კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ჰქონდა კოკო გამსახურდიას ფულის გათეთრების ოფისი და როგორ შექმნა მან „სამალიარო“ ჯგუფი

„ამ გონებითა და ცნობიერებით რომ  დამაბრუნა ზვიადის პერიოდში, ბევრ რამეს ალბათ სხვანირად გავაკეთებდი. რაც გამიკეთებია, ყველაფერზე ვფიქრობ, რომ მეტი შემეძლო. მისი გარდაცვალების მერე  ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ერთადერთი, არ შემიცვლია ცხოვრების კრედო, დანარჩენი, რაც მწამდა და როგორც მწამდა, ისე ვმოქმედებდი. რაც ის გარდაიცვალა, დავრწმუნდი, რომ სამყაროში საყრდენი მეტი აღარავინ მყავს და საკუთარ თავს უნდა დავეყრდნო,“ – ამბობს კოკო გამსახურდია. ვინც  მას არ იცნობს, გეტყვით, რომ ძალიან უშუალო და თავისთავად, ძალიან საინტერესო მოსაუბრეა. ეს ყოველივე მისი ფეისბუქ-სტატუსებიდანაც კარგად ჩანს. ამჯერად მას პირად თემაზე ვესაუბრე და არა მგონია, ამგვარი ინტერვიუ, რომელიც, ჩემი აზრით, ზედმეტადაც კი გულახდილია, სადმე გენახათ.   

– კოკო, ის ფაქტი რომ მშობლები ერთჭერქვეშ არ ცხოვრობდნენ, რამდენად მოქმედებდა თქვენზე, როგორი იყო თქვენი ოჯახის  მორალური თუ მატერიალური მდგომარეობა?
– პირველი ასეთი, შეიძლება ითქვას, ძალიან მძიმე და მტკივნეული პერიოდი იყო 1973 წელს, როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ხდება გაშორებები, მაგრამ უფრო იოლად, აქ კი, განსაკუთრებით ბევრი მომენტი თამაშობდა როლს. ამან, რა თქმა უნდა, ჩემს ბავშვობას მძიმე დაღი დაასვა. იმ დროს მამა უშიშროების კომიტეტმა სამსახურიდან გაათავისუფლა (ეს იყო დაჭერამდე) და მეც ვიგრძენი მათი მხრიდან  ზეწოლა. ბავშვი ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი. დიდი კონსტანტინეს სიცოცხლეში, კაციშვილი გადაბრუნებულ სიტყვას ვერ მეუბნებოდა. როგორც კი გარდაიცვალა, დაიწყო ჩვენი ოჯახის დევნა. ზვიადი უკვე ღიად გამოაცხადეს მტრად, თუმცა იყვნენ ადამიანები, ვინც გარკვეულ მფარველობას გვიწევდნენ: ვიქტორია სირაძე, ნინა ჟვანია... ეს მფრაველობა რომ არა, სრულიად შესაძლებელი იყო ადამიანის გაქრობა.  არაერთი დისიდენტის შვილი მოუკლავთ გაურკვეველ ვითარებაში – გაუჩინარებულა ან ფსიქიკურად შეშლილა, ისეთ რამეს უწყობდნენ. 
კონსტანტინეს გრადაცვალების შემდეგ, ზვიადი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მე არ  მქონდა ის, რაც ჩემს თანატოლებს ჰქონდათ – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სასკოლო თუ სხვა ნივთები, რასაც ვერ ვიტყოდი კონსტანტინეს სიცოცხლეში. სამაგიეროდ, დაკავებული ვიყავი ჩემი განათლებით. უკვე 13 წლისას თავისუფლად შემეძლო წამეკითხა დაახლოებით ერთსაათიანი ლექცია საქართველოს ისტორიაზე, ქართულ თუ უცხოურ ლიტერატურაზე. 
– მაგრამ, ამ ასაკში მაინც შეუძლებელი იყო ლექციები წაგეკითხათ უნივერსიტეტში. შესაბამისად, ამ გზით ფულს ვერ გამოიმუშავებდით...  
