წარმოსახვის მსხვერპლი
დაკრძალვაზე ელენის ყველა მეგობარი იყო... მე, მისი ქმარი ვერ ვიტანდი მათ – მსახიობებსა და კინოტექნიკოსებს. მთელი ეს „კინოშნიკების“ ბანდა ჩემს ნერვულ სისტემაზე საშინლად მოქმედებდა. ისე მიყურებდნენ, როგორც საშინელ, საზიზღარ დამნაშავეს. თვალები უელავდათ და მათ გამომეტყველებაში იყო უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა... ვერ ვიტანდი მათ და მინდოდა, ჩქარა დასრულებულიყო ყველაფერი. ყველა ფორმალობა რომ დასრულდა, რამდენიმე დღით სან-ფრანცისკოდან გავემგზავრე. კარიბის ზღვის კუნძულებისკენ გამიწია გულმა. იქ მეგი მელოდებოდა, რომელიც ელენის სიკვდილამდე სამი თვით ადრე გავიცანი. ჩემზე უფროსიც იყო, ქვრივიც და არც ისეთი ლამაზი, მაგრამ მასთან თავს კარგად ვგრძნობდი. ქმარმა ბევრი ფული დაუტოვა და ყველანაირად მანებივრებდა. ელენი რომ საოცრად ლამაზი იყო, ამით რა იცვლებოდა? ჰო, თავიდან ეს რაღაცას ნიშნავდა ჩემთვის, მაგრამ მერე შევეჩვიე. მეგის შეიძლება ეგონა, რომ პოტენციურ ცოლად განვიხილავდი, მაგრამ თავისუფლებადაბრუნებული ამაზე ჯერ საერთოდ არ ვფიქრობდი.
სან-ფრანცისკოში რომ დავბრუნდი, ელენის მდიდრულ ვილაზე დავბინავდი. თან, ვილა გასაყიდადაც გამოვიტანე. სახლი მართლაც შეუდარებელი იყო, მაგრამ მარტოხელა კაცისთვის მეტისმეტად დიდი, ნერვებს მიშლიდა. აქ ყველაფერი ელენს მაგონებდა... ჰო, ელენი, ის იმაზე გაცილებით მდიდარი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი, ანგარიშებზე საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა გადანახული.
სან–ფრანცისკოში ჩემი დაბრუნებიდან ერთი კვირის შემდეგ, ვიღაც არარაობა მესტუმრა. იღლიაში დიდი, მაგარი ქაღალდის კონვერტი ჰქონდა ამოჩრილი. იდგა და საცოდავად ირწეოდა აქეთ-იქით. თავიდან ნორმალური არც მეგონა.
– მისტერ ფლეტჩერ, სულ ორი წუთით მომისმინეთ. ცუდი განზრახვით არ მოვსულვარ. მოლაპარაკება მინდა...
– მოლაპარაკება, რის თაობაზე? – მისი ტონი ძალიან არ მომეწონა. თითქოს ჩემი კოშმარული სიზმრების ახდენას მიქადდა.
– მოკლედ გეტყვით სათქმელს. მე მისტერ კუიკი ვარ და მენეჯერის თანაშემწედ ვმუშაობ. მაგრამ, ეს არ არის მთავარი. ჩემი დის ქმრის სახლი თქვენი სახლის მოპირდაპირე მხარესაა. ამ ქარაფის მეორე ნაპირზე. ახლა ნისლია და არ ჩანს. იმ დილით კი ნისლი არ იყო. ფოტოხელოვნება მიტაცებს. მიყვარს ფოტოგრაფია. იმ დღეებში ჩემი მთელი დანაზოგი ახალი ობიექტივის შესაძენად დავხარჯე. მინდოდა, მოძრავ სამიზნეებზე მომესინჯა და ფოტოაპარატი თქვენი სახლის ვერანდისკენ მივმართე. 10 აპრილის დილა გახსოვთ? ვიცი, რომ რკინის ალიბი გაქვთ. ვიცი, რომ თქვენი ცოლის სიკვდილს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიეცა და გამოძიებას თქვენ მიმართ პრეტენზიები არა აქვს, მაგრამ იქნებ გენახათ, რაც გადავიღე?
ხელები ამიკანკალდა, მაგრამ ფოტოსურათი მაინც გამოვართვი. გამოსახულება მკვეთრი არ იყო. სახეების გარჩევას ვერავინ შეძლებდა, მაგრამ ფოტოზე ნათლად ჩანდა პენუარში გამოყწობილი ქალი და მამაკაციც მის გვერდით...
სკამზე დავეშვი.
– მისტერ ფლეტჩერ, გაზეთებში ეწერა, რომ თქვენი ცოლი იმ დილით სახლში მარტო იყო. თქვენ კი სხვა ადგილას იმყოფებოდით, მაგრამ ეს ფოტო... ხომ გესმით...
– ფული გინდათ? – საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.
– ბევრს არ მოვითხოვ. გამოფენის მოწყობას ვგეგმავდი. ათას ხუთასი დოლარი მეყოფა... მერეც არ შეგაწუხებთ, თვეში ერთხელ, სოციალური დახმარების სახით, ოთხასი დოლარი ჩამირიცხეთ ხოლმე და ფოტო გაქრება. თითქოს არც ყოფილა.
