რა პირობა დაადებინეს მსოფლიოს ჩემპიონ ზვიად პატარიძეს მშობლებმა მწვრთნელთან და რომელი ბრძოლა მოიგო მან ტკივილგამაყუჩებლებით
ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე, 18 წლის ზვიად პატარიძემ პირველი ადგილი დაიკავა და კიდევ ერთხელ გადხა მსოფლიოში პირველი. ზვიადმა, გასულ წლებში ზედიზედ ორჯერ მოიპოვა იგივე ტიტული. როგორია ახალგაზრდა ფალავნის ცხოვრება და რას გეგმავს სამომავლოდ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ზვიად პატარიძე: ქუთაისში დავიბადე და უკვე მერვე წელია, რაც მოჭიდავე ვარ. 11 წლის ასაკში დავიწყე ვარჯიში, 2008 წელი იყო. იმავე წელს, პირველი შეჯიბრება ხულოში ჩატარდა, სადაც მესამე ადგილი ავიღე. ამ გამარჯვებამ სტიმული მომცა, ბევრი ვიშრომე და მომდევნო წელს საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დავიკავე. შემდეგ იყო სხვადასხვა ტურნირი, მათ შორის ევროპის ჩემპიონატი, სადაც წავაგე, მეხუთე ადგილზე გავედი. თუმცა, მოხდა ისე, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც წავედი. ვიდრე მსოფლიოზე ვიჭიდავებდი, ჩემს ტრენერთან მივედი და ვუთხარი, ოქროს აუცილებლად ავიღებ-მეთქი. მართლაც გავიმარჯვე, საკმაოდ ძლიერი ნაკადი შემხვდა. ფინალში ის სერბი დავამარცხე, რომელთანაც ევროპა წამაგებინეს. მომდევნო წელს, შეიძლება ითქვას, ევროპაც და მსოფლიოც ცალი ხელიც მოვიგე. ჩემს ასაკში უკვე ორგზის მსოფლის ჩემპიონი ვიყავი. ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატზე რუსი დავამარცხე. წლევანდელ მსოფლიოზეც, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდა, რუსს შევხვდი ფინალში. ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის და სხვადასხვა ტურნირების პრიზიორი. კარგად ვიცოდი მისი შესაძლებლობების შესახებ და არ მინდოდა, დავემარცხებინე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ძლიერი იყო, გამუდმებით ვიმეორებდი: შენი გასაკეთებელი უნდა გააკეთო, არ უნდა დამარცხდე-მეთქი. არც ველოდებოდი მოგებას, უბრალოდ ვიცოდი, რომ ადვილად არ უნდა დავმარცხებულიყავი. თუ ვერ მოვიგებდი, ღირსეულად მაინც უნდა წამეგო. ტატამზე გასვლის წინ, შევიმუშავე გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მემოქმედა. ანუ, უნდა დამეღალა და მერე შევრკინებოდი. გაამართლა კიდეც ჩემმა იდეამ და ამჯერად, უკვე, მესამედ მოვიპოვე მსოფლიოს ჩემპიონის ტუტული.
– რატომ ჭიდაობა და არა სხვა სპორტის სახეობა – საკუთარი სურვილით დაიწყე ვარჯიში?
– კლასში ყველაზე დიდი ვიყავი და ჩხუბის დროს ყველას ვერეოდი. ჩემი ძმაკაცი ვარჯიშობდა სპორტის ამ სახეობაში და მითხრა, მოდი, ამხელა ენერგია რომ გაქვს, სცადე და ვარჯიში დაიწყეო. მეც მივედი, თან მსგავსი მამაკაცური სპორტი სულ მიზიდავდა. როცა მშობლებს ვუთხარი, ვარჯიში უნდა დავიწყო-მეთქი. პრობლემები შემექმნა. სკოლაშიც კარგი მოსწავლე ვიყავი და ჩათვალეს, მერე აღარ ვისწავლიდი. ამიტომ, უარი მითხრეს და ამიკრძალეს კიდეც ჭიდაობაზე სიარული. პარალელურად, ცეკვაზე დავდიოდი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემგან მოცეკვავე არ გამოვიდოდა და თავი გავანებე. სამჯერ გავიპარე სახლიდან დარბაზში სავარჯიშოდ. შემდეგ არ ვიცი, როგორ, მაგრამ გაიგეს ჩემი გაპარვების ამბავი და მეორე დღესვე, დედაც და მამაც ტრენერთან წამომყვა. მწვრთნელთან ერთად დამადებინეს პირობა, რომ თუ კარგად არ ვისწავლიდი, არ მომცემდა ვარჯიშის უფლებას (იცინის). საბოლოოდ, ასე დავიყოლიე მშობლები, რომ ჭიდაობაზე მევლო.
– დაარღვიე პირობა?
– არა, არ დამირღვევია, როგორც ვახერხებდი, ისე ვსწავლობდი. როცა უკვე დიდ სპორტში ხარ, მასთან ერთად მეორე საქმის გაკეთება ძალიან რთულია. დღესაც, მართალია, სწავლა არ გამიგრძელებია, მაგრამ თავისუფალ დროს სულ ვცდილობ, რაიმე წავიკითხო. იმავდროულად, უცხო ენებსაც ვსწავლობ.
