კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დააჭერს თუ არა კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმირ პუტინი ხელს ბირთვულ ღილაკს და რატომ იქნება მისი მთავარი სამიზნე აზერბაიჯანი

ფაქტია, რომ ირანი შემოდის მსოფლიო არენაზე, რასაც მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური დატვირთვა აქვს, რადგან ირანულ ენერგომატარებლებს ემბარგო დიდწილად იმიტომაც ეხსნება, რომ რუსეთის ალტერნატივის როლი შეასრულოს მსოფლიო ბაზარზე. ტრანსპორტირების ერთ-ერთ გზად განიხილება სამხრეთ კავკასიაც, თან – ორი მარშრუტით: ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-ევროპა ან ირანი-სომხეთი-საქართველო-ევროპა. დიდი ალბათობით, რუსეთი სომხეთის ვარიანტს გულშემატკივრობს, იმიტომ რომ ამ მარშრუტის კონტროლის საშუალება მაინც ექნება და იმის იმედიც იყო, რომ აზერბაიჯანსა და ირანს მთლად თბილი ურთიერთობა ვერ აქვთ, თუმცა მხარეებმა საერთო ენა გამონახეს. საქართველოსთვის პოლიტიკურად მომგებიანი აზერბაიჯანზე გამავალი მარშრუტია, მეორე მხრივ, ეკონომისტები შენიშნავენ, რომ მოსალოდნელი პერსპექტივა რუსეთისთვის კატასტროფის ტოლფასია. როგორ ეცდება ის ამ კატასტროფის თავიდან აცილებას და, რაც მთავარია, ვის ხარჯზე? – თემას სოსო ცინცაძესთან ერთად განვიხილავთ.

 – ამ პროექტის ჩასაშლელად რა შეიძლება, მოიმოქმედოს რუსეთმა და რა უკიდურეს ზომაზეა წამსვლელი?
– აქ რამდენიმე კომპონენტია. როგორც ჩანს, კონგრესი ობამას მხარს დაუჭერს, მიუხედავად იმისა, რომ ასზე მეტი სიონისტური ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონგრესმა არ მიიღოს ხელშეკრულება ირანთან დაკავშირებით; მეორე –  გასულ კვირას პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რის მიხედვითაც, ისევ გაუხსნა გზა 2010 წელს, მედვედევის პრეზიდენტობისას, შეჩერებულ მილიარდდოლარიან პროექტს ირანისთვის „სს 300 რაკეტების“ მიყიდვის შესახებ. ამავდროულად, ამერიკამ უკვე დაიწყო ოპერატიულად იმის შემოწმება, ეს ხომ არ არღვევს ამერიკის მიერ გამოცხადებულ ებარგოს ირანის მიმართ. აქ ცოტა დელიკატური სიტუაციაა, იმიტომ რომ კონგრესის მიერ მისაღები ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ირანის წინააღმდეგ, მაგრამ ეწინააღმდეგება ამერიკის ემბარგოს ირანის მიმართ, რომელიც ძალაშია და თანდათანობით უნდა მოიხსნას. მეორე მხრივ, მთავარი ის არის, როდის გავა ბაზარზე ირანის ნავთობი, თუმცა იმის არ იყოს, თაფლი იყოს, ბუზი ბაღდადიდან მოვაო, ნავთობი იყოს და მისი მარშრუტი მოიძებნება. რასაკვირველია, რუსეთისთვის ყელის გამოჭრა მარტო ამაზე არ არის დამოკიდებული. რუსეთს გაცილებით რთული პრობლემები აქვს: 15 აგვისტოს „ნატომ“ დაიწყო ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომლებიც გაგრძელდება 17 სექტემბრამდე. ამავე დროს, რუსეთმაც დაიწყო სამხედრო წვრთნები. სხვათა შორის, 2015 წლის განმავლობაში „ნატოს“ სხვადასხვა მასშტაბის 270 წვრთნა აქვს დაგეგმილი, რუსეთს კი –  4 000.
– ვის აშინებენ, ერთმანეთს?
