კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აპირებდა სტალინის ლიკვიდაციას მავზოლეუმის ტრიბუნაზე თვითმფრინავის დაჯახებით

ბერიას ვერაგობის, ეშმაკობისა და განსაკუთრებული მოხერხებულობის შესახებ მთელ მსოფლიოშია ცნობილი და მისი ფენომენის ამოხსნას მრავალი ქვეყნის დაზვერვა ამაოდ ცდილობდა. უცხოელებზე რომ არაფერი ვთქვათ, თავად სტალინიც კი, რომელსაც უტყუარი ინტუიცია და ადამიანის განჭვრეტის ალღო ჰქონდა, ხშირად გაოცებული დარჩენილა ბერიას ნამოქმედარით.
– ჰო, – იცოდა თქმა სტალინმა, – ბერიამ იცის მუშაობა და ის ძალიან დახვეწილად ფლობს გამოაშკარავების ხელოვნებას.
გამოაშკარავებაში სტალინი არა მარტო უცხოელ ჯაშუშებსა და დივერსანტებს გულისხმობდა, არამედ შინაურ მტრებსაც – ბერიამ განსაკუთრებით სტალინის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში გაითქვა სახელი. როგორც უკვე ითქვა, ოციანი წლების მიწურული და ოცდაათიანი წლების დასაწყისი სტალინისა და ბერიას დაახლოების პერიოდი იყო და ამას 1930 წლის ბოლოს საქართველოში მომხდარმა ერთმა სარკინიგზო ავარიამაც შეუწყო ხელი.
29 ნოემბერს თბილისი-მოსკოვის მატარებელი შემხვედრ სატვირთო შემადგენლობას შეასკდა გალთან, რამაც სამგზავრო მატარებლის მგზავრებს შორის მსხვერპლი გამოიწვია, ორივე შემადგენლობის მემანქანეებმა კი გადმოხტომით უშველეს თავს. მოგვიანებით, ორივე ბრიგადა პასუხისგებაში მისცეს და სასტიკად დასაჯეს. ამ ავარიის ადგილზე მივიდა მილიცია, „ოგეპეუ“, პარტიული ხელმძღვანელობა და მოსახლეობა, რომელიც ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ეხმარებოდა სპეცორგანოებს. ერთ-ერთი ვაგონის შემოწმების შემდეგ, ერთ-ერთ კუპეში დიდძალი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, მოსკოვის გეგმა და ხელით შესრულებული წითელი მოედნის ნახაზი აღმოაჩინეს. ამ კუპის სამი მგზავრი ადგილზე იყო მკვდარი, მეოთხე კი არ ჩანდა. დაიწყო გამოძიება. მიჰყვნენ კვალს და ორი დღის შემდეგ თბილისში დააპატიმრეს ვინმე კოტე ნაკაშიძე, რომელიც სწორედ იმ კუპეს მეოთხე მგზავრი აღმოჩნდა. დაკითხვებზე ნაკაშიძე თავიდან უარყოფდა ამ მატარებლით მგზავრობას, მაგრამ რამდენიმე დღეში აღიარა, რომ ის და მისი სამი მეგობარი მოსკოვში მიემგზავრებოდნენ, რათა პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში ტერორისტული აქტი მოეწყოთ სტალინისთვის. ეს იარაღიც სწორედ ამისთვის ჰქონდათ. ნაკაშიძე პროფესიით მფრინავი იყო. მოსკოვში აეროკლუბში მუშაობდა, დანარჩენი სამი დაღუპულიდან: ერთი ექიმი იყო, მეორე – ლიტერატორი, მესამე კი – ყოფილი სამეფო არმიის არტილერისტი. ნაკაშიძის მტკიცებით, ოთხივე ტერორისტი მენშევიკური მთავრობის გულმხურვალე ქომაგი ყოფილა. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს გასაბჭოებას, რაშიც სტალინს ადანაშაულებდნენ და მისი მოკვლაც სწორედ ამის გამო გადაეწყვიტათ. ამ საქმის გამოძიებაში პირადად ბერიაც ძალზე აქტიურად იყო ჩართული. აი, რას ვკითხულობთ ცოცხლად გადარჩენილი ტერორისტის ერთ-ერთ ჩვენებაში: „მიგვაჩნდა რა სტალინი საქართველოს ბოლშევიზაციის ერთადერთ მთავარ დამნაშავედ, გადავწყვიტეთ, შური გვეძია მასზე და მისი მოკვლის მიზნით ჯერ იარაღი და ასაფეთქებელი მასალები მოვიპოვეთ, შემდეგ კი იმ ადგილების მონახაზი გავაკეთეთ, სადაც, სავარაუდოდ, შეიძლებოდა მისი განადგურება. მივიჩნიეთ რა ყველაზე უსაფრთხო გზად, ყოველივე ეს თბილისი-მოსკოვის სამგზავრო მატარებელში შევიტანეთ და მოსკოვში მიგვქონდა. რომ არა უბედური შემთხვევა, ჩვენს ჩანაფიქრს უეჭველად განვახორციელებდით“.
