ღალატი სიყვარულისთვის
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-33(764)
ნიკამ უკმაყოფილოდ შეუბღვირა ცოლს:
– ეს არის, მარტო ჩვენ ვიქნებითო? ვერ ვხვდები, რაში გჭირდებოდა შენი შეფის აკიდება, სამსახურში არ გყოფნის? უნდა ჩამაშხამოთ ახლა მთელი უიქენდი...
– ნუ ხარ უჟმური! ანამ რა უნდა დაგიშავოს. რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ დასვენება ჩაგვიშხამდეს. იქნება თავისთვის.
– „თავისთვის იქნება“... – გამოაჯავრა ნიკამ, – საერთოდ, მე რაღაში გჭირდები, წაიყვანეთ ბავშვები და წადით. მეც მოვისვენებ და თქვენც ენებს მოიქავებთ ლაპარაკით.
– ნიკა! – უკმაყოფილო ტონით შეჰყვირა სოფომ.
– რა ნიკა, რა?! აღარ მოვდივარ, მორჩა...
– პირდაპირ მითხარი, რომ წამოსვლა არც მანამდე გინდოდა და ახლა მიზეზი იპოვე.
– აჰა, ხედავ, როგორი უსამართლო ხარ? სულაც მე არ შემოგთავაზე ქალაქგარეთ წასვლა? მაგრამ შენ ყველაფერი გააფუჭე, იმიტომ, რომ ენა ვერ გააჩერე და ანას შესთავაზე ჩვენთან ერთად წამოსვლა...
– შემეცოდა, რატომ არ გესმის? სულ მარტოა, თან, ისეთი გაღიზიანებულია... სხვათა შორის, არ მოდიოდა, ხელს შეგიშლითო...
– მართალია, შეგვიშლის... – სწრაფად დაეთანხმა ნიკა, – არ შემიძლია, მაგ ქალისთვის რევერანსების კეთება. ბარემ მთელი სამსახური წამოგეყვანა... ვინ გყავთ კიდევ იქ?
– გეყოფა, თორემ, მართლა გავბრაზდები.
– რაც გინდა, ის ქენი, ჭკუა საერთოდ არ გაქვს! – მხრები აიჩეჩა ნიკამ.
სოფო თავდასხმისთვის მოემზადა, მაგრამ უცებ ირინკას სიტყვები გაახსენდა – ისე მოიქეცი, რომ გააკვირვო; მოულოდნელობით განაიარაღე და მერე შეუტიეო. გაჩუმდა, ქმარს გაუღიმა და დათაფლული ტონით წარმოთქვა:
– ჰო, მართალი ხარ, ჭკუა შეიძლება არ მაქვს, მაგრამ, ანა მართლა შემეცოდა, ბავშვს გეფიცები. შენც შეგეცოდებოდა, ისეთი საყვარელი და კეთილი ხარ... მე ისე გავაკეთებ, რომ ორი ფანტასტიკური ღამე გვექნება.
ნიკამ გაოცება ვერ დამალა, ცოლს პირდაღებულმა შეხედა და ნაძალადევად გაუღიმა. მერე თქვა, თუმცა უხალისოდ:
– კარგი, წამოვიდეს. პრინციპში, რა უნდა დაგვიშავოს. ბავშვიც წამოიყვანოს და ჩვენიც გაერთობა... იქნებ ანამ იქ თავისი ქმრის შემცვლელიც იშოვოს...
– ნიკა, რანაირი ხარ... ანა ეგეთი არ არის...
– მაინც, როგორი „ეგეთი“? – გამოაჯავრა ნიკამ, – სხვათა შორის, მე იმ ლაშას ვიცნობ.
– ვინ ლაშას, ანას ყოფილ ქმარს?
– ჰო. ყოფილია თუ არაყოფილი, ვიცნობ და ცუდი ტიპი არ არის.
– დეგენერატია. შენ რა საქმე გაქვს მასთან? – უკმაყოფილოდ დაიჭყანა სოფო.
– ისეთი არაფერი. ნუ გეშინია, ჩემი ძმაკაცი არ არის... საქმეში გადავიკვეთეთ... ფულიც აქვს... არც დეგენერატს ჰგავს...
– კაცი რომ შვილს მიატოვებს და ვიღაც „ნაშას“ გულისთვის მისი დაბადების დღეზეც არ მივა, როგორ არ არის დეგენერატი? – გაცხარდა სოფო.
