როგორ შექმნა თინათინ ჯაფარიძემ ავტობიოგრაფიული სპექტაკლით ახალი ჟანრი ბროდვეისთვის და როდის ჩაწერენ მის სიმღერებს სელინ დიონი და ბარბრა სტრეიზანდი
თინათინ ჯაფარიძეს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს – უნიჭიერესი ადამიანი, კომპოზიოტორი, მომღერალი და არაჩვეულებრივი პიროვნება მუდმივად იწვევს აღფრთოვანებას. ამიტომაც, უკვე წლებია, ის საკუთარი შრომით, ნიჭიერებითა და სილაღით შექმნილ ულამაზეს, ზღაპრულ სამყაროში ცხოვრობს და საქმიანობს. შესაბამისად, მის ყოველ ნაბიჯს მუდმივად ახლავს წარმატებები და წინასვლა.
თინათინ ჯაფარიძე: მუსიკალური შემოქმედების პარალელურად, ჩავაბარე კოლუმბიის უნივერსიტეტში. ყოველთვის მიზიდავდა ფსიქოლოგია და, ახლაც, უნივერისტეტში, ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ფსიქოლოგია და ყოფილი საბჭოთა კავშირი, ანუ, როგორ იმოქმედა საბჭოთა კავშირის დანგრევამ და დაშლამ ჩვენს თაობაზე, რომელმაც რაღაც პერიოდი საბჭოთა კავშირში გაატარა. დოქტორანტურისთვის უკვე ვამზადებ თემას და ეს არის „ქართული იდენტობა პოსტსაბჭოთა საქართველოში“. პარალელურად, ვთანამშრომლობ ჰარიმანის ინსტიტუტთან, ვსწავლობ და ვამზადებ ჩემს ექსპერიმენტს. კოლუმბიის უნივერსიტეტმა უკვე გამომიშვა სამუშაოდ ერთი თვით და მეც ვმუშაობ. შევხვდი ახალგაზრდა ექსპერტებსაც და, ასევე, მამაჩემის თაობას. ეს ის თაობაა, რომელსაც ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს და მათთან ურთიერთობა ძალიან დიდი ბედნიერებაა. ამ ადამიანებთან ურთიერთობისას უზარმაზარ სიამოვნებას ვიღებ და თან მათთან საუბრის მერე ჩანაწერებს ვაკეთებ.
– შეიძლება, ეს ახალ წიგნს დაედოს საფუძვლად?
– შეიძლება, ჩემი წიგნი მომავალი წლის დასაწყისში გამოდის, ფინიშს ვუახლოვდები. შემდეგი წიგნისთვის უკვე მექნება მონახაზი. მაშინ, როდესაც ჩემი წიგნის წერა დავიწყე, სულ რაღაც სიახლეები ხდებოდა. რედაქტირებას რომ აკეთებდა ჩემი რედაქტორი და მე სიახლეს ვუყვებოდი, მეუბნებოდა, უნდა ჩავამატოთო და ასე აღარ და აღარ დამთავრდა. მაგრამ ახლა აღარ შეიძლება რამის ჩამატება, რადგან, გამოაცხადეს, რომ წიგნი თებერვალში გამოვა. პირველად გამოვა ამერიკაში ინგლისურ ენაზე და შემდეგ უკვე რედაქცია იზრუნებს, თუ სად უნდა გამოიცეს და რომელ ენაზე.
