მძარცველთა საგანძური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-33(764)
– ვასო და ოლეგი ციმბირში არიან ზალკინის დასაჭერად.
– რაღაც არ მგონია, მილიცია ქირურგის კვალს ადგეს, – ჩაეცინა სედოის.
– აბა, რა გგონია?
– ვფიქრობ, იური სერგეევიჩი პონტს აგდებს.
– რა პონტს?
– რაღაც არხებით მილიციას ცრუ ინფორმაციას აწვდის. აქეთ-იქით არბენინებს და ცრუ კვალზე აყენებს. ამით კი დროსა და სივრცეს იგებს. თავად კი, ქვეყნიდან გასაქცევად ემზადება.
– ვითომ?
– თუ არა, მაშინ რატომ ვერ იჭერენ?
– ასე ადვილია კაცის დაჭერა?
– ადვილი კი არა, შეუძლებელია, თუკი ჩემი ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება.
– თუ არ შეესაბამება? – იკითხა დიმკამ.
– მაშინ დაიჭერენ, – მიუგო სედოიმ.
– დაიჭერენ, ვერ დაიჭერენ... მარჩიელობაა და მეტი არაფერი. ჯანდაბასაც წაუღია ის გარეწარი. თუ მართლა ასეთი ეშმაკია და მილიციას აბითურებს, ჩვენ, მით უმეტეს, ვერ მოვიხელთებთ. ყოველ შემთხვევაში, ახლა მაინც. ამიტომ, რაც გვაქვს, იმას დავყაბულდეთ და ჩვენს საქმეზე ვიზრუნოთ. თუ ღმერთმა ისურვა, შეიძლება, მოვიხელთოთ კიდეც ის სადმე, – თქვა გენერალმა.
– გეთანხმები, – მიუგო სედოიმ.
– ვასილ ანდრეევიჩ, ყალბი პასპორტების საქმე როგორაა, ელაპარაკეთ იმ კაცს? – ჰკითხა გენერალს ფიგარომ.
– არა. ამის დრო და საშუალება სად იყო, – მიუგო პოპოვმა.
– ესე იგი, გაქცევა ჩაგვეშალა? – სინანულით თქვა ფიგარომ.
– არა, რატომ? – მიუგო სედოიმ და დაამატა, – ვიმსჯელოთ. გადავწყვიტოთ და ვიმოქმედოთ.
– ვიმოქმედოთ, – გახალისდა ფიგარო და განძს მიაშტერდა.
– ჯერ ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ, – თქვა სედოიმ, – ამ განძმა ჭკუიდან არ გადაგიყვანოს, ფიგარო.
– თავი ზღაპარში მგონია. რამდენი ძვირფასეულობაა? – თქვა ფიგარომ აღტაცებით, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გავშლით ფრთებს, ეს განძი რომ ფირმაში გავიტანოთ?
– ჯერ გაიტანეთ და ფრთები მერე გაშალეთ, – შეუბღვირა ფიგაროს პოპოვმა.
– ვასკა მართალია. ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა გავაკეთოთ. მხოლოდ პასპორტები და გამგზავრება ბევრს არაფერს ნიშნავს. თუ განძს ვერ გავიტანთ, იქ რა გვინდა? – თქვა სედოიმ.
– გეგმა გაქვს? – ჰკითხა გენერალმა.
– ჯერ პასპორტების საკითხი უნდა გავარკვიოთ. იქნებ ის კაცი აღარ ჩალიჩობს ან აქ არ არის. ან, სულაც მოკვდა? – თქვა სედოიმ და დააყოლა, – ამიტომ, ჯერ ყალბი საბუთების საკითხია გასარკვევი. გარკვევას კი თბილისში ჩასვლა სჭირდება. ეს – როგორც მინიმუმ.
