კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ერგო საქართველოს სამივე ყოფილ პრეზიდენტს ტრაგიკული ბედი და რატომ არ დაედგომებოდა არც ერთს თავის ქვეყანაში პრეზიდენტობის შემდეგ

ისე მოხდა, რომ საქართველოს სამივე ყოფილ პრეზიდენტს მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც ტრაგიკული ბედი ერგო. პირველი, იმას გარდა, რომ ძალადობრივად დაამხეს, ცდილობდა ქვეყანაში დაბრუნებას, მაგრამ სდევნიდნენ და დღემდე არც გარკვეულა დაზუსტებით, თავი მოიკლა თუ მოკლეს; მეორე პრეზიდენტი, თუმცა მეორე ვადის ბოლოსკენ გადადგა, საკუთარი რეზიდენციიდან, ანუ საცხოვრებლიდან თითქმის არ, უფრო ზუსტად, ვერ გამოდიოდა. მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნაა გამოცხადებული და თუმცა ის აწ ოდესის ოლქის გუბერნატორია და შორიდან იმუქრება, ქვეყანაში თავისუფლად შემოსვლა არც მას შეუძლია. ხოლო, რადგან სამი შემთხვევა სცდება შემთხვევითობის ჩარჩოს, ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების ამ უცნაური ბედისწერის  შესაძლო მიზეზებს.

 –  ეს ფენომენი შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნის სინდრომი თუ რა ტიპის ქვეყანას ახასიათებს ასეთი ტენდენცია?
–  არ ვიცი, რამდენადაა პოსტსაბჭოთა ფენომენი, რადგან გვჩვევია ხოლმე საბჭოურობით ბევრი ისეთი ყოფითი ხარვეზის ახსნა, რომლებსაც შეიძლება, უფრო ღრმა ფესვები ჰქონდეს, ვიდრე 70 წელია. არ მგონია, მაინცდამაინც, საბჭოთა მოვლენა, იმიტომაც რომ, საბჭოელები იყვნენ ბალტიისპირელებიც, იქაც ძალიან მძიმე პროცესები იყო: ხშირად გამოითქმებოდა ეჭვი, რომ ესა თუ ის ლიდერი იყო მოსკოვის მსახური, მაგრამ ამას არ გამოუწვევია ამ ფიგურების დევნა მას შემდეგ, რაც ისინი თანამდებობებს ტოვებდნენ. რაც უკვე სხვა ტიპის კულტურაზე მიგვითითებს და მგონია, რომ აი, ამ კულტურის პრობლემა გვაქვს. თუმცა ისიც არ ვიცი, არის თუ არა ეს პრობლემა. ფაქტია, ამ ტიპის მოვლენასთან გვაქვს საქმე, მაგრამ რთული სათქმელია, არის თუ არა ეს პრობლემა. ბევრ ქვეყანაში ყოფილა ანალოგიური მდგომარეობა, როდესაც მოსახლეობას უჩნდება ხელისუფალზე ხელის აღმართვის ტენდენცია და ეს უკავშირდება ძალაუფლების ფლობის თემას. თქვენ მხოლოდ პრეზიდენტები ახსენეთ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვყავდა პრემიერებიც. ზოგჯერ მათ პრემიერ-მინისტრები ერქვათ, ზოგჯერ –  სახელმწიფო მინისტრები.
– არც მათი ბედი იყო მაინცდამაინც სახარბიელო.
– ყოველ შემთხვევაში, თუ ვინმეს ბედი იყო ტრაგიკული, ეს იყო ზურაბ ჟვანია. დანარჩენების შემთხვევაში კი, არც მათი შემოსვლა ყოფილა პოლიტიკაში დიდი მოვლენა და არც პოლიტიკიდან მათი წასვლა.
– ეს ნიშნავს, რომ მათ არ ჰქონდათ პოლიტიკური წონა.
– აი, ამის თქმა მინდა, ანუ პრობლემაა არა პრეზიდენტობა, არამედ ძალაუფლების მატარებლობა. ჟვანიას ძალის ფლობის უნარი ჰქონდა და ამიტომ ტრაგიკულად დატრიალდა მისი ბედი. ძალაუფლების ფლობა კიდევ ცალკე თემაა.
