„ღვინოს დავლევ, წყალს არა“
ამ ჩვენს ოკუპანტ რფ-ში შეუზღუდავად ამ ეტაპზე იმპორტული მხოლოდ ალკოჰოლური სასმელი შეედინება, თუმცა საზოგადო მოღვაწეთ უკვე მოუთხოვიათ სპირტიანი სასმელების გაყიდვის დროის შეზღუდვა. სხვათა შორის, მეტად კეთილშობილური მიზნით – ნაციის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა.
ამგვარი წინადადებით უკვე მიუმართავს შესაბამისი უწყებისთვის რფ-ის მოქალაქეთა ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და თამბაქოდამოკიდებულებისგან დაცვის საკოორდინაციო საბჭოს თავკაც ვინმე სულთან ხამზაევს.
კერძოდ, იგი, კეთილშობილი, ითხოვს, რომ სრულიად რფ-ის ტერიტორიაზე საღამოს ექვისდან დილის 9 საათამდე ალკოჰოლის გაყიდვა შეწყდეს! მისი მტკიცებით, ამგვარი აკრძალვა უკვე მოქმედებს ფედერაციის რიგ სუბიექტებში, რის წყალობითაც შემცირებულა ყოფითი თუ სხვა ტიპის დანაშაულის მთვრალ მდგომარეობაში ჩადენის ფაქტები (ბუნებრივია, დანაშაულს ფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდენენ) და თვით სიკვდილიანობის დონეც კიო.
თუმცა მოსაზრებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, შემდეგი მოტივით: დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე მაღაზიებში მხოლოდ დიასახლისები დადიან და გამოდის, რომ ადამიანებს მოუწევს სამსახურებიდან მცირე ხნით დათხოვნა, რომ ალკოჰოლი შეიძინონო. მაგრამ, რაც მთავარია, რფ-ის ნომერ პირველი ფსიქიატრი დარწმუნებულია, რომ შეზღუდვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რუსეთის მოქალაქეთა ჯანმრთელობასო. ამის გათვალისწინებით კი, ჩნდება ეჭვი: ესე იგი, შეურაცხად მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილებები გასაუქმებელია?! –