– ალბათ არა, მაგრამ მაშინ ეს საკითხი ასე არ იდგა. საბჭოთა კავშირში იყო ასეთი წარმოდგენა: რომ დაამთავრებ უმაღლეს, დაიცავ ერთ დისერტაციას, მეორეს, გახდები პროფესორი და შემდეგ უკვე გექნებოდა ღირსეული შემოსავალი, რითაც იარსებებდი. მე ამასთან, ასაკობრივად შორს ვიყავი. იმისთვის, რომ აკადემიკოსი გავხმდარიყავი, სულ ცოტა 40 წლის მაინც უნდა ვყოფილიყავი.  ჩვენს ოჯახში არასდროს ყოფილა სიმდიდირის კულტი. ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო წიგნიერების და იდეალების მსახურების კულტი. 
– ეგუებოდით თქვენს სოციალურ მდგომარეობას თუ ამისთვის ეძებდით რაღაც გზებს?
– მე ვერანაირ გზებს ვერ მოვნახავდი, არ შემეძლო მომეძებნა, რამდენადაც არაპრაქტიკული ვიყავი. ჩემ გვერდით იყვნენ ასეთი პრაქტიკული ადამიანები, რომლებისაც მე არ მესმოდა. მაგალითად, იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც მეცხრე კლასიდან იარაღით ვაჭრობდა და ეს ძალიან მაკვირვებდა. თუმცა, ვერც იმას გეტყვით, რომ დიდად თავს ვიკლადვი დისერტაციის დაცვით. მე მყავდა მამინაცვალი, რომელიც ხანდახან მატერიალურად უზრუნველყოფდა ჩემს პროექტებს. ერთად ვცხოვრობდით ჩვენთან სახლში. ძალიან კეთილი ადამიანი იყო. მამაჩემს არ აძლევდა მატერიალური მდგომარეობა საშუალებას, რომ აქტიურად ჩარეულიყო ჩვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, გვეხმარებოდა, თუმცა ისე, როგორც მას შეეძლო. დისიდენტობის პერიოდში, როგორც ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, 250 საბჭოურ რუბლზე ცხოვრობდა, რაც დღევანდელი ვალუტით 500-600 ლარია. 
– როდესაც მამა გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მოგეცათ იმედი, რომ თქვენი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვლებოდა? ცხადია იმას, ვერასდროს წარმოიდგენდით თუ მისი პრეზიდენტობა ასეთი ხანმოკლე აღმოჩნდებოდა და დასრულდებოდა ისე, როგორც ეს დასრულდა. 
– როდესაც ზვიადი პრეზიდენტი გახდა, მე ვცხოვრობდი გირაოთი მეუღლესთან და მცირეწლოვან შილთან ერთად. მოგეხსენებათ, მაგ დროს მხედრიონის ყველა წევრი არ იყო დაპატიმრებული და შემოთვალეს, რომ ისინი აპირებდნენ ჩვენს მძევლად აყვანას. მაშინ, ზვიადის განკარგულებით, ჩვენ დაგვენიშნა პირადი დაცვა. მაგრამ, ეს იყო ძალიან აუტანელი, შევწუხდი და მეუღლესთან ერთად წავედი შვეიცარიაში ორი თვით. ამის შემდეგ ჩვენ მოგვცეს სამოთახიანი ბინა. სხვათა შორის, ეს ბინაც დაგვამადლეს უკვე შევარდნაძის ხელისუფლების მოსვლის პერიოდში. დიდი ამბავი იყო ატეხილი ამ ბინაზე. თითქოს განკუთვნილი იყო იმ ადამიანისთვის, რომელიც უნდა გამოესახლებინათ გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმიდან და თითქოს სახელმწიფომ მისთვის სხვა ბინა ვერ იშოვა. ამის შემდეგ დავტოვე საქართველო ცოლ-შვილთან ერთად. ჯიბეში ზუსტად ექვსასი ამერიკული დოლარი მედო. მე არა მგონია, რომელიმე პრეზიდენტის შვილი ამ თანხით წასულიყო ქვეყნიდან და იმ პირობებში ეცხოვრა, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობდით. შვეიცარიაში აღმოვჩნდი ლტოლვილის სტატუსტით. თუმცა, კარგა ხანს არ ვითხოვდი ლტოლვილის სტატუსს, რადგან იმედი მქონდა, რომ აქ ყველაფერი მოგვარდებოდა. შვეიცარიაში ვიყავი სახელმწიფოს მიერ აღიარებული ლტოლვილი და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ლტოლვილს გარკვეული დახმარებები აქვს. თურმე, ძალიან ბევრი რამ მეკუთვნოდა, მაგრამ ეს არ ვიცოდი,  მოგვიანებით გავიგე. ყველაფერს ვიხდიდით ჩვენ. მე  ვიშოვე მაშინ იქ სამუშაო. ეს იყო მთარგმნელობითი პროექტები. რასაც ვიღებდი, ქირას იმით ვიხდიდი. მანამდე მეგობრებმა გადაგვიხადეს რამდენიმე თვე. ბუნებრივია, რაც მოხდა, ჩემთვის იყო საშინელი სტრესი და კულტურული შოკი. შოკია, როდესაც ამ სიტუაციიდან გადადიდხარ სრულიად უცხო გარემოში.  მართალია ზვიად გამსახურდიას სახელი იქაც ძალიან მშველოდა, მაგრამ ეს მაინც დაკავშირებული იყო უდიდესს განცდებთან. პირველ ხანებში ვერაფრით შევეგუე იქაურობას და მთელი წელი გავატარე სადარბაზოში. საათობით ვიჯექი კიბეებზე და ვეწეოდი სიგარეტს. სახლში მოწევა ისედაც არ  შეიძლებოდა. ზვიადი ახალდაბადებული იყო. შედარებით დალაგდა სიტუაცია, როდესაც გარკვეულწილად მოვახერხე ინტეგრაცია იქაურ პირობებში. ენა ისედაც ვიცოდი. როგორც მეცნიერს მჭირდებოდა სხვადასხვა ევროპულ ენაზე წიგნების წაკითხვა, თუმცა პრაქტიკულად, ენა იქ დავხვეწე. ამავე დროს გავიჩინე არაერთი მეგობარი. მოვახერხე ის, რომ უკვე მქონდა საკუთარი შემოსავალი საკმაოდ მაღალი, აქაური ეკვივალენტით 800-900 დოლარი. ამას ყველაფერს წლები დასჭირდა. შვეიცარიაში ვიყავი 14 წელიწადი... ზვიად გამსახურდია, ალბათ, გინესის წიგნში შევა, როგორც მსოფლიოში ერთადერთი უღარიბესი პრეზიდენტი. მიამიტი ვიყავი. მეგონა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება არ შეირყევა რამდენადაც სიმართლეზე დგას-მეთქი. თურმე სულ სხვაგვარად ყოფილა საქმე. 
– იყო ისეთი მომენტები თქვენს ცხოვრებაში, როდესაც მოგიწიათ ფიქრი, რადიკალურად შეგეცვალათ გეზი, გემუშავათ ისეთ რამეზე, რაც კარგ ფინანსურ სარგებლობას მოგიტანდათ თქვენ და თქვენს ოჯახს?   
– მე მორწმუნე ვარ და მწამდა, რომ ღმერთი ყოველთვის გამოაჩენს იმდენს, რამდენიც შენ გჭირდება. როდესაც არ მქონდა სამუშაო, ვმუშაობდი ნათესებზე უნარშეზღუდულ ბავშვთა დაწესებულებისთვის. ანუ, უნარშეზღუდულ ბავშვებთან ერთად ვიღებდი მოსავალს, ხილს და ბოსტნეულს – კარტოფილს, ჭარხალს, სტაფილოს, ბოლოკს და თვის ბოლოს რაღაც გარკვეულ თანხას გამოვიმუშავებდით. ასევე, ვმუშაობდი თარჯიმნად პოლიციაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საავადმყოფოში – მაგალითად, ადამიანი მძიმე მდგომარებოაშია რუსულ ან სხვა უცხოენოვანი და ესაჭიროება თარჯიმანი სასამართლოში, ლტოლვილთა უწყებაში. სხვა, ფიზიკურად მძიმე სამუშაოს ვერ გავუძლებდი, ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე.
