კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააცურა სომხეთისა და თბილისის საჰაერო ზონა ზვიად გამსახურდიას მფრინავმა ზაურ ბედიამ

მფრინავობა თითქმის ყველა მამაკაცის ბავშვობის ოცნებაა. თუმცა, პროფესიული სირთულისა თუ შიშის გამო, ერთეულები თუ ცდილობენ ბავშვობის ამ ოცნების ახდენას. ამ ერთეულებში შედის ლეგენდარული მფრინავი ზაურ ბედია, რომლის გმირობა საქვეყნოდ არის ცნობილი. როდესაც მან საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ერევნიდან გროზნოში გადააფრინა; თუმცა, ამ ისტორიის გარდა, ბატონ ზაურს კიდევ ბევრი გმირული ამბავი გადახდენია, რომელთა შესახებაც  თავად გვიამბობს.

 ზაურ ბედია: ობოლი ვიყავი, უპატრონო. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად არ ვიყავი უზრუნველყოფილი, ჩემი პირველი ოცნება იყო სწავლა. ოცნება რომ რეალობად აქციო, დიდი ძალისხმევაა საჭირო, მით უმეტეს, ჩემნაირი ადამიანისთვის.  ჯარის დამთავრების შემდეგ ერთი წელი ვიმუშავე და 1964 წელს გაზეთში ვნახე განცხადება, რომ სასწავლებლად გზავნიდნენ რუსეთის საავიაციოში ოცდახუთ ქართველს. იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო. სამასამდე კაცმა გაიარა ჯანმრთელობის შემოწმება. მე კომისია გავიარე და ამიყვანეს, მაგრამ, რუსული არ ვიცოდი. კარნახით წერა რუსებსაც კი უჭირდათ. აქ მეხმარებოდა მამაჩემის ბიძა. მფრინავი იყო და ყველას თავის დისშვილად გააცნო ჩემი თავი და განაცხადა – ჩემი საქმე ამან უნდა გააგრძელოსო. გამოცდაზე მოდის სომეხი ლექტორი და ატყობს, რომ ვერ ვწერ. მოვიდა, ახლოს დამიდგა, მაგიდაზე ხელები დამიკაკუნა და ჩუმად მითხრა, მოიტან საღამომდე 2 000 მანეთს და გადაგაწერინებო. მე არ დავიბენი და ვუთხარი, კი-მეთქი. არადა, ამხელა თანხა კი არა, გზის ფულიც ძლივს მქონდა. დამაჯინეს ცალკე, გადავწერე და ოთხიანი დამიწერა. ახლა, არ გინდა ამ 2 000 მანეთის მოტანა?! საღამოს შევხვდი რაღაც შენობასთან. გარეთ ვიღაც კაცზე მანიშნა – მამაშენიაო? მე თავი დავუქნიე – კი-მეთქი. მე სადარბაზოს შესასვლელში ვდგავარ შიგნით. თვითონ არ შემოვიდა, რაღაც პორტფელი ეჭირა, გაიხედ-გამოიხედა და შემომაწოდა – ფული ჩადეო.  დავავლე ქეჩოში ხელი, შევათრიე და ვუთხარი: მამაჩემმა სამშობლოს შესწირა თავი, შენ კი აქ ქრთამს იღებ სტუდენტებისგან. შენ თუ სომეხი ხარ, მე მეგრელი ვარ-მეთქი. მერე პანღური ამოვარტყი და გავაგდე. დამემუქრა: ოცდაათი წელია, აქ ვმუშაობ და ასეთი რამ ჩემთვის არავის გაუკეთებია. შენ თუ არ გაგრიცხო, ნახავო; მაგრამ, ნიშანი უკვე დაწერილი ჰქონდა და ვერაფერს იზამდა.
– ალბათ, ბევრი საინტერესო ისტორია გაქვთ გასახსენებელი თქვენი პროფესიიდან გამომდიანარე.
