რას უმალავდა ლიკა ლაბაძე დედას და რომელი ნაბიჯის გადადგმას ვერ აპატიებდა ის საკუთარ თავს
ლიკა ლაბაძე უკვე ერთი წელია, რაც ამერიკაში სასწავლებლად გაემგზავრა. ცნობილი ტელეწამყვანი ოკეანის მიღმა, არა მხოლოდ საოცნებო პროფესიას დაეუფლა, არამედ იქ ნამდვილი სიყვარულიც იპოვა. უკვე, ერთი წელია, რაც ლიკა იტალიელ მსახიობსა და მოდელზე, ჯუზეპეზეა შეყვარებული. ცოტა ხნის წინ ნიშნობაც ჰქონდათ. უახლოეს მომავალში ქორწილის გადახდასაც გეგმავენ, თუმცა ამ თემაზე ჯერ საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ.
ლიკა ლაბაძე: სულ მინდოდა, უცხოეთში სამსახიობოზე მესწავლა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდა სასწავლებლის არჩევა. ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ვეძებდი უნივერსიტეტს, სადაც შევძლებდი ამ პროფესიის დაუფლებას. სამი უნივერსიტეტი მქონდა არჩეული და სამივეში ჩავირიცხე. თუმცა, საბოლოოდ, არჩევანი ნიუ-იორკზე გავაკეთე. თითოეულიდან, მოთხოვნა იყო, რომ ინგლისურ ენაზე მეთამაშა დრამა და კომედია, ჩამეწერა და მათთვის გადამეგზავნა. ინტერნეტიდან ყველა მონოლოგი გადმოვწერე, რაც ინგლისურ ენაზე არსებობდა, ჩავწერე და გავაგზავნე. ასე მოვხვდი ნიუ-იორკის დრამატული ხელოვნების კინოსა და ტელევიზიის კონსერვატორიაში. თავიდან იყო ბევრი პრობლემა ჩემს გამგზავრებასთან დაკავშირებით, მათ შორის ფინანსურიც. შარშან დავიწყე სწავლდა და წელს პირველი კურსი წარმატებით დავხურე. ვიდრე წავიდოდი, ყველაფერს ჩუმად ვაკეთებდი, არავინ არაფერი იცოდა ჩემი სურვილის შესახებ, დედაჩემმაც კი.
– დედას როდის უთხარი და რა რეაქცია ჰქონდა, როცა შენი გამგზავრების შესახებ შეიტყო?
– ყველაფერი რომ მოგვარდა და ზუსტად ვიცოდი ჩემი სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ, მაშინ ვუთხარი. თავიდან, რა თქმა უნდა, არ უნდოდა, რომ წავსულიყავი. მაგრამ, ავუხსენი, რომ ეს იყო ჩემი არჩევანი, ამ ნაბიჯს თუ არ გადავდგამდი, ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს. ამიტომ, დამთანხმდა. რაღაცეებს რომ ვაკეთებდი, ისედაც ხვდებოდა, მაგრამ პირდაპირ არ ვამბობდი, ამერიკაში ვაპირებ წასვლას-მეთქი. საერთოდ, არ მიყვარს წინასწარ ლაპარაკი, ამიტომ სასწავლებელში ჩარიცხვის მომენტამდე, ამ თემაზე საუბარს თავს ვარიდებდი. მსახიობობა ყოველთვის მინდოდა და არ შემეძლო, ისე წამეყვანა ჩემი ცხოვრება, ერთხელ მაინც არ მეცადა.
– ჯუზეპეს როდის შეხვდი და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ჯუზეპემაც ზუსტად იმ დროს გადადგა ეს ნაბიჯი, როდესაც მე. სასწავლებელში ჩავაბარეთ ერთად და ერთ ჯგუფში მოვხვდით. მასაც უნდოდა, უფრო მეტად გაზრდილიყო საკუთარ პროფესიაში და ამერიკის შეერთებული შტატების კინოინდუსტრიაში ეცადა ბედი. ისე, მსახიობი და მოდელია. ერთი წლის წინ გავიცანი როგორც ჯგუფელი და დავმეგობრდით. თუმცა, საბოლოოდ, ბევრად მეტი აღმოვჩნდით ერთმანეთისთვის. სადღაც, 4-5 თვეში მივხვდით, რომ ჩვენ შორის მეგობრობაზე მეტი იყო.
– ჯუზეპე, თავიდანვე მოგეწონა ლიკა, თუ უბრალოდ, ურთიერთობას მოჰყვა გრძნობა?
ჯუზეპე: დანახვისთანავე მივხვდი, რომ სხვა რამეში იყო საქმე. დანახვის პირველივე წუთიდან შემიყვარდა. ისეთი კავშირი იყო ჩვენ შორის, გვაიძულებდა, დაახლოებას, მსგავსი რამ არასოდეს მიგრძნია. როცა ლიკას შევხედე, ეს იყო რაღაც ბავშვური, წრფელი სიყვარული, ზუსტად ისეთი, გული რომ სწრაფად გიცემს და საკუთარ თავს ეკითხები: რა მჭირს?! სწორედ ის პირველი წუთებია ჩემში დაუვიწყარი. შემდეგ, დავახლოვდით. ახლოს გავიცანით ერთმანეთი და დღითი დღე იზრდება გრძნობა, რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრს ვმუშაობდი და რაღაც ყოველთვის აკლდა ჩემს ცხოვრებას, ეს დანაკლისი კი ლიკამ შეავსო. მის გარეშე ცხვრება არ შემიძლია.