– თუმცა, მე ვიცი, რომ სულ რაღაც ორი წლის წინ თქვენ რამდენიმეკაციან ბრიგადასთან ერთად, სარემონტო-სამღებრო სამუშაოებს ატარებდით ტექნიკური უნივერისიტეტის ერთ-ერთ კორპუსში. ვინც დაგინახავდათ, ალბათ, მისთვის სრული შოკი იქნებოდა. თუმცა, მე პირადად, ამაში სათაკილოს ვერაფერს ვხედავ.  
– ჩვენ დავაარსეთ ფირმა „გონიო 2013“, ტენდერში მოვიგეთ,   რომელიც სარემონტო-„სამალიარო” სამუშაოებს ასრულებდა იგივე ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაც თქვენ ახსენეთ. ეს იყო სულ რაღაც ნახევარი წელი. მქონდა ძალიან მცირე სასტარტო კაპიტალი, სულ რამდენიმე ათასი ლარი და ამით დავიწყე. მერე ეს თანხა ამოვიღე  კიდეც.  შემდეგ ფირმა მმართველობაში გადაეცა ერთ-ერთ  თანადამაარსებელს, ლაშა თამაზაშვილს. სულ ეს იყო.  
– შვეიცარიაში როგორ მიდიოდა თქვენი ცხოვრება?
–  შვეიცარიაში ვკითხულობდი ლექციებს, მაგრამ მუდმივი პროფესურა მე იქ არ მქონდა. ამას სჭირდებოდა თანხები, რაც მე არ მქონდა. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მე უნდა მომეხდინა ჩემი დისერტაციის ერთგვარი აბდეიტი, მორგება იქაურ სტანდარტებზე. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა, სადმე მიმეღო რამე ადგილი, მაგრამ სამი წელი რა უნდა მექნა? ამისთვის სადმე უნდა მემუშავა. მე ეს ვერ შევძელი, ვერ გავუძლებდი ასეთ დატვირთვას – თან მოვმზადებულიყავი დოქტურანტურაში და თან მემუშავა. ასლან აბაშიძეს წერილი გავუგზავნე თხოვნით, დამხარებაზე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ეს წერილი სხვათა შორის, გაატანეს გიორგი თარგამაძეს. მე ასევე, წერილი გავუგაზვანე მოსკოვში, მაშინ საქართველოსთვის უცნობ მილიარდერს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ არც მისგან მიმიღია პასუხი. ამ წერილში ჩემი სადისერტაციაო პროექტი იყო აღწერილი და თხოვნა – თუ იყო შესაძლებელი გარკვეული სტიპენდიის დანიშვნა. ვერც შვეიცარიული არხებიდან მივიღე ეს სტიპენდია. ამიტომ, მე მომიწია თავაუღებელი მუშაობა. იმდენად დაღლილი მივდიოდი სახლში, რომ წიგნის წაკითხვის თავიც არ მქონდა. ვიწექი და ტელევიზორს ვუყურებდი, მეტი მე არაფრის თავი არ მქონდა. ზოგიერთს ეგონა, და ახლაც ჰგონია, შვეიცარიაში ცხოვრება ადვილია, რომ ხეებს ფოთლების ნაცვლად, ევროები ასხია. 
ერთხელ ერთ-ერთ ცნობილ ვულგარულ გაზეთში ჩემზე დიდი სტატია დაიბეჭდა, რომელსაც ასეთი სათაური ჰქონდა – „ხანჯალი, ჰალსტუხი და ნაქსოვი პულოვერი”. იგულისმებოდა, რომ ბაბუამისს ეკეთა ხანჯალი, მამამისს – საპრეზიდენტო ჰალსტუხი, თავად კი აცვია ნაქსოვი პულოვერი და ასე ხვდება ჟურნალისტსო. რა თქმა უნდა, რაღაც ირონია იყო ამ სტატიაში, თუმცა ძირითადად – პოზიტიური. ამის შემდეგ, მე მთხოვა შეხვედრა ჰოფმან ლაროშმა, ცნობილი ფარმაცევტული გიგანტის ერთ-ერთმა დირექტორმა. ეს კაცი ფიქრობდა ჩემთვის სამუშაოს შემოთავაზებას, სულ ორჯერ შევხვდით ერთმანეთს. თუმცა, მერე აღარ  გამოჩენილა. სხვათა შორის, მეორე გვერდზე იყო სოფი ლორენის დისშვილისა დ მუსოლინის შვილიშვილის, ალექსანდრა მუსოლინის დიდი ფოტო და სტატია. ეს ალბათ შეგნებულად გააკეთეს, რადგან ეს იყო მემარცხენეებისა და ლიბერალების გაზეთი.
– მეუღლეს დაშორდით. რა ფაქტორებმა ითამაშა აქ როლი?
– როდესაც საქართველოში დავბრუნდი, თავისთავად არჩევანიც  გავაკეთე და ამას მოჰყვა ჩემი ოჯახის დანგრევა. მიზეზი იყო ჩემი ხელმოკლეობაც. ბუნებრივია, მე ვერ უზრუნველვყოფდი ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სიბინძურე გაავრცელეს ჩემზე: თითქოს ხან ვის გამოვართვი თანხა და ხან – ვის; თითქოს ჩემი ოფისი ფულის გათეთრების ოფისი იყო. როცა შვეიცარიაში ვმუშაობდი, მხოლოდ იმას ვახერხებდი, რომ იქაური ხარჯები გადამეფარა. მაგრამ, საქართველოდან ეს უკვე შეუძლებელი იყო. როგორც უკვე აღვინიშნე დასაწყისში, იქ მქონდა სამუშაო, მაგრამ ეს სამუშაო დაიკარგა მას შემდეგ, რაც საქართველოში გადმოვედი. უკვე გრძნობაც გაცივდა და... 23-ე წელზე ჩვენი ოჯახი დაინგრა.
– როგორ აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, ვისთან ერთად?
– მთელი თბილისის მამაკაცები თუ ქალბატონები, ყველა ვიღაცას ხვდება და რატომ არის ასეთი განსაკუთრებული ეს ჩემს შემთხვევაში? იმედია, გამოჩნდება ადამიანი, ვისთან ერთადაც გავაგრძელებ ცხოვრებას. არ მაქვს სურვილი, აკაკი წერეთელივით ვიცხოვრო. მისი მეუღლე ნატალია ბაზილევსკაია გადავიდა რუსეთში საცხოვრებლად, მათი ვაჟი ალექსი წერეთელი მოღვაწეობდა ასევე რუსეთში. აკაკი დარჩა საქართველოში და არც კი უფიქრია მეორეჯერ დაქორწინებულიყო. ბუნებრივია, ისიც არ იყო მარტო, ვიღაც-ვიღაცეებს ხვდებოდა. თუ სერიოზული ურთიერთობა განვითარდება, ამ ნაბიჯს გადავდგამ აუცილებლად. 
– გასულ წელს „ფეისბუქსზე” გაჩნდა ასეთი სტატუსი – საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილიშვილებს ქუჩაში ყრიან. როგორ მოხდა ეს?
– ვერ იხდიდნენ ფულს. სახლის მეპატრონე ფსიქიკურად შეურაცხადი იყო, ოღონდ ძალიან ეშმაკი და სხარტი აზროვნების. მას ჰქონია დამალული მრიცხველი და წლების შემდეგ აღმოაჩინა, რომ თურმე გადასახადები ელექტროენერგიაზე არასწორად მოდიოდა, ანუ გაცილებით მეტი იყო გადასახდელი. აღმოჩნდა, რომ ეს თანხა შეადგენს შვიდი ათას შვეიცარულ ფრანკს... როგორი სიურპრიზია უცებ ასეთი ქვითარი რომ მოგივა?! ამათ გაასაჩივრეს. თანხა გაუყვეს და როგორღაც გადაიხადეს. მე, სამწუხაროდ, ვერაფრით დავეხმარე. „ფეისბუქსზე” რაც  შეიკრიბა, სადღაც 200 თუ 300 დოლარი, პირდაპირ გადავუგზავნე. ესეც გასაკვირია, როგორ მოვახერხე.

скачать dle 11.3