– ჰო, ეგ არ უნდა გაეკეთებინა, – დაეთანხმა ნიკა, რადგან იცოდა, რაც მოჰყვებოდა არდათანხმებას. სოფო მასთან მივიდა და მხარზე მიეხუტა:
– შენ ისეთი საყვარელი და კარგი მყავხარ... აშკარად გამიმართლა. მოდი, შაბათისთვის ნუღარ გადავდებთ და ამაღამვე მოვიწყოთ დღესასწაული. ბავშვს უკვე სძინავს.
ნიკამ ეჭვით შეხედა მტრედივით აღუღუნებულ ცოლს.
– რა ხდება? მეორე მანქანას ვეღარ გიყიდი... თუ, რამე უფრო ძვირფასი გინდა? სოფო, იცოდე, ფული აღარ მაქვს...
ქალმა გაიცინა:
– არაფერი არ მინდა... ამჯერად ნატურით მჭირდება შენგან ერთგულებისა და სიყვარულის დადასტურება.
– დღეს ვერ გცნობ... მოწიე რამე? რა გჭირს?
– ვითომ არ იცი, რომ სიგარეტსაც კი იშვიათად ვეწევი, – სოფო ქმარს ჩაეხუტა, – მიყვარხარ, რა უნდა მჭირდეს?
– რა გაეწყობა, ჩხუბს ეს მირჩევნია, – ამოიოხრა ნიკამ და ცოლის გამოწვდილ ტუჩებს თავისი მიაგება...
***
ანამ სამგზავრო ჩანთაში ერთ მხარეს ჯერ ბავშვის ტანსაცმელი ჩააწყო, მეორე მხარეს კი თავისი ნივთების ჩალაგებას შეუდგა. ჩადო შარვალი, მაისური, კედები; კარადიდან კაბის გამოღება დააპირა და უცებ შედგა – შემკრთალი მიაჩერდა საკიდზე ფაქიზად ჩამოკიდებულ ფირუზისფერ კაბას და გაახსენდა:
– ლაშამ მოწონებით გაიცინა და თმაზე ალერსით გადაუსვა ხელი.
– ძალიან გიხდება, რაღას ფიქრობ, იყიდე.
– მართლა? მართლა მიხდება?
– უჰ, ისეთი სექსუალური ხარ და მიმზიდველი მაგ კაბაში, მაღაზიაში რომ არ ვიყოთ...
– გაჩუმდი, სირცხვილია... – ანამ შემცბარმა მიმოიხედა.
– რა არის სირცხვილი, შენი ფეხები ასე მაცდურად რომ მოჩანს კაბიდან?
– ლაშა, გეყოფა, მართლა სირცხვილია, – ანამ სწრაფად გადაიხადა ფული, ძველი კაბა გამყიდველი გოგონას მიცემულ პარკში ჩატენა და მაღაზიიდან გამოვიდა. ლაშაც უკან გაჰყვა, დაეწია და შიშველ მხარზე აკოცა. ანამ უხეშად მოიშორა მისი ალერსი, მაგრამ კაცი ასე ადვილად არ აპირებდა დანებებას – ქალს წელზე მოხვია ხელი და მანქანისკენ ჩქარი ნაბიჯით წაიყვანა, თან გზადაგზა კისერზე ჰკოცნიდა”...
ანამ კაბას ხელი მოჰკიდა. ცოტა ხანს იყოყმანა და ჩანთაში ჩადო...
***
იშვიათად შედიოდა ბარში მარტო. დალევა არ უყვარდა, მით უფრო, მგზავრობის წინ. ბარმენს სუფთა ვისკი შეუკვეთა, სოდის გარეშე და ჭიქაში მთელი მუჭა ყინული ჩაყარა... მოზრდილი ყლუპი მოსვა, მერე ჭიქა დახლზე დადგა და მიიხედ-მოიხედა... მოშორებით გრძელფეხება, მაღალმკერდიანი გოგონა შენიშნა, ძალიან მოკლე კაბით.
თითით მიიხმო და გაუღიმა...
– აქ რას აკეთებ? – ჰკითხა და შემფასებლის თვალით შეათვალიერა.
– შენ გელოდებოდი... – გამომწვევად გაიცინა გოგომ და თავი მხარზე მიადო.
– შენ ან ძალიან საყვარელი ვინმე ხარ, ან ძალიან სულელი... ამ უქმეებზე რას აკეთებ?
– გააჩნია, რას შემომთავაზებ.
– ანუ, ყველაფერზე თანახმა ხარ?
გოგონამ მხრები აიჩეჩა.
– ყველაფერზე არა, მაგრამ, დაახლოებით ვხვდები, რა შეიძლება იგულისხმებოდეს „ყველაფერში“, მანიაკს არ ჰგავხარ.