– ეს ნიშნავს, რომ კონფრონტაცია მიდის აღმავალი ტეხილით. მეორე მხრივ, ირანის გარდა ნავთობზე ფასების დაცემას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, ისლამური სახელმწიფო, რომელიც პირატული წესით ჰყიდის ნავთობს, ფაქტობრივად, დემპინგურ ფასებში. ისიც ფაქტორია, რომ უარესდება ნდობა დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამასთან, 2016 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს ჰოლანდია. რატომ არის ეს რუსეთისთვის ცუდი ვარიანტი? იმიტომ რომ ჰოლანდიაში მიდის ძიება ჩამოგდებული ბოინგის შესახებ. სწორედ ჰოლანდიელი პროკურორი აცხადებს, რომ აქვთ მამხილებელი დოკუმენტები, რომელთა თანახმად ბოინგი რუსული იარაღით ჩამოაგდეს დონეცკელმა სეპარატისტებმა. ჩვენთან ხშირად იმეორებენ, რომ ნდობა დაიკარგა უკრაინის მოვლენების გამო, მაგრამ ეს გაცილებთი ადრე მოხდა: ობამასა და პუტინს შორის ნდობა დაიკარგა მაშინ, როდესაც სნოუდენი ჩავიდა მოსკოვში და პუტინი ობამას შეჰპირდა, რომ არ მიიღებდა სნოუდენს, მაგრამ მოატყუა. დიდ პოლიტიკაში სიცრუე მიღებულია, ოღონდ ასეთი საჯარო ტყუილი არ მოსულა. თან, ობამა ძალიან ემოციური პიროვნებაა და არასდროს აპატიებს ამას პუტინს, იმას გარდა, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება. აქ არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელსაც ჩვენთან არ აქცევენ ყურადღებას: რუსეთს აქვს „იუკოსის“ ვალი –  50 მილიარდი დოლარი, რომელიც უნდა გადაიხადოს. ასე დაადგინა საერთაშორისო სასამართლომ, რომლის წევრიც რუსეთიც არის. მაგრამ რუსეთი ამ ვალს არ იხდის. აი, ეს ყველაფერი ერთად აღებული წითელ ხაზამდე ამწვავებს ვითარებას. თუმცა არის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიც: პუტინი არასდროს ყოფილა ისეთ კომფორტულ სიტუაციაში, როგორიც დღესაა.
– რატომ? ქვეყანა თავზე ექცევა თითქოს?
– პუტინი არის ოფიცერი, მაგრამ არა მეომარი, არამედ „კა გე ბეს“ ოფიცერი. ის, როგორც პოლიტიკოსი, როგორც პიროვნება, ჩამოყალიბდა, ცივი ომის უკანასკნელ სტადიაში, მაგრამ მაინც ცივი ომის პერიოდში. პუტინი მოესწრო „პერშინგების“ კრიზისს, საბჭოთა ჯარის გამოსვლას გერმანიიდან, როდესაც ბევრ რამეში მოატყუა რუსეთი დასავლეთმა, ანუ იმ მენტალობის ადამიანია პუტინი, რომელსაც ახასიათებს ცივი ომის სინდრომი, დაპირისპირების ზღვრამდე მიყვანა და ბოლო მომენტში უკან დახევა, რაც სტალინის მეთოდია და ის სტალინის მოტრფიალე ტყუილად ხომ არ არის?! და ეს ყველაფერი ქმნის ძალიან რთულ სურათს. საბედნიეროდ, დღეს აღარ არის ის დრო, როდესაც კრემლში ოთხი კაცი იღებდა გადაწყვეტილებას ავღანეთში შეჭრის შესახებ და შერჩათ ხახვივით. რა თქმა უნდა, მთავარ გადაწყვეტილებას დღეს პუტინი იღებს და საბჭოთა კავშირშიც ერთი კაცი იღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ საბჭოთა ელიტა სასიცოცხლოდ არ იყო დაინტერესებული დასავლეთთან ურთიერთობით. სვეტლანა სტალინი თავის მემუარებში წერს, სუსლოვთან შეხვედრისას მან გულწრფელად მითხრა, რა გინდათ ამ დასავლეთში, არც მე და არც ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ ყოფილა დასავლეთში და არც არასდროს ჩავალთ, იმიტომ რომ იქ არაფერი საინტერესო არ ხდებაო. ასე სწამდა სუსლოვს, მის თაობას, მაგრამ არა პუტინის გარემოცვას, რომლებიც არათუ მილიონრები, მილიარდერები არიან.