– ნეგატივი?
– ნეგატივიც, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ისე, ყოველი შემთხვევისთვის მექნება. ხომ შეიძლება, მე და თქვენ მარტონი აღმოვჩნდეთ ვერანდაზე, რომელიც ქარაფს გადაჰყურებს...
შუბლი ცივმა ოფლმა დამისველა.
ფულს ორი დღის შემდეგ მოგცემ, ბარში.
– დიახ, რა თქმა უნდა, მისტერ ფლეტჩერ... არ მინდა, ჩემზე ცუდი იფიქროთ. თავისთავად მოხდა, რაც მოხდა და სულელი ვიქნები, შანსი რომ არ გამოვიყენო.
ვიცოდი, ფულის მიცემით შანტაჟისტს მეტის მიღების მადას რომ ვუღვივებდი... იმასაც ვხვდებოდი, რომ სისხლის მწოველ წურბელას ვისვამდი კისერზე, მაგრამ რატომღაც ვარჩიე, დავნებებოდი. თითქმის იმავე წუთს გადავწყვიტე, რომ მეგის ცოლად შევირთავდი...
ბარში ბნელოდა. მხოლოდ მაგიდები იყო განათებული სუსტად. ჯიბიდან კონვერტი ამოვიღე და შანტაჟისტ ფოტოგრაფს გადავეცი. თითქმის იმავე წუთს ორი ბრგე მამაკაცი დამეძგერა და ხელებზე ბორკილები დამადო. რაღაცას მეუბნებოდნენ დუმილის უფლებასა და სამხილების შესახებ. ფოტოგრაფი კუიკიც გარდაიქმნა – თვალებში ველური ცეცხლი აუკიაფდა, წელში გაიმართა და მხოლოდ მაშინ ვიცანი ელენის ერთ-ერთი ასისტენტი.
– გამოგიჭირე, ფლეტჩერ? ვიცოდი, რომ ელენის სიკვდილში შენი ხელი ერია. სანამ მზეზე ითბობდი გვერდებს, შენს სახლში შევედით და პატარა სცენა გავითამაშეთ, რაშიც გრძელფოკუსიანი ობიექტივი დაგვეხმარა. ჩვენ მხოლოდ გადავიღეთ ის, რაც შეიძლებოდა ელენის სიკვდილის ღამეს მომხდარიყო. შენი ცოლი ყველას უყვარდა. ამიტომ, უარი არ უთქვამთ მსახიობებს დახმარებაზე. მოხალისე იმაზე მეტი გამოჩნდა, ვიდრე საჭირო იყო. შენც ეგრევე წამოეგე ანკესზე. სატყუარაც გადაყლაპე. ვნახოთ, როგორ დაარწმუნებ ნაფიც მსაჯულებს, რომ ნარკოტიკებით გაბრუებული ელენი ტერასაზე თვითონ გამოვიდა, გადაიხარა, ფეხი აუსხლტა და გადავარდა... ან სულაც, გადახტა. არასოდეს მომწონდი, ფლეტჩერ. ვიცოდი, რომ ნაძირალა იყავი და ელენის სიყვარულს არ იმსახურებდი. მაგრამ, სასიკვდილოდაც თუ გაიმეტებდი, ვერ წარმოვიდგენდი. როგორ შეგეძლო, ასეთი სილამაზე გაგენადგურებინა.
მესმოდა, როგორ ლაპარაკობდა კუიკი კიდევ რაღაცას ელენზე, მაგრამ სიტყვებს გარკვევით ვერ ვარჩევდი. იმ ორი ტიპიდან ერთმა გაიცინა და თქვა, რომ სულელი ვიყავი. მეორემაც გაიცინა და დაამატა, რომ ახლა ჩემს სისულელეზე ფიქრის დრო საკმარისზე მეტი მექნებოდა. იქამდე, სანამ ნაფიცი მსაჯულები მკვლელობაში ჩემს ბრალეულობას დაადასტურებდნენ და გაზის კამერაში ამომაყოფინებდნენ თავს... მე კი ვიჯექი და ვფიქრობდი: რატომ გადავწყვიტე, რომ იმ ფოტოსურათზე მე და ელენი ვიყავით აღბეჭდილი. რატომ დავთანხმდი „ფოტოგრაფისთვის“ ფულის მიცემას. მე ხომ ელენის სიკვდილის მომენტში სახლში მართლა არ ვყოფილვარ... იქნებ იმიტომ, რომ ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე სცენას – როგორ ვიდექით მე და ელენი ტერასაზე, როგორ ვკრავდი ნარკოტიკებით ან სასმელით გაბრუებულს ხელს და ქვემოთ ვაგდებდი. ეს იმდენჯერ წარმოვიდგინე, ბოლოს დავიჯერე კიდეც, რომ ცოლი მე მოვკალი. ახლა სხვა რამ უნდა წარმომედგინა, რომ ნაფიცი მსაჯულები ჩემს უდანაშაულობაში დამერწმუნებინა. მაგრამ, არ ვიცოდი, რა მეთქვა კონკრეტულად. იქნებ ის, რომ ფანტაზიამ მიმუხთლა.