გამოჭუკებულები
რადგან იმპორტული საკვები აკრძალულია (იმიტომ რომ უცხოურმა ქვეყნებმა რფ-ს სანქციები დაუწესეს), თუკი აქამომდე მხოლოდ უსიცოცხლო პროდუქტებს ანადგურებდნენ (ყველისა და ხორცის ჩათვლით), აწ „როსსელხოზნადზორმა“ განაცხადა, რომ უცხოეთიდან უკანონოდ შემოყვანილ ცოცხალ ფრინველებსა და ცხოველებსაც გაანადგურებენ და ეს, თურმე, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას.
ასე ახსნა უწყების პრესმდივანმა იულია მელანომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან, 50 ჭუკი დაწვეს.
სახელდობრ, ბ-ნი მელანო განმარტავს, რომ, რადგან შემომტანს თან არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდა, ეს ნიშნავს, რომ ჭუკები შესაძლოა, დაავადებულები ყოფილიყვნენ და ამიტომ მათი დაწვა გაცილებით ჰუმანური აქტია, რამეთუ არაჰუმანური ის იქნებოდა, იმ 50 იხვს საშიში დაავადებები რომ გაევრცელებინათ დიდ რუსეთშიო. მომყავს ციტატა: „ჭუკები იყო კონტრაბანდული. ჩვენ არ გვქონდა სხვა გზა, იხვები გავანადგურეთ, ოღონდ დაწვამდე დავაძინეთ.“
ამ აქციას ცხოველთა უფლებების დაცვის ფონდის რუსული წარმოადგენლობა გამოეხმაურა და შენიშნა, რომ ქმედება არ ჯდება ნორმალური ადამიანური ქცევის ნორმებში, ოღონდ ნაკლებ სავარაუდოა, რომ „როსსელხოზნადზორმა“ ეს შეგონება ყურად იღოს.
ხოლო, რაკი უკვე ოთხფეხა ცოცხალი არსებების ფიზიკურ განადგურებაზეც გადაერთნენ, არც ისაა გამორიცხული, რომ საჯარო ადგილებში გაჩაღებულ კოცონებზე კონტრაბანდის ორფეხა შემომტანიც დაწვან, მოტივით: მავნე ზეგავლენას ახდენენ რფ-ის მოქალაქეების ნერწყვის გამოყოფის რეფლექსზეო. –