საიდან მიიღო ტარიელ ხეჩიკაშვილმა 2014 წელს ხუთ მილიონ ლარამდე ოფიციალური შემოსავალი
საქართველოს პორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი 1970 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინსტიტუტ „კაბადონში“ მიიღო (1997-2000 წლებში) და პროფესიით სამართალმცოდნეა. თუმცა მისი სამუშაო გამოცდილება 1995 წელს დაიწყო საშუალო განათლების ამარა, შპს „ტაროში“, რომლის დამფუძნებელი, პარტნიორი და დირექტორი იყო. 1999 წელს შპს „იბერმობილი“ დააფუძნა, რომლის, ასევე, პარტნიორი და დირექტორი იყო 2001 წლამდე. 2001 წელს „იბერია ბიზნესჯგუფი“ დააფუძნა და იმავე წლიდან, იმავდროულად, „იბერია ბიზნესჯგუფის“ საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და ქალაქ რუსთავის ავტობაზრის მფლობელია. ხოლო სულ ახლახან სპორტის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.
რადგან სულ ახალთახალი ჩინოვნიკია, ბ-ნი ხეჩიკაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაციაც 2015 წლით თარიღდება. ის ოჯახის წევრებად მიუთითებს 1971 წელს დაბადებულ მეუღლე ეკატერინე ინასარიძეს და შვილებს: 1996 წელს დაბადებულ თამარს, 1997 წელს დაბადებულ რუსუდანს, 2000 წელს დაბადებულ დავითს, 2004 წელს დაბადებულ გიორგის, 2005 წელს დაბადებულ ცოტნეს, 2010 წელს დაბადაბულ იოანესა და 2014-ში დაბადებულ მარიამს.
ამჟამად ბ-ნი ხეჩიკაშვილის საკუთრება მხოლოდ 18 კვ. მ. ფართობის ავტოფარეხია რობაქიძის ქუჩაზე, დანარჩენი უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელი მისი მეუღლეა. კერძოდ, ეკატერინე ინასარიძე ფლობს: ბინას თბილისში, შავი ზღვის ქუჩაზე (63კვ.მ.), საცხოვრებელ სახლს დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე (1 177კვ.მ.), მიწის ნაკვეთს საგურამოში (1 200კვ.მ.), მიწის ნაკვეთს დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე (1 000 კვ.მ.), ბინას რობაქიძის ქუჩაზე (142 კვ.მ.), საცხოვრებელ სახლს ფასანაურში (800 კვ.მ.) და 2011 წლის ავტომანქანა „ფოლკსვაგენ ტიგუანმას“. სამაგიეროდ, ბ-ნი ხეჩიკაშვილის საკუთრებაა ს/ს „ვივის“ 23 340 აქცია, თითოეულის ღირებულებაა 15,35 ლარი.
ტარიელ ხეჩიკაშვილი 19 შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს პარტნიორია. ისინი სხვადასხვა წელსაა დაფუძნებული უვადოდ და მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა, თუმცა, დეკლარაციის თანახმად, გასულ, ანუ 2014 წელს შემოსავალი სპორტის მინისტრმა მხოლოდ 2007 წელს დაფუძნებული შპს „კია მოტორს ჯორჯიიდან“ მიიღო – 4 მილიონ 238 ათას 947 ლარი. ამას გარდა, 2014 წელს ბ-ნ ხეჩიკაშვილს სხვა შემოსავალიც ჰქონდა: კერძოდ, როგორც „იბერია ბიზნესჯგუფის” პრეზიდენტმა, 405 011 ლარი მიიღო.
მისი მეუღლე ეკატერინე ინასარიძე 13 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორია, თუმცა, თუ დეკლარაციას ვერწმუნებით, შემოსავალი არც ერთი შპს-დან არ მიუღია. თუმცა, როგორც შპს „ავტოლიზინგ კომპანის“ ბიზნესკონსულტანტმა, 2014 წლის განმავლობაში 10 000 ლარი აიღო.
გასულ წელს ტარიელ ხეჩიკაშვილს კაპიტალის გაზრდა ავტოსერვის „კავკასიაში” 878 000 ლარი დაუჯდა. თუმცა 2014-ში სხვა გასავლებიც ჰქონდა. კერძოდ: 2009 წელს მან შპს „სენა ავტოსგან“ 150 000 ლარი ისესხა და 2014-ში სრულად ჩაასესხა. 2013-ში კვლავ ისესხა 150 000 ლარი იმავე შპს-გან (უვადოდ) და 2014-ში 44 961 ლარი დააბრუნა. ასევე, „საქართველოს ბანკიდან“ აიღო 513 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი (2023 წლამდე), რომლის მომსახურებაც 2014-ში 74 610 აშშ დოლარი დაუჯდა. „საქართველოს ბანკიდან“ დამატებით 643 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხიც აქვს აღებული, რომლის მომსახურებაში 2014-ში 520 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
ამას გარდა, ბ-ნ ხეჩიკაშვილს შპს „იბერია ინვესტისგან“ ნასესხები აქვს 250 250 ლარი, შპს „ავტოსტილისგან“ – 600 000 ლარი. შპს „იბერმობილისგან“ – 450 000 ლარი.
2014-ში ეკატერინე ინასარიძემ 70 500 აშშ დოლარად უძრავი ქონება შეიძინა და თანხის ნაწილი – 55 500 აშშ დოლარი, იმავე წელს დაფარა.
2014 წლის განმავლობაში ცოლ-ქმარს სხვადასხვა შპს-ს წილის ნასყიდობა, საერთო ჯამში, მილიონ-ნახევარი ლარი დაუჯდა.