კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენს შეადგენდა ყოველთვიური „ქურდული ობშჩიაკი“ და როგორ ნაწილდებოდა შეკრებილი თანხა

„შავების“ ქვედანაყოფი
სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის ერთმანეთთან ქიშპობა მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოში დღემდე არსებობს. მაგრამ, ის, რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ყველა ზღვარს იყო გადაცილებული. საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტისა („კაგებე“) და საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს („ემვედე“) ქიშპობამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში. „კაგებეს“ თავმჯდომარე, იური ანდროპოვი, ყოველმხრივ ცდილობდა მინისტრ ნიკოლაი შჩოლოკოვის მოშორებას და ამისთვის საფუძველიც გააჩნდა. თუმცა, მილიციის გენერალი მაშინდელი უმაღლესი ხელისუფლის, ლეონიდ ბრეჟნევის პირადი მეგობარი იყო, ანუ, შჩოლოკოვს „პირველი“ აფარებდა ხელს და მინისტრის პოსტიდან არ ათავისუფლებდა მას.
საბჭოთა უშიშროების შეფი ნომერ პირველ საბჭოთა მილიციელს ტოტალურ კორუფციასა და დამნაშავეთა სამყაროს წახალისებაში სდებდა ბრალს. პოლიტბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე ანდროპოვმა პირში მიახალა შჩოლოკოვს:
– თქვენ საბჭოთა მაფიის ნათლიმამა ხართ და, იმის ნაცვლად, რომ ორგანიზებულ დანაშაულს სასტიკად ებრძოლოთ, მას ყოველმხრივ უწყობთ ხელს. მეტიც, მის გაძლიერებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებთ.
ბრეჟნევმა ანდროპოვი შეაჩერა, სხდომის დამთავრების შემდეგ კი ორივე მინისტრი დაიტოვა და ანდროპოვს უთხრა:
– იური ვლადიმიროვიჩ, ახლა კარგად გამარკვიე, რაში გამოიხატება ნიკოლაი ანისიმოვიჩის ნათლიმამობა?
ანდროპოვმა ბრეჟნევს შჩოლოკოვის თანდასწრებით მოუყვა, რომ მილიციის უმაღლეს სკოლაში არსებობს გასაიდუმლებული სასწავლო ჯგუფი, რომელსაც „შავების“ ქვედანაყოფს უწოდებენ. „კაგებეს“ შეფის სიტყვებით, ამ ჯგუფის კურსანტები საფუძვლიანად სწავლობენ კანონიერი ქურდების უნარ-ჩვევებს, იძენენ შესაბამის იდეოლოგიურ ცოდნას და შემდეგ „შავ სამყაროში“ ხდება მათი ჩანერგვა, რაც ორგანიზებული დანაშაულის გაძლიერებას უწყობს ხელს. თავისი მოხსენება ანდროპოვმა ასე დაასრულა:
– ლეონიდ ილიჩ, ეს არნახული რამაა. იმის მაგივრად, რომ ქურდებს სასტიკად ვებრძოდეთ, ჩვენ სახელმწიფოებრივ დონეზე ვუწყობთ ხელს  მათ მომძლავრება-გამრავლებას, ეს კი სიკეთეს არ მოგვიტანს. თუ ასე გაგრძელდა, ისინი, ფაქტობრივად, ყოველგვარი კონტროლიდან გამოვლენ.
ბრეჟნევმა პაუზა გააკეთა და შჩოლოკოვს ჰკითხა:
– რას იტყვი, მართალია ეს?
შჩოლოკოვს ჩაეცინა და მიუგო:
– ლეონიდ ილიჩ, იური ვლადიმიროვიჩი ფაქტებს ამახინჯებს. ჩვენ კი არ ვაძლიერებთ მაფიას, პირიქით, ჩვენი, კარგად მომზადებული კადრების მეშვეობით ვაკონტროლებთ მას და ყველა ძაფი ჩვენს ხელთაა.