– მერე და ვინ ჩავა და გაარკვევს? – იკითხა პოპოვმა და, – სედოი და დიმკა გამოირიცხნენ. აგრეთვე ფიგაროც. არც ნუციკოს გარევა ივარგებს ამ საქმეში. ვრჩები მე. მე კი, სანამ ფეხი არ მომირჩება, ვერსად წავალ. ამიტომ, გამოდის, რომ ეს საკითხი ახალ წლამდე გადაიდო. ზუსტად ამდენი დრო სჭირდება ჩემს ფეხზე დადგომას.
– პრინციპში, ვასკა მართალია, – თქვა სედოიმ.
– ვასილი ანდრეევიჩ, იქნებ მაინც მე გავემგზავრო თბილისში? – უთხრა დიმკამ პოპოვს.
– გაგიჟდი, დიმკა? დაზღვევის გარეშე ეგ საქმე არ გამოვა. დაზღვევა კი მე ვარ. მარტომ შეიძლება, უახლოეს დასახლებულ პუნქტამდეც ვერ მიაღწიო. მით უმეტეს, რომ მილიცია ძალიან გააქტიურებულია, – მიუგო გენერალმა.
– მე რომ დავაზღვიო დიმკა, – თქვა ნუცამ.
– ეგ როგორ? – კითხვა შეუბრუნა პოპოვმა.
– ვითომ ახალდაქორწინებულები ვართ და საქორწინო მოგზაურობაში ვიმყოფებით. აქედან მატარებლით გავემგზავრებით თბილისში. იქ კი დიმკა ჩემთან იცხოვრებს. თუკი სადმე წავა, მეც უკან გავყვები. ერთი სიტყვით, არ მივატოვებ.
– არა, შვილო, ასე არ გამოვა. ღმერთმა არ ქნას და რომ გაიშიფროს, შენც შარში გაეხვევი. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, – თქვა პოპოვმა.
– რატომ, ვასილ ანდრეევიჩ, რატომ ხართ ასე კატეგორიულად წინააღმდეგი? – ჰკითხა ნუცამ.
– უკვე ხომ გითხარი, რატომაც? დიდი შანსია, რომ დიმკა გაიშიფროს, დააპატიმრონ. ამას კი ყველა ჩვენგანის ჩაძირვა მოჰყვება. ყველას ციხეში გამოგვამწყვდევენ და ეს განძიც ოხრად დაგვრჩება. არა, არა, არ გამოვა ასე. ჯობია, დავიცადოთ.
– ვასილ ანდრეევიჩ, არ გეწყინოთ, მაგრამ, ვფიქრობ, აჭარბებთ, – თქვა ნუცამ, – ჩემი აზრით, მოცდა უარესია.
– რატომაა უარესი?
– იმიტომ, რომ თითქმის ნახევარი წელი ოთხ კედელს შორის უნდა იყვნენ გამომწყვდეულები დიმკა და სემიონ სემიონოვიჩი. თან, არ ვიცით, ამ დროის განმავლობაში, რა და როგორ შეიცვლება.
– შეცვლაში რას გულისხმობ?
– თუნდაც იმას, რომ შეიძლება, მილიციამ მართლაც აიღოს კვალი და სულაც აქ მოგვადგნენ.
– აქ მომადგნენ?
– დიახ. რატომ არ უშვებთ ასეთ ალბათობას?
გენერალს გაეცინა და გოგონას უთხრა:
– ნუციკო, ძვირფასო, თუ ალბათობაზეა ლაპარაკი, იმის გაცილებით მეტი ალბათობაა, რომ დიმკა გარეთ გაიშიფროს, ვიდრე ის, რომ მილიცია ჩვენს კვალს დაადგეს და პირდაპირ აქ მოგვადგეს. რა, არ მეთანხმები?
– არა, – მტკიცედ მიუგო გოგონამ.
– აბა, რატომ? ამიხსენი.
– ვასილ ანდრეევიჩ, ყველაფერს ლოგიკით ვერ ახსნი და ზოგჯერ ლოგიკის წინააღმდეგაც უნდა წახვიდე.
