმ გოგონას კი დღეს სურათები უნდა გადაეღოთ კიტიასთან, – მიუგო ჩხიკვაძემ და პაუზის შემდეგ დააყოლა, – სედოი და ფიგარო აქ რომ იყვნენ, მაშინ ხომ ისინიც კიტიასთან მივიდოდნენ სურათების გადასაღებად და ფოტოებს არ დატოვებდნენ.
– ლოგიკურია, – თქვა თოიძემ, – გამოდის, კიტიას ოთხი ცალი პასპორტი შეუკვეთეს?
– ოთხი პასპორტი და ვიზები. ნახევარი თანხა – ხუთი ათასი მანეთი კი, გუშინვე დაუტოვეს.
– კოლექტიურ გაქცევას აპირებენ? – ჩაეცინა თოიძეს.
– ჰოდა, ძალიან საეჭვო და საინტერესო ფაქტია ეს.
– რას გულისხმობ?
– რატომ და რით გარბის ასე ერთბაშად ამდენი ხალხი – აი, რას ვგულისხმობ.
– სედოისა და დიმკას რომ აქ არ დაედგომებათ, რა ძნელი მისახვედრია. იციან, რომ ჩავარდნენ, ციხეში ამოხდებათ სული და ამიტომაც გარბიან.
– ეგ კი, გასაგებია, – თქვა კაპიტანმა, – მართალია, ფიგარო ძებნილი არაა, მაგრამ „ზა კამპანიუ“ მიჰყვება მათ. მაგრამ ის ახალგაზრდა, უცნობი, ლამაზი გოგონა ვინღაა?
– ცოტაა ამქვეყნად ლამაზი ბოროტმოქმედი ან ბოროტმოქმედთა თანამგრძნობი ლამაზი გოგონა? ეგეც ერთ-ერთი მათგანი იქნება – თქვა თოიძემ.
– მაგასაც დროებით თავი დავანებოთ, – ხელი ჩაიქნია ჩხიკვაძემ, – ყველაზე საინტერესო ისაა, რით აპირებს ამდენი ადამიანი უცხოეთში წასვლას – უფულოდ, ხელცარიელი ხომ არ გაემგზავრებიან?
– ექნებათ რამე. მართლა ჯიბეგახვრეტილები ხომ არ წავლენ?
– ჰოდა, მეც ეგ მაინტერესებს. რაც ფული ჰქონდათ, ყველაფერი იმ ზალკინმა მოიპარა და მიიმალა. არ გახსოვს, ამას წინათ რამდენი ვსდიეთ იმ ქირურგს და ვერსად მივაგენით?
– მაგას რა დამავიწყებს, – თავი გააქნია თოიძემ, – დიდი გაიძვერაა ის ზალკინი. როგორ გვარბენინა აქეთ-იქით და მაინც ვერსად მივაგენით.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3