– სწავლა რომ დავამთავრე, სოხუმში გამანაწილეს. თავიდან პატარა თვითმფრინავზე – AM-2-ზე დამსვეს. სოხუმიდან მესტიაში, ფოთში, ზუგდიდში დავფრინავდი. ხომალდის მეთაურად რომ დაენიშნე, კომკავშირში უნდა შესულიყავი. მე მყავდა სვანი მეგობარი, გვარად ჯოხაძე. ორივენი დიდი ხულიგნები ვიყავით. კომკავშირში არ შევედით. სხვები, ჩლუნგები შევიდნენ და ისინი ხომალდის უფროსები იყვნენ, ჩვენ კი – მფრინავები. ერთხელ ასეთი რამ მოხდა: აეროპორტში მოჰყავდათ ხოლმე თხა დიდი რქებითა და წვერით. მე და ჩემმა სვანმა მეგობარმა დავიჭირეთ, საზღვაო მაისური ჩავაცვით, გიტარა დავკიდეთ და გავუშვით სადგურზე. ხალხი ფოტოებს იღებდა. დიდი ამბავი ატყდა. ეს ხულიგნობად ითვლებოდა. რომ იკითხეს, ეს ვინ გააკეთაო, უცებ „ჩაგვიშვეს” – ბედიასა და ჯოხაძის მეტი ვინ გააკეთებდაო. ამ შემთხვევის გამო კიდევ ერთი წელი დაგვიმატეს – ბორტის უფროსი ვერ გავხდებოდით, აქედან გამომდინარე, შევედით პარტიაში და დაგვაწინაურეს. დავფრინავდი სვანეთში. მესტიის აეროპორტში რომ ჩავფრინდი, ჩემი იქაური მეგობარი მანახებს ვიღაც გოგოს და მეუბნება:  შეხედე, რა გოგოა, მაგრამ, შეშინებულია და ვერ ლაპარაკობს. ახლა ისევ შეშინება უნდა, რომ დაილაპარაკოს და, იქნებ რამე მოიფიქროო. მეც მოვიფიქრე: დედასთან და ძმასთან ერთად ჩავსვი თვითმფრინავში, ვითომ თბილისში მივფრინავდით. ყველა გავაფრთხილე, რომ ღვედი შეეკრათ. გადაირია ძმა – მე არ მინდა ღვედის შეკვრა, ვაჟკაცი ვარო. ვერაფრით ვერ შევაკვრევინე. ავფრინდი და დავიწყე ჩემი ტრიუკების ჩატარება,  ეს გოგო რომ შემეშინებინა. ეს საქმე ჩემთვის თამაშია. დაიმტვრა ეს ბიჭი – ხან იქით მიეხეთქება, ხან აქეთ. დედა ცალკე ყვირის, ღვედი გაიხსნა შვილის საშველად. ვეხვეწე, არ გაეხსნა, მაგრამ, არ მომისმინა. ორივენი ეხეთქებიან კედლებს. რაღა მექნა, გავაჩერე. ეს დედა-შვილი, დასისხლიანებულები, სასწრაფოთი გადაიყვანეს საავადმყოფოში და უცებ მესმის წყევლა. მოვიხედე და – ამ გოგოს ენა ამოუდგია, მაგრამ, ისეთი წყევლა სცოდნია (იცინის). მაგრამ, მე ჩემი საქმე გავაკეთე და ეწყევლა რამდენიც უნდოდა.
– ძალიან სახიფათო და სარისკო პროფესია გაქვთ. შიშის გრძნობა არასდროს გქონიათ?