– დავუშვათ და მინდა, დაგეთანხმო. ერთი არგუმენტი მაინც მითხარი, მოსაზრების დამადასტურებლად. შეგიძლია, რომ მითხრა?
– ანუ, ისევ ლოგიკასთან მივედით?
– შვილო, ნუციკო, თუ გსურს, რომ გაიმარჯვო, სწორად, ლოგიკურად უნდა იმოქმედო. ასე რომ, ლოგიკას ვერ გავექცევით.
– ვასილ ანდრეევიჩ, რამდენად ლოგიკური იყო, რომ ჯერ ერთი განძი გამოჩნდა, შემდეგ კი მეორე? ასეთი რამ ხომ წარმოუდგენელია და ზღაპარშიც არ ხდება. თქვენს შემთხვევაში კი, ეს რეალურად მოხდა. გამეცით პასუხი, ტყუილს ვამბობ?
ნუციკოს სიტყვებმა გენერალი დააბნია და ჩააფიქრა. შემდეგ გაეცინა და ნუცას მიუგო:
– არ გეწყინოს, შვილო, მაგრამ შენი სიტყვები წმინდა დემაგოგიაა.
– არ მწყინს. უბრალოდ, ამიხსენით, რას გულისხმობთ?
– რაში რას ვგულისხმობ?
– იმაში, რომ ჩემი სიტყვები დემაგოგიაა.
– დემაგოგიაა და მორჩა.
– არა, ეს ახსნა არაა, – გაეცინა ნუცას, – განმიმარტეთ, რომ ვდემაგოგობ და ხმას აღარ ამოვიღებ.
– როგორ განგიმარტო, ტყუილს ამბობ.
– რა არის ტყუილი? ის, რომ ოდესაში, მიწაში ჩაფლული განძი იპოვეთ თუ ის, რომ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე ბაჯაღლო ოქროს კუბო იყო ჩაფლული, რომელიც ზღაპრული სიმდიდრითაა სავსე? – ნუცამ იატაკზე დადებული კუბოსკენ ხელი გაიშვირა და თქვა:
– აი, ეს სიმდიდრე. რეალურად აქაა.
– კი, აქაა. მერე რა?
– რამდენად ლოგიკური რეალობაა ეს?
– რადგან რეალურია, ლოგიკურიცაა.
– არ ხართ მართალი.
– რატომ?
– იმიტომ რომ, ყოველთვის არაა ლოგიკური, რაც რეალურია და არც რეალურია ყოველთვის ლოგიკური.
– აი, ჩემო ნუციკო, სწორედ რომ, ესაა დემაგოგია, – გაეცინა გენერალს, – სიტყვებით მეთამაშები და დემაგოგიაა ეს ყველაფერი.
– ვერ დაგეთანხმებით, ვასილ ანდრეევიჩ, – სიცილითვე მიუგო ნუცამ.
– რაში?
– იმაში, რომ სიტყვებით გეთამაშებით და ვდემაგოგობ. ჯერ ერთი, სიტყვა აზრის გამოხატვის საშუალებაა, ხომ ასეა?
– კი.
– მაშინ განვაგრძოთ.
– კი, ბატონო, გისმენ.
– ლოგიკა რომ სწორად განსჯასა და მტკიცებულებას ნიშნავს, მეთანხმებით?
– კი.
– იმაში თუ გეთანხმებით, რომ რეალობა ისაა, რაც სინამდვილეში ჩვენ ირგვლივ ხდება და არსებობს?
– კი. ამაშიც გეთანხმები. მერე?
– დავიწყოთ პირველით. მე თქვენ ახლა დაგიმტკიცებთ, რომ რაც რეალურია, ის არაა ლოგიკური.
– აბა, მიდი. ყურადღებით გისმენ.