– და იციან, რა კომფორტულია „დამპალ კაპიტალიზმში“ ცხოვრება.
– თანაც, არც ერთი რუსი მილიარდერის ოჯახი რუსეთში არ ცხოვრობს; თავად ვენიდან, პარიზიდან თუ ლონდონიდან მოსკოვში, თავიანთ ოფისებში, საკუთარი თვითმფრინავებით დადიან ისევე, როგორც თქვენ თქვენი მანქანით მიდიხართ რედაქციაში, საღამოს კი ისევ ევროპაში ბრუნდებიან ცოლ-შვილთან. არც პუტინის შვილები ცხოვრობენ რუსეთში, მგონი, მხოლოდ უმცროსი, ერთი ჰოლანდიაშია, მეორე  –  სამხრეთ კორეაში. თვითონ პუტინიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, ამიტომ ისიც არ არის ფანატიკოსი, რომ დააჭიროს ღილაკს თითი და ააფეთქოს დედამიწა. პუტინი სტალინის კურსს ატარებს: სტალინიც მიდიოდა გამწვავებაზე და უკანასკნელ მომენტში უკან იხევდა. ასე იყო ბერლინის კრიზისის დროს, როდესაც სტალინმა ნახა, რომ იქითა მხარე მზად იყო, წინ აღდგომოდა მას, მაშინვე უკან დაიხია და გახსნა გზა. იგივე მოხდა ირანის შემთხვევაშიც, როდესაც სტალინს დაგეგმილი ჰქონდა ირანის აზერბაიჯანის, ჩრდილოეთ ირანის მიერთება, სადაც 18 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს; მაგრამ, როგორც კი ტრუმენმა პირდაპირ უთხრა, რომ ომს დაიწყებდა, თუ არ გაიყვანდა ჯარს, სტალინმა მეორე დღესვე გაიყვანა ჯარი იქიდან. პუტინიც ასეა, ამიტომ დღევანდელი ვითარებაც განიმუხტება და ნავთობის ისეთი მარშრუტიც მოიძებნება, რომელიც ყველასთვის ხელსაყრელი იქნება, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს წყვეტს ფული და ეკონომიკური ინტერესი. ამას წინათ, დასავლეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: გეშინოდეთ პუტინის სისუსტის და არა მისი სიძლიერის. ანუ, თუ პუტინს მოიმწყვდევთ კუთხეში და დაასუსტებთ, მაშინ ყველაფერზე წავაო.
– და, თუ არ მიამწყვდევენ კუთხეში, მაშინ ხომ ჩვენისთანებს გალახავს?
– ჩვენისთანები ვის ედარდება?!
– მე მედარდება.