– პოლიტიკურ პერსონებს ძალაუფლების ფლობას არ აპატიებენ მას შემდეგ, რაც უკვე ძალაუფლება აღარ აქვთ თუ ძალაუფლება აშვებინებდა მათ შეცდომებს და ამ შეცდომებს აღარ აპატიებდნენ მერე?
– ორივე ვარიანტი შეიძლება, იყოს, მაგრამ, მოდი, ვცადოთ, დავაკვირდეთ ფაქტებს. იმ პრეზიდენტებიდან, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველაზე დიდ ხანს და ყველაზე მშვიდობიანად, მიუხედავად თქვენ მიერ ხსენებული რეალობისა, რომ პრეზიდენტობის შემდეგ ვერ გამოდიოდა რეზიდენციიდან, შევარდნაძემ მოახერხა ხელისუფლებაში ყოფნა.
– 1992 წლიდან 2003 წლის ბოლომდე.
– რა შეიძლება, ყოფილიყო ამის გასაღები? ზოგიერთი იტყვის, იმიტომ რომ, შევარდნაძეს ჰქონდა გამოცდილება სხვა პრეზიდენტებთან შედარებით. მაგრამ მას ჰქონდა კიდევ ერთი თავისებურება, მას შეეძლო მოსმენა და ანგარიშს უწევდა იმას, რასაც ისმენდა. ეს არ იყო ანგარიშის ჰუმანური გაწევა, არამედ საკმაოდ პრაგმატული, რომ გაითვალისწინო, ვინ რას ამბობს და მერე გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც ყველაზე ნაკლებ პრობლემებს შეგიქმნის.
– რასაც გეუბნებიან, გამოიყენო საშენოდ.
– თავისთავად. როგორც ჩემი ერთი მეგობარი ამბობს პროფესიული მსჯელობისას, ქართველს უჭირს სხვისი მდგომარეობისა და აზრისთვის ანგარიშის გაწევა. ზედმეტი ტერმინები რომ არ ვიხმარო, ვართ საკუთარი თავის განმტკიცებისა და განდიდებისკენ მიდრეკილი, რასაც სჩვევია სხვებისთვის ანგარიშის არგაწევა. მგონია, რომ ამ ტიპის ფორმულა ტრიალებს ჩვენში ზოგადად. ამას დაინახავთ ქუჩაში ავტომანქანების მოძრაობისას. ამას დაინახავთ რიგში, როდესაც თითოეული ცდილობს, გვერდი აუაროს სხვას და თავისი საქმე გააკეთოს ისე, რომ არ აინტერესებს, სხვები რას იფიქრებენ. ამის გამოხატულება ისიცაა, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი კრიმინალი გვყავს და ისინი არიან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. სწორედ კრიმინალია ის ტიპაჟი, რომელსაც არ აინტერესებს, რას იფიქრებენ მასზე, როდესაც ხელს ჩაუყოფს ადამიანს ჯიბეში. ასე რომ, თუ ამას ზოგად თვისებად განვიხილავთ, რომ ქართველს შეიძლება, არ აინტერესებდეს, რას იფიქრებენ მასზე სხვები, ბუნებრივია, როდესაც ასეთი პერსონა მოვა ხელისუფლებაში, ხომ არც ის დაინტერესდება, რას იფიქრებენ მასზე სხვები?!
– და ამიტომ ის სხვები, რომლებსაც ანგარიშს არ უწევდა, ანგარიშს გაუსწორებენ დევნით, როდესაც ხელისუფლებაში აღარ იქნება?
– ამიტომ ხელისუფალი დგამს ნაბიჯებს, რის გამოც ბევრი შურისმაძიებელი და მისადმი აგრესიულად განწყობილი ადამიანი უჩნდება. შევარდნაძემ ამდენ ხანს იმიტომ გაძლო ხელისუფლებაში, რომ ის არ იყო ტიპური ქართველი და მას აინტერესებდა, რას ფიქრობდნენ მასზე სხვები და ცდილობდა, ეს გაეთვალისწინებინა.
– ორი საკმაოდ ცნობილი პოეტი ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდა იმის გამო, რომ მან არ დააკმაყოფილა მათი ძალიან ყოფითი სურვილები. რომ არ მოემდურებინა, თან, ისინი განსაკუთრებულს არაფერს ითხოვდნენ, ორი მტრით ნაკლები ეყოლებოდა.