– ხომ რეალურია ის, რომ დედამიწის მოსახლეობას, ჩვენი პლანეტის თითქმის ყველა ბინადარს მიაჩნია, რომ ღმერთი არსებობს და სწამთ მისი. მართალია, ყველა მას თავის სახელს უწოდებს, მაგრამ, ხომ სწამთ ღმერთი. რეალურია თუ არა ეს?
– კი. რეალურია.
– მაშინ, რამდენად ლოგიკურია ეს რეალობა, როდესაც ღმერთი, როგორც ასეთი, არ ჩანს და თუკი არ ჩანს, ვერ ვხედავთ და არც მისი მეცნიერულად გაზომვა ან დადგენა შეიძლება, ხომაა ეს არალოგიკური, მაგრამ რეალური?
– კი. მერე?
– კარგი. ახლა მეორე. მეცნიერულად, ანუ მათემატიკური ლოგიკით, აინშტაინმა დაამტკიცა, რომ დროსა და სივრცეში მოგზაურობა შესაძლებელია. ეს უტყუარი ფაქტია, რომელიც მრავალგზისაა გამოქვეყნებული და ქაღალდზე, ვიმეორებ, ქაღალდზე დადასტურებული. გსმენიათ, ალბათ.
– კი. მერე?
– მერე ის, რომ თუკი ამ ლოგიკას მივყვებით, მაშინ უნდა ვირწმუნოთ ისიც, რომ დროის მანქანა სიმართლეა და მას მხოლოდ შექმნა სჭირდება. ახლა კი მითხარით, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს?
– აბა, მე რა ვიცი? – მხრები აიჩეჩა პოპოვმა.
– ლოგიკურად რომ დამტკიცებულია, ეს ფაქტია და ამაზე უკვე შევთანხმდით. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ეს არარეალურია. აი, ჩემი მეორე მოსაზრების დასტურიც. რა, არ მეთანხმებით?
– აბა, რა გითხრა, ნუციკო. სიტყვებით მეთამაშები.
– არანაირად. თქვენ ხომ ჩემს ორივე მოსაზრებას დაეთანხმეთ, – თქვა ნუცამ. შემდეგ დანარჩენებს მიუბრუნდა და იკითხა:
– ხომ არაფერს ვიტყუები. ასე არ იყო?
– კი, ასე იყო, – ერთხმად დაეთანხმნენ გოგონას დიმკა და სედოი.
– თქვენ რას იტყვით? – ჰკითხა გოგონამ ფიგაროს.
– კი. მეც ვადასტურებ, რომ ვასილი ანდრეევიჩი ყველაფერში დაგეთანხმათ.
– ნუცა კვლავ გენერალს მიუბრუნდა და უთხრა:
– ხომ ხედავთ, ვასილ ანდრეევიჩ, რომ მართალს ვამბობ? ამიტომ, ლოგიკასა და რეალობაზე მსჯელობას თავი დავანებოთ და ნება მოგვეცით, მე და დიმკა თბილისში გავემგზავროთ და საქმეს მივხედოთ.
– მოიცა, მოიცა, სად ის და სად ეს? – თქვა გენერალმა.
– რატომ არა? სწორედ თბილისში გამგზავრებიდან დაიწყო ჩვენი პოლემიკა. მე არგუმენტებით გაჯობეთ. ესე იგი, მართალი ვარ და თბილისში გამგზავრებაზე უარიც არ უნდა გვითხრათ.
– რას ამბობს ეს ბავშვი?! – ხელები გაშალა პოპოვმა და სედოის უთხრა:
– საიდან სად წავიდა. რა შუაშია ყველაფერ ამასთან თბილისში გამგზავრება?
– არ გეწყინოს, ვასკა, მაგრამ ნუციკომ მართლა გაჯობა მსჯელობაში.
– კი. გაჯობათ, ვასილ ანდრეევიჩ, – გაიმეორა დიმკამაც.
