როგორ გადაარჩინა 22 წლის ნიკა დარჯანიამ სხვისი სიცოცხლე საკუთარის ფასად და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი
წყალდიდობა, ხანძარი, თვითმკვლელობა, ძალადობა, ავარია... კვირა ისე არ გავა, რომ საზოგადოებისთვის არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევის შესახებ არ გახდეს ცნობილი. ზაფხულის ცხელი დღეების გამო, ტრაგიკულად გარდაცვალების მიზეზთა შორის, პირველ ადგილს წყალი იკავებს. კიდევ ერთი მსხვერპლი, რომელიც მან შეიწირა, 22 წლის ნიკა დარჯანიაა. ის ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა. მისი შემთხვევა განსაკუთრებულია. ნიკა დარჯანია არის ბიჭი, რომელმაც სიცოცხლე გმირულად დაასრულა. მან თავი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გასწირა.
ნიკა დავითაია (ნიკა დარჯანიას მეგობარი): იმ დღეს, მე და ჩემი მეუღლე ზღვაზე წასასვლელად ვემზადებოდით. ნიკა მოვიდა და ჩვენთან ერთად წამოსვლა მასაც შევთავაზეთ. წამოვიდა და სანაპიროზე ფრენბურთის ბადეს აკეთებდა. მერე ზღვაში შევიდა საბანაოდ, მაგრამ მალე გამოვიდა. ნაპირზე ვისხედით, როცა შევნიშნეთ, რომ ზღვაში, ჩვენგან საკმაოდ შორს, უცხო მამაკაცი ხელს იქნევდა. ისიც შევნიშნეთ, რომ ნაპირზე მდგომი ერთ-ერთი მამაკაცი ზღვაში მყოფს უყურებდა. გადავწყვიტეთ, მისთვის გვეკითხა ამ მამაკაცის ვინაობა და ისიც გაგვერკვია, იცოდა თუ არა მან ცურვა. მასთან ჩემი დეიდაშვილი მივიდა და გაიგო, რომ თურმე, მამაკაცი, რომელიც დახმარებას ითხოვდა, ნაპირზე მყოფის მამა ყოფილა და მას ცურვა არ სცოდნია, არადა ნაპირიდან დაახლოებით, 150 მეტრზე იყო შესული. უკრაინელები იყვნენ. მე, ნიკუშამ და ჩემმა დეიდაშვილმა გადავწყვიტეთ, ზღვაში შევსულიყავით მის დასახმარებლად. მასთან რომ მივედით, უკვე ძალიან ცუდად იყო, სახე სულ თეთრი ჰქონდა. თან, ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო. მე და ჩემი დეიდაშვილი გვერდებიდან ამოვუდექით, ნიკუშა უკნიდან აწვებოდა და ვცდილობდით, ნაპირისკენ გამოგვეყვანა. მოვახერხეთ და იმ ადგილამდე გამოვიყვანეთ, სადაც წყლის დონე შედარებით დაბალია და უკვე მიწაზე ფეხის დადგმაც შესაძლებელი იყო. მაგრამ, კაცმა გვითხრა: იმდენად ცუდად ვარ, არაფერი შემიძლიაო. ჩვენ დავამშვიდეთ, ვუთხარით რომ გასვლას შევძლებდით, თან ვყვიროდით „112-ში“ დარეკეთ, ჯაჭვი გააკეთეთ, ან რამე ქენითო. დახმარებას ვითხოვდით, რადგან მისი გამოყვანა ძალიან გვიჭირდა. ვიღაცამ ჩვენი ფრენბურთის ბადე შემოიტანა, მაგრამ ჩვენამდე ვერ მოვიდნენ. დეიდაშვილსა და ნიკუშას ვუთხარი, თქვენ როგორმე დაიკავეთ ეს და მე გავცურავ, რომ როგორმე ბადე შემოვიტანო-მეთქი. ნაპირისკენ გავედი. ბადე მესროლეს, ავიღე და ამ კაცისკენ წამოვიღე. მოვახერხეთ, რომ კაცს ორივე ხელი ბადისთვის მოეკიდებინა და ხალხს