როგორ გადაარჩინა ორი მილიციელი დაჭერას აფხაზური ენის ცოდნამ
მე და ჩემი მეგობარი, ასთამურ ჰაკბა 1971 წელს მოსკოვის მილიციის სკოლაში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე გაგვგზავნეს. ერთი თვე დავყავით იქ. სასტუმრო „როსიაში“ ვცხოვრობდით. დილიდან შუადღემდე კურსებზე დავდიოდით. საღამოდან მოყოლებული კი დროს ვატარებდით. ფული გვქონდა და რესტორნებში გრიალი არ გვაკლდა, მაგრამ ძალიან გვინდოდა სავალუტო ბარში მოხვედრა. იქ კი მხოლოდ უცხოელები დადიოდნენ. საბჭოთა ხალხს კი ვალუტის ქონა ეკრძალებოდათ და ამის გამო მკაცრი სასჯელი იყო გათვალისწინებული. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და ასთამურმა გავრისკეთ, 150 მანეთად 130 დოლარი ჩუმად შევიძინეთ და ნანატრ სავალუტო ბარში შევაჭერით. შეთანხმებულები ვიყავით, რომ იქ სიტყვა არ დაგვეძრა არც ქართულად და არც რუსულად, რომ არ გავშიფრულიყავით და შარს არ გადავყროდით. თუმცა, შარს მაინც ვერ ავცდით, ვიღაც ორი უცხოელი მაგრად შემოგველახა, რომლებიც ჩვენი ქალების წაყვანას ცდილობდნენ. ბარიდან კი დროულად გასვლა ვერ მოვასწარით და მილიციამ ჩაგვავლო... საქმის გარჩევა რომ დაიწყო და რამდენიმე ენაზე გვკითხეს ვინაობა, მე და ასთამურმა აფხაზურად დავუწყეთ ლაპარაკი. მილიციელები დაიბნენ. გაჩხრეკა ვერ გაგვიბედეს, რადგან „უცხოელები“ ვიყავით და უახლოეს განყოფილებაში წაგვიყვანეს ვითარების გასარკვევად.
– აბა, ვინ ბრძანდებით? თქვენი ვინაობა გვითხარით, – თავაზიანად, ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე გვკითხა მილიციის მორიგე მაიორმა, რომელსაც ეს ფრაზა სპეციალურად ჰქონდა ნასწავლი მსგავსი შემთხვევებისთვის.
– შენი დედაც, – ერთდროულად ვუთხარით მაიორს მე და ასთამურმა აფხაზურად, თან ხელები გავშალეთ, ვითომდა ვერაფერი გავიგეთ.
მორიგე შეცბა, გაეღიმა და, ჰოი საოცრებავ, აფხაზურადვე მოგვიგო:
– აბა, აბა, ზრდილობიანად, – შემდეგ კი თავის ხელქვეითებს რუსულად უთხრა:
– გაუშვით. დიპლომატები არიან და შარია...
როგორც გაირკვა, მორიგე მაიორი პეტრე კოზლოვი სოხუმელი ყოფილა. აფხაზური ბრწყინვალედ იცოდა და პატივი გვცა. ვალში არც ჩვენ დავრჩენილვართ. მეორე დღეს მაიორი რესტორანში დავპატიჟეთ და მაგრად ვიქეიფეთ.
პოდპოლკოვნიკ რაულ თარბას მონათხრობის მიხედვით მოამზადა