 – შიში არ აქვს მხოლოდ სულელს. მაგრამ მფრინავს მხოლოდ პირადული შიშის უფლება აქვს. თუ ადამიანს ოდნავ მაინც აქვს შიში, არ უნდა დაჯდეს. მფრინავი უნდა იყოს პროფესიონალი და შეეძლოს, ნებისმიერი სიტუაციიდან ადვილად გამოძვრეს. 1982 წელს სოხუმის აეროპორტში მოხდა ასეთი უბედურება: საწვავის დასამატებლად დავჯექი სოხუმში, დავამატე საწვავი და აფრენის დროს წინ გადამიდგა პატარა თვითმფრინავი, რომელშიც რუსები ისხდნენ. ხომალდის მფრინავი ნასვამი ყოფილა, არ მოუსმინა დისპეტჩერებს და ჩემს საწინააღმდეგოდ უნდოდა აფრენა 270 კილომეტრი საათი სიჩქარით მე ვერ გავჩერდი, შეჯახება მოხდა, 12 ტონა საწვავი აფეთქდა და იქ მყოფი 9 მგზავრი და მფრინავი დაიღუპნენ. თუმცა ჩემს თვითმფრინავში მყოფი ასზე მეტი მგზავრი გადავარჩინე. მე, რა თქმა უნდა, გავჩერდი, არ ავფრინდი. მფრინავის დაუდევრობის გამო დისპეტჩერები დაიჭირეს და თითოს 8 წელი მიუსაჯეს. მეოცე დღეს 20-კაციანი კომისია ჩამოვიდა მოსკოვიდან. შავი ყუთი შეამოწმეს. მხოლოდ მე დამკითხეს, რადგან ყველაფერი ჩემს ხელში იყო. 18 დღე დაკითხვაზე ფეხზე ვიდექი. მანამდე სიგარეტი არასდროს მომიწევია და იქ დავიწყე მოწევა. მერე სამ თვეში მივატოვე. ბოლოს ერთი გენერალი პოპოვი მეკითხება: „თუ თქვენ გიბრძანებდნენ ამ კატასტორფის შემდეგ აფრენას, აფრინდებოდით?“ მე ვუპასუხე: დიახ, რადგან, ასი პროცენტით მართალი ვიყავი.“  მეკითხება „რატომ გქონდა ტყვია პისტოლეტში?“ გავიქეცი და, რომ გადარჩენილიყო, მოვკლავდი-მეთქი, – ვუპასუხე. ეს რომ ვუთხარი, გაეცინა და თქვა: გავუშვათ ეს კაცი. ხვალიდან იფრინოსო.
 სიკვდილის არ მეშინოდა. ერთხელ გუდაუთას სამას მეტრზე გადავუფრინე. რომ ავფრინდი, მდევარიც წუთ-ნახევარში აფრინდა, მაგრამ მე უკვე სოხუმში ვიჯექი.
– გვიამბეთ თქვენი ურთიერთობის შესახებ ზვიად გამსახურდიასთან.
– ეროვნულ მოძრაობაში   ყოველთვის წინა ხაზზე ვიყავი. 1988 წელს პარტიიდან გამოვედი. რამდენიმე ხომალდის მეთაურებმაც მე მომბაძეს.  მაშინ ლომინაძე და ავთო იოსელიანი დამყავდა. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ახლოს არ ვიცნობდი. ყველამ იცის, ზვიადს რა უყვეს. სამწუხაროდ, ქართულ გენში ზის ღალატი. ამ ღალატის შემდეგ მე მიმიწვიეს და დამავალეს – შენ უნდა გააცილო ზვიადიო. ყველა მფრინავმა უარი უთხრა. კაცი დასაღუპად გაწირეს. მე რომ შემიყვანეს უფროსთან, მკითხეს, გავაცილებდი თუ არა ზვიადს. არც დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი – მზად ვარ, ახლავე გავფრინდები-მეთქი. ყველა გადამეხვია და ჩამეხუტა. დავალების მისაღებად ჩემი ეკიპაჟის წევრებთან – ოთარ შენგელიასთან, გალაქტიონ ნემსაძესთან და ვალოდია არუთინოვთან ერთად გროზნოში გავემგზავრე. იქ გავიცანი ჯოხარ დუდაევი. მე და ჯოხარ დუდაევი სამი დღე ვამუშავებდით გეგმას, როგორ უნდა გადამეფრინა პრეზიდენტი უსაფრთხოდ. ხუთი ვარიანტი შევიმუშავეთ და ბოლოს ყველაზე უსაფრთხოზე შევჩერდით. ამ გეგმის შესახებ ჩვენ გარდა არავინ  იცოდა. სანამ გავფრინდებოდით, ჯოხარმა პრეზიდენტის რეზიდენციაში დამიბარა. ვხედავ, ტელეფონზე ლაპარაკობს: „სლუშაი, მუჟიკ, ესლი პრეზიდენტსკოი გოლოვი უპაიდიოტ ხოტ ოდინ ვოლოსოკ, ია ტებე კისლოროდ პერეკროიუ”. უკვე შეთამამაებულები ვიყავით ერთმანეთთან და ვკითხე, ვის ესაუბრებოდა. ჯოხარმა აგდებულად აიქნია ხელი – ისეთი არავინ, ტერ-პეტროსიანიაო.