ნუცას კი გაეღიმა და თქვა:
– მოდი, ასე მოვიქცეთ. კენჭისყრაზე დავაყენოთ ეს საკითხი და უმრავლესობამ გადაწყვიტოს ჩემი და დიმკას თბილისში გამგზავრების საკითხი. ვინაა მომხრე, რომ მე და დიმკა გავემგზავროთ, გთხოვთ, ხელი ასწიოთ.
დიმკამ, ნუცამ და სედოიმ ხელები ასწიეს.
– სამი მომხრე, – თქვა ნუცამ და დააყოლა, – მართლა გავიმარჯვე, მაგრამ ბოლომდე დემოკრატიულები ვიყოთ. ვინ შეიკავა თავი?
ფიგარომ გაუბედავად ასწია ხელი.
– ერთმა თავი შეიკავა, – თქვა ნუცამ და კვლავ იკითხა, – ვინაა წინააღმდეგი?
გენერალმა ორივე ხელი ასწია.
– წინააღმდეგია ერთი. ესე იგი, მივემგზავრებით! – თქვა ნუცამ.
– კარგი, ნუციკო, გეყოფა. რა დროს ხუმრობაა? – გენერალმა გოგონას გაუღიმა და თავზე მიეფერა.
– სულაც არ მიხუმრია. ხომ დაგიმტკიცეთ?
– გეყოფა, – ხმას აუწია გენერალმა.
– ვასკა, მართლა ხომ არ გავუშვათ ახალგაზრდები თბილისში? – უთხრა პოპოვს სედოიმ.
– გაგიჟდი, სიომკა? რამე რომ დაემართოთ, მერე? სანამ იქიდან აქ ჩამოვედით, იმდენი რამ გადაგვხვდა, ლამის ინფარქტი მივიღე. რამე რომ მოხდეს?
– ცუდი არაფერი მოხდება, ვასილ ანდრეევიჩ, – თქვა ნუცამ.
– ერთი წუთით გაჩუმდი, შვილო, – უთხრა პოპოვმა გოგონას.
– ვასკა, რა უნდა მოხდეს? ნუცა ჭკვიანი გოგონაა და მან ეს ახლახან დაგვიმტკიცა. თანაც, არც ისე სუსტი ჩანს. შენ თვითონ არ ამბობდი ამას?
– მერე რა, რომ ვამბობდი. არც ახლა უარვყოფ ჩემს სიტყვებს.
– თანაც, გამოცდილებაც მიიღეს. შეცდომებს არ დაუშვებენ. ვფიქრობ, რომ უნდა გავუშვათ, – თქვა სედოიმ.
– არა, სიომკა, ვერ დაგეთანხმები. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ჯობია, რამდენიმე თვე მოვიცადოთ და რომ გამოვჯანმრთელდები, მე თვითონ გავყვები მათ თბილისში, – მიუგო სედოის პოპოვმა.
– ვასკა, აქ გინდა, რომ ამოგვალპო?
– აბა, შენ რა გინდა, ციხეში რომ ამოგალპონ? არ იცოდე მაინც, თუ რა გელოდება, რომ დავიწვათ?
– რას დაგიჩემებია – დავიწვათო?! რატომ უნდა დავიწვათ? არ დავიწვებით. მჯერა, რომ არაფერი შეეშლებათ და საქმესაც ხუთიანზე შეასრულებენ, – თქვა სედოიმ და განაგრძო, – დიმკას სანიმუშოდ გავგრიმავთ. ქსივა აქვს. გვერდით ლამაზი და გონიერი ნუციკო ეყოლება და საქმეს სანიმუშოდ გაართმევენ თავს. გავუშვეთ. დამიჯერე, რომ ასე ჯობია.
გენერალმა შეიტყო, რომ უმცირესობაში იყო და ეშმაკობას მიმართა. გაიღიმა და თქვა:
– ხომ გაგიგონიათ, – დილა საღამოზე ბრძენიაო. ჰოდა, ეს საკითხი ხვალისთვის გადავდოთ. ახლა კი ნამგზავრი და დაღლილები ვართ. ვივახშმოთ და დავიძინოთ.
