რუბლებს მონატრებულები
სათაგურში – უფასო ყველის იმედად
ისე მოხდა, რომ ოკუპანტებმა ჩვენებურ სეპარატისტებს დაპირებული 4 მილიარდი რუბლი არა და არ აღირსეს, თუმცა ამ უკანასკნელებმა, სწორედაც რომ, ამის ეშხით მოუწერეს ხელი ინტეგრაციის ხელშეკრულებას, რის მიხედვითაც, ლამისაა ვამბობთ აფხაზეთს, ვგულისხმობთ რფ-ს.
თუმცა „პრ.“ ხაჯიმბა სამწყსოს ამშვიდებს, რომ ხმები იმის შესახებ, რომ რუსულ-აფხაზური ურთიერთობა გართულდა, გადაჭარბებულია და ისიც, რომ რფ არ აპირებს აფხაზეთს გაუწიოს ფინანსური დახმარება.
ზედაც, განმარტავს (მომყავს ციტატა): „მიმდინარე წელს რუსული ფინანსური დახმარების შეყოვნების მიზეზი დაკავშირებულია დოკუმენტაციის შემოწმებასთან, რადგან 2012-2014 წლებში მილიარდ რუბლზე მეტი თანხა არ იქნა დახარჯული მიზნობრივად.“
მართალია, „პრ.-ს“ არ დაუკონკრეტებია, როდის დასრულდება შემოწმება, სავარაუდოდ კი, მაშინ, როდესაც აფხაზეთი რფ-ის ყველა მოთხოვნას შეასრულებს, მათ შორის, აფხაზეთში მიწის აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონეთათვის მიყიდვის შესახებ, იმიტომ რომ, თუმცა ენგურს გაღმა არ სურთ ამის დაჯერება, უფასო ყველი, მით უმეტეს, ფული, მხოლოდ სათაგურშია. –