– როგორ ჩაფრინდით ერევანში?
– ეს იყო ურთულესი რეისი. როდესაც საქართველოს საჰაერო ზონაში შემოვედით, დისპეტჩერი მოვატყუე, კალინინგრადიდან მოვფრინავ-მეთქი. სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, იქაც მოვატყუე – კალინინგრადიდან ვარ, სპეცრეისია-მეთქი. ბოცმანი მეკითხება, რა უნდა წაიღო. კონიაკისთვის ვარ, კონიაკის მეტი, რა გაქვთ წასაღები-მეთქი. 15 იანვარს ერევანში ჩავფრინდით. ჩემი ეკიპაჟის გარდა, თვითმფრინავში იმყოფებოდა ოთხი ახალგაზრდა ჩეჩენი და ჩეჩნეთის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი. დილის 5 საათზე მე და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის რეზიდენციაში მიგვიყვანეს. აუზთან დავინახე ძალიან დასუსტებული, ფერმკრთლი, მაღალი კაცი. ეს ზვიად გამსახურდია იყო. გვერდით ედგნენ შვილები და 19-კაციანი დაცვა. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა პრეზიდენტთან. ისე სუსტად იყო ზვიადი, ერთ „ბუხანკა“ პურში ერთ ავტომატს აძლევდა სომხეთის პრეზიდენტს, ტერ-პეტროსიანს.
– საქვეყნოდ ცნობილია თქვენი გმირობა, როდესაც პრეზიდენტი გადააფრინეთ...
– ტერ-პეტროსიანმა რვა მანქანა მოგვცა. აეროპორტში მივედით არა პირდაპირი, არამედ შემოვლითი გზით. ჩვენს თვითმფრინავთან ტრაპი აღარ იყო. გვერდით იდგა 4-ძრავიანი, „ან-12" მარკის თვითმფრინავი. იქაურობა სავსე იყო რუსული ჯარით. შემეშინდა, ვიფიქრე, ვიღაცამ ჩაგვიშვა-მეთქი. ვუბრძანე, თვითმფრინავთან ტექნიკური კიბე გაეკეთებინათ, რომლითაც ავიდნენ ზვიადის თანმხლები პირები, ბოლოს კი – მე და ზვიადი. სანამ თვითმფრინავში ავიდოდით,  ჟურნალისტი მოვიდა – ინტერვიუს ჩაწერა უნდოდა. ზვიადი დათანხმდა, მაგრამ, დრო არ ითმენდა. გავბედე და ვუთხარი: „ბატონო ზვიად, თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ აქ მე ვარ თქვენი პრეზიდენტი,  წუთები დათვლილი გვაქვს-მეთქი“. ზვიადი გადამეხვია, მიტრიალდა და კიბეზე ავიდა. ის ჟურნალისტი უკან გამომყვა – ვინ ხართ, ინტერვიუს ჩაწერაში ხელს რომ მიშლითო? ზემოთ იდგა ერთ-ერთი ჩეჩენი ბიჭი, დაუყვირა – შეასრულე, რასაც მეთაური გეუბნებაო.  აფრენამდე დისპეტჩერმა გამაფრთხილა, სანამ 6 ათას მანეთს არ გადაიხდით, ვერ გაგიშვებთო. 6 ათასი კი არა, 6 მანეთიც არ გვქონდა. ჩემ გვერდით იჯდა აეროპორტის დირექტორი კაზარიანი, გადმომიგდე „ნაუშნიკებიო”, – მითხრა და სომხურ ენაზე დისპეტჩერს რაღაც დაელაპარაკა. ხომალდში ყველა მაჩვენებელი გამორთული მქონდა.  