– დღეს რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?
ლიკა: დანიშნული ვარ. ქორწილსაც გადავიხდით, მაგრამ ჯერ ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ. ერთმანეთში კი განვიხილავთ შესაძლო ვარიანტებს, მაგრამ საჯაროდ არ ვაპირებთ თქმას. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, საქმე ლაპარაკის ნაცვლად (იცინის).
– ლიკა, ამერიკაში სიყვარულს თუ იპოვიდი, იფიქრებდი? სულ სხვა შემართებით გაემგზავრე უცხეოთში...
– საერთოდ არ ველოდი. მართალია, სულ სხვა გეგმები მქონდა. უფრო კარიერისთვის მინდოდა მიმეხედა და პირადზე არც კი ვფიქრობდი. თუმცა, ღმერთმა გამომიგზავნა ეს ადამიანი და ბედმა ერთმანეთს შეგვახვედრა. აქამდე, რაც კი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი საბავშვო ბაღი მგონია (იცინის). თავიდან დავიბადე ჯუზეპესთან ერთად. ჩემთვის მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე სიურპრიზია.
– ხასიათებით როგორ ეწყობით? არ კამათობთ ხოლმე?
ჯუზეპე: არის საკითხები, რომლებშიც საწინააღმდეგო აზრი გვაქვს, თუმცა ამით ვაბალანსებთ ერთმანეთს. ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ლიკა არის ჩემი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი – ანუ, მე რომ ქალი ვყოფილიყავი, ვიაზროვნებდი ზუსტად ისე, როგორც ლიკა. იმდენად ერთნაირები ვართ, რომ ერთნაირი აზრები მოგვდის თავში და ერთმანეთს ვასწრებთ თქმას. ჩვენში ურთიერთგაგება ძალიან მაღალ დონეზეა. როგორც ყველა წყვილი, ჩვენც ვკამათობთ, თუმცა უმნიშვნელოდ. ნებისმიერ ურთიერთობაშია საჭირო კამათი. პატივს ვცემ მის ყოველ აზრს, თუნდაც არ მომწონდეს და არ ვეთანხმებოდე. რაც მთავარია, არ ვთამაშობთ ერთმანეთთან. ლიკასთან ურთიერთობა როგორია იცით? – სულ სიახლეებით სავსე. მასთან ხან პატარა ბავშვი ვარ, ხან – მოხუცი, გიჟი, ცუდი ბიჭიც კი... როცა ლიკას ვკითხე, იქნებოდა თუ არა ჩემთან ერთად, იმ დღიდან მინდოდა მასთან ოჯახი შემექმნა.
– ნიშნობის ცერემონიალი როგორი გქონდათ?
– ყველაფერი სადა იყო, ყველაზე განსაკუთრებული დღე ჩვენთვის. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და მხოლოდ ჩვენ ვიცით, რაც იმ დღეს მოხდა.
– ლიკა, იტალიელი სიძე დედამ როგორ მიიღო?
ლიკა: დედამ იცოდა ჯუზეპეს შესახებ, სულ ვუყვებოდი მასზე როგორც მეგობარზე. როცა ნიუ-იორკში ჩემთან აპირებდა ჩამოსვლას, მაშინ ვუთხარი, რომ ჩვენ შორის უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. ჩამოვიდა და გავაცანი. იმ დღესვე კარგი შთაბეჭდილება დარჩა. შეიძლება ითქვას, ამოისუნთქა კიდეც, ვინაიდან ის ადამიანი დაინახა ჩემ გვერდით, ვინც ყოველთვის უნდოდა, ყოფილიყო. ძალიან კარგი მეგობრები არიან. თბილისში რომ ვიყავით ჩამოსულები, რაღაც საქმეებზე გავდიოდი ხოლმე და ჯუზეპე მირეკავდა: შეგიძლია, არ მოხვიდე მე და ნანა ძალიან კარგად ვართო (იცინის).
– ჯუზეპე, საქართველო როგორ მოგწონს?
ჯუზეპე: ძალიან მომწონს, თბილისი განსაკუთრებით. თბილი ხალხი ცხოვრობს, საინტერესო ისტორია გაქვთ. იმდენად მომწონს თბილისი, არ ვიღლები ქუჩებში სიარულით და მისი სიძველეების დათვალიერებით. ვსწავლობ ქართულს, კარგი პორფესორი მყავს ლიკას სახით (იცინის). მომწონს თქვენი დამწერლობა. პატივს ვცემ იმ ქვეყანას, რომლის გოგოც მიყვარს და აუციელბლად შევისწავლი ქართულს.
ლიკა: ჯუზეპემ საერთოდ არ იცოდა საქართველოს შესახებ. სამწუხაროდ, გვგონია, რომ ძალიან მაგრები ვართ და ყველამ იცის ჩვენს შესახებ, მაგრამ ასე არაა. ჯუზეპემ ჩემგან გაიგო საქართველოს არსებობა და ძალიან დაინტერესდა. მაშინვე მოიძია ინფორმაცია და გეოგრაფიული მდებარეობით დაწყებული, პოლიტიკური სიტუაციით დამთავრებული ყველაფერი შეისწავლა (იცინის). საქართველოში რომ მოვდიოდით, დარდობდა, ვერ ვისწავლე ქართული ენა, როგორც მინდოდაო. მაგრამ, წიგნები შევიძინეთ და სამომავლოდ რომ ჩამოვალთ, უკვე ეცოდინება.