ფერფლიდან აღმდგარი
„ქვეყანავ, მშიერ მონების…“
რაკი ჩვენს მეზობელ რფ-ში იმპორტულ საქონელთან მიმართებაში ისეთივე დამოკიდებულებაა, აი, როგორიც საბჭოთა პერიოდში მძვინვარებდა, სავსებით ბუნებრივია, სხვა საბჭოურმაც გაიღვიძა, სახელდობრ, ვლადივოსტოკის 51 წლის მკვიდრს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიუმართავს და მოუხსენებია, რომ მისი მეზობლები რუსეთის ფედერაციაში აკრძალულ იმპორტულ პროდუქციას იყენებენ.
განცხადებაში დაკონკრეტებული ყოფილა, რომ ერთ-ერთი მეზობელი ქალბატონი პოლონეთიდან შემოტანილ ბატებს მიირთმევს, ხოლო დანარჩენები ეწევიან თამბაქოს, რომელიც, დიდი ალბათობით, ჰოლანდიიდანაა წარმოშობით.
ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, რით დასრულდება ვლადივოსტოკური გამოძიება, იმიტომ რომ, შესაძლოა, განმცხადებლის მეზობელმა ქალმა ამასობაში ყველა ბატი მიირთვა, დანარჩენებმა კი უკანასკნელ ღერამდე გაიპეს ფილტვები იმპორტირებული თამბაქოთი, მაგრამ, სამაგიეროდ, ვიცით, რომ სრულიად რუსეთის სავაჭრო ქსელიდან უნდა ამოიღონ იმპორტული სარეცხი საშუალებები ფრიად პოპულარული მარკებისა.
უნდა ამოიღონ, ვინაიდან „როსპოტრებნადზორს“ დაუდგენია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს. სახელდობრ, შავ სიაში მოხვდა: „ჰენკელ რუსი“, „პროქტერ ენდ გემბელი“, „ვერნერი“, „ქოლგეითი-პალმოლივი“ და ასე შემდეგ.
მეტიც, ვარაუდობენ, რომ სია კიდევ უფრო გაიზრდება, რამეთუ ზემოხსენებული უწყების წარმომადგენლის განმარტებით: „საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების შესწავლის პროცესი გრძელდება“.
ჯერჯერობით რუსი მოსახლეობის უმეტესობის რეაქცია ასეთია (ან კი როგორ იქნება სხვანაირი, როდესაც 86 პროცენტი მხარს უჭერს პრ. პუტინსი კურსს?!): მხარი დავუჭიროთ ეკოლოგიურად სუფთა რუსულ პროდუქციას.
რთული სათქმელია, ეყოფა თუ არა რუსული სამამულო წარმოება რუსული ჭუჭყის განბანას, თუმცა იგრძნობა, რომ სსრკ ფენიქსივით აპირებს ფერფლიდან აღდგენას. –