ზაფხულის ცელქობები
ზაფხულში, შვებულებების დროს ჩვენი შანსები ახალი ურთიერთობებისთვის ერთი-ორად იზრდება. რატომ? იმიტომ, რომ ზაფხული დიდი უმრავლესობისთვის ასოცირდება რომანტიკასთან, თავგადასავალსა და სიამოვნებასთან. გასეირნება მთვარის შუქზე თბილ საღამოს... თბილი ქვიშა და ზღვა... სასიამოვნო მუსიკა და ფიქრები უკეთეს მომავალზე. ასეთ დროს ყველაფერი გაცილებით კაშკაშა ფერებში ჩანს და ცხოვრებაც გაცილებით მშვენიერია. სულ ადვილი შესაძლებელია, გვერდით მყოფი ჩვეულებრივი მამაკაცი არაჩვეულებრივად მოგეჩვენოს. სიყვარულიც, თითქოს, უფრო ყოვლისმომცველი და დამაბრმავებელია... ფრთხილად! ორკვირიანი ნაცნობობა, შესაძლოა, კარგად არ დასრულდეს. რამდენიმე ვარიანტია: ან იმედი გაგიცრუვდებათ; ან შეყვარებული დარჩებით და დეპრესიამდე ერთი ნაბიჯია... ან უცებ აღმოაჩენთ, რომ გუშინდელი პრინცი დღეს ჩვეულებრივ იდიოტად ქცეულა.
ერთი სიტყვით, მეტი ყურადღება... გართობა, რომანტიკა, თავგადასავლები ძალიან კარგია, მაგრამ ზაფხულის ცელქობებმა მძიმე შედეგებით არ უნდა დაგასაჩუქროთ. ჩართეთ გონება და ისე მიეცით სიამოვნებას. რა თქმა უნდა, საკურორტო რომანს გაგრძელებაც შეიძლება, ჰქონდეს და საკმაოდ სერიოზულიც გახდეს, მაგრამ ამისთვის სიტუაციას სწორად შეფასებაა საჭირო. რეალურად უნდა შეაფასოთ ის ადამიანიც, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც გაიცანით. სხვანაირად, შვებულება, რომელსაც მთელი წელი ელოდებოდით, კოშმარად გადაგექცევათ.
კეთილი და ჭკვიანი
ადამიანების შეცნობა ხშირად რთულია, მით უმეტეს, საპირისპირო სქესთან როცა გვაქვს საქმე. ამოცანა გაადვილდება, თუკი ამერიკელი მეცნიერების კვლევების ბოლო შედეგებს გავითვალისწინებთ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენი ხასიათი, ჩვევები, ახირებები თუ ურთიერთობები პირდაპირ კავშირშია ტვინთან... შეიძლება, შეგინიშნავთ, რომ ადამიანი თუ ჭკვიანია, მასთან ურთიერთობა გაცილებით იოლია. ჭკვიანი – ინტელექტუალურია, ჭკვიანი – მხიარულია, ჭკვიანი – არ არის აგრესიული, ჭკვიანი – კეთილი და ჭკვიანი გულისხმიერია... ანუ, შეეცადეთ, მამაკაცი ჭკუის მიხედვით შეარჩიოთ. მხოლოდ ამის შემდეგ მიაქციეთ ყურადღება მის გარეგნობას, ჩაცმის სტილსა და სხვა დანარჩენს.
გონებრივად განვითარება საშუალებას აძლევს ადამიანს, მოახდინოს თვითრეალიზება. რეალიზებული ადამიანი, ასევე, არის კეთილი და გულისხმიერი... კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე. კეთილ ადამიანებს უფრო უადვილდებათ ადგილის პოვნა საზოგადოებაში. შეიძლება, ერთი შეხედვით სხვანაირად ჩანდეს, მაგრამ სიკეთეს მაინც დიდი ძალა აქვს, ჭკუას – მით უმეტეს.
ქალბატონებო, უპირატესობა ჭკვიან მამაკაცს მიანიჭეთ. ფული შეიძლება, ახლა არ ჰქონდეს, მაგრამ ჭკუა თუ აქვს, იშოვის. თქვენ კი კეთილი ადამიანის გვერდით იცხოვრებთ.