– ჩვენ გვედარდება, მაგრამ მათ არ ადარდებთ ჩვენი ბედი. ხომ ხედავთ, რა ხდება? „ნატოს“ მიზანი უახლოეს 10-15-20 წელიწადში არის თავისი წევრი ქვეყნების დაცვა და არა უკრაინის თუ საქართველოსი. ამიტომ დღეს ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ნუ დაგვავიწდება, რომ აშშ-ში წინასაარჩევნო წელი დაიწყო და ამერიკა ხელფეხშეკრულია. პრეზიდენტი ობამა დღეს ვერანაირ მკვეთრ ქმედებაზე ვერ წავა და თვითონ პუტინსაც არ აქვს იოლი ცხოვრება ეკონომიკური პრობლემების გამო. მართალია, ბოლო კვლევით, 86 პროცენტი იწონებს პუტინის კურსს, მაგრამ, მეორე მხრივ, ფულიც უმთავრდება და ისეთი გადასახადები შემოაქვთ რუსეთში, რაც სტალინის დროსაც კი არ ყოფილა: გადასახადი ბინებსა და აგარაკებზე. თუმცა ეს ვითარება ჯერჯერობით არ მისულა იმ წითელ ხაზამდე, როდესაც ისეთი რეალობა დადგებოდა, როგორიც იყო ხრუშჩოვის დროს, კუბის რაკეტების კრიზისისას, 1962 წელს, როდესაც დღეს თუ არა ხვალ და ზეგ ბირთვული ომი შეიძლებოდა, დაწყებულიყო. დღეს არის მხოლოდ გამოწვევები და ნერვების ომი, ვის უმტყუნებს ნერვები: დასავლეთს თუ რუსეთს? რუსეთი ამ მხრივ დაცულია.
– უმტყუნებს, ანუ?
– ვინ დაიხევს უკან პირველი. თორემ ღილაკს თითს არავინ დააჭერს, ისე არ არის, რომ ვიღაც გიჟი დათვრეს, მივიდეს და ღილაკს დააჭიროს. ძალიან რთული სისტემაა გადაწყვეტილების მიღებიდან ბირთვული რაკეტის გაშვებამდე. გარკვეული საფეხურებია გასავლელი, თორემ აქამდე უკვე გაუშვებდა ვინმე რაკეტას არასანქცირებულად. ნერვების თამაშში ვგულისხმობ, უკან ვინ დაიხევს პირველი და პუტინს უფრო მეტი რესურსი აქვს, იმიტომ რომ 86 პროცენტი უჭერს მხარს და ამბობს, ყველაფერს მოვითმენთ, შიმშილსაც და გაჭირვებასაც, ოღონდ თავს არ დავაჩაგვრინებთ საზიზღარ კაპიტალისტებსო!
ირანის ენერგომატარებლების სომხეთით ტრანსპორტირების ვარიანტი ხელსაყრელია პუტინისთვის, იმიტომ რომ სომხეთი, ფაქტობრივად, რუსეთის გუბერნიაა. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი დამოუკიდებელი მოთამაშე –  თურქეთი, თუმცა თურქეთიც მძიმე დღეშია ერდოღანი. არჩევნებიდან რამდენიმე თვე გავიდა და მთავრობის დაკომპლექტება ვერ ხერხდება და, თუ ვერ მოხერხდა რამდენიმე დღეში, მაშინ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს და შესაძლოა, ერდოღანის 13-წლიანი მმართველობაც დასრულდეს. არის კიდევ სირიის პრობლემა, ქურთებმა კი ხომ სისხლი გაუშრეს თურქებს. ამდენად, ძალიან რთული კოქტეილია. დღეს ყველაზე კარგ მდგომარეობაში აზერბაიჯანია, რადგან მას აქვს არჩევნის საშუალება, თუმცა აზერბაიჯანი ირანთან დღეს რთულად გამოძებნის საერთო ენას: აი, იმ 18-მილიონიანი აზერბაიჯანული მოსახლეობის გამო კრუნჩხვები ემართებათ თეირანში. 18 მილიონი ეს არის საშუალო სიდიდის ქვეყნის მოსახლეობა, თავიანთი აიათოლა ჰყავთ და ყოფნა-არყოფნაზეა მათი ირანის საზღვრებში არსებობა. მართალია, ნავთობზე ფასი ეცემა, მაგრამ აზერბაიჯანს არ აწუხებს ეს პრობლემა, იმიტომ რომ ალიევს ფული აქვს.
– ეს მარშრუტები, ფაქტია, განიხილება და, ადრე თუ გვიან, დასავლეთი და რუსეთი მონახავენ ორივე მხარისთვის მეტნაკლებად მისაღებ ვარიანტს. ჩვენ რის გაკეთება შეგვიძლია?
