კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ ორგანიზმი მზის ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან


 მავნე რადიკალები უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ კანის, არამედ ზოგადად ორგანიზმის უჯრედებზე. ანტიოქსიდანტები კი ანადგურებენ თავისუფალ რადიკალებს და ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან იცავენ. კერძოდ:
* ყურძნის წიპწები უხვად შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს – პოლიფენოლებს, ებრძვის დაბერების პროცესს. ეს ნივთიერება ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას; დაზიანებისგან იცავს კოლაგენურ და ელასტიკურ ბოჭკოებს, რომლებიც კანს ელასტიკურობასა და დრეკადობას ანიჭებს; ხელს უშლის კანის ქსოვილის რღვევას და აფერხებს მის ასაკობრივ ცვლილებებს.
*მწვანე ჩაის ფოთლები, ყურძნის წიპწების მსგავსად, მდიდარია პოლიფენოლით, რომელიც ანელებს კანის დაბერებას და აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ანტიოქსიდანტური თვისებებით მწვანე ჩაი C ვიტამინის სერიოზული კონკურენტია. მისი გავლენით ძლიერდება ორგანიზმის დამცავი მექანიზმები.
ასევე, ხილში შემავალი ბუნებრივი ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მათი ზემოქმედებით კანის ზედაპირული შრის მკვდარი უჯრედები უფრო აქტიურად ჩამოიფცქვნება, რისი წყალობითაც კანი უკეთ ინარჩუნებს სინორჩესა და სიჯანსაღეს. ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები ააქტიურებს კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს, მათი წყალობით კი ორგანიზმი ტენიანობას ინარჩუნებს.
C ვიტამინი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლის უნიკალური საშუალებაა. ასკორბინმჟავის გარეშე ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ცილა კოლაგენს.
კანის ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებელი შემაერთებელი ქსოვილების მუშა მდგომარეობის უზრუნველყოფაც სწორედ ამ ნივთიერებაზეა დამოკიდებული. C ვიტამინი ორგანიზმს მზის ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგანაც იცავს.
 E ვიტამინი ადვილად აღწევს კანის ღრმა შრეებში, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აჯანსაღებს უჯრედებსა და ქსოვილებს, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, აფერხებს ორგანიზმიდან წყლის დაკარგვას და ამით ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს.
ზღვის პროდუქტთა და წყალმცენარეთა ექსტრაქტები განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტურია საკვები ნივთიერებებით კანის გაჯერების თვალსაზრისით. ამ ბიოექსტრაქტებს, რომლებიც ვიტამინების, მინერალებისა და ცილების უნივერსალური კომბინაციაა, უჯრედები ადვილად ითვისებს. მათი წყალობით კანი ინარჩუნებს ტენიანობას, ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს და ჯანსაღად გამოიყურება დიდი ხნის განმავლობაში.
მწვანილი კი ორგანიზმის უჯრედების აქტიურობას ამაღლებს, რადგან ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ კარგად შეითვისებს ორგანიზმი, თანაც შემადგენლობის სიმდიდრითაც გამოირჩევა. საჭირო ვიტამინებსა და მიკროელემენტებთან ერთად, ხილი და ბოსტნეული სხვა ძვირფას ნივთიერებებსაც შეიცავს.
მწვანილი ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა, კერძოდ:
*კამაში ბევრია ბეტა-კაროტინი და სხვა საჭირო ვიტამინები. ამას ემატება 12 მნიშვნელოვანი მიკროელემენტიც.
* ნიახური B ჯგუფის ვიტამინების სრულ კომპლექტს შეიცავს.
*ოხრახუში და რეჰანი ორგანიზმის უჯრედების აქტიურობას ამაღლებს.
ნიორი აღადგენს კაპილარულ სისხლის მიმოქცევას და ზრუნავს სახის კანზე. კომბოსტო შეიცავს B ჯგუფის ყველა ვიტამინის, C ვიტამინს, თუთიას, მანგანუმსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ეს ბოსტნეული უჯრედების ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი სტიმულატორია. მას აღმდგენი და გამაახალგაზრდავებელი თვისებები აქვს.
წიწაკა შეიცავს ნივთიერება კაპსაიტინს, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მასში ბევრია კაროტინი, C ვიტამინი და სილიციუმი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის საერთო სიჯანსაღისთვის.