ერთი სიტვით, შჩოლოკოვმა ბრეჟნევი დაარწმუნა თავისი სიტყვების სისწორეში. ბრეჟნევმა ანდროპოვს კატეგორიულად განუცხადა:
– იური ვლადიმიროვიჩ, თქვენ თქვენს ჯაშუშებს მიხედეთ. მილიციის საქმიანობაში კი ნუ ჩაერევით, შჩოლოკოვს მე ვენდობი, ის სწორ გზაზე დგას.
ანდროპოვმა მორიგი მარცხი განიცადა და უხმოდ დატოვა ბრეჟნევის კაბინეტი, შჩოლოკოვის უწყებას კი ბიუჯეტიდან დამატებითი 100 მილიონი მანეთი გამოუყვეს და ბრეჟნევისგან ის ფრთებშესხმული წამოვიდა...
დიდი სკანდალი
არაშორსმხედველობისა და პოლიტიკური შეზღუდულობის მიუხედავად, გენერალი შჩოლოკოვი საკმაოდ ეშმაკი ადამიანი გახლდათ. სწორედ მის მიერ იყო მოფიქრებული, ეგრეთ წოდებული „შავების“ ქვედანაყოფის შექმნა და ეს სქემა ძირითადად სამმაგ სტანდარტს მოიცავდა: პირველი და მთავარი ის იყო, რომ „ჯიბის ქურდების“ (არა ჯიბგირების, არამედ, მართვადი ქურდების) მეშვეობით ყოველთვიურად გროვდებოდა უზარმაზარი საკავშირო „ქურდული ობშჩიაკი“, რომლის ბიუჯეტიც 100 მილიონ მანეთზე ქვემოთ არასდროს ჩამოსულა. ამ თანხის 90 პროცენტს მილიციის მაღალჩინოსნები ერთმანეთში იყოფდნენ, 10 პროცენტი კი „შავ სამყაროს“ ხმარდებოდა; მეორე მხრივ კი, „ჯიბის ქურდების“ მეშვეობით, მართლაც მართავდა „შავ სამყაროს“ და მათი დახმარებით სხვადასხვა შიდა პროცესზე მანიპულირების საშუალება გააჩნდა; მესამე სტანდარტი კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ეს „შავი“, გასაიდუმლოებული სტრუქტურა მილიციის მაღალჩინოსნებისთვის ფარს წარმოადგენდა და მათ ყოველთვის შეეძლოთ ეთქვათ ოპონენტებისთვის, რომ ყოველივე ეს ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას ემსახურებოდა. სწორედ ამ არგუმენტით გააჩუმებინა შჩოლოკოვმა ბრეჟნევს ანდროპოვი.
შჩოლოკოვის პრივილეგირებული სტატუსის მიუხედავად, ანდროპოვს წამითაც არ შეუწყვეტია მილიციის შეფის წინააღმდეგ ბრძოლა; პირიქით, ეს მოქმედება უფრო გაძლიერდა, დაიხვეწა და „კაგებეს“ საგანგებო-ოპერატიულმა ჯგუფმა, რა თქმა უნდა, ანდროპოვის ხელდასხმით, რთული და მრავალსვლიანი კომბინაცია წამოიწყო. ამ ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო „შავი ბუნტი“.
„კაგებეს“ ოპერაცია რამდენიმე მიმართულებით ვითარდებოდა. ანდროპოვს დაქვემდებარებული ჯგუფი კი ამ ყველაფერს ფირზე იღებდა, იწერდა და, კანონმდებლობისამებრ, ქაღალდზე აფორმებდა.