– შენი სპექტაკლი „მატრიოშკა“ „ოფ ბროდვეიზე“ ჩვენების შემდეგ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
– ბარიშნიკოვთან გვქონდა ჩვენება, შემდეგ „სტაინვეის ჰოლში“, „მეტროპოლიტენ რუმში“, „თრაიედის თეატრში“, ანუ, ისეთ ადგილებში, რომლებიც ბროდვეის სამყაროში მართლაც მნიშვნელოვანია. ახლა ვაპირებთ სხვადასხვა ქალაქში გატანას. ფილადელფიასა და ვაშინგტონში გვინდა საჩვენებელი სპექტაკლების ჩატარება, რომ უფრო ხშირად გაჟღერდეს „მატრიოშკას“ სახელი. ჩემი თანაავტორის, თიმოთი გრეფენრიდის ძალიან ცნობილ სპექტაკლს, რომელიც იყო პირველი აფრიკულ-ამერიკული სპექტკალი, დაიდგა 70-იან წლებში და დიდი რევოლუცია მოახდინა, 40 წელი უსრულდება. რამდენიმე დღის წინ „ცენტრალ პარკში“ ჩატარდა ამ სპექტაკლის ჩვენება და იმდენი ხალხი დაესწრო, ტევა არ იყო. ახლა ბროდვეიზე აბრუნებენ. გარდა ამისა, საახალწლოდ, „ენბისის“ არხზე რჩეული, ლეგენდარული სეპქტაკლების სატელევიზიო ვერსიას უშვებენ და წელს სწორედ თიმოთის სპექტაკლს გაუშვებენ პირდაპირ ეთერში და მთელი ამერიკა ნახავს. ეს ჩვენთვის ძალიან კარგია. „მატრიოშკა“ ძირითადად, საჩვენებელი სპექტაკლი იყო ბროდვეის შიდა სამყაროსთვის, რადგან, გვინდოდა, კონტრაქტები დაგვედო ჩამწერ კომპანიასთან და გამომცემლობასთან, რომელმაც დაგვიდო კონტრაქტი არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ინგლისშიც. ზოგადი რეაქცია ძალიან კარგია: ეს არის ასე თუ ისე ახალი ჟანრი ბროდვეისთვის, პოსტ-მოდერნი. გარდა ამისა, პოსტსაბჭოთა თემა, საქართველო, რუსეთი – აქტუალურია ამერიკაში; ამიტომ, ვინც მე არ მიცნობდა, არ ჰქონდა ჩემი სიმღერები მოსმენილი, თემის გამო მოდიოდნენ სანახავად. ახლა უკვე შეიძლება, რომ ჩანაწერი მოისმინონ და მეორედ მოვიდნენ მიუზიკლის სანახავად.
– სპექტაკლში თუ შეიტანეთ ცვლილებები, თუ დაამატეთ პერსონაჟები?
– ხშირად შეგვაქვს ცვლილებები. სასიყვარულო თემაც შევიტანეთ, რადგან ეს აინტერებს მაყურებელს. მე ვარ და ერთი პერსონაჟი, სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა აგებული. ცოტამ თუ იცოდა, ვისზე იყო ეს ამბავი – საკმაოდ დიდი ფიგურაა და არ მინდოდა მისი სახელის თქმა, რადგან თავისებურ პიარს იწვევს. სპექტაკლს კი არ სჭირდება ასეთი კუთხით ყურადღების მიქცევა. სულ ორმა ადამიანმა იცოდა, ვისზე იყო ეს ამბავი აგებული. არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ, იმ ქვეყანაში, სადაც ეს პიროვნება მოღვაწეობს, გასკდა ეს ამბავი. იმ ქვეყანაში დაწერეს სტატია. ჩემი და მისი სახელი არ ახსენეს, უბრალოდ, ჩემზე დაწერეს, რომ მე ვარ ეგზოტიკური წარმოშობის არტისტი, ხოლო ის პიროვნება ისე დაახასიათეს, რომ იმ ქვეყანაში ყველა მიხვდებოდა, ვისზე იყო საუბარი. ბოლოს დააანონსეს, რომ მომავალში ამ ლამაზი სიყვარულის შესახებ უფრო მეტს გაიგებს საზოგადოებაო. იმდენად განსხვავებული და უჩვეულო ისტორიაა, რომ, ვინც ნახულობს, ყველას აინტერესებს – ვისზეა, ვინ არის.
– შენ და დეივ გრუზინი საქართველოში აპირებდით ჩამოსვლას – „იავნანას“ საქველმოქმედო კონცერტში უნდა მიგეღოთ მონაწილეობა.
– ჩამოვდიოდით, პროექტი მზად იყო, მაგრამ, საბოლოოდ, არ გამოვიდა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. დეივს ძალიან უნდოდა ჩამოსვლა, თან, იმდენი წელი ვესაუბრებოდი საქართველოზე, ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში ვუთხარი, საქართველოში ლეგენდა დადის თქვენს ქართულ წარმომავლობაზე-მეთქი, რომ, ბოლოს ჩაიხედა თავის ბიოგრაფიაში და მართლაც აღმოაჩნდა ქართული ძირი. ძალიან უნდოდა, ჩამოსულიყო; უნდოდა ჩვენი ერთად გამოსვლა (ჩვენი ოჯახური კონცერტიო, ამბობდა) – მე, თვითონ და მისი ძმა უნდა გამოვსულიყავით, რომელიც პიანისტია. მაგრამ, ბოლო წუთში ჩაიშალა და გული დაგვწყდა ორივეს. ჩვენს ურთიერთობას უკვე აღარ ჰქვია მეგობრობა. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე ჰქონდა, დავურეკე და ვუმღერე – ასეთი ტრადიცია გვაქვს. ადრე მითხრა: Dear დეივ კი არ უნდა მითხრა, Dear ფაფაო (Dear Papa). ამ კონცერტის ჩაშლამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა.