დავუძახეთ: ბადე ნაპირისკენ გაეწიათ. კიდევ ერთი ბიჭი შემოვიდა, რომელმაც სამაშველო ჟილეტი შემომიტანა. უცებ მან დაიძახა: მიშველეო. აღმოჩნდა, რომ ცურვა არ სცოდნია. მასთან მივცურე და ჟილეტი ჩავაცვი. ამასობაში ბიჭები ძალიან დაიღალნენ, რადგან ამ კაცს მთელი ძალით ექაჩებოდნენ ნაპირისკენ. უკვე ნაპირს უახლოვდებოდნენ, როცა ნიკამ დამიძახა: მიშველე, ვერ მოვდივარო. მე და ჩემმა დეიდაშვილმა ნიკასთან მივცურეთ, ხელკავი გავუკეთეთ და სიღრმიდან დაბალ წყლამდე გამოვიყვანეთ. თუმცა, ტალღებს ისევ უკან მივყავდით და ვხვდებოდით, რომ ასე გასვლას ვერ მოვახერხებდით, ამიტომ დეიდაშვილმა გადაწყვიტა, ჟილეტი შემოეტანა და ნაპირისკენ გაცურა. მე და ნიკუშას ძლიერმა ტალღამ დაგვარტყა და ისევ შიგნით, ღრმა წყალში შეგვიყვანა. ვხედავდი, რომ ნიკუშას სახეზე ადამიანის ფერი აღარ ჰქონდა, სულ გალურჯებულიყო. მითხრა: ნიკა, არ დამტოვო, მარტოს ნუ მიმატოვებო. ვამშვიდებდი, ნაპირთან ახლოს ვართ. ნუ გეშინია, ხალხი გვიყურებს და დაგვეხმარებიან-მეთქი. თუმცა, ტალღას სულ უფრო და უფრო შორს მივყავდით. ამასობაში ფეხი გამიჩერდა, ჩავყვინთე, ფეხზე ვიკბინე და ცოტა მომეშვა. მერე ისევ ნიკუშას გამოყვანას ვცდილობდი და ცოტაზე გამოვედით კიდევაც, მაგრამ უცებ დავინახე, რომ პირიდან ქაფმა ამოასხა. მივხვდი, გული გაუსკდა და მაშინვე დაბლა წავიდა. ორჯერ ვცადე, გამოყვანა, მაგრამ უკვე მძიმე იყო და ვეღარაფერს ვშველოდი...
მან ცურვა კარგად იცოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ყველაფრის გამო შიშმა აიტანა, რასაც გულმა ვეღარ გაუძლო და დაიღუპა. მაშველები გვიან მოვიდნენ, უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი. ნიკუშას ცხედარი იმ დღეს ვერ ვიპოვეთ, ეს მხოლოდ მეორე დღეს გახდა შესაძლებელი. წყალში მხოლოდ ჩვენ ვიყავით შესულები. კაციშვილი არ შემოსულა დასახმარებლად. სანამ წყლიდან გამოვიდოდი, ვხედავდი, რომ ნაპირზე პატრული იდგა და გვიყურებდა. იმ სანაპირომდე ურეკიდან „სკუტერის“ მოსვლას სულ ხუთი წუთი უნდოდა. ორი წლის წინ, წყალმა კაცს შვილიშვილი გასტაცა. ბაბუას გული გაუსკდა, ექვსი წლის ბავშვი ტალღებმა წაიღო. ამ დროს ეროვნული პარკის უფროსი აღმოჩნდა ზღვაზე და ბინოკლით დაინახა ბავშვი. გადარეკა და „სკუტერი“ ფოთიდან მოვიდა. ბავშვის აყვანა და ნაპირზე გამოყვანა უცებ შეძლეს. ახლაც რომ გამოეძახათ „სკუტერი“, აღარაფერი მოხდებოდა, მაგრამ კაციშვილს არაფერი გაუკეთებია. ნიკუშას, ჩემსა და ჩემი დეიდაშვილის გარდა, იმ კაცის დასახმარებლად წყალში არავინ შემოსულა. სხვათა შორის, არც მისი შვილი. ის ნაპირიდან უყურებდა ამ ყველაფერს. ბოლოს, ყველა რომ აწიოკდა, მასთან ჩემი ცოლი მისულა და უთქვამს, წყალში შედიო. დაჯიკავებია კიდევაც და ძირს წაქცეულა, მაგრამ მამამისის დასახმარებლად მაინც არ შემოსულა.