– ფაქტია, ზვიადი ადვილად იჩენდა მტრებს. თქვენ მიერ ჩამოთვლილთაგან ორს, ზვიად გამსახურდიასა და მიშა სააკაშვილს, არჩევის შემდეგ დახვდა მთელი საზოგადოების მზაობა, შენ თქვი და ჩვენ მოვდივართო. სწორედ ამ დამოკიდებულებამ შეიყვანა ისინი შეცდომაში. მათ ჩათვალეს, რომ ასეთი დამოკიდებულების ფონზე შეუძლიათ, აკეთონ ყველაფერი, რაც მოეხასიათებათ და ამ სავსებით წვრილმანი პრობლემებით მივიღეთ ის, რომ ქართული ინტელიგენცია, წითელი, ყვითელი თუ იისფერი, დასხდა ტელევიზიის კიბეებზე. შევარდნაძე კი ინტელიგენციას ეფერებოდა არა იმიტომ, რომ მათი მოფერება უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ მტერი არ გაეჩინა.
– თუმცა აღმოჩნდა, რომ, როგორც ამბობენ, გველი უბეში გაუზრდია, თან, არაერთი.
– ეს უკვე სხვა თემაა. რაც ნიშნავს იმას, რომ შევარდნაძემ ბევრი რამ ვერ გაითვალისწინა და მათ შორის, ქართული ხასიათი იმით გამოამჟღავნა, რომ არ გაითვალისწინა ხალხის განწყობა.
– არ ეყო მხოლოდ ელიტისთვის თავის მოქონვა.
– მას ორიენტაცია ჰქონდა ელიტაზე და ვერ გაითვალისწინა, რომ ელიტა არ არის საკმარისი.
– ალბათ, იმიტომ რომ, საბჭოთა რეალობაში ჩამოყალიბდა და ეს შეცდომა, ხალხისთვის ანგარიშის არგაწევა, მისი ბუნებრივი შეცდომა იყო.
– დიახ. გეთანხმებით, ეს იყო ტიპური საბჭოთა შეცდომა. მგონია, რომ სხვების აზრის გაუთვალისწინებლობაა ერთ-ერთი ის ძირითადი მიზეზი, რაც აშვებინებდა შეცდომებს ხელისუფლებაში მყოფებს. შევარდნაძის მაგალითი კი იმიტომ მოვიტანე, რომ ის სხვების აზრს რაღაც ხარისხით მაინც ითვალისწინებდა. სააკაშვილი ელიტას საერთოდ არ ითვალისწინებდა.
– მან უფრო დაავიწროვა წრე, გარემოცვამდე დაიყვანა.
– ესეც საკითხავია, უწევდა თუ არა ანგარიშს საკუთარ გარემოცვას. არ ვიცი, მოკლა თუ არა სააკაშვილის გარემოცვამ ჟვანია,  მაგრამ ვიცი ის, რაც ჟვანიასგან მომისმენია. იმ პერიოდში ჟვანიაც წასული იყო შევარდნაძის ოპოზიციაში და სააკაშვილიც და ერთ-ერთ ღონისძიებაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ მოვხვდით შამპანურის ბოკალებით ხელში. მე და ზურაბი დიდი ხანია, ვიცნობდით ერთმანეთს. რამაზ, რატომ გვაკრიტიკებო, მკითხა. შენ როდის გაკრიტიკებ, მე რადიკალიზმი არ მიყვარს და რადიკალებს ვაკრიტიკებ-მეთქი. ვისო, გაიღიმა. სააკაშვილს-მეთქი. მიპასუხა, სწორია, ხომ იცი, ეგ რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, დაინგრევა ქვეყანაო. ცოტა ხნის შემდეგ კი გამოაცხადა ალიანსი სააკაშვილთან. ამას იმისთვის არ ვყვები, რომ არასწორი დასკვნები გავაკეთოთ, პირიქით, კარგ პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს თავის ემოციებზე გადაბიჯება და იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც სწორად მიაჩნია.
– ჩვენს პოლიტიკოსებს აკლიათ მიზნის პრიორიტეტულობა, პირად ურთიერთობას გადააყოლებენ ხოლმე მთავარს.
– ზურას, სწორედ იმ მოტივით, რაზეც მე მელაპარაკა იმ მომენტში, მიაჩნდა, რომ სააკაშვილის მარტო გაშვება არ შეიძლებოდა და ეგონა, თვითონ შეძლებდა სააკაშვილის იმპულსების შეკავებას. ამის საშუალება რომ ჰქონოდა, იმიტომაც გამოაცხადა, ალიანსში ვართო, მაგრამ აქ იყო მეორე მხარე: ამან პრობლემა არ მოხსნა და როგორც კი ზურაბის ძალაუფლების ხარისხი გაუტოლდა სააკაშვილის ძალაუფლების ხარისხს, ეს ემოციები ამუშავდა.
