რაში გაშიფრა გიორგი სიგუამ „ბარიგები” და რატომ დაახვედრა მან ანაკლიაში შამპანურის ზღვა ნანუკა ჟორჟოლიანს
ანაკლიაში ხმაურიანი GEM Fest დასრულდა და გიორგი სიგუამ პატარ-პატარა სკანდალების გარეშე ვერც ამ ფესტივალს დააღწია თავი. თუმცა, ფიქრობს, რომ ფესტივალი იმაზე კარგი გამოვიდა, ვიდრე ჩაფიქრებული იყო და არც ის ხმები აშინებს, რაც საქართველოში ჩამოსვლის დღიდან დაებედა. ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილ შეფს, რომელიც გასულ წელს ხმაურით წავიდა პოსტიდან, ანაკლიის ფესტივალის წარმატების შემდეგ, ახალი გეგმები აქვს, რასაც ის ძველ ისტორიებთან ერთად გვიმხელს ანაკლიიდან.
გიორგი სიგუა: ძალიან კარგი ფესტივალი გამოვიდა, იმაზე კარგი, ვიდრე გვქონდა დაგეგმილი. GEM Fest ჩაფიქრებული იყო როგორც მულტიფორმატული, ინტერნაციონალური ფესტივალი, რომელიც გამორჩეული გამოვიდა როგორც საინტერესო და მრავალრიცხოვანი სტუმრების თვალსაზრისით, ისე საორგანიზაციო მიმართულებით – არაჩვეულებრივი გარემო, გამართული ინფრასტრუქტურა, მუსიკალური პროგრამა, სცენური ტექნოლოგიები, ვიზუალური ეფექტები. ანაკლია მსოფლიო ვარსკვლავების თავშეყრის ადგილად იქცა, 120-ზე მეტი არტისტი იყო ჩამოსული მთელი მსოფლიოდან. ერთად თავშეყრილი ამდენი ვარსკვლავი, ალბათ, არსად ყოფილა, ჩვენ კი ეს მოვახერხეთ სამეგრელოს ორ პატარა სოფელში. სახლში წასვლა არავის აღარ უნდოდა. მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, დაგეგმილი ცხრა დღის ნაცვლად, ფესტივალი რამდენიმე დღით გაგრძელდა. კიდევ მეტხანს გავაგრძელებდით, მაგრამ, ყველაფერი – სცენები, გახმოვანებისა და განათების აპარატურა დაქირავებული გვქონდა და ვადები ამოიწურა. ეს ინფრასტრუქტურა ჩემი საკუთარი რომ ყოფილიყო, საერთოდ არ გავაჩერებდი ამ ფესტივალს. საბოლოო ჯამში, ამ დღეებში ანაკლიას ოცი ათასი სტუმარი ეწვია, ამერიკიდან და არგენტინიდანაც კი გვყავდა ხალხი. ევროპა გადავსებულია ფესტივალებით და ამის ნაკლებობა არ აქვთ. ჩვენს რეგიონში კი ასეთი ფესტივალები არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ტურისტული პროდუქტი, რომელიც მალე გახდება ჩვენი ქვეყნის ტურისტული მიმართულების სავიზიტო ბარათი. ფესტივალს ჰქონდა კარგი გამოხმაურება – იბიცაზე ვარ მიწვეული, სადაც არ იმართება გრანდიოზული ფესტივალები. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ იბიცა არის მსოფლიო ელექტრონული მუსიკის „ბუდე”, იქ ხშირია კონფერენციები, სხვადასხვა სახის ღონისძიება, სადაც ძალიან მალე მივდივარ, რათა გადმომცენ სპეციალური პრიზი.
– შარშანდელი ღონისძიება, რომელსაც ბევრი ხმაური მოჰყვა, არაერთხელ შეადარეს იბიცას ამბებს. წელს არ იყო ანაკლიაში თავისუფალი სექსის და ნარკოტიკის “ბუდის” ბრალდებები?
– ეს იყო კარგი მუსიკისა და გართობის ბუდე, მე ვერც სექსით შემაშინებს ვინმე და ვერც ვერაფრით. ეტყობა, მიხვდა ხალხი, რომ სექსი და ნარკოტიკი არ იყო პრიორიტეტი და, ალბათ, ჩვენც სწორად ვიმუშავეთ პრომოუშენზე. ამ ფესტივალებში ცუდი ხომ არაფერია და არ არსებობს საფრთხე. ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ნარკოტიკისგან შორს ვარ, ჩემი ცდუნება ამ მხრივ წარმოუდგენელია. სულ ამის მტკიცებაში ვარ: მითი იმის შესახებ, რომ, კარგად გართობა თუ გინდა, ნარკოტიკის გავლენის ქვეშ უნდა იყო – „ბარიგების” მოგონილი და გავრცელებულია. მთავარი ის იყო, რომ ამ ფესტივალმა ბევრი ადამიანი გაახარა, ყველა სტუმარი იყო ბედნიერი, ყველამ დაინახა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი; დავამტკიცეთ, რომ დამოუკიდებლადაც შეგვიძლია, ორგანიზება გავუკეთოთ მსოფლიო დონის ფესტივალს. საოცარი ისაა, რომ ჩვენ ეს ფესტივალი რეალურად ექვს კვირაში გავაკეთეთ: აშენდა, დამშვენდა აქაურობა, დაიჯავშნა ადგილები. სულ ერთი თვე გვქონდა მარკეტინგისთვის და ასეთ პატარა პერიოდში ასეთი დიდი მიღწევა, რაც ჩვენს ფესტივალს ჰქონდა, გადასარევი შედეგი იყო.
– როგორც ჩანს, შარშან კაზანტიპის სკანდალურ ფესტივალზე “დაოსტატდით.” როგორ დასრულდა თქვენი და კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტის – ნიკიტას დავა, რომელიც უკანმოუხედავად გაიქცა ანაკლიიდან?
– ეს დავა არ ყოფილა, მე არ ვყოფილვარ იმ ღონისძიების ორგანიზატორი. ორგანიზატორი იყო ნიკიტა, მე სახელმწიფოსგან ჩართული პირი ვიყავი, რომელმაც ის მოიძია და ყველანაირად ცდილობდა ხელშეწყობას. ფესტივალიც ბიზნესია – ან ვალი დაგედება, რომელსაც გადახდა უნდა, ან ფულს იშოვი. ასე ხდება ნებისმიერ ბიზნესში, უცებ არ მოდის მოგება. ბიზნესი გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა იყოს გათვლილი. კაზანტიპის შემდეგ მე ბევრ ფესტივალს დავესწარი და სულ ვცდილობდი, როგორც მენეჯერს მიმეღო გამოცდილება. მე სულ მინდოდა ასეთი ფესტივალის გაკეთება, მაგრამ არ მქონდა ფული. პროექტი ათ მილიონზე მეტი დაჯდა და ეს ფული საიდანღაც ხომ უნდა მომეტანა?! სასტარტო თანხა იყო კრედიტი, რომელიც ვალად გვაქვს აღებული.
– ამაზე ითქვა, რომ ბიუჯეტიდან გქონდათ გამოყოფილი თანხები.
– ერთი თეთრი არ მოუცია ჩვენთვის ბიუჯეტს. სახელმწიფომ მხოლოდ ის გააკეთა, რაც მათ ევალებოდათ – ეს იყო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და უსაფრთოების უზრუნველყოფა. რაც მოგვცა უფასო სარგებლობისთვის, ეს იყო აკვაპარკი. სახელმწიფოს თანხები არაფერში არ წასულა, ეს იყო კომერციული პროექტი, რომელიც განახორციელა ჩემი და ჩემი მეგობრის კუთვნილმა კერძო კომპანიამ. ჩვენ მოვიზიდეთ სასპონსორო თანხები კერძო კომპანიებიდან, 28 სპონსორი გვყავდა, წარმატებული კომპანიები, რომლებიც საკუთარი პროდუქციის რეკლამირებასა და რეალიზაციას ეწეოდნენ ადგილზე. ფესტივალის უდიდესი კაპიტალი კი მაინც სესხი იყო.
– ამ ფესტივალს უკმაყოფილო ხალხიც ჰყავდა და მათ შორის იყო ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც ბევრი ბრალდება წამოგიყენათ.
– ნანუკამ, ასე ვთქვათ, თავისი ტელევიზიის ამბავში წაიპროვოკატორა – შამპანური და ყავა ვერ ვიშოვეო, რომ თქვა, მიჰქონდა აქაურობა ყავასა და შამპანურს, სასმლით იყო ყველაფერი გაძეძგილი. დავასხი კიდეც ნანუკას თავზე ერთი ბოთლი შამპანიური იმის ნიშნად, რომ ვერ იშოვა. უბრალოდ, „რუსთავი 2” არ იმჩნევდა ამ ფესტივალს, ისე, როგორც არ იმჩნევენ ხოლმე არაფერ კარგს, რაც კი ხდება ქვეყანაში და, სულ ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს ყველაფერი ინგრევა. დადიოდნენ და ხალხს ეკითხებოდნენ, უკმაყოფილო რითი ხართო. ასე მოიქცა ნანუკაც, ეს იყო და ეს. ვუთხარი: მეც ჩამწერეთ, ყველაფერი, რასაც ხედავთ, ფოტოშოპია და სინამდვილეში, ასე არ ხდება-მეთქი, მაგრამ, ამას გაუშვებდნენ?! ახლა ტელევიზიის ქონების დაყადაღების პრობლემები აქვთ და, არ მინდა, რამე ვთქვა, მაგრამ, ძალიან ცუდად და ბოროტულად მოიქცნენ.