თბილისს რომ გადავუფრინეთ, ჩემი ბოცმანი მეგრულად მეუბნება: მგონი, „მეზობლები“ გვაცილებენო. „მეზობლები“ მოიერიშე თვითმფრინავებს ნიშნავდა. გვერდით მოგვყვებოდა ორი ავიაგამანადგურებელი. წესით, სამეული უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ერთი ალბათ ჩვენი თვითმფრინავის ზემოთ მოფრინავდა. ჰაერში ისეთი ილეთები გავაკეთე,  თუ მომიახლოვდებოდა, დავეჯახებოდი. იფიქრებდნენ: გიჟია, ეს თუ თავს იკლავს, ჩვენ რატომ უნდა მოვიკლათო. ყველა დაძაბული იჯდა. როგორც იქნა, ჩამოვიშორე ის გამანადგურებლები. თბილისის დისპეტჩერს ვუთხარი, დასავლეთისკენ მივფრინავთ-მეთქი, მაგრამ კურსი ჩრდილოეთისკენ  ავიღე. დისპეტჩერმა ისევ გამაფრთხილა, მინერალური წყლების აეროპორტში ან როსტოვში დაჯექითო და ისევ გამოვრთე ყველა მაჩვენებელი და კავკასიონის ქედს გავყევი. როგორც იქნა, გროზნოში ჩავფრინდით. როცა ლოკატორმა სხვა მიმართულება აჩვენა, დისპეტჩერმა მითხრა, რატომ მომატყუე, ყაზბეგისკენ როგორ მოხვდითო? მეორე პილოტი ახალგაზრდა მყავს, იმას შეეშალა-მეთქი. ახლა მარტივად გიყვებით, მაგრამ ეს იყო ძალიან რთული რეისი! ფრენა 40 წუთი გაგრძელდა, თუმცა ჩვენთვის ეს 40 წელი იყო. ზვიად გამსახურდია გროზნოში ჩავიყვანე „ტუ-134”-ით, რომლის ბორტის ნომერიც იყო 65893. ეს თვითმფრინავი შემდეგ რუსებმა ჩამოაგდეს ომის დროს...  
– როგორც ცნობილია, ერთ-ერთი რეისის დროს მოსკოვში დაგიჭირეს. გვიამბეთ როგორ მოხდა ეს.
– ჩვენ გავაკეთეთ იმიტაცია და ჩამოვედით სოხუმში. ბიჭები მახლდნენ. ერთი მაღალი იყო. ვიცოდით, რომ მას გადაუღებდნენ სუკის აგენტები. ჩავაცვით ზვიადისნაირი პალტო. ჩავსვით მანქანაში და სოხუმში ხმა გავრცელდა, ზვიადი ჩამოიყვანესო. არადა, ზვიადი მე არ ჩამომიყვანია და არც ჩამოვიყვანდი. ეს იყო ღალატის ტოლფასი. პროვოკატორები ჩავიდნენ და ზვიადს უთხრეს, რომ აქ ხალხი ელოდებოდა და სიტუაცია მომწიფებული იყო.
მე ვასრულებდი გროზნო-თბილისის რეისებს, მქონდა დავალება – თბილისში ჩამოსულ მუხრან მაჭავარიანთან მივდიოდი, რომელიც მატყობინებდა, მზად იყო თუ არა ხალხი ზვიადთან შესახვედრად. მუხრანმა კატეგორიული უარი მითხრა ზვიადის ჩამოყვანაზე. ყველგან მოღალატეები იყვნენ. დავფრინავდი რეისით – სოხუმი-გროზნო-მოსკოვი. მირეკავდნენ ჯოხარი და ზვიადი და მათ დავალებებს ვასრულებდი. რა დავალებები იყო, ეს მხოლოდ მე ვიცი. თბილისს არ ვემორჩილებოდი. თბილისს, სიგუას და ამათ ეშინოდათ ჩემი დაჭერა და  სოხუმიდან რამდენიმე რეისის შემდეგ მოსკოვში დამიჭირეს. მეკითხებოდნენ, რატომ გადავიყვანე ზვიადი, რატომ ვასრულებდი იმათ დავალებებს, რატომ არ ვემორჩილებოდი თბილისს. მე ვეხმარებოდი კანონიერ პრეზიდენტს და ვასრულებდი მის დავალებებს. მეორე დილით ჩვენმა ბიჭებმა სოხუმში დაიჭირეს მოსკოვის თვითმფრინავი და შეუთვალეს: ავაფეთქებთ, თუ ბედიას არ გამოუშვებთო. მეორე დილით სოხუმიდან ჩამოფრინდა პატარა თვითმფრინავი და დიდი პატივით გამომაცილეს. შევარდნაძეს ჩემი მოკვლის ბრძანება ჰქონდა გაცემული – ეს ბედია მომაშორეთო.

скачать dle 11.3