– მოსულა, – თქვა სედოიმ, – ხვალ ვილაპარაკოთ.
სედოის დანარჩენებიც დაეთანხმნენ და პოლემიკა შეწყდა. შემდეგ, ყველამ ერთად ივახშმა. ბოლოს კი თავ-თავიანთ ლოგინებში განმარტოვდნენ და დაიძინეს.
***
დიდი ძალისხმევის მიუხედავად, პოპოვმა ვერც მეორე დღეს შეძლო დანარჩენების გადაბირება. ბოლოს პოზიციები დათმო. ხელი ჩაიქნია და თქვა:
– თქვენმა აჯობა. თანახმა ვარ. გაემგზავრეთ. მაგრამ, ძალიან ფრთხილად და გონიერად იმოქმედეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენზე სხვების ბედიცაა დამოკიდებული.
ნუცამ სიხარულისგან ტაში შემოჰკრა. გენერალს მოეხვია და უთხრა:
– მიყვარხართ, ვასილ ანდრეევიჩ. დარდი ნუ გაქვთ. მე და დიმკა კარგად გავართმევთ საქმეს თავს.
– მეც მიყვარხარ, შვილო, – პოპოვმა თავზე ხელი გადაუსვა ნუცას და აკოცა, – სანამ უკან დაბრუნდებით, შეიძლება, გულიც გამისკდეს.
ქალ-ვაჟი სამი დღის შემდეგ გაემგზავრა. პოპოვმა მათ რბილი, ორადგილიანი კუპე აუღო. სალაროდან გამოტანილი ათი ათასი მანეთი მისცა და უთხრა:
– თქვენი სიყოჩაღის იმედი მაქვს. აბა, თქვენ იცით, არაფერში შეცდეთ.
მატარებელი რომ დაიძრა, მხოლოდ ამის მერე წამოვიდა სადგურიდან პოპოვი. ცალ ხელში ყავარჯენი ეკავა, მეორე მხრიდან კი ფიგარო ედგა, რომელსაც შესანიღბად მზის სათვალე ეკეთა.
შენიღბული იყო დიმკაც. მას ახალი პარიკი მოარგეს. თვალზე ლეიკოპლასტირით მარლა ჰქონდა აკრული. თან მზის მუქი სათვალე ეკეთა და ისე იყო შეცვლილი, ნუცაც კი ძლივს ცნობდა.
მატარებელმა რომ სიჩქარე აკრიფა და გამცილებელს ბილეთები ჩააბარეს, წყვილმა კუპის კარი გადარაზა, ვითომ და ინტიმური ურთიერთობისთვის. მათ გამცილებელი გააფრთხილეს, რომ არ შეეწუხებინათ, რაზეც შუახნის გაპრანჭულ ქალს უცნაურად ჩაეცინა. შემდეგ საწოლზე ჩამოსხდნენ და დაბალ ხმაზე შეუდგნენ საუბარს.
– აბა, ქმარო, რას ეტყვი შენს ახალგაზრდა ცოლს? – ნახევრად ხუმრობით უთხრა ნუცამ დიმკას, – მოგწონს კომფორტით მგზავრობა თაფლობის თვეში?
– ასე კომფორტულად პირველად ვმგზავრობ. ძირითადად, „სტოლიპინკებით“ მიწევდა გადაადგილება, – მიუგო დიმკამ.
– ეგ რაღაა?
– ციხის საეტაპო ვაგონი.
– გასაგებია. სულ დამავიწყდა, რომ ძებნილი ბოროტმოქმედის ცოლი ვარ.
– ნუციკო, რაღაცას გეტყვი და ნუ გეწყინება.
– თქვი, გისმენ.