მოწამვლის შემთხვევაში დროულად იმოქმედეთ
რთულია, გამოვიცნოთ, რომელია ჩვენთვის ალერგიული პროდუქტი. ამის გასარკვევად საჭიროა, ისეთი დიეტა შევადგინოთ, რომელშიც გამოვრიცხავთ მაღალი ალერგიული ქმედებით გამოირჩეულ ყველა პროდუქტს. მათი ჩამონათვალი კი საკმაოდ გრძელია და მხოლოდ ზოგიერთს მიგანიშნებთ: ციტრუსები, თხილი, ნიგოზი, თევზეული, ზღვის პროდუქტები, ხორცი, შოკოლადი, ყავა, შებოლილი და დაკონსერვებული პროდუქტი, ასევე, სანელებლები და საკაზმები, მდოგვი, ძმარი, მაიონეზი, თალგამი, ჭარხალი, პომიდორი, ბადრიჯანი, სოკო, რძე, მარწყვი, ნესვი, ანანასი, თაფლი და სხვა. შეგიძლიათ, თამამად მიირთვათ და აუცილებლად ჩართოთ საკვებ რაციონში საქონლის უცხიმო ხორცი, ბოსტნეულისა და ბურღულეულის სუპები, კარტოფილი, წიწიბურა, შვრია, ბრინჯი, მწვანილი, კიტრი, ვაშლი, საზამთრო, ჩაი, შაქარი; რძის პროდუქტებიდან კი ყველი, იოგურტი, კეფირი და ხაჭო.
კვებითი ალერგიის ყველაზე სერიოზული და საშიში გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. ის ალერგენული პროდუქტის მიღებიდან რამდენიმე წუთში ვლინდება. ადამიანი ამ დროს ფერმკრთალდება,  კარგავს გონებას, ეწყება კრუნჩხვები, აყრის ტანზე, აღენიშნება პირღებინება და უნებლიე შარდვა.
თუ მოიწამლეთ, დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი და, ეცადეთ, გული ძალით აირიოთ. როცა დარწმუნდებით, რომ კუჭი სუფთაა, მიიღეთ წყალში გახსნილი სამი აბი აქტივიზებული ნახშირი. თუ საკვების მიღების შემდეგ, ნაწლავების სპაზმმა შეგაწუხათ, ეს, შესაძლოა, კვებითი ალერგიის გამოვლინება იყოს და სასწრაფოდ მიიღეთ „ნო-შპა“. ეს მდგომარეობას, საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ.
კვებითი ალერგიის დროს, ხშირია ფაღარათი. ეცადეთ, მოხარშული კარტოფილი ჭამოთ, დააყოლოთ დამტკბარი ჩაი და ამით უმკურნალოთ კუჭის აშლილობას. აგრეთვე, კანზე გამონაყარი, სიმშრალე და აქერცვლა ალერგენებისთვისაა დამახასიათებელი. თუ ჭამის შემდეგ სახის ან ტუჩის ირგვლივ ქავილი დაგეწყოთ, შემდეგ კი ტანზეც გამოგაყარათ, ეს საკვებით მოწამვლაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში, ექიმის მოსვლამდე, კანზე დამარბილებელი კრემი წაისვით და ბანაობისგან თავი შეიკავეთ.

