როგორ შეუყვარდა უნახავად უფლისწულ მირდატს სპარსი პრინცესა საგდუხტი
მეხუთე საუკუნის 20-30-იან წლებში ქართლში (იბერიაში) მეფობდა არჩილი. არჩილი მორწმუნე ქრისტიანი იყო და მამაცი მეფე, რომელიც იბრძოდა ქვეყნის დასაცავად სპარსელებისგან და ქრისტიანობის გასაძლიერებლად.
მეფეს ჰყავდა ძე, სახელად მირდატი. გაიზარდა უფლისწული და ჩინებული ვაჟკაცი დადგა. მამამისივით მორწმუნე, კარგი მეომარი და გულადი იყო უფლისწული მირდატი. ხშირად უტევდა ხოლმე მოვაკანს და რანს ანუ ალბანეთს და ადარბადაგანს, რომლებიც სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. იმ დროს სპარსელებს ბრძოლები ჰქონდათ აღმოსავლეთით, ვერ შეძლებდნენ დიდი არმიის გამოგზავნას იბერიის წინააღმდეგ, ადარბადაგანის, რანისა და მოვაკანის მმართველი სპარსელები ვერ წინააღუდგებოდნენ ქართულ ჯარს და ამით სარგებლობდნენ ქართველი პოლიტიკოსები. მათ არ უნდოდათ, რომ ქართველთა მონათესავე ალბანელები გადაგვარებულიყვნენ და ეს ტერიტორიები საბოლოოდ დაეკავებინა სპარსეთს. სპარსეთი ცდილობდა მაზდეანობა დაენერგა მთელ რეგიონში. იბერიას კი თავისი ეთნიკური, პოლიტიკური და რელიგიური ინტერესების გატარება უნდოდა თავის რეგიონში.
წინამძღოლობდა მირდატი მამის ჯარებს და არბევდა რანს და მოვაკანს, შურს იძიებდა და თავის ინტერესებისთვის იბრძოდა.
იმ დროს რანის (ბარდავის) მმართველი იყო სპარსეთის შაჰის ქვეშევრდომი, სახელად ბარზაბოდი, სპარსული წარმოშობის მმართველი. მას დიდი ავტორიტეტი ჰქონია სპარსეთში. ბარზაბოდი ცეცხლთაყვანისმცემელი იყო და მტრობდა ქრისტიანებს. იგი ვერ წინაღუდგა ქართველთა ჯარს, ამიტომ გაამაგრა ციხეები და ქალაქები. თუმცა, ქართულმა ნაწილებმა მაინც დიდი ზიანი მიაყენეს სპარსულ გარნიზონებს.
ბარზაბოდს ჰყავდა ულამაზესი ასული - საგდუხტი. ერთხელაც უფლისწულ მირდატს უამბეს მისი მშვენიერების შესახებ. მოყოლილმა ისე იმოქმედა იბერიის ტახტის მემკვიდრეზე, რომ უნახავად შეუყვარდა მტრის ასული.
გამოუტყდა მემკვიდრე მეფეს:
„ვევედრები მეფობასა შენსა, მომაყვანინე ცოლად ბარზაბოდის ასული საგდუხტი, ჩამოვაგდოთ ჩვენ შორის მშვიდობა. ქრისტე ღმერთის წყალობით, ჩვენ ვჯობნით, თუმცა რანის ციხეები და ქალაქები ვერ დავიკავეთ. შესაძლოა, აღმოსავლეთში გაიმარჯვოს სპარსთა მეფემ, გაძლიერებული ძალებით წამოვიდეს ჩვენზე, მოაოხროს ჩვენი ქვეყანა და დაანგრიოს ეკლესიები.
ბარზაბოდი დაახლოებულია შაჰთან, მას შეუძლია მშვიდობა ჩამოაგდოს ჩვენ შორის. ამგვარად, მტკიცედ შევინარჩუნებთ იბერიას, განვამტკიცებთ ქრისტეს სარწმუნოებას. არ დადგებიან ჩვენი მოქალაქეები განსაცდელის წინაშე, და სპარსელთა მძლავრობის გამო ქრისტიანობისადმი ეჭვი არ დაისადგურებს მათ გულებში“.