– შენსავით განათლებული შეიძლება, არ ვარ, მაგრამ არც გონებაჩლუნგი ვარ.
ეგ რა შუაშია?
– გგონია, ვერ ვხვდები, რომ დამცინი?
– დაგცინი?
– ჰო.
– შენ რა, მართლა ასე ფიქრობ?
– აბა, მეტი რა უნდა ვიფიქრო?
– კარგი. ასე იყოს. ვიძინებ, – თქვა ნუცამ. ქვედა საწოლზე ლოგინი გაშალა და კაბის გახდას შეუდგა.
დიმკას მოერიდა და შებრუნდა. გოგონას კი გაეღიმა. დაწვა. ზეწარი წამოიხურა და კედლისკენ გადაბრუნდა. დიმკა კიდევ ორიოდ წუთი იჯდა ნუცას საწოლის კიდეზე. შემდეგ მეორე სართულზე აძვრა. ტანსაცმელი გაიძრო და დაწვა.
არც დიმკას ეძინა და არც ნუცას. თუმცა, ხმას არ იღებდნენ. საათზე მეტი რომ გავიდა, გოგონას მობეზრდა დუმილი და ბიჭს ასძახა:
– დიმკა, გძინავს?
ბიჭს ხმა არ ამოუღია.
ნუცამ კიდევ ორჯერ დაუძახა დიმკას. პასუხი რომ ვერ მიიღო, საწოლს ფეხი აჰკრა და თქვა:
– ხმა გამეცი, ვიცი, რომ არ გძინავს.
– რა გინდა? – ჩამოსძახა დიმკამ.
– რატომ არ გძინავს?
– შენ?
– მე არ მეძინება.
– არც მე, – მიუგო ბიჭმა.
– რატომ არ გეძინება?
– შენ? – კითხვა შეუბრუნა დიმკამ.
– შეყვარებული ვარ და უძილობა მჭირს.
– მეც მასე ვარ, – თქვა ბიჭმა.
– ვინ გიყვარს?
– შენ?
– ერთი ბიჭი.
– მე კი – ერთი გოგო.
– რა ჰქვია?
– ვის?
– შენს შეყვარებულს.
– შენსას?
– დიტო კანდელაკი.
– კომენდანტის ვაჟი?
– მაშ? – ღიმლით თქვა ნუცამ და ჰკითხა:
– ახლა შენ მითხარი, ვინ გიყვარს?
– ხომ გითხარი ადრე?
– გაიმეორე.
– მე შენ მიყვარხარ.
– მართლა?
– მართლა.
– მე კი – შენ.
– რა?
– მე შენ მიყვარხარ.
დიმკა მეორე სართულიდან ჩამოვიდა. ნუცას სასთუმალთან ჩამოუჯდა და გაუღიმა. ჯერ თავზე ეამბორა. შემდეგ თმაზე მიუალერსა და მანამდე ეფერა, სანამ გოგონას არ ჩაეძინა. შემდეგ ვაჟი კვლავ თავის საწოლს დაუბრუნდა. კიდევ ოციოდე წუთი იფხიზლა და ბოლოს მასაც ჩაეძინა.
მეორე ღამესაც იგივე განმეორდა და ნუცას კვლავ ფერებ-ფერებაში ჩაეძინა. დიმკას მთელი არსებით სურდა ნუცასთან დაწოლა და ალბათ, არც გოგონა იტყოდა ამაზე უარს, მაგრამ ბიჭს მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი, მანამდე არ ეხლო ხელი მისთვის, სანამ სამშვიდობოს არ გავიდოდნენ. სამშვიდობოდ კი, დიტო კანდელაკი უცხოეთს მიიჩნევდა და სწორედ იქ აპირებდა ნუცაზე დაქორწინებას.