– ძალიან ბევრ ცნობილ მომღერალს უწერ სიმღერებს. გარკვეული პერიოდის წინ სელინ დიონისთვის და ბარბრა სტრეიზანდისთვისაც დაწერე სიმღერები. რა ბედი ეწია მათ?
– ბარბრა სტრეიზანდის სოლო ალბომისთვის დავწერე სიმღერა და გავუგზავნე ადამიანს, რომელიც მას ასმენინებს სიმღერებს და ერთად არჩევენ. ამ კაცს ძალიან მოეწონა, მაგრამ, მითხრა: სოლო ალბომის ჩაწერა გადაიდო, ბარბრა დუეტებს წერს (ახალხან გამოვიდა ეს ალბომი) და იქნებ გადააკეთო დუეტადო. ძალიან მინდოდა, ვცადე გადაკეთება, მაგრამ, სიმღერა ფუჭდებოდა – არ მოუხდა. ახალი იქნებ დაწეროო – ახლის დაწერის დროც არ იყო. სამაგიეროდ, ეს სიმღერა გადადებულია, ბარბრას სოლო ალბომს ელოდება. სელინთანაც ანალოგიურად გამოვიდა: დაიწყეს ინგლისურენოვან ალბომზე მუშაობა, დავუწერე, გადავუგზავნე, მოეწონა. გადამაფრინა ლას-ვეგასში, შევხვდით, კონცერტსაც დავესწარი, ორივე კმაყოფილები დავრჩით, მაგრამ, ინგლისური ალბომი დროებით გადაიდო და ფრანგული გამოვიდა შარშან. ეს სიმღერა გადავდეთ ინგლისური ალბომისთვის და სამწუხაროდ, მისი მეუღლე გახდა ავად. სელინი მაქსიმალურად ბევრ დროს ატარებს მასთან. როგორც კი გადაწყვეტს ჩაწერას, მაშინვე მოგვარდება სიმღერის საკითხი – ეს კიდევ უფრო მარტივია, რადგან, საერთო პროდიუსერი გვყავს. მაქვს კიდევ ერთი მუსიკალური სიახლე: უკვე დიდი ხანია, ვმუშაობ რიკ ალისონთან ერთად, რომელიც ლარა ფაბიანის მეუღლე იყო. სელინისა და ბარბრასთვის სიმღერები მასთან ერთად დავწერე. ახლა გვაქვს ახალი პროექტი, რომელიც ერთი თვის წინ წამოვიწყეთ – ეს არის ჩვენი დუეტი. ულამაზესი ვოკალი აქვს, მაგრამ, რადგან ლარა იყო წინა პლანზე, თვითონ არ მღეროდა. ახლა გადავწყვიტეთ, ერთად გავაკეთოთ პროექტი, რომელსაც ჰქვია „სარკე“ – დაკავშირებულია კულტურულ ანარეკლთან. სამი სიმღერა დავამზადეთ, სექტემბერში უნდა წავიდე კანადაში და კიდევ ჩავწეროთ სიმღერები და გავგზავნოთ ორგანიზატორებთან, რომ შევუთანხმოთ მასალა. იქნება კონცერტი და, შემდეგ, ალბათ, გამოვუშვებთ ალბომს. ძალიან ნიჭიერი ადამიანია, კარგი პიროვნება. ჩაწერის დროს ლარას მიკროფონი გამომიტანა, რომელშიც მან თავისი ჰიტები იმღერა – მინდა, ამ მიკროფონით ჩავწეროთ სიმღერაო. ვაპირებთ ამ კონცერტის ჩატანას მოსკოვში. სპექტაკლი ჯერ ამერიკაში უნდა ვაჩვენოთ, მერე სხვა ქვეყნებშიც და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად საქართველოში. ძალიან საინტერესო სოციოლოგიურ-კულტურული საკითხებია. კოლუმბიის უნივერსიტეტს აქვს „მილერის თეატრი“, სადაც წინა საუკუნეში ბროდვეის ცნობილი შოუების ბევრი პრემიერა შედგა. ჩვენი სპექტაკლი ძალიან აინტერესებთ. ბოლო საჩვენებელი სპექტაკლი რომ ჩავატარეთ, დაესწრნენ ჩემი რექტორი, დეკანი, პროფესორები და აღფრთოვანებულები წავიდნენ. მეორე დღეს რექტორმა გამომიძახა და 12-ფურცლიანი გადაბეჭდილი ანალიზი მომცა თავისი იდეებით, აზრებით – ძალიან დავინტერესდი და მთელი ღამე ვწერდიო. ისეთი მოულოდნელი და საინტერესო იყო, ძალიან გამიხარდა.