ასე მიმართა შეყვარებულმა უფლისწულმა მამა მეფეს, თუმცა, მისი სიტყვები ლოგიკური იყო.
მეფე არჩილს მოეწონა შვილის გადაწყვეტილება და გეგმაც. გააგზავნა ელჩი ბარზაბოდთან, სთხოვა ქალიშვილის ხელი თავისი ვაჟისთვის და შეუთვალა, რომ ამიერიდან მტრობა მოყვრობით შეიცვლებოდა.
იბერიელებისაგან შევიწროებულ ბარდავის გამგებელს ძალიან გაუხარდა არჩილ მეფის წინადადების მოსმენა. ის მშვიდობას მიიღებდა, განიმტკიცებდა რანში ხელისუფლებას, შაჰს შენარჩუნებულ ოლქს დაახვედრებდა, თან მისი სიძე გახდებოდა უფლისწული, ტახტის მემკვიდრე, იბერიის მომავალი მეფე. რანის გამგებელმა მოითხოვა ფიცით განმტკიცებულიყო სამშვიდობო შეთანხმება.
ფიცით გაფორმდა საქორწინო-პოლიტიკური კავშირი. გამოაგზავნა ბარზაბოდმა თავისი საყვარელი ასული იბერიაში და თან გამოატანა დიდი მზითვი.
საპატარძლოს მცხეთაში ჩამოსვლისთანავე გაიმართა ქორწილი და მრავალი დღის განმავლობაში გაგრძელდა ლხინი და დროსტარება.
მეფე არჩილმა მემკვიდრეს და რძალს უბოძა სამშვილდის საერისთავო და ქალაქ სამშვილდეში დასახლდა ახალშექმნილი ოჯახი, მირდატი და საგდუხტი. სამშვილდე მაშინ ძლიერი ციხე-ქალაქი იყო, სტრატეგიული და ძალიან მნიშვნელოვანი.
ძველ დროს პოლიტიკური ქორწინების შემთხვევაში ქალებს, თუ სპეციალური შეთანხმება დაიდებოდა, ხელშეკრულების მიხედვით, შეეძლოთ შეენარჩუნებინათ მამა-პაპათა სარწმუნოება. მაგრამ, ეტყობა ასეთი ხელშეკრულება არ დადებულა, რადგან ბარზაბოდი სუვერენული ხელმწიფე არ იყო, არჩილი კი მეფე გახლდათ. ამიტომ, მოსიყვარულე ქმარმა მოჰგვარა თავის მზეთუნახავ ცოლს სჯულის მეცნიერი ადამიანები, რომლებმაც გააცნეს იბერიის მომავალ დედოფალს ქრისტეს სარწმუნოება.
ულამაზესი საგდუხტი გონიერი პრინცესაც აღმოჩნდა, დაუკვირდა ქრისტიანობას, გულმოდგინედ შეისწავლა, დაინახა მასში ჭეშმარიტი სარწმუნოება და მოინათლა. ამის შემდეგ ის მტკიცედ იდგა ქრისტიანობის სადარაჯოზე. საგდუხტმა ააშენა სამშვილდის სიონის ტაძარი. სამწუხაროდ, ეს ტაძარი ახლა აღარ არსებობს.
არჩილ პირველის მეფობის დროს იბერიაში რამდენიმე მთავარეპისკოპოსი გარდაიცვალა. მაშინ კათალიკოსი ჯერ არ ჰყავდა ჩვენს სამშობლოს.
მთავარეპისკოპოს ბასილ პირველის გარდაცვალების შემდგომ არჩილ მეფემ მთავარეპისკოპოსის ტახტი უბოძა ვინმე მობიდანს. მობიდანი წარმოშობით სპარსი გახლდათ. სარწმუნოების საქმეში თავს იკატუნებდა, ვითომ მართლმადიდებელი იყო. სინამდვილეში ყოფილა უსჯულო მოგვი და მართლმადიდებლური წესების ამრევი, – წერს მემატიანე ჯუანშერი. როგორც დღეისთვისაა გარკვეული, მობიდანი ყოფილა მანიქეიზმის ერესის მიმდევარი. მეფე არჩილმა და მისმა ვაჟმა ვერ შეამჩნიეს მობიდანის უსჯულოება, პირიქით, ძალიან მორწმუნე ეგონათ.
