როგორ შეძლო საკუთარი ბედისწერის შეცვლა ნუცა შანშიაშვილმა და როგორ გახდა ის „ახალი ხმის“ მენტორი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, მსახიობმა, სიმღერების ავტორმა და მხატვარმა ნუცა შანშიაშვილმა ზაფხული ნიუ-იორკის ფეშენ-კურორტზე გაატარა და გემრიელი დასვენების შემდეგ შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა შინ.
ნუცა შანშიაშვილი: მთელი წლის განმავლობაში სულ ვშრომობ, გადარბენებზე ვარ და საათობით მიწევს მომავალ გეგმებზე ფიქრი. ამიტომ, ვცდილობ, როგორც კი ზაფხული დადგება, ჩემს პატარა ოჯახთან ერთად სრულფასოვნად დავისვენო მთაში, სადაც სიმშვიდე, სიწყნარე, ბევრი ჟანგბადი და სიმწვანეა. თან, რაც დედა გავხდი, ვცდილობ, შვილი ისეთ ადგილას დავასვენო, სადაც მისთვის ჯანსაღი გარემოა. ადრე, სანამ ნიკოლა გაჩნდებოდა, მე და ჩემი მეუღლე ვცდილობდით, იახტებით გვევლო ზღვის ტალღებზე, აქტიური დასვენების დღეები მოგვეწყო. მზის სხივების ფონზე, თავისი კოქტეილებით, გარუჯვითა და მუსიკის მოსმენით. ეს სამი წელი კი ნამდვილ სამოთხეში ვისვენებთ – მთაში, მილიონერების აგარაკზე, სადაც ტყე, ცხოველები, კომფორტი და სრული იდილიაა იმისთვის, რომ განიტვირთო და მთელი წლის ენერგიის მარაგი დააგროვო.
– ამ ზაფხულს სად დაისვენეთ ოჯახით?
– ამ ზაფხულს ულამაზეს ადგილას დავისვენეთ – ნიუ-იორკის ყველაზე მაღალ მთაზე, ულამაზეს კურორტზე. მართალია, ძვირი დაჯდა, მაგრამ, ასეთ სიმაღლეზე რომ აგიშენებენ პარიზის დონის ფეშენ-ვილას, თანხაც არ უნდა დაგენანოს და უნდა გადაიხადო. მე ძალიან მიყვარს სიცხე და ზღვა, ამიტომ, ფლორიდაში დავისნებდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ, ბავშვს მთის ჰაერი სჭირდება და ალბათ, ყველა დედა ასე მოიქცეოდა. წელიწადში ერთხელ ხომ მაქვს უფლება, ძვირად ღირებული კურორტით გავინებივრო თავი? (იცინის) სხვათა შორის, წელს მოვინახულე „ბეთელ ვუდის” არტ-ცენტრი, სადაც ტარდება ყველა მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტები, მაგალითად, აქ გამოდიოდნენ ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი და ასე შემდეგ, გახსნილია მუზეუმი – მოკლედ, უნიკალური ადგილია და, ალბათ, ყველა მუსიკოსი და მომღერალი ოცნებობს იქ მოხვედრაზე. ნიკოლამაც ძალიან დიდი მონდომებით დაათვალიერა მუზეუმი, მოილხინა და გაერთო. მინდა ამ დიდებული ეპოქის მომღერლების შესახებ ჩემმა შვილმაც ბევრი იცოდეს. დედაჩემიც ჩემ გვერდით იყო, მეუღლეც, ასე რომ, მშვიდ და ულამაზეს გარემოში, საყვარელი ადამიანების გვერდით მომიწია დასვენება ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილას.
– ნუცა, ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ცხოვრებაში ნამდვილად გაგიმართლა – გაქვს ულამაზესი ოჯახი, შენი საყვარელი საქმე, ხალხის სიყვარული და ასე შემდეგ... ეს უბრალოდ, ბედისწერა და იღბალია თუ შენი დიდი შრომისა და მონდომების შედეგი?