ნაკაშიძის საქმეში არც უცხოური კვალი ჩანდა, არც სხვა, შიდა კავშირები და გამოდიოდა, რომ ამხელა ღონისძიებას მხოლოდ და მხოლოდ ოთხი ადამიანი ახორციელებდა, რაც საკმაოდ რთული გასაკეთებელი, უფრო მეტიც – რთულად დასაჯერებელი იყო. გამომძიებლის კითხვას, თუ რატომ იყვნენ ტერორისტები ასე თავდაჯერებებული, ნაკაშიძემ საკმაოდ საინტერესოდ უპასუხა: წარმატებაში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვიყავით, უპირველესად იმიტომ, რომ თავი გვქონდა გადადებული და პირველი ვარიანტი თუ არა, სათადარიგო აუცილებლად გამართლდებოდაო. გამოძიება, რა თქმა უნდა, სათადარიგო ვარიანტითაც დაინტერესდა და გაირკვა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ტერორისტები სტალინის მოკვლას გასროლით ან აფეთქებით ვერ მოახერხებდნენ, მაშინ ნაკაშიძე მავზოლეუმის ტრიბუნას უნდა დაჯახებოდა თვითმფრინავით და ამგვარად გაენადგურებინა სტალინი. ერთი სიტყვით, ნაკაშიძის საქმე საკმაოდ იდუმალებით მოცული იყო და, მიუხედავად იმისა, რომ ის თავიდან ბოლომდე დეტალურად გამოიძიეს, ერთადერთი სამხილი, თუ არ ჩავთვლით კუპეში აღმოჩენილ იარაღს, თავად ნაკაშიძის ჩვენებითი აღიარება იყო. „ოგეპეუმ“ ეს საქმე ორ კვირაში დაასრულა და სასამართლოს გადასცა. მასალები კი, წესისამებრ, მოსკოვში, ჩვენ გადმოგვიგზავნეს გასაცნობად. უფრო სწორად, ვლასიკს გაუგზავნეს, რადგან მე მაშინ ამ მასლებს არავინ წამაკითხებდა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ კოტე ნაკაშიძე სასამართლოს წინა ღამეს ციხის გუშაგმა დაცხრილა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ამ ფაქტმა მრავალი ეჭვი წარმოშვა: ჯერ ერთი, ნაკაშიძისნაირი პატიმრები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ და, საინტერესოა, როგორ მოახერხა მან ციხის ეზოში ჩასვლა და შემდეგ მავთულხლართზე აძვრომა; მეორე საეჭვო ფაქტი კი ისაა, რომ იმ პერიოდში ციხეებს კარაბინებით იცავდნენ, გუშაგებს ავტომატური იარაღი ჯერ არ ჰქონდათ. ნაკაშიძეს კი რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი ზურგსა და გულმკერდის არეში. კარაბინით ამის გაკეთებას დიდი დრო დასჭირდებოდა, თანაც პირველი ტყვიის მოხვედრისთანავე ნაკაშიძე აუცილებლად ძირს დავარდებოდა, ვეღარსად მოახერხებდა გაქცევას და დანარჩენ ტყვიებს აღარ ესროდნენ, რადგან იგი ცოცხალი უფრო საჭირო იქნებოდა გამომძიებლებისთვის. თუმცა, როგორც ეტყობა, თბილისში სხვაგვარადაც ფიქრობდნენ. მათი აზრით, ნაკაშიძეს ან ერთდროულად ესროლა რამდენიმე კარაბინიანმა გუშაგმა, ან ერთმა გუშაგმა მშვიდად და აუღელვებლად მოკლა ის. ერთი სიტყვით, როდესაც ეს საქმე სტალინს გააცნეს, მან პირადად დაიბარა ბერია კრემლში და ესაუბრა, შემდეგ კი, პოლიტბიუროს უახლოეს სხდომაზე მისი მისამართით საქებარი ეპითეტები არ დაუშურებია, რითაც ყველაზე მეტად პოლიტბიუროს ქართველი წევრები აღუშფოთებია. ორჯონიკიძე და მისი მიმდევრები ბერიას ავანტიურისტად მიიჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ მთელი ეს ისტორია თავიდან ბოლომდე თავად ბერიამ მოაწყო, იმისთვის, რომ სტალინის ნდობა მოეპოვებინა და მას დაახლოებოდა. სტალინი კი, როგორც ეტყობა, სხვაგვარად ფიქრობდა, რადგან მან სულ მალე კიდევ უფრო დაიახლოვა ბერია. თუმცა, ამ საქმეზე კრინტიც აღარ დაუძრავს, წითელი მოედნის სიახლოვეს კი ყოველგვარი ფრენები აიკრძალა. სტალინის ბრძანებით, სამხედრო იარაღსა და აღჭურვილობას ჯერ გულმოდგინედ ამოწმებდნენ, რომ საბრძოლო მდგომარეობაში არ ყოფილიყო და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევდნენ მათ წითელ მოედანზე შესვლის უფლებას.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3