საბოლოო ჯამში, იმ კაცის გადარჩენას ნიკუშას სიცოცხლე შეეწირა. მას ბავშვობიდან ვიცნობ. მეზობლები ვართ და ერთად ვიზრდებოდით. ნიკუშაზე ნაწყენ ადამიანს, ძალიანაც რომ ეცადოთ, ვერ იპოვით. ყველასთან კარგი იყო, ამიტომ ყველას ძალიან უყვარდა. ცუდს არასდროს არაფერს აკეთებდა. ცოტა ხნის წინ ჯარი დაამთავრა და ახლა, ძირითად დროს სახლში ატარებდა. მუშაობის დაწყება უნდოდა და ცდილობდა კიდევაც, რომ ძველ სამსახურს დაბრუნებოდა.
ცოტა ხანში ოქროს დაბადების დღე ჰქონდა – 23-ში 23 წლის ხდებოდა. წინასწარ დაგეგმვა არაფრის უყვარდა და რომ გეკითხა, იხდიდა თუ არა დაბადების დღეს, გეტყოდა – არაო. თუმცა, მერე უცებ შეგვკრებდა ხოლმე. წინა წელსაც ასე მოხდა. ჯერ გვითხრა, არაფერს ვაპირებო და მერე მოგვაკითხა, წამოდით მანქანა გველოდება, რესტორანში მივდივართო. მსგავსი სიურპრიზების გაკეთება უყვარდა.
მისი საყვარელი საქმიანობა ნადირობა იყო და ყოველ ზამთარს ბევრს ვნადირობდით. ახლაც ზუსტად ნადირობის სეზონისთვის ვემზადებოდით. ახალ თოფს ყიდულობდა და ამის გამო ძალიან ბედნიერი იყო. იმასაც ამბობდა, ჩემი ძმა მეორე თოფს იყიდის და ერთს მე მაჩუქებსო. უხაროდა: მთელი ზამთარი კარგად ვინადირებთო.
მშობლები და ორი დედ-მამიშვილი: და და ძმა დარჩა. მის დას პატარა შვილი ჰყავს, მასაც ნიკუშა ჰქვია. უბედნიერესი იყო – პატარას ჩემი სახელი დაარქვესო. ძალიან უყვარდა და როცა ერთად იყვნენ, ბავშვი სულ მას ჰყავდა. ყველგან თან დაჰყავდა.
ლელა (ნიკას თანაკლასელი): ნიკუშა გუშინ დავკრძალეთ და მასზე საუბარი ძალიან მიჭირს. ეს ამბავი ჩვენთვის ენით აღუწერელი ტრაგედიაა. საოცარი ადამიანი იყო, ყველასგან გამორჩეული. 23-ში 23 წლის ხდებოდა, მაგრამ საშინელება მოხდა და ოქროს დაბადების დღემდე ვეღარ მიაღწია. მეგობრების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ჩვენ კლასელები ვიყავით და ზუსტად ნიკუშას დამსახურებაა, ბავშვებმა სკოლის დამთავრების შემდეგ ერთმანეთი რომ არ დავკარგეთ და ხშირად ვიკრიბებოდით. ნიკუშას ძალიან უყვარდა ექსკურსიებსა და პიკნიკებზე სიარული. ამ ყველაფერს თვითონვე ხელმძღვანელობდა. ერთი თვის წინ ვიყავით პიკნიკზე და ახლაც მარტვილის კანიონზე და ნოქალაქევში ვაპირებდით წასვლას. ყველაზე მეტად ნიკუშას უნდოდა ეს, მაგრამ, საუბედუროდ, არ დაგვცალდა. პირველი კლასიდან ერთად ვსწავლობდით და სკოლაში ერთად დავდიოდით. სკოლიდან რომ მოვდიოდით, ის ჩანთას გამომართმევდა და თვითონ მოჰქონდა. ყველა გოგოს მიმართ ასეთი ყურადღებიანი იყო. სულ იცინოდა და დადებით ენერგიას ასხივებდა. ნიკუშას საქციელი ყველაფერს ამბობს მის შესახებ. მან საკუთარი სიცოცხლე სხვის გადასარჩენად გასწირა. ვამაყობ, რომ ვიცნობდი ნიკუშა დარჯანიას, ადამიანს, რომელმაც ასეთი გმირობა ჩაიდინა.