არ დაუშვა შეცდომა
ჩვენი ხასიათის, ჩვევების ფორმირება დიდწილად დამოკიდებულია ჩვენივე ბავშვობასა და რა თქმა უნდა, მშობლებზე. შეიძლება, ვერ ვაცნობიერებდეთ, მაგრამ სწორედ მშობლების პრიორიტეტები განსაზღვრავს შემდგომში ჩვენი ცხოვრების ფაბულას, ანუ ჩონჩხს, რომელზეც ვაგებთ ყოველდღიურობას. დაფიქრდით და გაიხსენეთ, რა იყო თქვენი მშობლებისთვის ღირებული და მნიშვნელოვანი... იმ ზღაპრებსაც კი მნიშვნელობა აქვს, რომლებსაც ისინი გირჩევდნენ და გიკითხავდნენ.
ჩვენი და შესაბამისად, ჩვენი შვილების მომავალი ცხოვრება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რას ვისმენთ ბავშვობაში. ბავშვობაშივე ყალიბდება სტერეოტიპები, რომლებიც მერე შეცდომას შეცდომაზე გვაშვებინებს. როგორ მოვახერხოთ, რომ ისეთი შეცდომები მაინც ავირიდოთ თავიდან, რომლებიც ნორმალურ ცხოვრებაში შეგვიშლის ხელს? რეცეპტი არსებობს: უნდა ვეცადოთ, მეტი პოზიტივი მივიღოთ თითოეული დღისგან. ანუ, აზრი არა აქვს, ვეძებოთ ჩვენი უმნიშვნელო წარუმატებლობის წყარო. სულერთია, რას ეხება ეს – პირად ცხოვრებას თუ კარიერას. დამნაშავედ ნურც საკუთარ თავს გამოაცხადებთ, ნურც ბედისწერას და ნურც გარშემომყოფებს. მით უმეტეს, ნურც იმას, რაც ბავშვობაში დაგაკლდათ. ამას აზრი არა აქვს. შეეცადეთ, მალე დაივიწყოთ მარცხი. გულში არ ჩაიდოთ წყენა, შეცდომებზე კი ისწავლოთ. მხოლოდ ეს არის წარმატებული ხვალინდელი დღის გარანტი.
შეცვალე სცენარი
ძალიან ბევრ ადამიანს მთელი ცხოვრება აწუხებს შეკითხვა: მაინც რატომ ანებივრებს ბედი ვიღაცას და არა მას? რატომ არიან ერთნი ყოველთვის გამორჩეულად კარგად, მეორენი კი მუდმივად წვალობენ. არც საქმეში უმართლებთ და არც პირადულში. იქნებ ბედი საერთოდ არაფერ შუაშია და ისევ თავად არიან დამნაშავენი?! რა უნდა გავაკეთოთ, რომ წარმატება ისევე ადვილად მოვიდეს ჩვენთან, როგორც სხვასთან? დავიწყოთ იმით, რომ ადვილად და ლანგარზე არავის არაფერი მიერთმევა. ეს მხოლოდ შეიძლება, შორიდან ჩანდეს ასე. უბრალოდ, ჩვენ ხშირად ვერ ვხედავთ, რა დევს სასწორის მეორე პინაზე, ანუ რა ხდება იმ წარმატების მიღმა. თუ ვიღაცას კარგი ქმარი ჰყავს – კარგად აცხოვრებს და კარგი მანქანით დაჰყავს, სულაც არ ნიშნავს, რომ ბედნიერია. რაც მალე მოვრჩებით სხვისი ცხოვრების განსჯა-გაანალიზებას და მივხედავთ საკუთარს, მით ადრე ვიპოვით ჩვენს წილ ბედნიერებას, რომელიც აუცილებლად არის სადღაც და გველოდება. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, შეცვალოს საკუთარი ცხოვრების სცენარი და გახადოს ის უკეთესი, მიზანზე ორიენტირებული. ყველაზე ცუდი ხელის ჩაქნევა და იმაზე ფიქრია, რომ მაინცდამაინც თქვენ არ გაგიმართლათ. რა გააკეთეთ იმისთვის, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი გყოლოდათ და საყვარელი საქმე გეკეთებინათ? ამაზე დაფიქრდით. დრო კიდევ გაქვთ.
P.S. დაივიწყეთ ფუჭი ოცნება. იაზროვნეთ და იფიქრეთ რეალურად. იმაზე კი ნუ იდარდებთ, რომ წარსულის შეცვლა აღარ შეგიძლიათ, მომავალი შეცვალეთ და დღესვე შეუდექით საქმეს.