– საქართველოს პოლიტიკა ძალიან ფრთხილად, მაგრამ ნელ-ნელა დგება სწორ რელსებზე. ვგულისხმობ პრაგმატულ სახელმწიფო ეგოიზმს. დღეს თუ ამერიკა მოქმედებს პრინციპით: რაც კარგია ამერიკისთვის, ის კარგი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენ რატომ არ უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით: რაც კარგია საქართველოსთვის, ის უნდა იყოს პრიორიტეტი?! მსოფლიო დიპლომატიაში არ წამიკითხავს, რომ ქვეყნის ოპოზიცია მმართველ პარტიას ბრალს სდებდეს იმაში, რატომ არ კეტავს ბაზარს, როდესაც სხვა ბაზარი აქ აქვს. დღეს ეს პრაგმატული ეგოიზმი არის ჩვენთვის ყველაზე სწორი პოლიტიკა, მით უმეტეს, ვხედავთ, რომ დასავლეთი არ გვანებივრებს პრაქტიკული დახმარებით და ჩვენმა მეგობრობამ ეპისტოლური ფორმა მიიღო, ძირითადად. ვნახათ, რას ჩამოიტანს ხიდაშელი ამერიკიდან. ასევე, ძალიან საინტერესოა, რა ვიყიდეთ საფრანგეთში.
– თავდაცვის სისტემებს გულისხმობთ?
– თუმცა, რაც უნდა იყოს, ეს უკვე პლუსია.
– გამორიცხავთ რუსეთის მხრიდან სამხედრო ჩარევას, რომ ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში ირანის ენერგომატარებლების ტრანსპორტირებას?
– რაში სჭირდება დღეს რუსეთს საქართველოში ომი?! თუ ეს მოხდა, პუტინი საქართველოს კი არ აიძულებს, უარი თქვას, არამედ აზერბაიჯანს;  იმიტომ რომ აზერბაიჯანზე ზემოქმედებისთვის კიდევ აქვს ბერკეტები, საქართველოზე ბევრი არაფერი დარჩა. ხოლო, თუ აზერბაიჯანმა უარი თქვა, მაშინ ჩვენ ყურებზეც რომ დავდგეთ, ძალა მაინც აღმართს მოხნავს.
– თუმცა სომხეთზე გამავალი მარშრუტი ჩვენთვის უსაფრთხოების მომტანია, რადგან ორივე მხარე, რუსეთი და დასავლეთი, იქნება დაინტერესებული სტაბილურობით ჩვენთან.
– მთავარი ნავთობსადენის ჩვენი მონაკვეთი კი არ არის, არამედ მისი ბოლო წერტილი: ვინ იქნება მომხმარებელი და აქ უკვე რუსეთი ძალიან ფრთხილად იქნება; პუტინი სტრატეგი არ არის, ტაქტიკოსია და ძალიან სწორ სვლებს აკეთებს, ტაქტიკის თვალსაზრისით, შეცდომებს არ უშვებს; „კა გე ბეში“ მეტს კი არაფერს ასწავლიდნენ?! ასე რომ, თუ პუტინს დასჭირდა, აზერბაიჯანი იქნება მისი სამიზნე, ოღონდ უფრო რბილი ძალით იმოქმედებს და არა იარაღით.
– უცებ და გადაკეტა რუსეთმა ჩვენი ცენტრალური მაგისტრალი?
– არა, ყველა მეზობელ ქვეყანასთან ცუდი ურთიერთობა აქვს: ბელორუსთან ვერც კი გაურკვევია, როგორი, ასე რომ, ეცდება, რომ საქართველოსთან ჰქონდეს ნეიტრალური ურთიერთობა, ამიტომ არ გვიკეტავს თავის ბაზარს. ამდენად, ჩვენ ამითაც უნდა დავკმაყოფილდეთ დღეს და ჩვენმა დიპლომატიამ უნდა იმუშაოს სხვა მეთოდებით: ფრთხილად, ყოველგვარი ლანძღვა-გინებისა და არაეფექტიანი მუქარის გარეშე.

скачать dle 11.3