უფრო მეტი ერთმანეთში
„ჩემი გული შენი გული „ნატოთია“ გადაბმული“
გასულ კვირას „ნატოს“ გენმდივანი იენს სტოლტენბერგი გვეწვია (ან კი როგორ არ გვეწვეოდა, როდესაც „ნატოს“ სასწავლო ცენტრი გაიხსნა?!). მეტიც, გაგვიღიმა, დაგვაიმედა, შეგვაქო, შეგვაგულიანა და ჩვენს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა.
ბრიფინგზე კი მოგვახსენა შემდეგი (მომყავს ციტატა): „ნატოს“ წევრი ქვეყნები თავდაცვის მინისტრების დონეზე ძალიან აქტიურად მუშაობენ თქვენი ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების დასახმარებლად“.
არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ საქართველო „ნატოს“ არაწევრ ქვეყნებს შორის პირველი კონტრიბუტორია, ანუ ავღანეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინგენტი ჰყავს (რაც იმასაც ნიშნავს, რომ ცივილიზაცია ვითარდება, მაგრამ ჩვენ კვლავ საუკუნეებით ნაცადი მეთოდით, სხვის ომებში ბრძოლით, მივიკვლევთ გზას, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ამას ხეირი არაერთხელ მოუტანია, იმედიც ვიქონიოთ, რომ ახლაც მოგვიტანს).
მეორე მხრივ, საპირფეროც არაფერი ჰქონდა, ოღონდ ეს მეტისმეტი ქებაც შესაძლოა, იმის გასანეიტრალებლადაც ყოფილიყო გამიზნული, რომ „მაფს“ ისევ მხოლოდ შორიდან დაგვანახვებენ, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, რაკი ბ-ნმა სტოლტენბერგმა შენიშნა: „ჩვენ ახლა უფრო მეტად ვხედავთ საქართველოს „ნატოში“ და „ნატოს“ – საქართველოში“, ეს თითქმის იმას ნიშნავს, რომ, თუ შესაბამის ორგანოში ოფიციალურად ვერ გავაფორმეთ კავშირი, მარადიული სიყვარულის ფიცი მაინც მივეცით ერთურთს, პათოსით: „ჩემი გული შენი გული „ნატოთია“ გადაბმული“.