– თუ დამოუკიდებლობის  პერიოდში პოლიტიკოსის, როგორც პოლიტიკური მოღვაწის, სანიმუშო ქცევა მახსენდება, თუმცა მე არ მაქვს სიმპათიები ზურაბ ჟვანიასადმი, როგორც პოლიტიკოსისადმი, ეს არის სწორედ ზურაბ ჟვანია. 2004 წელს, რაკი იყო დიდი ლიახვის ხეობის დაბომბვისა და, შესაბამისად, კონფლიქტის განახლების საფრთხე, ის ერედვის შემოვლითი გზით შევიდა თამარაშენში და იქ გაათია ღამე, თუმცა ეს უსაფრთხო არ იყო. განსაკუთრებით თვალშისაცემია ქცევა 2008 წლის გორის ცნობილი კადრების ფონზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდა პრეზიდენტი სააკაშვილი.
– იგივე შეიძლება, ითქვას, როდესაც ზურა 2004 წელს აჭარაში ხიდზე გადავიდა, არც იქ იყო უსაფრთხოება გარანტირებული.
– ის რისკავდა სიცოცხლეს.
– თან, ზურაბს ბევრი სხვა პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ჰქონდა გუნდის შეკვრის უნარი. რასაც დღესაც ვუყურებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე ინტელექტუალური ნაწილი არის ზურაბის მიერ შეკრული, ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე ნამუსიანი, მაგრამ ყველაზე ინტელექტუალური. და ამ ფონზე ზურაბი იყო ძალა. ძალას კი რა უნდა მოუხერხო?!
– უდავოდ იყო სააკაშვილის კონკურენტი ქცევის მოდელითაც კი: სააკაშვილის სავიზიტო ბარათის ანგარიშზე იყო, მაგალითად, შავ ზღვაში შევარდნა და წყლის სახეზე შესხმა, კონცერტზე მომღერლის ხელში ატაცება და ასე შემდეგ.
– ასე დავარქვათ, კონკურენტი ზოგადად კი არა, ძალაუფლებაში, როდესაც პრემიერის ძალაუფლება გაუტოლდა პრეზიდენტის ძალაუფლების ხარისხს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღესაც არ სჯერა ქართველ საზოგადოებას, რომ ზურაბ ჟვანია გაზით გაიგუდა. ამ ვერსიის მიმართ ეჭვი არა მარტო იმ დეტალებშია, რომლებიც არსებობს, არამედ ამ ზოგად პოლიტიკურ კონტექსტში, იმიტომ რომ, ჩვენს საზოგადოებას შესაძლოა, სრული სურათი არ ახსოვს, მაგრამ ისტორიის ფრაგმენტები აქვს მეხსიერებაში შემონახული. იციან, რომ, როდესაც რომელიმე თავადი თავს გაუტოლებდა მეფეს, მას მეფე მაშინვე თავის ადგილს მიუჩენდა ხოლმე. ეს ხდებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, არის ადამიანური და, მეორე მხრივ, პოლიტიკური მოვლენა.
– მაგრამ ხომ დაძლია ეს დასავლეთმა? თუმცა იქაცაა ყოფილების დევნის ფაქტები: სარკოზის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, ბერლუსკონი საერთოდაც გაასამართლეს.
– რამდენიც გინდათ, იმდენი მაგალითია ყოფილი პოლიტიკური ფიგურების დევნის და ამ მხრივ, ჩვენ არ ვართ ჩემპიონები, სხვებიც არიან. ოღონდ ჩვენს შემთხვევაში თვალშისაცემია ის, რომ სტატისტიკურად მეტისმეტია: სამი ყოფილი პრეზიდენტი გვყავს და სამივესთან ერთი და იგივე პრობლემები მეორდება. თორემ, სხვა მხრივ, გასაოცარი არაფერი იქნებოდა. რადგან ძალაუფლება ცუდი ხასიათის ქალია, რომელსაც უყვარს, რომ მის გამო ერთმანეთს ყელს უღადრავენ ადამიანები.

скачать dle 11.3