რა გავლენას ახდენს საკვები სექსუალურ ლტოლვაზე და რატომ აქვეითებს „მენეჯერის სინდრომი” სექსუალურ აქტივობას
ზაფხულის პერიოდი, რელაქსაცია და განწყობა, რომ დაისვენო რთული სამუშაო წლის შემდეგ, ძალიან ხშირად შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისა და საკურორტო რომანების „წყარო” ხდება, რასაც როგორც სპეციალისტები ამბობენ, შესაძლოა, საკმაოდ სავალალო შედეგები მოჰყვეს. რა რისკთან არის დაკავშირებული შემთხვევითი სქესობრივი კავშირები, როგორ შევინარჩუნოთ დიდხანს ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება და როგორია მისი „ქართული სტანდარტი,” ამის შესახებ მედიცინის დოქტორს, რეპროდუქციული კლინიკა „უნივერსის” დირექტორის მოადგილეს, ექიმ-სექსოლოგს, ლევან კობალაძეს გავესაუბრეთ.
ლევან კობალაძე: ზაფხული, დასვენება, წყალი, მგზავრობა როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის, საკმაოდ ბევრ საფრთხესთან შესაძლოა, იყოს დაკავშირებული, რაც იწვევს შარდ-სასქესო ორგანოებთან დაკავშირებული დაავადებების გამწვავებას. პროსტატიტი, საკვერცხეების გაციება, ანთებითი პროცესები, ვირუსული, ქრონიკულად ჩაბუდებული ინფექციების გააქტიურება – ეს ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ზაფხულში ტანზე შემშრალმა საცურაო კოსტიუმმა უფრო მეტი პრობლემა შეიძლება შეგიქმნათ, ვიდრე ზამთრის სიცივემ. შარდსასქესო დაავადებების გამწვავება, თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს სექსუალურ ფუნქციებზე, რაც ხელს უშლის სქესობრივ ცხოვრებას. ზაფხულში, ძალიან ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე ხშირია შემთხვევითი სქესობრივი კავშირები, საკურორტო რომანები, რაც დიდი რისკია, თუ ეს ურთიერთობა არ არის „დაცული”. როდესაც არ იცი, რა დაავადება აქვს შემთხვევით პარტნიორს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების საფრთხე გარდაუვალია. ეს დაავადებები ერთი შეხედვით ხომ არ ჩანს – პარტნიორი შეიძლება, იყოს ძალიან სუფთა ინტელიგენტური შესახედაობით, მაგრამ ამასთან ერთად, ჰქონდეს დაავადებების მთელი ბუკეტი. მე ვურჩევ ყველას, თუ სურს თავიდან აირიდონ გართულებები გაითვალიწინონ მარტივი რეკომენდაციები – გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე, თავი აარიდონ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს და დაუცველ სექსს, მეტად იზრუნონ პირად ჰიგიენაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
– ზაფხულში შემთხვევითი კავშირებისთვის ბევრი მაპროვოცირებელი ფაქტორია. როგორ მოქმედებს ქალისა და მამაკაცის „ანატომიაზე“?
– სქესობრივი აქტიურობა განპირობებულია სასქესო ჰორმონებით. სქესობრივი ლტოლვის, ლიბიდოს განმსაზღვრელი, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში არის მამაკაცის ჰორმონი – ტესტოსტერონი. მისი გამოყოფა ხშირ შემთხვევაში, დამოკიდებულია როგორც გარემოს, კვებასა და კიდევ მრავალ ფაქტორთან, ასევე განსაზღვრავს მას სეზონურობაც. როდესაც მზის ექსპოზიცია მაღალია, ეს ხელს უწყობს ჰორმონების მოჭარბებას, რაც ზამთრის პერიოდში მეტად დათრგუნულია. ზაფხულში მეტია გამაღიზიანებელი ეფექტები – რელაქსაციისა და დასვენების განწყობა, ვიზუალური ეფექტები, შიშველი სხეულის სიმრავლე უბიძგებს გააქტიურებულ სექსუალურ ლტოლვას, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებშიც.