– ტატამს მიღმა, კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– მეგობრები, გართობა და ისევ, ტატამი, მეტი არაფერი. უამრავი მეგობარი მყავს, როგორც ბიჭები, ასევე გოგონებიც. თუმცა, მათ ნახვას ხშირად ვერ ვახერხებ. სპორტის გამო ბევრი რამის დათმობა მიწევს. სხვაგვარად წარმატებული ვერ ვიქნები. როცა სეზონს დავამთავრებ, ზაფხულს ვიყენებ მათთან ერთად დროის გასატარებლად. მთელი წლის დანაკლისს ვინაზღაურებთ. ხშირად ვიკრიბებით და აღვნიშნავთ, როგორც ჩემს წარმატებებს, ასევე ერთად ყოფნას. ასე ცხოვრება რთულია, მოწყვეტილი ვარ ახლობლებს, მაგრამ ეს გზა თავად ავირჩიე. სამომავალო გეგმებზე ჯერ არ მიფიქრია, სადამდედაც შემეძლება, აქტიურ სპორტში ვიქნები. თუმცა, ოცნება ავიხდინე, ადრე მსოფლიოს ჩემპიონობაზე ვოცნებობდი, ახლა კი ოლიმპიადა დამრჩა.
– ვიდრე წარმატებული გახდებოდი, ბევრს ვარჯიშობდი?
– სერიოზული ვარჯიში რომ დავიწყე, დღეში სამჯერ ვვარჯიშობდი. დილით მამა მაღვიძებდა, ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა ყოველთვის და დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. მამამ მიმაჩვია დილით ადგომასაც (იცინის). თავიდან წინააღმდეგი იყო, მევარჯიშა, მაგრამ რომ მიხვდა, დაინტერესებული ვიყავი, პირიქით, ხელს მიწყობდა და მგონი, დავუფასე კიდეც ამაგი.
– არაერთი სერიოზული ტრავმა გექნებოდა... დედა როგორ ეგუება ამას?
– ბევრი ტრავმა მქონდა, მაგრამ ყველაზე სერიოზული მენისკი და დისკოზი იყო. ევროპის ჩემპიონატზე ტკივილგამაყუჩებლებით ვიჭიდავე. ხომ ვერ ვიტყოდი, მტკივა და ვერ გავალ-მეთქი. როცა მოჭიდავე ხდები, არ შეგიძლია, უარის თქმა ბრძოლაზე. მაშინ ამთავრებ ჯანმრთელობასაც, გართობასაც და ყველაფერს. თანდათან ტკივილსაც ეჩვევი და უფრო მეტის გაკეთების სტიმული გეძლევა. მსოფლიოც დაახლოებით იგივე მდგომარეობით მოვიგე. ამ ყოველივეს რომ ხედავდა დედა, განსაკუთრებით წინააღმდეგი იყო ჩემი ვარჯიშის. მეუბნებოდა, რად გიღირს შენი თავის წვალება, რატომ აკეთებ ამასო. განიცდიდა, ასე პატარა ასაკში წელი რომ მტკიოდა და კიდევ ბევრი პრობლემა მქონდა. თუმცა დღეს, როგორც დედა, ასევე მამაც ძალიან ბედნიერია, მიუხედავად იმისა, რომ სულ მონატრებული ვყავარ ორივეს. იშვიათად მიწევს სახლში ყოფნა, იანვრიდან აგვისტომდე სამ დღეზე მეტს ვერ ვახერხებ ოჯახში დარჩენას. „ზბორებიდან” რომ ჩამოვდივარ, ჩემი ძმისშვილები ვერც მცნობენ.
– ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, გოგონები მით უმეტეს...
– ნამდვილად, თავიდან ყველა რომ მწერდა და მილოცავდა, ჩემ თავს რა ხდება-მეთქი. იმდენი თბილი სიტყვა და პოზიტივი მოდიოდა, ძალიან მიკვირდა, თუმცა მიხაროდა. გოგონები სოციალურ ქსელში აქტიურობენ. თუ რაიმე პოსტს დავწერ, ყველა იქვე შემოიკრიბება ხოლმე (იცინის). პირადშიც მწერენ, თან ისეთ რაღაცეებს, რომ არ მაინტერესებს. მერე „კის,” ან „არას” რომ ვპასუხობ, ბრაზდებაიან. ცოტა მომაბეზრებელიცაა მათი საქციელი, მაგრამ უკვე შევეჩვიე და დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევ.
– შეყვარებული გყავს?
– არ მყავს შეყვარებული. ჯერ მირჩევნია, თავისუფლად ვიყო. სიყვარულს ყურადღება სჭირდება, მე კიდევ ოჯახს ვერ ვნახულობ წლის განმავლობაში და საყვარელი ადამიანისთვისაც ვერ გამოვნახავ დროს. როცა შეყვარებული ხარ, სულ მასთან გინდა ყოფნა, გენატრება და ასე შემდეგ. წლის განმავლობაში სამჯერ თუ ვნახავ საყვარელ ადამიანს, საკმარისი არ იქნება გრძნობის გასაძლიერებლად. წარსულში მიყვარდა, მაგრამ დღეს ერთად აღარ ვართ.