– ადრე „რუსთავი 2-თან” ცუდი ურთიერთობა არ გქონიათ, ყველას გვახსოვს თქვენი ცრემლები ამ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, როცა ტურიზმის დეპარტამენტის ადმინისტრაციის პოსტიდან ხმაურით წახვედით.
– მე ცუდი ურთიერთობა არავისთან მაქვს და არც ახლა ვუპირისპირდები ვინმეს; ბოლოს მე და ნანუკა შევრიგდით კიდეც და არც არაფერი მაქვს მასთან გასაყოფი. საბოლოოდ, მან მშვენიერი დრო გაატარა თავის ახლობლებთან ერთად. მე მესმის „რუსთავი 2-ის” – მათ უხარიათ, როცა კარგი ამბები ხდება ოდესის ოლქში.
– იქაურ გუბერნატორთან თქვენც დიდი ეპოპეები გაკავშირებთ.
– დიახ, იძულებული გამხადა, გავქცეულიყავი – გამაგდო ქვეყნიდან და რვა წელი ვიცხოვრე სხვაგან. ემიგრაციაში არ გამიტარებია იოლი წლები, თუმცა, ახლა ვხვდები, რომ ის ყველაფერი ძალიან გამომადგა.
– რაც საქართველოში დაბრუნდით, სკანდალები არ გაკლიათ. როგორ ფიქრობთ, მუდმივად რატომ ხვდებით ხმაურიან ისტორიებში?
– ალბათ იმიტომ, რომ მე არ მიჭირს გაბედული გადაწყვეტილებების მიღება; არ მეშინია სიახლეების, გაკიცხვის. არ ვცხოვრობ ისე სტანდარტულად, როგორც სხვები. შეცდომებს მეც ხშირად ვუშვებ, მაგრამ მათი აღიარებაც შემიძლია. ვერ ვიტყვი, რომ სფეროებს ხშირად ვიცვლი – კოსმონავტიკაში ვერ წავალ, ვერც აგრონომიაში და მეტეოროლოგიაში. ყველა ჩემი სამსახური მაინც ტურიზმთან იყო დაკავშირებული. როცა საქართველოში დავბრუნდი, მაშინვე ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად კი არ დავნიშნულვარ, ჯერ პარლამენტარ ირაკლი ტრიპოლსკის თანაშემწედ ვიმუშავე რამდენიმე თვე, მერე გავიარე კონკურსი. ჩაციკლული არ ვყოფილვარ იმაზე, რომ სახელმწიფო სამსახურში მემუშავა. ყველგან ვიმუშავებ, სადაც შემეძლება, გავაკეთო კარგი საქმე და ეს იქნება სათანადოდ ანაზღაურებადი, რათა შევძლო ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახის რჩენა. შვეიცარიაში, ციურიჰში, სასტუროების მენეჯმენტის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ყველა სფეროში და ყველა საფეხურზე მაქვს ნამუშევარი – სასტუმროს შვეიცარობით დაწყებული, გენერალურ მენეჯერამდე. რესტორანში თეფშების მრეცხავი ვიყავი და შეფ-მზარეული გავხდი; ტურიზმში გიდობით დავიწყე და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გავხდი. ცხრა ენა ვიცი, 47 სერტიფიკატი მაქვს, ეს ჩემი სფეროა. არაა გამორიცხული, ტურისტული კომპანია გავაკეთო ან კონსალტინგით დავკავდე.
– როგორც ჩანს, ხელისუფლებასთან არსებული თქვენი დაპირისპირება, რაც თქვენი პოსტიდან წასვლას მოჰყვა, დალაგდა.
