კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, რა ჰქვია ცელულიტს სამედიცინო ენაზე და, თუ შეიძლება, ცოტა დაწვრილებით მიამბეთ ანტიცელულიტური მასაჟის შესახებ.
პასუხი: ანტიცელულიტური მასაჟის ძირითადი მიზანია კაპილარული სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. თუ ხელით მასაჟს პროფესიონალი აკეთებს, კანი სწრაფად რეაგირებს: იზრდება კოლაგენის შემადგენლობა; კანი ხდება გლუვი და ელასტიკური. პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პრობლემური უბნის ფართობზე, შესაბამისად, ის შეიძლება გაგრძელდეს 30-დან 60 წუთამდე. სამედიცინო ტერმინოლოგიით კი ცელულიტს ჰქვია ლოკალური ჰიდროლიპოდისტროფია და ედემატოფიბროსკლეროტიკული პანიკულიტი, ანუ კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის ანთება.
სეანსების რაოდენობა საშუალოდ 10-დან 15-მდე მერყეობს. ნებისმიერი სახის მასაჟი უკეთეს შედეგს მოგცემთ კომპლექსური მიდგომის შემთხვევაში: კურსის განმავლობაში აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა და დიეტა. პროცედურის წინ, სასურველია, დალიოთ ცოტა წყალი; სეანსის მიმდინარეობისას, 1 საათის განმავლობაში და სეანსის შემდეგ (დროის ამავე ხანგრძლივობით) არ უნდა მიიღოთ საკვები. შეგიძლიათ, ხელით მასაჟს შეუთავსოთ იოგა ან მოდელირებული ტანვარჯიში.
კითხვა: როგორ ხდება მზის აბაზანებისთვის კანის მომზადება?
პასუხი: მზის აბაზანების მიღებამდე 1-2 კვირის განმავლობაში აუცილებელია კანის გამწმენდი და დამატენიანებელი პროცედურების ჩატარება.
კითხვა: როგორ მოვუარო თმას ზღვაზე წასვლის წინ?
პასუხი: ცნობილია, რომ ულტრაიისფერი სხივები აზიანებს თმის ზედა, დამცავ ფენას, ახდენს თმის გაუწყლოებას და შლის მის პიგმენტს. ამიტომ, ნუ გაიკეთებთ ქიმიურ დახვევას და ნუ შეიღებავთ თმის უშუალოდ ზღვაზე წასვლის წინ. თუ ეს მაინც გააკეთეთ, მზეზე ყოფნისას აუცილებლად დაიცავით თმა ქუდით ან სხვა საშუალებით.
კითხვა: წლის რომელ სეზონზეა რეკომენდებული ღრმა ქიმიური პილინგისა და ლაზერული პროცედურის ჩატარება?
პასუხი: ღრმა ქიმიური პილინგისა და ლაზერული პროცედურების (გაახალგაზრდავება, კანის ნაწიბურების გასწორება) ჩატარება რეკომენდებულია შემოდგომაზე – ამით თავს დაიზღვევთ პიგმენტური ლაქების გაჩენისგან.