ლაშამ დამცინავი მზერით შეათვალიერა:
– ოჰო, მთლად სულელიც არ ყოფილხარ... მოკლედ, ჩემი მეგობარი ქალი ქალაქგარეთ არ მომყვება – საქმე გამოუჩნდა. ორი დღით წამოხვალ?
– სასტუმროს გააჩნია, – გაინაზა გოგონა.
– მანიაკს არ ჰგავხარო და, მგონი, არც მზესუმზირის გამყიდველს უნდა ვგავდე. ყველაფერი „სუპერ“ იქნება. აბა, მოსულა?
– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს... – მხრები აიჩეჩა გოგონამ.
– ჰო, რა გქვია?
– თიკუნა...
– მოკლედ, ასე, თიკუნა... მომეცი შენი მობილურის ნომერი და ზეგ დაგირეკავ – გეტყვი, სადაც უნდა დამელოდო.
– უკვე მიდიხარ? – ტუჩები გაბუსხა გოგომ.
ლაშამ ღიმილით შეხედა:
– ჯერ არა... სასმელი გინდა?
– კოქტეილს დავლევ, – გოგონამ ბარმენს საფირმო, საკმაოდ ძვირად ღირებული კოქტეილი შეუკვეთა.
– ჩემს შესაძლებლობებს ტესტავ? – გადაიხარხარა ლაშამ, – ერთმანეთიც ხომ არ გაგვეტესტა? ავიდეთ ნომერში?
გოგონა გაინაზა:
– რა ვიცი... მე ყველასთან არ ვწვები...
– არც მე ვწვები ყველასთან, – გამოაჯავრა ლაშამ, – დალიე კოქტეილი და წამოდი, მანამდე ნომერს ავიღებ.
***
ნიკამ ბოლო ჩანთა ჩადო მანქანის საბარგულში და ცოლს ირონიულად ჰკითხა:
– დაგრჩა რამე თუ სულ ეს არის?
– მგონი, ყველაფერი წამოვიღე... – სოფო ჩაფიქრდა.
– სარეცხი მანქანა და ქურქი გავიწყდება... ჰო, კიდევ მაცივარი და ტელევიზორი, – დასცინა ქმარმა.
– როგორი საზიზღარი ხარ. შენ უნდა ალაგებდე სამივეს ბარგს და ნახავდი.
– ღმერთმა დამიფაროს. შენ რა გადაგირჩებოდა... მაინც ვერ ვხვდები, ამდენი ტანსაცმელი რაში გჭირდება. სამი ღამე და ორი დღე ვრჩებით იქ...
– ჰო, მაგრამ, წინასწარ ხომ არ ვიცი, რა დაგვჭირდება? მით უმეტეს, რომ ბავშვიც მომყავს.
– კარგი, კარგი, ჩაჯექი და წავიდეთ... შენი მეგობარი მოაგნებს სასტუმროს თუ უნდა გავუაროთ?
– დამშვიდდი, არ უნდა გავუაროთ. მძღოლი ჩამოიყვანს.
– კიდევ კარგი, თორემ, ჩენს საბარგულში ამდენი ბარგი ნამდვილად ვეღარ ჩაეტეოდა.
– ლაშა, ნუ წუწუნებ!
– კი არ ვწუწუნებ, გიხსნი, რომ გაიგო – საბარგული მხოლოდ კონკრეტულ მოცულობაზეა გათვლილი...
– ძალიან სასაცილოა, – გამოაჯავრა სოფომ, – ჩასვი ბავშვი და წავიდეთ.
– იმედია, ერთი-ორი საათი მაინც მოიცლი ჩემთვის და ბავშვისთვის ამ ორი დღის განმავლობაში.
– ნუ ლაპარაკობ სისულელეს, აბა, რას ვიზამ.
– რას იზამ და, ენას გადაიტყავებ ანასთან ჭორაობით.
– ნიკა!
– კარგი, გავჩუმდი. პრინციპში, საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს. ღამით ხომ მაინც მომიწვები გვერდით... თან, ბავშვთანაც გავერთობი...
– ნიკა! – კიდევ ერთხელ გამაფრთხილებლად დაუძახა სოფომ. კაცმა ხელისგული პირზე აიფარა და მხრები ისე აიჩეჩა, თითქოს ეუბნებოდა, ყველაფერი გავიგე და ეს როგორ წამომცდაო.
***
ირინკამ მანქანა გააჩერა. გადასვლა არც უფიქრია, მხოლოდ ფანჯრის მინა ჩამოსწია და იქვე მდგარ ბიჭს შეუბღვირა:
– აჰა, მოვედი, მითხარი, რა გინდა... რისთვის დამიბარე.