რა თქმა უნდა, მეფისა და ხალხის შიშით, მობიდანი ვერ ბედავდა თავისი ნამდვილი რწმენის გაცხადებას, თუმცა ფარულად წერდა მაცდურ წიგნებს, რომელიც მერე დაწვა შემდეგმა მთავარეპისკოპოსმა მიქაელმა.
დიდად მორწმუნე არჩილ მეფე გარდაიცვალა 434 წელს. იბერიის ტახტზე ავიდა მირდატ მეშვიდე. მირდატიც (მითრიდატე) ძალიან მორწმუნე მეფე იყო. ქრისტეს რწმენის ერთგულებაში მას არც მისი საყვარელი ცოლი, საგდუხტი ჩამოუვარდებოდა.
სამეფო წყვილს პირველად ქალიშვილი შეეძინა და უწოდეს ხუარანძე. მეფე და დედოფალი ევედრებოდნენ ღმერთს, რათა ეჩქუბინა მათთვის ტახტის მემკვიდრე - ძე.
ოთხი წლის მერე მეფე-დედოფალს შეეძინა ვაჟი. და უწოდეს მას სპარსულად ვარან-ხუასრო-თანგი. ქართულად ვახტანგი (ვარან - (ვა), ხუასრო - (ხ), თანგ - (თანგ) - ვახტანგ).
ხვასრო, ხოსრო შუასპარსულ, პართიულ ენაზე ნიშნავს სახელგანთქმულს, დიდებული სახელის მქონეს. მართლაც სახელგანთქმული გახდა მეფე მირდატისა და დედოფალ საგდუხტის ვაჟი.
ასე წარმოიშვა ქართული სახელი ვახტანგი.
ამბობენ, ვახტანგი სპარსული სახელია და მგლის ტანის მქონეს ნიშნავსო. თუმცა ვახტანგ გორგასლის ცხოვრების ავტორი, ჯუანშერი ასე გადმოგვცემს ამ სახელის წარმოშობის ისტორიას.
ვახტანგის დაბადებამ დიდი სიხარული გამოიწვია მთელ სახელმწიფოში. მეფემ და დედოფალმა აფრინეს მახარობლები ერისთავებთან, გამოიღეს დიდძალი განძი, ოქრო და ვერცხლი, გაუყვეს გლახაკებს და მადლობა შესწირეს ღმერთს, ლოცვითა და მრავალი ღამის თევით.
შემდეგ მეფემ მოიწვია წარჩინებულები მცხეთაში და მრავალი დღის განმავლობაში ილხენდნენ. ევედრებოდნენ ქართველები ღმერთს, რომ ჯანმრთელი აღზრდილიყო ტახტის მემკვიდრე.
საურმაგ სპასპეტმა სთხოვა მეფეს, მე აღვზრდი ტახტის მემკვიდრესო. ასეთი წესი იყო მაშინ, მეფეთა შვილებს წარჩინებული ოჯახები ზრდიდნენ. ეს ხელს უწყობდა სამეფო ოჯახისა და დიდებულების დაახლოებას. მეფე დათანხმდა.
ვახტანგ უფლისწულის დაბადებიდან მეექვსე წელს სამეფო ოჯახში გაჩნდა კიდევ ერთი ასული – მირანდუხტი.
მისი აღზრდა მოითხოვა კასპის სპასალარმა. მეფემ ნება მისცა, წაიყვანეს მეფის ასული და იზრდებოდა მირანდუხტი კასპში.
მირანდუხტის შობიდან ორი წლის შემდეგ, 449 წელს გარდაიცვალა მეფე მირდატი. ამ დროს მხოლოდ შვიდი წლის იყო ვახტანგ პირველი – მომავალი გორგასალი.