1975 წლის ივლისში მორიგი საკავშირო  „ქურდული ობშჩიაკი“ შეგროვდა. თანხამ 109 მილიონი საბჭოთა მანეთი შეადგინა. ფული მოსკოვში, მალაია ბრონნაიაზე  იყო თავმოყრილი ვინმე „ანტოშკას“ ფეშენებელურ ბინაში. ანტოშკა, იგივე ანტონ ფელდმანი, 1920 წელს დაბადებული თბილისელი კანონიერი ქურდი იყო. ის შჩოლოკოვის „ჯიბის ქურდად“ ითვლებოდა და საკავშირო „ქურდული ობშჩიაკის“ 90 პროცენტი მისგან მიჰქონდათ პოლკოვნიკის ნდობით აღჭურვილ მილიციელებს. სინამდვილეში კი ანტოშკა „კაგებეს“ ჰყავდა გადაბირებული და უშიშროებას ინფორმაციებს აწვდიდა. 16 ივლისს სამოქალაქო სამოსში გამოწყობილმა იური მასლოვმა, ოლეგ სავიცკიმ და ანატოლი დექტიაროვმა (სამივე შჩოლოკოვის აპარატში მუშაობდნენ) ფელდმანის ბინიდან 90 მილიონ 100 ათასი მანეთი ექვსი ჩანთით გამოიტანეს, „რაფში“ ჩატვირთეს და დაიძრნენ, მაგრამ მანქანა „კაგებეს“ საგანგებო ჯგუფმა აიყვანა და ისინი ლუბიანკაზე გააქანეს. მეორე ჯგუფმა კი თავად ფელდმანი დააპატიმრა და, 10 მილიონ 900 ათასი მანეთით ისიც „კაგებეს“ შტაბ-ბინაში მიიყვანეს... იმავე ღამით, მთელი საბჭოეთის მასშტაბით, ყველა ციხესა და კოლონიაში არნახული ხოცვა-ჟლეტა გაიმართა – ერთმანეთს კანონიერი ქურდები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების საბაბი კი ის იყო, რომ ქურდების ერთი ნაწილი მეორეს მილიციასთან თანამშრომლობაში (ქურდული ტერმინით – „ბოზობაში“) სდებდა ბრალს. ამ მოვლენის კატალიზატორი კი ციმბირის ზონაში კანონიერი ქურდის, სერგეი გრუნიოვის, მეტსახელად „პაპას“ მკვლელობა გახდა. პაპა ეგრეთ წოდებულმა „ჯიბის ქურდებმა“ მოკლეს, რომლებსაც ის არაქურდულ საქციელში ადანაშაულებდა. ინფორმაცია კი ეგრეთ წოდებულ „ჯიბის ქურდებზე“ მეორე მხარეს ოსტატურად შეუცურა „კაგებემ“ და სწორედ ამან გამოიწვია „შავი ბუნტი“. იმ პერიოდში ქვეყნის პირველი პირი ლეონიდ ბრეჟნევი ჩეხოსლოვაკიაში იმყოფებოდა ვიზიტით. იგი მხოლოდ 20 ივლისს დაბრუნდა მოსკოვში და, როდესაც ანდროპოვი დასაბუთებული არგუმენტებით ეახლა კაბინეტში და დაუმტკიცა, რომ შჩოლოკოვის ბრალი იყო ტოტალური შინაარეულობა, გაცეცხლებულმა „გენსეკმა” მილიციის პირველ პირს „ვეჩეთი“ დაურეკა და უღრიალა:
– იდიოტო! აი, რა მოიტანა ქურდების მფარველობამ! სასწრაფოდ ჩააცხრე ბუნტი, თორემ თავს წაგაცლი! – შემდეგ ბრეჟნევმა ყურმილი აპარატზე დაახეთქა და ანდროპოვს მიუბრუნდა: – იური ვლადიმიროვიჩ, იმედია, მექრთამე მილიციელების ამბავს საიდუმლოდ შეინახავ და არც პოლიტბიუროს სხდომაზე წამოწევ ამ საკითხს.
– როგორც მიბრძანებთ, ლეონიდ ილიჩ, – მი უგო „კაგებეს“ შეფმა.
– უჩუმრად მოაგვარე ყველაფერი, – თქვა ბრეჟნევმა და ანდროპოვი კაბინეტიდან გაისტუმრა.
P.S. კანონიერი ქურდი ანტოშკა მას შემდეგ გარდაიცვალა ინფარქტით, რაც ის „კაგებედან“ მოსკოვიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, ეს ინფარქტი ხელოვნურად იყო გამოწვეული, რათა მისი ორმაგი აგენტობა არ გამჟღავნებულიყო. შჩოლოკოვის აპარატის სამივე თანამშრომელი თავისავე უწყებას გადასცეს და  ორი დღის შემდეგ სამივე საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა, მართალია, „შავი ბუნტი“ ორ დღეში ჩააცხრეს. მაგრამ მას 600-ზე მეტი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორის 9 კანონიერი ქურდი იყო.

скачать dle 11.3