– კვება ახსენეთ, კვებაც მნიშვნელოვანია სექსუალური აქტივობისთვის?
– რასაკვირველია, ჰორმონების გამოყოფის პროვოცირებას გარკვეული ხელშეწყობა სჭირდება. ზაფხულში საკვები უფრო მრავალფეროვანია, სხვადასხვა ტიპის ბოსტნეული, რაც ხდება სექსუალური ლტოლვის მასტიმულირებელი. მაგალითისთვის ავიღოთ წიწაკა, რომელიც არის ბუნებრივი აფროდიზიაკა. ამას გარდა არსებობს ბუნებრივი სხვადასხვა აფროდიზიაკა, რაც ასტიმულირებს სექსუალურ ლტოლვას. აფროდიზიაკებს მიეკუთვნება ჟენშენი, სხვადსახვა სანელებელი. სექსუალური ლტოლივის გაძლიერებას ხელს უწყობს კოფეინი, გარკვეულწილად ალკოჰოლი. აქვე მინდა ავღნიშნო სუნის მაპროვოცირებელი ფაქტორი. არსებობს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ეგრეთ წოდებული ფერომონები, რომელიც გამოიყოფა ოფლთან ერთად. ოფლის სუნი მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, მაგრამ ფერომონები დიდ სექსუალურ ლტოლვას იწვევს. კაზანოვას ტიპის ცნობილი მექალთანეები თან ატარებდნენ ოფლით გაჯერებულ ცხვირსახოცებს, რომლითაც ქალებში ლტოლვას იწვევდნენ. უკვე არსებობს სუნამოები, რომელშიც შეჰყავთ ფერომონები, რაც განსაზღვრავს ლტოლვას. ზაფხულში, როცა მაღალი ტემპერატურაა, ოფლის გამოყოფა მთელ სხეულზე ხდება. ოფლთან ერთად სხეულიდან გამოსული ფერომონები განსაზღვრავს მომატებულ ლტოლვას.
– რა ხდება ყველაზე ხშირად სექსუალური ცხოვრების დარღვევების მიზეზი?
– სექსუალური ცხოვრების დარღვევები ჩვენი მოსახლეობის 70 პროცენტს აქვს – დაწყებული ლტოლვის დაქვეითებიდან ორგაზმის დარღვევებით დამთავრებული. ამას კი მამაკაცების შემთხვევაში უფრო აქცევენ ყურადღებას, ქალებში – ნაკლებად. ქალების უმეტესობას ორგაზმი არ აქვს, თუმცა ისინი ამას პრობლემად არ მიიჩნევენ. მამაკაცებში ასევე ხშირია ერექციული დისფუნქციები. საყურადღებოა ის, რომ ჩვენთან სექსუალური ცხოვრების დარღვევების 90 პროცენტზე მეტი გამოწვეულია არა ორგანული დაავადებებით, არამედ სექსუალური ცხოვრების შესახებ არაინფორმირებულობით, რაც ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს. ეს კი ხდება სექსუალური ცხოვრების დარღვევების მიზეზი.
– იმ 70 პროცენტში, რომელსაც სექსუალური ცხოვრების დარღვევები აქვს, როგორია ასაკობრივი სეგმენტი?