– ასე ვერ დაგელაპარაკები. გადმოდი მანქანიდან, კაფეში შევიდეთ და ყავა დავლიოთ...
– არა, აქ მითხარი.
– ირინკა, ჩემი გეშინია? უცხოები ხომ არა ვართ?
– უცხოები რომ არ ვართ, იმიტომაც არ მინდა შენთან ერთად ყავის დალევა.
ბიჭმა ამოიოხრა. ასაკი შეიძლება უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე გარეგნულად ეტყობოდა. ისეთი თვალებით უყურებდა ირინკას, რომ უსიტყვოდ იყო შესამჩნევი გრძნობა, რომელიც მის მიმართ ჰქონდა.
– იტყვი თუ არა, რა გინდა? შენ გამო გეგმები ჩამეშალა – ქალაქიდან მინდოდა გასვლა, მაგრამ, ერთ ძალიან კარგ ადამიანს უარი ვუთხარი და გავანაწყენე.
– სწორედ მაგაზე მინდოდა დაგლაპარაკებოდი, – ამოიოხრა ბიჭმა.
– რაზე?
– შენზე ისეთი ხმები მომდის...
ირინკამ გაოცებით ასწია წარბები:
– რა? შენ ხომ არ გაგიჟდი?! როგორ მიბედავ...
– გიბედავ კი არა, ცოტა ჭკუით იყავი, გესმის? – ხმა გაიმკაცრა ბიჭმა და ფანჯარას იდაყვით დაეყრდნო. ირინკამ უხეშად ჰკრა ხელი:
– როგორი დეგენერატიც იყავი, ისეთადვე დარჩი.
– მართლა? ირინკა, ჩემს მოთმინებას ნუ სცდი, გათხოვება თუ გინდა, გათხოვდი...
– შენი საქმე არ არის, მე რა მინდა... გაფრთხილებ, კიდევ ერთხელ დამირეკავ ან მესიჯს მომწერ და შენ თავს დააბრალე!
– ნუ მემუქრები, ირინკა... – ბიჭს თვალებში ბოროტმა ნაპერწკალმა გაუელვა...
– არ გემუქრები, გაფრთხილებ. მე შენი საკუთრება არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ... თავი დამანებე, გზაზე აღარ გადამეღობო! იცოდე, ისევ შენთვის აჯობებს.
– მე კი გაფრთხილებ, შენზე ხმები აღარ მომივიდეს, თორემ, საკუთარ თავზე პასუხს აღარ ვაგებ.
– ჰა, ჰა, ჰა... – სარკასტულად გაიცინა ირინკამ, – შენი უბედურება, იცი, რაშია? გგონია, ყოველთვის ყველაფერი ისე იქნება, როგორც მოინდომებ, რეალურად ასე არ ხდება და ვერც მოხდება. დრო კი გადის და ხელიდან გეცლება – აი, ამას ვერ ხვდები... ამდენი ხნის განმავლობაში ისიც კი ვერ დავიდა შენს გონებამდე, რომ დამკარგე, თანაც სამუდამოდ...
– მაგას დრო გვიჩვენებს.
– ახლა მომცილდი, თორემ, მართლა გიჩვენებ! – გაცხარდა ირინკა, – მაინც მოახერხე და მომიშალე ნერვები!
– შენ კი მთელი ცხოვრება გამიმწარე.
– მართლა? მერე, რაღას დამდევ კუდში ან აქ რისთვის დგახარ?
– იმიტომ, რომ მინდა, ცოტა აზრზე მოგიყვანო. მართლა ვერ ხვდები, რას აშავებ?
– ღმერთო!.. თუ ამდენი ჭკუა გაქვს, საკუთარი თავი დაარიგე! მორჩა, მე წავედი... გაიგე, ხომ? აღარ მირეკავ, აღარ მეხმიანები და საერთოდ ივიწყებ, რომ ამქვეყნად ვარსებობ...
– ირინკა, აზრზე მოდი...
– გაიწიე, თორემ გადაგივლი! – შეუყვირა ირინკამ, ძრავა ჩართო და მთელი ხმით ააღმუვლა... ბიჭმა გვერდზე გახტომა მოასწრო და უშვერად შეიგინა...
ირინკამ უაზროდ იხეტიალა ქალაქის ქუჩებში. საკმაოდ მაღალი სისწრაფით მოძრაობდა და ლამის შემხვედრ მანქანას დაეჯახა – მუხრუჭის ხმამ გამოაფხიზლა, მანქანა გზიდან გადაიყვანა, გააჩერა და საჭეს შუბლით დაეყრდნო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში