რატომ მონათლეს ბონდ მღებრიშვილი ქართველ ლეონარდო დიკაპრიოდ და რის გამო მოკლა მან ცოლი ბელგიაში
სასიხარულოა, როცა ქართველი წარმატებას აღწევს უცხოეთში და, ორმაგად გასახარი, როცა მას არ ავიწყდება საკუთარი წარმოშობა. ბონდ მღებრიშვილი 9 წლის იყო, მშობლებმა უცხოეთში რომ წაიყვანეს საცხოვრებლად. ის იქ გაიზარდა და საკმაოდ პოპულარული ბიჭი გახდა როგორც სპორტში, ასევე კინოში. დღეს ბონდი ბელგიაში ცნობილი და მოთხოვნადი მსახიობია: გადაღებულია ფილმებში, ტელესერიალებში და რეკლამებში. როგორც თავად ამბობს, მას წარმატების მიღწევაში ქართული გენეტიკა, ტემპერამენტი და მენტალიტეტი დაეხმარა. საკმაოდ ახალგაზრდამ, 24 წლისამ, მიაღწია დიდ წარმატებებს და, ამის მიუხედავად, ის თავმდაბალი, მოსიყვარულე და კომუნიკაბელურია, თან, არც ქართული წერა-კითხვა და ლაპარაკი დავიწყებია.
ბონდ მღებრიშვილი: რომ დავიბადე, მშობლებმა ბაბუის სახელი დამარქვეს – ბონდო. ბელგიაში როცა გადავედით საცხოვრებლად და მეკითხებოდნენ, რა გქვიაო, რომ ვეუბნებოდი, ბონდო-მეთქი, ყველა ასე ამბობდა: „ვა, ბონდ? ჯეიმს ბონდ” (იცინის). ამიტომ, დღეს ეს სახელი შემომრჩა და ყველა ბონდით მიცნობს. საქართველოში ყოფნის დროს ვმღეროდი ანსამბლ „მძლევარში” და კარგი სასიმღერო მონაცემები მქონდა. სხვათა შორის, გარდა სიმღერისა, ყველა აღნიშნავდა ჩემს მსახიობურ მონაცემებსაც – მეუბნებოდნენ, შეგიძლია, სიხარულიც და ტკივილიც ემოციით, თვალებით, ქცევით გამოხატოო. სწორედ ამ ემოციების წყალობით ვარ დღეს ბელგიაში მსახიობი, მიღებენ ფილმებში, ტელესერიალებში და რეკლამებში, რომლებიც ხშირად ტრიალებს ტელეეკრანზე.
– ბელგიაში ჩასულს არ გაგიჭირდა ახალი გარემოს შეგუება?
– როგორ არა, თავიდან ძალიან გამიჭირდა. საქართველოში დავტოვე მეგობრები, ნათესავები, საყვარელი ხალხი, მაგრამ, ხომ იცით, დროთა განმავლობაში, ეგუები გარემოს, სადაც გიწევს ყოფნა; ცდილობ, იქ დაიმკვიდრო შენი სახელი და აკეთო ის საქმე, რაც წარმატებას მოგიტანს. ნოსტალგია მქონდა; სულ მინდოდა, ჩემი ქვეყანა მესახელებინა უცხოეთში; ყველაფრს ვაკეთებდი, რომ წინ წამეწია. სანამ კინოში მოვხვდებოდი, კონსერვატორიაში გავიარე აკადემიური კურსები, შემდეგ ვარჯიში დავიწყე ტაი-ბოქსზე.
– როგორც ვიცი, არა მარტო სამსახობო კარიერაში, სპორტშიც საკმაოდ წარმატებული ხარ.
– დიახ, საკმაოდ დიდი წარმატებები მქონდა კრივში და დიდ იმედებსაც ამყარებდნენ მწვრთნელები. შემდეგ უნივერსტეტში ჩავაბარე მარკეტ-მენეჯმენტის ფაკულტეტზე. კლავიშებიან ინსტრუმენტზეც ვუკრავ, თვითნასწავლი ვარ. უნვერსიტეტში თეატრალური დარბაზის სცენაზე დავუკარი და სწორედ ამ დროს შემამჩნია დარბაზიდან ერთმა ადამიანმა. დაკვრა რომ დავასრულე, მოვიდა, გამეცნო და მითხრა, მე ვარ რეჟისორიო და, აი, იმ დღიდან დაიწყო ჩემი სამსახიობო კარიერა. როგორც შემდეგ მითხრა, ჩემი აღნაგობა, ნავარჯიშევი სხეული და ემოცია მოეწონა, რასაც დაკვრის დროს გადმოვცემდი. მოკლედ, შემომთავაზა, გამევლო სინჯები როლზე. ამ ფილმში მთავარ როლს ჟერარ დეპარდიე თამაშობდა. წავედი საფრანგეთში, გავიარე სინჯები, მაგრამ, ბელგიური ფრანგული აქცენტის გამო დამიწუნეს. ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ და უკან არასდროს ვიხევ. თუ საქმეს შევეჭიდე, ყოველთვის ვცდილობ, ბოლომდე მივიყვანო და მთელი პასუხისმგებლობა ჩავდო მასში. ერთი ჩემი მეგობარი ცნობილი მსახიობია, აბაში და მან მითხრა, როლზე მოკრივე ტიპი სჭირდებათ და იქნებ ქასთინგი გაიაროო. გავიარე და ამ როლზე დამამტკიცეს. ეს ჩემი პირველი გამოჩენა იყო დიდ ეკრანზე და, მივხვდი, კინო ჩემი სტიქია გახდებოდა. ასეც მოხდა. ამ ფილმმა საერთაშორისო ფესტივალები მოიარა და საკმაო აღიარებაც მიიღო. ამის შემდეგ წარმოშობით თურქმა რეჟისორმა გადამიღო ფილმში, სადაც თურქული ბანდის ლიდერი ვიყავი. ზოგადად კი, ჩემი ტიპაჟის გამო, ძირითადად, მაფიოზურ როლებზე მიწვევენ.