– ეს მაჩვენებელი შეიძლება უფრო მაღალიც კი იყოს. ცხადია, ასაკთან ერთად იკლებს სექსუალური აქტივობა, ქვეითდება სასქესო ჰორმონების დოზირება. არ არსებობს კონკრეტული და განსაზღვრული ასაკი, შესაძლოა ადამაინი იყოს 70 წლის და აბსოლუტურად ნორმალური, ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება ჰქონდეს. ამ დროს კი შესაძლოა, 18-19 წლის ახალგაზრდას ჰქონდეს არანორმალური სქესობრივი აქტივობა. უცხოეთში ერექციული დისფუნქციები 60-70 პროცენტში ორგანული დაზიანებებით არის განპირობებული. ჩვენთან კი ერექციული დისფუნქციების 90-95 პროცენტი ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მოდის, იქ არსებობს სასწავლო პროგრამები განათლების მიღების ყველა ეტაპზე, ჩვენთან კი მოზარდი ინფორმაციას იღებს თანატოლისგან, ინტერნეტიდან და მისი წყარო ხშირად მცდარია. ახალგაზრდას ჰგონია, თავისი მამაკაცობა რომ დაამტკიცოს, ერთი ღამის განმავლობაში უნდა ჰქონდეს სექსუალური აქტი ათჯერ, თორმეტჯერ. ეს ხდება პორნოგრაფიული ფილმების გავლენით, სადაც სქესობრივი აქტი შეიძლება ერთი საათი გრძელდებოდეს. ახალგაზრდას, რომელიც სქესობრივ ცხოვრებას იწყებს, ჰგონია, რომ პრობლემა აქვს იმ შემთხვევაში, თუ სქესობრივი აქტი გაგრძელდა 1-2 წუთი, რაც რეალურად არის ნორმა. სექსუალური აქტების რაოდენობა და ხანგრძლივობა არ განსაზღვრავს ჯანმრთელ სექსუალურ ცხოვრებას. ჯანმრთელი სექსუალური ცხოვრების ქრესტომათიული რეგულირება არ არსებობს. არ არსებობს რეცეპტი – ეს არის ინდივიდუალური. ჯანმრთელი სექსუალური ცხოვრება ასაკთან დაკავშირებით იცვლება. როცა საშუალო ასაკის წყვილს აქვს ჩამოყალიბებული ციკლი – კვირაში 2-3-ჯერ, ან ყოველდღიური, ეს ზოგადად, შეიძლება იყოს ნორმა, ვიღაცისთვის კი – არა. თუმცა, მე რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ ამ რეგულარობით სექსუალური ცხოვრება საშუალო ასაკის წყვილების დიდ ნაწილს არ აქვს. ჩვენ ვცხოვრობთ სტრესულ გარემოში. ნახევარ საქართველოს უმუშევრობის გამო აქვს ნევროზი, მეორე ნახევარს, მეტად დასაქმებულს ეგრეთ წოდებული „მენეჯერის სინდრომი” – გადაღლილობა აწუხებს, ორივე შემთხვევა ძალიან ცუდად მოქმედებს სექსუალურ აქტივობაზე. არ გამოდის სექსის დროს იმაზე ფიქრი, რომ მეორე დღეს კრედიტია გადასახდელი. ამ ტიპის საფიქრალი იმდენს აქვს, სტატისტიკურ, ჩვეულებრივ, ჯანმრთლ წყვილებსაც კი არ აქვთ სრულფასოვანი სექსი. მას ვისაც არ აქვს პარტნიორის მოზიდვის საშუალება, სექსუალური ჟინის დასაკმაყოფილებლად მიმართავს მასტურბაციას, რაც ნამდვილად არაა არანაირი საფრთხის შემცველი. სისულელეა, რელიგიურ ასპექტში განხილული თემა, რომ მასტურბაცია იწვევს დაყრუებას, დაბრმავებას, ორგანოების მოძრობას და ასე შემდეგ. ვისაც არ ჰყავს მუდმივი პარტნიორი, შემთხვევით კავშირს უნდა ერჩიოს მასტურბაცია საკუთარ სახლში, სასიამოვნო გარემოში. ეს ბევრად ნაკლებ სტრესთან იქნება დაკავშირებული და შესაძლოა, უკეთესი ეფექტიც ჰქონდეს სექსუალური განტვირთვის თვალსაზრისით. თუ ადამიანს არაჩაკეტილ სივრცეში, როცა მისდაუნებურად უწევს თავის შეკავება თვეზე მეტხანს, ხუთი-ექვსი თვე სქესობრივი ცხოვრება არ აქვს, მას საერთოდ არ აქვს ცხოვრება. მოქმედი სასქესო ორგანო ყველაზე კარგად ფუნქციონირებს. ჩვენ ლექსიკონში გვაქვს არაჩვეულებრივი სიტყვა „ჟანგდება”, რომელიც ამ შემთხვევაშიც შეიძლება გამოვიყენოთ. სქესობრივი ორგანო, რომელიც დიდი ხანია უმოქმედოა, „ჟანგდება”, რაც უამრავი დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს.