კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ალეკო ელისაშვილი ჰარამხანაში და რა შარში გაყო მან თავი

 ალეკო ელისაშვილი აგვისტოს ცხელ დღეებს თბილისში ატარებს – საკრებულოს სხდომების გამო,  ხანმოკლე  არდადეგები  თვის ბოლოსთვის გადადო, როცა  ყველაზე საყვარელი და ძველი  გატაცებისთვის   მოიცლის.  მისი ყველაზე დიდი ნეტარება, მთაში „გაჭრაა”. თუმცა ამ მხრივ მისი მიზნები უფრო შორსაც მიდის – სამარყანდში თემურ ლენგის ნაკვალევი აქვს სანახავი.  სანამ სამარყანდში მოხვდება, იქამდე თბილისთან დაკავშირებული  ბევრი საქმე და გეგმა აქვს,  რაზედაც საკრებულოს ხმაურიანი დეპუტატი, როგორც სჩვევია,  საუბარს არასდროს გაურბის.
ალეკო ელისაშვილი: ჯერჯერობით თბილისში ვარ, ჩემი არდადეგები არ დაწყებულა. ვართ თბილისში და ვმუშაობთ აგვისტოს სითბოში. აგვისტოს მეორე ნახევარში, გვპირდებიან დასვენებას, ვნახოთ, რა იქნება. აქ მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს. შაბათ-კვირას მანგლისში მივდივარ. ბავშვები იქ არიან, მე და ჩემი მეუღლე აქეთ  ვართ „დაბანაკებული” (იცინის).
– სამაგიეროდ, ცოტა ხნის წინ გქონდა ამერიკული არდადეგები.
– ზოგს კი ჰგონია ის  დღეები, რაც ამერიკაში გავატარე არდადეგები, სინამდვილეში, ძალიან კარგი  22-დღიანი სასწავლო პროგრამა იყო –  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული კურსი ქალაქების მდგრად განვითარებასა და გარემოს დაცვით საკითხებზე.   ხუთ ქალაქში მოგვიწია მუშაობა ისეთ საკითხებზე, რაც ჩემთვის საინტერესოა. პირველად ვიყავი  ამერიკაში და იმედია, უკანასკნელად. ევროპაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ამერიკაში აქამდე რომ ვერ მოვხვდი, ეტყობა, ზოდიაქო მიშლიდა ხელს (იცინის).
–  რატომ უკანასკნელად? არ მოგეწონა ამერიკული ვოიაჟი?
– ძალიანაც მომეწონა, თუმცა ეს არაა ქვეყანა, სადაც ვიცხოვრებდი. ისედაც ვერსად ვძლებ, მაგრამ ამერიკაში, მით უფრო... ძალიან კაპიტალისტური ქვეყანაა, თუმცა მაინც კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. ვნახე საოცარი, საინტერესო მუზეუმები. მომეწონა ამერიკელების წესი – წინასწარ მსჯელობა ყველაფერზე.   ჩვენთან ხომ პირიქითაა, ჯერ გადაწყვეტილებები მიიღება, მერე იწყება ჩხუბი და დავიდარაბა.  კიდევ მომეწონა ისიც, რომ სადაც არ უნდა შეხვიდე, ნებისმიერ ოფისში, სახლში, გამარჯობის თქმის  შემდეგ, ტუალეტისკენ მიგითითებენ. ეს ძალიან კარგია. ჩვენთან ხომ სირცხვილია, საპირფარეშო იკითხო. სანამ არ გადაფიჩინდები და ცრემლები არ წამოგივა, შენც გერიდება ჰკითხო მასპინძელს, სად აქვს ტუალეტი. იმას ხომ საერთოდ არ აფიქრებს ეს. შესაძლოა, საიდანმე შერცხვენილი და თავმოჭრილი გამოხვიდე, რაც ამერიკაში არ მოხდება.  აი, ეს ორი რამ ძალიან მომეწონა (იცინის). ჩემი ინტერესი უფრო აღმოსავლეთის ქვეყნებია – რამდენიმე ქვეყანაში, რაც მე მაინტერესებს, ახლა მტერი თუ წავა, თუმცა სულ მინდოდა,  მენახა ირანი, ისრაელი. მაინტერესებს  იორდანია, ცენტრალური აზია: უზბეკეთი. მე მიზიდავს ის ქვეყნები, სადაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდებოდა.  მაგალითად, ძალიან აღტაცებული ვიყავი, როცა პირველად მოვხვდი სტამბულში – დადიხარ, ნახულობ სულთნის სასახლეს, სადაც ვიღაც ტიპები შენი ქვეყნის ბედს  წყვეტდნენ: აბა წავედით,  სეირი ვაჩვენოთ გურჯისტანსო და მოდიოდნენ.  ბევრი ვიგინე, როცა ჰარამხანაში მოვხვდი და  გამახსენდა, რას უშვრებოდნენ ჩვენს ქალებს.  მაინტერესებს სამარყანდი, სადაც ის მუდრეგი თემურ ლენგი იდგა, თუმცა სად იდგა? ნეტავ, მდგარიყო და არ ერბინა იმ ცხენით აღმა-დაღმა. მაინტერესებს,  როგორ ჩანს საქართველო  ისპაჰანიდან ან სამარყანდიდან. მაინტერესებს რა ემოციები გამიჩნდება იქ.  
– ალეკო, აქაურ ემოციებზე გკითხავ, პოლიტიკამ როგორ შეცვალა შენი   ცხოვრება.
–  შეცვალა და  საკმაოდ გაართულა.    გაცილებით დაკავებული ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. უსაქმოდ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ბევრი  სამუშაო მაქვს. ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. თუ ვინმე  აქტიურობას მიწუნებს, მოვიდეს დილით და საღამომდე მდიოს. ვნახავ, როგორ  ხასიათზე დადგება და მერე რას იტყვის.  საკრებულოს სხდომები,  მოქალაქეებთან შეხვედრები, აქეთ-იქით სიარული, საპროტესტო აქციები – არ ვიცი, მეტი რაღა ვქნა?  ამ ერთ წელიწადში გამიჩნდა უფრო მეტი მტერი, ვიდრე მყავდა.  როგორც კი ქართული ოცნების კრიტიკა დავიწყე – აა, შენ ნაცებისკენ გადახვედიო, მითხრეს. მე ყოველთვის ვცდილობ, თუ რამეს ვსაუბრობ, ვისაუბრო არგუმენტებით. მით უფრო, ახლა ვარ გაფაციცებული – თითოეულ ჩემს სიტყვაზე დაკვირვება მჭირდება, იმიტომ რომ, ბევრი მყავს გადაკიდებული. მათ ერთი სული აქვთ, წავიფორხილო, რომ ფეხი დამიდონ. თავიდან ძალიან მიჭირდა ამ ხმების გამო, ნელ-ნელა მივეჩვიე.  არ ვიცი, როგორ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ვისაც არ ვუყვარდი, ალბათ ისევ არ ვუყვარვარ. მე  როგორც  დავდიოდი ფეხით, ისევ ისე დავდივარ. სანამ „პირიმზიდან” საკრებულომდე მოვიდოდი, ათმა კაცმა მაინც გამაჩერა.  
– ამ თემაზე საუბარს და მოწოდებას, საკრებულოს დეპუტატებმა ფეხით იარონო,  ოპონენტები პოპულიზმად გითვლიან.
– ჩამითვალონ, ბატონო! ვინც ამას ფიქრობს, გადაყარონ ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარი წყალში.   მე ვარ პოპულისტი და თვითონ არიან კარგი ტიპები? ყოველ წელიწადს საკრებულო წყალში ყრის სულ მცირე ნახევარ მილიონ ლარს ბენზინში. რას აკეთებ ამის ფასს? ძალიან მდიდრები ვართ და თავზე გადაგვდის ფული? გაჩერებულია ქვეყანა. ეკონომიკის 2-პროცენტიანი ზრდა არაფერს ნიშნავს. ლარის კურსი მიდის და მიდის და  ამ დროს შეხედავ მთავრობის, საკრებულოს, მერიის ბიუროკრატიას და ისეთი „ჯიპებით” გადაადგილდებიან, გეგონება, ამერიკის პრეზიდენტები არიან. აგერ ბატონო, ამერიკაში ყოფნის დროს,  ნიუ-იორკის, ვაშინგტონის  საკრებულოებში  ვერაფრით   გავაგებინე,  რას ნიშნავდა ჩემი შეკითხვა: ბოდიში მომითხოვია და მანქანების ამბავზე როგორ ხართ-მეთქი? თარჯიმანი მოკვდა ამ შეკითხვის   თარგმნით (იცინის).   მათთვის  გამაოგენებელი იყო,   როცა  იგებდნენ, რომ  ჩვენთან საკრებულოში 50 კაცი მუშაობს.   პორტლანდი  არის ქალაქი   ნახევარმილიონიანი მოსახლეობით,  ბიუჯეტი აქვს სამი მილიარდ ექვსასი მილიონი და  საკრებულოში ჰყავს 20 კაცი,  თბილისს არ „ეყოფოდა” 20-კაციანი საკრებულო?!  იქ მარტო მერს ემსახურება მანქანა, ისიც სამუშაო საათებში. სამსახურში რომ მივა, იქ ხვდება მანქანა, რომელსაც იქვე ტოვებს. „საღამოს რესტორანში წამიყვანე და  ბავშვი ცეკვაზე გაიყვანე“ – იქ ასეთი ამბები არ არის. ამიტომაც ვერ გაიგეს, რას ვეკითხებოდი (იცინის).
– თავად არ  გყავს ავტომობილი?
– კი, მყავს. დიდ შარში გავყავი თავი. შვიდი წელი ქირით ვცხოვრობდი და ოთხი წლის წინ სახლისთვის კრედიტი ავიღე. ამას  რემონტის  კრედიტიც მოჰყვა, რომელიც როგორც იქნა, დავასრულე  ოთხი წლის განმავლობაში. ჯანდაბა და დოზანა ჩემს თავს, გავბრიყვდი – მანქანისთვის ავიღე კრედიტი. ლარის კურსი ნორმალური იყო და „ჯიპი” ვიყიდე, 2001 წელს გამოშვებული „ნისან იქსტერაა”. მამაჩემთან აყენია მანქანა, ვერ გასცდა იქაურობას. ჩამქრალი მანქანის გარეცხვით შემოირფაგლება ჩემი მანქანიანობა. საჭესთან  ვერ ვჯდები,  მართვის მოწმობა არ მაქვს. ამისთვის ვერ მოვიცალე – დროდადრო ვემზადები ხოლმე, მაგრამ მერე რაღაც გამოხტება და გამოცდაზე გასვლას ვერ ვახერხებ. ტარება ვიცი, ოღონდ ისე რა. ამას წინათ დავიტანჯე, ყველაფერი ჩავრთე, რომ მინის უკანა საწმენდი ჩამერთო (იცინის) ავიღე კრედიტი და კი ავარდა ლარის კურსი, გაძვირდა ჩემი კრედიტი. მთელი ხელფასი ბანკში მიმაქვს და ძირითადად, ჩემი ცოლის ხელფასს შევციცინებთ. 
– ცოლის კისერზე  ხარ?
– ასე გამოდის. ჩემი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. როცა ვმუშაობდი „კავკასიაში” და შეწყალების კომისიაში, ორი ხელფასის გამო, ძალიან  ნორმალური მდგომარეობა მქონდა. ახლა ორჯერ მეტს ვმუშაობ, მაგრამ ორჯერ ნაკლები ხელფასი მაქვს – ამათი არც დანამატი მინდა და არც პრემია. იციან, მე რომ არ უნდა გამომიწერონ და ამას საყვირლად გავხდი. ვიღაც უსინდისოები  ჩემზე რაღაცეებს კი  ლაპარაკობენ, რომ ნაციონალებისგან რაღაც ავიღე, მაგრამ ეს მათ სინდისზე იყოს. მივიყვან ჩემი ბანკის კრედიტოფიცერთან, რომელიც ეტყვის, სულ რომ მიგვიანდება გადახდა და მას ჩახედონ თვალებში.  ამას ისეთი ადამიანები ამბობენ, ცხრა წელი ჩირგვებში რომ ისხდნენ და  ხმას ვერ იღებდნენ. წაქცეულები და გაბანძებულები რომ არიან ნაციონალები, ახლა მათი ლანძღვა და ბრდღვნა იოლია. აქამდე სად იყვნენ.  მე რა გიჟი კი არ ვიყავი, „კავკასიაში” რომ ვყვიროდი – ძალიანაც მეშინოდა, მაგრამ უკან არ ვიხევდი.  არანაირი გარანტია არ მქონდა, რომ არაფერი დამემართებოდა.  ამ ხმებს   უკვე  მივეჩვიე. ისეთი არაფერი მომხდარა ამ ერთი წლის განმავლობაში, რაზეც არ მიფიქრია, რომ მოხდებოდა. სადღეგრძელოებით და ილუზიური ოცნებებით არ ვყოფილვარ გატაცებული, კარგად ვიცოდი, ვინც არიან პოლიტიკოსები და რა მოლოდინი უნდა მქონოდა მათგან.  ამ ერთი წლის განმავლობაში იმედგაცრუებაც ბევრი მქონდა. რომ მეგონა, ქართული ოცნების შემადგენლობა უფრო მოტივირებული იქნებოდა საქმისთვის, ამას მოჰყვა იმედგაცრუების ხანა.  რამდენ ხანს ვიძახო, უი, რამდენი შემთხვევითია ამ პოლიტიკაში?! არიან და  მოკალი.
– დროდადრო ხმები, ალეკო ელისაშვილის  მომავალ მერობაზე, ძალიან აქტუალური ხდება. იქამდე ჯერ კი ბევრი დროა, მაგარამ მაინც გკითხავ: აპირებ ამ მარათონში ჩაბმას?
– არც ვკუდაბზიკობ და არც ვკუდრაჭობ, რომ ვთქვა: ვაიმე, არა, ღმერთმა დამიფაროს, ამაზე არც ვფიქრობ-მეთქი. როდესაც მაჟორიტარ დეპუტატად ვიყრიდი კენჭს, ჩემთვის პატივსაცემი ბევრი ადამიანი მირჩევდა, მერობაზე მეყარა კენჭი.  მე კატეგორიულ უარს ვამბობდი, ამისთვის არანაირად არ ვიყავი მზად.   არც ჩემს თავს მივაყენე ამით შეურაცხყოფა და არც ქალაქს.   მარტო შედეგი ხომ არ არის – დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მეორე ტურში გავიდოდი მე და არა, ბატონი ნიკა მელია. მაგრამ, არ მესმის, რატომ უნდა დამეწყო წაგებით? ან რა ხეირია, მეორე ტურში გასვლა. როცა გარედან უყურებ, როგორ მუშაობს საქალაქო  მეურნეობა სხვაა, როცა შიგნიდან ხედავ ამას – სულ სხვა. ახლა  უკვე სხვა გამოცდილება მაქვს,  მაგრამ ახლა, ერთ თვეში რომ იყოს არჩევნები, მაინც არ ვარ მზად – ისევ უარს ვიტყოდი. თუმცა, ისეთი ტიპები უმიზნებენ  სხვადასხვა თანამდებობას, რატომ უნდა გაუკვირდეს ჩემგან ვინმეს,  თუ ვიტყვი, რომ ქალაქის მერად უნდა ვიყარო კენჭი-მეთქი?   მერობა და თანამდებობა ბევრისთვის ცხოვრების აწყობაა,  ჩემთვის კი – დიდი გამოწვევაა. საკრებულოს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და დილიდან საღამომდე ვირივით ვმუშაობ. აგერ,  ჩემ გვერდით გოგო რომ ზის, გასაქანს არ მაძლევს. რომ ჰკითხო, ჩემი თანაშემწეა, მაგრამ პირიქით გამოდის – ეგ არის ჩემი ექსპლუატატორი. უნდა, მაქსიმალურად გამომიყენოს და ბევრი რამ გამაკეთებინოს (იცინის). მე  ჩვეულებრივი ქართველი ვარ. ღვინის დალევა მიყვარს, ქეიფი, სადღაც ბოდიალი. უსაქმურობაც მიყვარს, სახლში ჯდომა და ტელევიზორის ყურებაც. მეც  მირჩვნია, ჩემ მაგივრად სხვამ აკეთოს ყველაფერი, მაგრამ, რომ ვხდავ,  ის სხვა არ არის, ამიტომ ვარ ასე.  ხანდახან მინდა ვიწუწუნო. აი, მაშინ ვეტყვი ხოლმე საკუთარ თავს: ეს იყო შენი არჩევანი და წუწუნი არ გავიგო-მეთქი. ახლობელმა მითხრა, საკუთარ თავთან ლაპარაკი არაა კარგი ამბავი,  შიზოფრენიის ნიშანიაო. იმედია, ეს  საფრთხე არ მემუქრება.
–  მთაში ბოდიალს  შეელიე?
–   არა, ამას ვერაფრით შეველევი. ერთი სული მაქვს, თავისუფალი დრო მოვიგდო და მთაში გავიქცე. ტყე-ღრეში გაჭრისთვის სულ მზად ვარ. ბოლოს ვიყავი ცხირეთის ციხეში, რომლის ნახვაც სულ მაინტერესებდა. ერთხელ ვცადე, რამდენიმე თვის წინ, ბავშვებთან ერთად ამ ციხეში ასვლა, მაგრამ დაგვიღამდა და ვერ შევძელით. ბავშვები გაიზარდნენ და აღტაცებულები დამყვებიან ციხე-ციხე. ახლა გამოგვივიდა მეგობრებს  ცხირეთში ასვლა. აღტაცებული ვარ, რომ ბავშვობის ოცნება ავისრულე. გული მწყდება, რომ  ფოტოაპარატი არ წავიღე. ტელეფონი მაქვს უთოსავით, ამით გადაღებული ფოტო არ ივარგებდა.  ამ ზაფხულს, აგვისტოს ბოლოსთვის დიდი გეგმები მაქვს – ბევრი ადგილი უნდა ვნახო. ეს ჩემთვის ყველაზე კარგი არდადეგებია. მაშინ ვისვენებ, როცა ტყეში ვარ გაჭრილი, როცა გამორთული მაქვს ტელეფონი.  მთა და ბუნება არის ჩემი კურორტი და ნეტარება. შემიძლია, არასდროს გავჩერდე და არც ვიღლები. ჩემნაირი გადარეულები მყავს შემოამხანაგებული, თუმცა ჩემსავით მანიაკი ბევრი არაა. ჩვენი „გრაფიკი” გვაქვს:  ხან ერთი პარტია მომყვება, ხან – მეორე. ასე რომ, ჩემი უფასო ტურისტული ბიუროც გამოვიდა (იცინის).

скачать dle 11.3