– რამდენი ადამიანი გყავს „მოკლული”?
– ბევრი (იცინის), მათ შორის პოლიციელები და ღალატის გამო ცოლიც კი, რომელმაც ფულში გამცვალა. სხვათა შორის, ყველა რეჟისორი აღიარებს, რომ ჩემში ყველაზე მეტად თვალები მოსწონთ და ბევრ როლზე სწორედ ამის გამო მამტკიცებენ. ზოგადად, დაკვირვებული ვარ, ქართველი რომ თვალებით გადმოსცემს იმ ემოციას, რაც შიგნიდან მოდის, სხვა ეროვნების ადამიანს ეს არ შეუძლია ან არ გამოსდის. ქასთინგზე ტექსტის გარეშე, უთქმელად მიწევს ტირილის, სიხარულის, ტკივილის გადმოცემა და ყველა აღიარებს – ეტყობა, ეს ქართული გენეტიკის ბრალია, სხვა მსახიობი ასე ვერ გადმოგვცემს ამ ემოციებსო და ეს ყველაზე მეტად მიხარია. ალბათ, კიდევ სამი წელი გავჩერდები ევროპაში, შემდეგ კი ამერიკაში ვაპირებ კარიერის აწყობას, კერძოდ, ლოს-ანჯელესში მინდა გადასვლა. დიდი გეგმები მაქვს – ჰოლივუდს ვუმიზნებ. ყველა მსახიობი ოცნებობს ჰოლივუდზე და ეს გასაკვირი არ არის. სხვათა შორის, ამერიკაში ფესტივალზე იყო წარდგენილი არმაზ ხორნაულის ფილმი – „ახალი ცხოვრების დაწყება”, რომელშიც გენიალური გია ყანჩელის მუსიკა ჟღერს და კინოკრიტიკოსებმა საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს ამ ნამუშევარს. მე კი, ამ ფილმში შესრულებული როლის გამო, კინოკრიტიკოსებმა ქართველ ლეონარდო დიკაპრიოდ „მომნათლეს”. ამ ფილმმა მოიარა ამერიკის, საფრანგეთისა და იტალიის საერთაშორისო კინოფესტივალები. ასე რომ, ახალ ცხოვრებას ჰოლივუდში ვგეგმავ და, ვნახოთ, ეს კავკასიელი ლეონარდო დიკაპრიო როგორ გავართმევ თავს (იცინის). თუმცა, იმედი მაქვს.
– გარდა სრულმეტრაჟიანი ფილმებისა, ტელესერიალებითაც გაგიცნო მაყურებელმა. სულ რამდენ სერიალში ხარ გადაღებული?
– სულ სამ სატელევიზიო სერიალში გადამიღეს და ბოლო სერიალში შევასრულე მდიდარი იტალიელი ბიჭის როლი, რომელიც ცოტა მაზოხისტია, უყვარს ქალები, გართობა, მილიონებს ხარჯავს და იცის ცხოვრების გემო. ბევრ ქალთან აქვს ურთიერთობა და იცის, როგორ მოხიბლოს ისინი. საკმაოდ სახასიათო როლია, მე მომწონს.
– რეალურად როგორია შენი პირადი ცხოვრება?
– ძალიან ვაფასებ ქალს და არასდროს მიტკენია სუსტი სქესისთვის გული. რასაკვირველია, მე ქართველი ვარ და გენში მაქვს ქალისადმი პატივისცემა. ჩემს პირად ცხოვრებას ისე ვუდგები, როგორც კარიერას, ანუ, მასზე სერიოზულად ვფიქრობ. რასაკვირველია, სასიყვარულო პარტნიორი ყოველთვის მყავს, მაგრამ, სერიოზული არაფერი ხდება, ეს უბრალო ფლირტია. არ დავმალავ, მიყვარს ქალებთან ურთიერთობა, თან, ევროპაში გაცილებით გახსნილი და ლაღი კონტაქტებია. მიყვარს ქალი, მაგრამ ის ჩემი სუსტი წერტილი არ არის (იცინის). ცოლი კი აუცილებლად ქართველი მეყოლება – ეს გადაწყვეტილი მაქვს. საქართველოში წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვდივარ. მიყვარს ჩემი ქვეყანა და, მინდა, ის ყველგან ვასახელო, სადაც ფეხს დავდგამ.