– რა თქმა უნდა, მჯერა ბედისწერის. თუ მორწმუნე ხარ, შინაგანად გრძნობ უფლის ძალას, შენს მეობას და ერთობას ამ დიდებულ ღვთაებრივ ენერგიასთან, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ისე შეცვლი ცხოვრებაში, როგორც გსურს. მაგრამ, არა ეგოისტურ ფორმაციაში, არამედ, ალტრუიზმში, ანუ გაცემის ენერგიაში. როცა მართალი ხარ, ღმერთი გეხმარება და შეგიძლია ცხოვრება დადებითად შეცვალო. თუმცა, მე არც შრომა მეზარება და, ალბათ, მეტად მიმართლებს კიდეც.
– როგორც მივხვდი, მიგაჩნია, რომ ადამიანს ბედისწრის შეცვლა შინაგანი სიკეთით შეუძლია?
– რასაკვირველია, ასეა. მე ვგრძნობ ღმერთის ძალას და უზენაესის დახმარებით ბევრი რამე შემიცვლია ცხოვრებაში. რამდენი ადამიანიც არსებობს დედამიწაზე, იმდენი განსხვავებული ხედვა და ბედია. ამას წინათ დედამთილმა მკითხა: ეს ბორდოსფერიაო? ვუპასუხე, არა ვარდისფერი-მეთქი. ისევ მკითხა: თუ, ბორდოსფერიო? მე ვუპასუხე: შენ ხედავ როგორც ბორდოსფერს, მე კი როგორც ვარდისფერს და ამაზე არ ვიკამათოთ-მეთქი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ საღად უნდა შეხედო მოვლენებს. ზოგს შეიძლება თავს დაატყდეს დიდი ტრაგედია, უბედურება, ზოგს კი ამან გვერდით ჩაუაროს. მთავარია, პრობლემებზე გამარჯვება ვისწავლოთ და ასე ყოველგვარ ცუდს ავარიდებთ თავს.
– ყველაზე მეტად რა გტკენს გულს?
– უმადურობას, ხამობასა და დაუნახაობას ვერ ვიტან, თუმცა, ამასაც გადავაბიჯე და შევეგუე, აღარ ვაქცევ ასეთ ხალხს ყურადღებას და ესეც ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ვისწავლე. არ იფიქროთ, რომ მე ყველანაირად დადებითი ადამიანი მგონია თავი. რასაკვირველია, მინუსებიც მაქვს. ხშირად დეჟავუც მემართება, მაგალითად, შეიძლება, ისეთმა ნიავმა დაუბეროს და ისეთი არომატი ვიგრძნო, გამახსენდეს, რომ ეს ოდესღაც მიგრძნია, თუმცა, არა ამ ცხოვრებაში. ხშირად ხდება მსგავსი დამთხვევები და ვამბობ ხოლმე, ალბათ, ეს წინა ცხოვრებაში ვნახე-მეთქი (იცინის). ერთმა ბრძენმა თქვა: ადამიანს ტვინი რომ გაუხსნა და მის წარსულ ცხოვრებაზე გადაახედო, თვითმკველობამდე მივაო. მე რეალისტი ვარ და მინდა ყველაფერი თავად ვიგრძნო, აღვიქვა და გავიგო, თუმცა, ხშირად ვგრძნობ, რომ ისეთი ფაქტი ხდება ჩემს თავს, რომელიც უკვე იყო და წინა ცხოვრებიდან მომყვება – აშკარად სხვა ცხოვრებიდან მომდევს ეს რეალობა.
– დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილხარ, ახლა კი, როგორც გავიგე, მოწვეული ხარ მენტორად, მეგაპროექტ „ახალ ხმაში“, რომელიც იმედის ეთერში, სულ მალე დაიწყება...
– დიახ, მეგაპროექტ „ახალი ხმის“ მორიგი სეზონი იწყება და მომიწვიეს მენტორად. რომ დამირეკეს და მითხრეს, ძალიან გამიხარდა, რადგან დიდი ხანია ჩემს სამშობლოში არ ვყოფილვარ და ახლა მეძლევა შანსი, საქმიანი ვიზიტით ვესტუმრო თბილისს. თან ჩემს შვილს, ნიკოლას, პირველად ჩამოვიყვან. მე, ჩემს გამოცდილებას და ნიჭს აუცილებლად გავუზიარებ ამ პროექტის მონაწილეებს და ვეცდები, კარგი მენტორი ვიყო. სექტემბრის დასაწყისში თბილისში ჩამოვდივარ და იმედია, ეს ჩამოსვლა, ამ პროექტის წყალობით, ჩემთვის დაუვიწყარი გახდება.