– ხელისუფლებასთან არასდროს ვყოფილვარ დაპირისპირებული, იყო გაუგებრობა ჩემს ყოფილ ხელმძღვანელთან, გიორგი კვირიკაშვილთან, რაც ძალიან მალე აღმოიფხვრა. გიორგი კვირიკაშვილი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ ფესტივალის ორგანიზებაში გვეხმარებოდა და გვგულშემატკივრობდა. გიორგი ანაკლიაშიც იყო ჩამოსული. მე, ზოგადად, სულ ვცდილობ, არაფერი ვინანო – ვაღიარებ საკუთარ შეცდომებს, თუნდაც იმას, რომ შარშან ბევრი შეცდომა დავუშვი, პირველ ყოვლისა – სუბორდინაციაში, იგივე გიორგი კვირიკაშვილთან და ეს, ალბათ, იყო ყოყლოჩინობა. სამაგიეროდ, ახლა შემიძლია, მადლობები გადავიხადო. ამ ამბებმა კბილებიდან ოფლიც გამომადინა და ჭკუაც მასწავლა (იცინის).
– როგორ მოუყარეთ თავი პოლიტელიტას ანაკლიაში?
– ყველა სიამოვნებით ჩამოვიდა. გახსნაზე ჩამოვიდა კახი კალაძე, ოთარ დანელია. სოზარ სუბარიც იყო ანაკლიაში და ნახევარი პარლამენტიც. კახი კალაძე შეხვდა აქტივისტებს, ჩვენთან ერთად შემოიარა მთელი ტერიტორია და ყველას აჩვენა მაგალითი, როგორი უნდა იყოს ახალგაზრდა მინისტრი და ჩინოვნიკი. ასეთი მხადაჭერა ჩვენთვის დიდი სტიმული იყო. მომავალ წელს ეს ფესტივალი უფრო დიდი მასშტაბებით გაიმართება. თუმცა, მანამდეც უამრავი გეგმა გვაქვს: ნოემბერში გვექნება დიდი ივენთი; ზამთარში გავაკეთებთ ფესტივალს, რომელიმე სამთო სათხილამურო კურორტზე; საგაზაფხულოდ საინტერესო ივენთები დავგეგმეთ; ზაფხულში ანაკლიაში გაიმართება ყველაზე დიდი ივენთი, რომელსაც, ალბათ, ფორმატი შეეცვლება – შეიძლება, სულ არ გაგრძელდეს ცხრა დღე და, საზაფხულო, სამ-ოთხდღიანი უიქენდებიც კი გავაკეთოთ.
– ახლა ანაკლიაში ოჯახთან ერთად იყავით „დაბანაკებული”?
– დიახ, ფესტივალზე ჩემთან ერთად იყვნენ: ჩემი ოთხი შვილი, დედ-მამა, მეუღლე, ყოფილი სიდედრი და მოქმედი სიდედრი. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ვერ მოახერხა ბელგიიდან ჩამოსვლა, თორემ, ისიც ანაკლიაში უნდა ყოფილიყო. ფესტივალზე ყველა ასაკის ადამიანს ჰქონდა თავისი გასართობი – მარტო ელექტრონული მუსიკა კი არ გვქონდა, სტუმრად გვყავდა ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ქათამაძე; ჩავატარეთ კინოფილმების ფესტივალი; სტუმრების გასახალისებლად მოვიგონეთ ათასი თამაშობა და სპორტული შეჯიბრება. მე, ალბათ, ერთადერთი ადამაინი ვიყავი, ვინც ანაკლიაში არ ერთობოდა – მე ვმუშაობდი და ახლაც ვმუშაობ – სცენების დემონტაჟით, დასუფთავებით ვარ დაკავებული. ალბათ, სამი კვირაა, არ მიძინია, მაგრამ, არა უშავს, სამაგიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მგონი, არავისთვის არ ვიყავი ცუდი მასპინძელი.
– თქვენი ოთხი შვილის სამი დედისთვისაც?
– არა, მათ ორი დედა ჰყავთ და არა სამი. ცოლების რაოდენობით კი ვგონივარ ვიღაცეებს რეკორდსმენი, მაგრამ, ასეც არაა საქმე. სამი ბიჭის მამა ვარ და ათამდე უნდა ავიდე – აი, ასეთი კაპრიზი მაქვს. საქართველოს დემოგრაფიაში ჯერ კიდევ მაშინ შევიტანე ჩემი წვლილი, როცა ემიგრაციაში ვიყავი: ჩემი ორი შვილი ბელგიაში დაიბადა, ერთი ამერიკაში და, აქ, საქართველოში, როცა არავინ მიშლის ხელს, რატომ არ უნდა მყავდეს მეტი შვილი?! მით უფრო, რომ ჩემი მეუღლეც თანახმაა. ის უკრაინელია, მაგრამ ქართულიც კარგად ისწავლა, მშვენიერი ოჯახიც გვაქვს და ქართულადაც ვზრდით ჩვენს შვილებს, რომლებსაც კიდევ შვიდი ძმა შეემატებათ (იცინის).