რატომ არის კარგი სიცხეში მწვანე ჩაის სმა და რა წესები უნდა დაიცვან გულით დაავადებულებმა ამ სეზონზე
როდესაც ძალიან ცხელა, შესაძლოა, სრულიად ჯანმრთელ ადამიანებსაც აუჩქარდეთ პულსი, განუვითარდეთ ქოშინი, გაუჩნდეთ ჰაერის უკმარისობისა და გულზე ზეწოლის შეგრძნება. ეს ყველაფერი გულის გადატვირთვის შედეგია. გულ-სისხლძარღვთა დარღვევებით დაავადებულ ადამიანებზე სიცხე განსაკუთრებულად ცუდად მოქმედებს. ვისაც სისხლის მაღალი წნევა ქრონიკულად აწუხებს, სიცხეში თავს უარესად გრძნობს, ხოლო პაციენტებს გულის იშემიური დაავადებით, უფრო ხშირად აწუხებთ სტენოკარდიის შეტევები. მაღალი ტემპერატურა იწვევს ტაქიკარდიას. ეს მდგომარეობა ხელს უწყობს შეტევის განვითარებას იშემიით დაავადებულ პაციენტებში, რადგან, გულის გადატვირთვის პარალელურად, აღინიშნება დარღვევები, რის გამოც გული ვერ მარაგდება ენერგეტიკული ელემენტებით, მშვიდ მდგომარეობაშიც კი. ამიტომ, საფრთხე დატვირთვის პროპორციულად იზრდება.
 ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, სახლიდან არ უნდა გავიდნენ 12:00-დან 17:00 საათამდე, როცა ჰაერის ტემპერატურა მაქსიმალურ ზღვარს აღწევს და მზის სხივებიც განსაკუთრებით რადიაციულია. თუ მზეზე გასვლის თავიდან აცილება არ ხერხდება, ეცადეთ, ჩრდილში იყოთ, შედარებით გრილ ადგილას. დაიცავით სიცხეში მუშაობის რეჟიმი, კერძოდ, ყოველი 30 წუთის მუშაობის შემდეგ 15 წუთი დაისვენეთ. თუ დაგეწყოთ ქოშინი, იგრძენით სისუსტე, თავბრუხვევა ან ტკივილი გულ-მკერდის არეში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ნებისმიერი სახის ფიზიკური დატვირთვა. თქვენი სამუშაო განსაზღვრეთ მხოლოდ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებიდან გამომდინარე. 
ცხელ დღეებში შეამცირეთ ხორცისა და ცხოველური ცხიმების მოხმარება, უფრო მეტად გამოიყენეთ მცენარეული და რძის პროდუქტები, თუმცა, არც სასარგებლო საკვების ჭარბი რაოდენობის მიღებაა სასურველი. მთავარი პრინციპია, მსუბუქი საკვები ცოტ-ცოტა რაოდენობით. კარგია მწვანილისა და ბოსტნეულის ყოველდღიურად გამოყენება, ხორცი კი ჩაანაცვლეთ თევზეულით, მინიმუმამდე შეამცირეთ მარილი.
ჰაერის მაღალი ტენიანობა იწვევს ორგანიზმში ზედმეტი სითხის შეკავებას, ეს კი ადამიანისთვის, განსაკუთრებით მაღალი წნევითა და გულის იშემიური დაავადებით შეწუხებულთათვის, ძალიან მავნეა. პრობლემის განვითარებას განაპირობებს ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგად განვითარებული სისხლმეტობა, რაც ზრდის გულის მუშაობას გადატუმბვისათვის საჭირო დონემდე და ავტომატურად იზრდება წნევაც. თუ გამოხატულია გულის იშემიური დაავადება, ნატურალური წვენებისა და მინერალური წყლების რაოდენობა დღეში 700-800 მილილიტრამდე უნდა შემცირდეს. ორგანიზმში სითხის შეკავება იწვევს არტერიული წნევის მომატებას. გულით ავადმყოფებმა, მოწყურების შემთხვევაში, დალიეთ ცოტა წყალი, ან, ხშირად, გამოივლეთ პირის ღრუში.
ჯანმრთელმა ადამიანებმა კი უნდა მიიღონ სითხის ის რაოდენობა, რომელიც მოახდენს ჭარბი ოფლიანობის კომპენსირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმის გამოშრობა გამოიწვევს თავბრუხვევასა და გონების დაკარგვას. სიცხეში ყველაზე ოპტიმალური სასმელია მწვანე ჩაი. ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც არეგულირებს ქოლესტერინის ცვლას. მწვანე ჩაი, შავი ჩაისა და ყავისგან განსხვავებით, არ შეიცავს ტანინებს, რაც იწვევს გულისცემის გახშირებას. მოერიდეთ ტკბილი, გაზიანი სასმელების მოხმარებას, რადგან ისინი მხოლოდ აძლიერებს წყურვილს. გულით ავადმყოფებს ეკრძალებათ მცირე რაოდენობით ალკოჰოლის შემცველი სასმელების მიღებაც კი, თუნდაც ლუდის. გაითვალისწინეთ, თუ ჰიპერტენზიას ემატება გულის იშემიური დაავადება, ქაფიანმა სასმელებმა, ისევე, როგორც სხვა ალკოჰოლურმა სასმელმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სტენოკარდიის შეტევა.

წონაში სწრაფად დასაკლები დიეტა ბევრი დაავადების გამწვავების მიზეზია
თუ გახდომის მიზნით საკვების მიღებისგან მხოლოდ რამდენიმე დღით თავს იკავებთ, ამით ორგანიზმს აიძულებთ, შეგეწინააღმდეგოთ. ეს კი გამოიხატება იმაში, რომ, საკვების მიღების დაწყებისთანავე, ორგანიზმი მაშინვე იწყებს მარაგის დაგროვებას, თითქოს ემზადება არასასურველი პერიოდისთვის, რაც ხელს უწყობს წონაში ისევ სწრაფად მატებას. უნდა გახსოვდეთ, რომ სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ბალანსირებული, სწორი კვებით. ასევე, შინაგანი მზადყოფნითა და მონდომებით. მხოლოდ რამდენიმედღიანი ან რამდენიმეთვიანი მონდომება მიგიყვანთ სასურველ შედეგებამდე და არა სწრაფი დიეტა, რომელსაც, შესაძლოა, ბევრი დაავადების გამწვავება მოჰყვეს შედეგად.
სწორი კვება, ჯამრთელად და დაავადებების გამწვავების გარეშე, გახდომის აუცილებელი პირობაა.
ბევრი ჩვენგანი დღის განმავლობაში რამდენიმე საათი შეუსვენებლად მუშაობს და, შესვენების დროს ან სახლში დაბრუნებული, სწრაფად ჭამს დიდი რაოდენობით საკვებს, რათა ახალი ენერგიით აავსოს ორგანიზმი. მაგრამ, ენერგიის ნაცვლად, ასეთ სწრაფ ჭამას კუჭის ტკივილი და სისუსტე მოჰყვება. ამას ჯობია, სპეციალური კონტეინერით, სამსახურში წაიღოთ სახლში მომზადებული, ჯანსაღი და მსუბუქი საკვები. მაგალითად, ხილის ასორტი, ბოსტნეულის სალათა, იოგურტი, ბუტერბროდი და ასე შემდეგ. გახსოვდეთ, რომ დღის განმავლობაში, ხშირად და მცირე ულუფებით საკვების მიღება ჯანმრთელობის აუცილებელი პირობაა. იმავდროულად, სასურველი წონის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

скачать dle 11.3