წყვილმა მშვიდობიანად ჩააღწია თბილისში. შემდეგ ტაქსი აიყვანეს და ვაკეში, ნუცას ბინაში გაემგზავრნენ. თუმცა, წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები და მანქანა სამასიოდე მეტრის მოშორებით გააჩერეს. გზა ფეხით განაგრძეს და ამგვარად მივიდნენ სახლში.
ნუცა იმდენად ენდობოდა ბიჭს და ისე შეეჩვია, რომ არც მის წინ გაშიშვლებას ერიდებოდა. თამამად იცვლიდა ხოლმე კაბებს. თუმცა, დიმკა ამ დროს სხვა ოთახში გადიოდა, ან შებრუნდებოდა ხოლმე. გოგონას ამ დროს ეცინებოდა. დიმკას მიეპარებოდა, ყელზე ხელს მოხვევდა. კისერში აკოცებდა და ეტყოდა.
– მე შენ მიყვარხარ.
– მე კი – შენ, – მიუგებდა ბიჭი. გოგონას ხელში აიტაცებდა და ნაზად მიიკრავდა სხეულზე.
ერთი სიტყვით, ქალ-ვაჟს შორის მხოლოდ ის ერთადერთი ბარიერი არსებობდა, რასაც ინტიმი ეწოდება, მაგრამ მას არცერთი არ აბიჯებდა და მოუთმენლად ელოდნენ უცხოეთში გამგზავრებას და დაქორწინებას.
დიმკა ძირითადად ბინაში იყო გამოკეტილი და რომ არ გაშიფრულიყო, იშვიათად გადიოდა გარეთ. უფრო მეტად ღამით. ისიც იქვე, სახლის შორიახლო სეირნობდა ხოლმე ნუცასთან ერთად. საყიდლებსა და სხვა საქმეებზე კი, ძირითადად, ნუცა დადიოდა. შემდეგ კი ყველაფერს დაწვრილებით უყვებოდა დიმკას.
ყალბი საბუთების დამამზადებელს წყვილმა თბილისში დაბრუნებისთანავე, საღამოს მიაკითხა. მაგრამ, ის დასასვენებლად იყო წასული. ზარი რომ დარეკეს, კარი შაოსანმა მოხუცმა ქალმა გააღო და რომ შეიტყო, მის ვაჟს კითხულობდნენ, ჩლიფინით მიუგო წყვილს.
– ნოდარი, შვილო, ბულგარეთშია წასული დასასვენებლად და ორ კვირაში დაბრუნდება. მერე გამოიარეთ. ვინ ხართ, რა გადავცე, თუ დარეკა?
– არაფერი, ბებო, მოგვიანებით მოვალთ, – მიუგო დიმკამ.
ორი კვირის შემდეგ ნოდარ კიტიას კვლავ მიაკითხა ქალ-ვაჟმა. ზარი რომ დარეკეს, კარი შუახნის, ტანმორჩილმა, სრულმა მამაკაცმა გაუღო. წყვილი შეათვალიერა და ჰკითხა:
– ვინ გნებავთ?
– ჩვენ ნოდარ კიტიას ვეძებთ, – მიუგო დიმკამ.
– მე ვარ. რა გნებავთ?
– მე ნოდარ მდივნისგან ვარ, – უთხრა დიმკამ.
ჭაღარას სახელის გაგონებაზე კიტიამ ტუჩზე თითი მიიდო და წყვილი ბინაში შეიპატიჟა. თავის კაბინეტში შეიყვანა. სავარძელში ჩასვა და ჰკითხა:
– ჭაღარამ გამოგგზავნათ?
– დიახ, – მიუგო დიმკამ.
– როგორაა? გამოვიდა ციხიდან?
– არა. ცოტა დარჩა, – იცრუა დიმკამ, – ალბათ, ხვდებით, რაზე ვართ მოსულები?
– მითხარით და მეცოდინება. დიპლომი გინდათ, პასპორტი თუ რაიმე სხვა საბუთი? – იკითხა მასპინძელმა და წყვილს მიაჩერდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში