კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიპარა 11 თვის გიორგი გურგულია სახლიდან, რატომ ეპატიჟებოდა დედას კლდის წვერზე და რის გამო გარიცხეს ის ათი სკოლიდან

მსახიობი გიორგი გურგულია ერთი თვის წინ, 51 წლის ასაკში, მეოთხე და საოცნებო ქალიშვილის მამა გახდა, კვირაზე ცოტა მეტი ხნის წინ კი – მესამე შვილიშვილის ბაბუა. 39 წლის იყო, პირველი შვილიშვილი რომ შეეძინა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი შვილიშვილი ჰყავს, ამ როლს დღემდე ვერ ირგებს ბოლომდე, რადგან, თითქმის ყოველი შვილიშვილის შემდეგ, ისევ მამა ხდება. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა მათი ცხოვრება, ვარაუდობს, რომ 69 წლის ასაკში უკვე დიდი ბაბუა იქნება. მსახიობმა ჩვენთან თავის შვილებსა და შვილიშვილებზე საკუთარი, თავგადასავლებით სავსე წარსულიც გაიხსენა.  

გიორგი გურგულია: 19 ივლისს ქალიშვილი შემეძინა და მამიდაჩემის პატივსაცემად მარინოლა (ინოლა გურგულია – ავტ.) დავარქვით. სამი ვაჟი მყავს და გოგონაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ეს რაღაც ახალი, დიდი და ძალიან სასიამოვნო პასუხისმგებლობაა. სულ ვცდილობ, სახლში დროზე მივიდე და პატარას ყურადღება მივაქციო. ოჯახში კიდევ ერთი ახალი წევრი გვყავს: 8 აგვისტოს მესამე შვილიშვილი – ირაკლი გამიჩნდა. უფროსი გიორგი, უკვე 11 წლისაა; მომდევნო, ნინო – წლინახევრის. ჩემი ვაჟები კი უკვე დიდები არიან: ლუკა 30 წლისაა. ის რომ დაიბადა, მე 20 წლის ვიყავი და, მეგონა, ბავშვი თავისით იზრდებოდა (იცინის). მახსოვს, პირველად, ბანაობისას, ხელზე რომ დამიწვინეს, ძალიან შემეშინდა. ახლა 51 წლის ვარ და ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ლუკა ჩემს საძმაკაცოში პირველი ბიჭი იყო და, მახსოვს, რომ დაიბადა, მთაწმინდიდან დაწყებული, ჩემს სახლამდე, დიდი ქეიფი იყო. მომდევნო შვილი, დათუნა, 20 წლისაა, ანდრია – 7-ის. მე გურგულიებში ერთი ბიჭი ვიყავი. ახლა უკვე ხუთი გვარის გამგრძელებელი მყავს. იმედია, ოცამდე ავალთ (იცინის).
– მკაცრი მამა ხართ თუ...
– მკაცრი მამა არასდროს ვყოფილვარ. შვილებთან და შვილიშვილებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. როცა სიმკაცრეს ავლენ, ბავშვს შიში უჩნდება და შენთან ბოლომდე არ იხსნება. როცა ძმაკაცობ, მაშინ პირიქით ხდება. მირჩევნია, ჩემ მიმართ სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეთ, ვიდრე შიში.
– თუმცა, გარკვეულ ასაკში რაღაც სირთულეები იქმნება, განსაკუთრებით – ბიჭებთან: ქუჩა, „წამალი”, სასმელი... ეს ეტაპები თქვენც გავლილი გაქვთ. უზიარებდით მათ თქვენს გამოცდილებას?
– რა თქმა უნდა. როცა პატარა ბავშვი „პლანს” მოწევს, ჯობია, აუხსნა, რას წარმოადგენს ეს, ვიდრე დაგიმალოს და არ იცოდეს, რა შეიძლება მოჰყვეს ამ საქციელს. ჩემს ახალგაზრდობაში ნარკოტიკი პრესტიჟულიც იყო და, ქუჩის ბიჭობა თუ გინდოდა, აუცილებლად უნდა მოგეწია. ვინც არ კაიფობდა, „დედიკოს ბიჭად” ინათლებოდა. საშინელი პროპაგანდა იყო. ყველა ცნობილი ადამიანი, რომელიც კუმირად ითვლებოდა, ნარკოტიკით იყო გარდაცვლილი და ეს თითქოს შარმს ჰმატებდა მათ. ამიტომ, ნარკოტიკების მოხმარება მისაბაძი იყო. ჩვენთანაც ყველაზე პოპულარულ ახალგაზრდებს აჩვევდნენ, რომ მერე ისინი სხვებისთვის მაგალითი გამხდარიყვნენ. მიხარია, რომ ამ თაობაში ეს სირცხვილად ითვლება.
– ბაბუის როლი როგორ მოირგეთ?
– პირველი შვილიშვილი რომ გამიჩდა, 39 წლის ვიყავი. ვფიქრობდი: ვაკის პარკში ვივლი შვილიშვილთან ერთად და პენსიონერივით ჭადრაკს ვითამაშებ-მეთქი. ოთხი წლის შემდეგ შვილი გამიჩნდა და ისევ გავახალგაზრდავდი. ახლაც ასე მოხდა. მოკლედ, ბაბუობის დრო ვერა და ვერ დამიდგა. როგორც კი ბაბუის როლში შევდივარ, ისევ შვილი მიჩნდება – ისევ მამა ვხდები (იცინის).
– თქვენს მეუღლეზეც მოგვიყევით, რომელთანაც ახლახან გოგონა შეგეძინათ.
– ლარისა ჩემი მეოთხე მეუღლეა. ახლა 30 წლის გახდა, ჩემი უფროსი ვაჟის ტოლია. შვილიც ჩემს გზას დაადგა და 19 წლისას ბიჭი გაუჩნდა. შვილიშვილი, როგორც ვთქვი, 11 წლისაა და, ასეთი ტემპით თუ გავაგრძელეთ, 69 წლის ასაკში უკვე დიდი ბაბუა ვიქნები. მან იეჭვიანა, როცა ჩემი უმცროსი ვაჟი დაიბადა. მეგონა, გაუხარდებოდა, მაგრამ იტირა. ყოველღამე ვაძინებდი, მთელი რიტუალები გვქონდა და, როგორც ჩანს, იგრძნო, რომ ყურადღება პატარაზე გადავიდოდა. სამწუხაროდ, მართალიც აღმოჩნდა. ახლა ოცნებად მაქვს, დიდი სახლი ავიშენო, რომელშიც მთელ ჩემს ოჯახთან ერთად ვიცხოვრებ, დიდ სუფრას გავშლით და ყველა ერთად დავსხდებით. 
– თქვენი ბავშვობა როგორი იყო?
– მე იმდენად ცელქი ბავშვი ვიყავი, რომ, როცა სტუმრად მივდიოდით, მშობლებს ეუბნებოდნენ, გიორგის ნუ წამოიყვანთო. ერთხელ ბორჯომ-პარკში კლდის წვერზე ავედი. ხალხი შეიყარა. დედაჩემი მოვიდა და მშვიდად მეუბნება: გიორგი, ჩამოდიო. პანიკით, შეიძლება, ბავშვი შეაშინო, თან, დედაჩემი უკვე შეჩვეული იყო ჩემგან ასეთ საქციელს. მე, თურმე, ვეძახდი – შენ ამოდი-მეთქი. ის კი მპასუხობდა, დღეს არ შემიძლია, ხვალ იყოსო. ხალხი გაოცებული გვიყურებდა: ბავშვი – კარგი, მაგრამ, დედა ნორმალურიაო (იცინის)? ძალიან ხიფათიანი ვიყავი. ფეხი ათი თვისამ ავიდგი, თერთმეტი თვისა კი სახლიდან გავიპარე – პირველი სართულის კიბეები ჩავიარე და საბილიარდოში მიპოვეს, მაგიდის ქვეშ ვიმალებოდი. წლისა არ ვიყავი, 5 წლის ბავშვებს სამთვლიანი ველოსიპედი რომ მოვპარე და იმ ველოსიპედით ისე მივრბოდი, იმხელა ბავშვები ვერ მეწეოდნენ. აღარ ვიცოდი, ენერგია როგორ დამეხარჯა. მერე სპორტზე შემიყვანეს, ამან ცოტა მიშველა. თუმცა,  ერთი თვის შემდეგ ტანვარჯიშის მწვრთნელი ჩემს მშობლებს ეხვეწებოდა, ეს ბავშვი წაიყვანეთო. სულ ტრავმები მქონდა, მაგრამ არასდროს არაფერი მომიტეხია. თურმე, ბავშვობიდან მიყვარდა კალცი და ძლიერი ძვლები მაქვს. „ორმაგი სახის“ გადაღებისას მესამე სართულიდან გადმოვვარდი და თავით დავეცი, მაგრამ არაფერი მომიტეხია. ზურა ყიფშიძე შაყირობდა: კინოსტუდიაში ფილმს ვახმოვანებდი, როცა გავიგე, გიორგი მესამე სართულიდან გადმოვარდა და მოკვდაო. საავადმყოფოში მივედი და, რომ ვერ ვნახე, პანიკაში ჩავვარდი – როგორც ჩანს, მართლა გარდაიცვალა-მეთქი. ამ დროს ექიმი გამოვიდა, შემიყვანა და ორი სურათი მაჩვენა: აი, ეს არის ნორმალური ადამიანის ხერხემალი; ეს კი, რომელიც ნორმალურზე ორჯერ მსხვილია, თქვენი მეგობრისააო. ერთხელ კედელზე ავძვერი, „ბლოკს“ მოვეჭიდე, გადმოვარდა და ზედ დამეცა, არც მაშინ მომტეხია რამე. ერთი-ორჯერ ცხვირი გავიტეხე რაგბის თამაშისას, თუმცა ტკივილს ვერ ვგრძნობდი. თუ რამე სახიფათო ხდებოდა, ისტერიული სიცილი მიტყდებოდა. სპიტაკის მიწისძვრის დროს პახმელიაზე ვიყავი და ხმაურმა გამაღვიძა. თვალი რომ გავახილე, ჭაღი ირწეოდა და ერთი კედლიდან მეორეს ეჯახებოდა. ასეთი რა პახმელია მაქვს-მეთქი, ვიფიქრე და თვალები მოვიფშვნიტე, მაგრამ, იგივე რომ დავინახე, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ტუალეტში შევედით, რადგან, როგორც ვიცოდი, ის ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო. საცვლების ამარა ვიდექით, სახლი ირწეოდა, წყლები ისხმეოდა და მე ვხარხარებდი. მამაჩემს ეგონა, რომ გავგიჟდი. რა უნდა მექნა, ტირილს ხომ არ დავიწყებდი? გაუსაძლისი ტკივილის დროსაც ასე ვიქცევი. ბავშვობაში, დაბადების დღეზე, ფარდის საკიდი მომარტყეს და ტუჩი გასაკერი გამიხდა. ექიმებმა ვერ დამიჭირეს, რომ ეს გაეკეთებინათ. ბოლოს დავთანხმდი, ოღონდ, იმ პირობით, რომ სარკეს მომიტანდნენ და მაყურებინებდნენ, როგორ გამიკერავდნენ ტუჩს. ხუთი წლის ვიქნებოდი მაშინ, მაგრამ ამის შიში არ მქონდა. მიფიქრია, ხელი რომ მომეჭრას, შემიძლია, ავიღო და საავადმყოფოში ჩემით მივიტანო. 
– სკოლაში როგორი გასაძლები იყავით?
– ათი სკოლიდან გამომრიცხეს და, ალბათ, ხვდებით, როგორიც ვიქნებოდი. სხვათა შორის, უზრდელი არ ვიყავი. ხატვა მიყვარდა და პედაგოგებსაც „აწყობდათ“, რომ ბოლო მერხზე ჩემთვის ვმჯდარიყავი და მეხატა. პირველი-ორი კლასი სკამზე ვერ მსვამდნენ. მშობლებს ეუბნებოდნენ: კარგი ბავშვია, ეგეთი ვაჟკაცი სკოლაში არ გვყავს, მაგრამ, სხვა სკოლაში წაიყვანეთო (იცინის). ერთხელ მე და გოგი კვერნაძემ კომპოზიტორთა სახლს გავუჩინეთ ხანძარი. 
– თუმცა, თქვენი მოუსვენრობა მოზრდილ ასაკში ცოტა სახიფათოც გახდა, არა?
– 15 წლის ვიყავი, ფილტვში დანით რომ დამჭრეს. ძმაკაცს წავყევი ჩხუბში. რომ მივედით, ჩხუბი დაწყებული იყო, ერთი ბიჭი კი – დაჭრილი, რომელიც მე გამოვიყვანე. ჩვენც ჩავერთეთ. ჩემს ძმაკაცს დაუწყეს ჯოხებით ცემა და, ისე მოხდა, რომ ბოლოს, მე და ის  სამოც ბიჭთან დავრჩით მარტო. მას ნეკნი ჩაუტეხეს და დავინახე, რომ დანის დარტყმას უპირებდნენ, ხელი ვკარი და, გამოვიდა, რომ მე დავიჭერი. ის ბიჭები მე მიცნობდნენ და ჩემი დაჭრა დიდად არ უნდოდათ – მაგ დროს უკვე იმდენი სკოლა მქონდა გამოცვლილი, რომ თითქმის ყველა უბანში მიცნობდნენ და თავისებური ავტორიტეტი მქონდა. შემთხვევით რომ დამჭრეს, ყველა გაიქცა. პირელი ვიყავი, ვისაც ჩემს თაობაში დანა დაარტყეს, ვისაც ტყვია ესროლეს და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერში „სეზონის გახსნასავით” ვიყავი.
– ამ გარემოდან თავის დაღწევა და ჩვეულებრივ რიტმში დაბრუნება მარტივი არაა. როგორ მოახერხეთ ეს?
– მაშინ ქურდული სამყარო იყო თავისი ავტორიტეტებით. იყო „მომავალი თაობის” ხალხი. მე და ჩემი ძმაკაცი 15 წლისანი ვიყავთ, როცა 15 000 მანეთის ჩაბარება ერთ თვეში შევძელით და „ავტორიტეტებმა” გადაწყვიტეს, რომ, თუ ამ ასაკში და ამ დროში, ამდენი ვიშოვეთ, სამომავლოდ ძალიან ბევრს შევძლებდით. ამიტომ, აწყობდათ, რომ მათ ბანაკში ვყოფილიყავით. მათ შემოთავაზებას ჩემმა მეგობარმა ძალიან სასაცილოდ უპასუხა: დედას ვკითხავო (იცინის). მე ვუთხარი: ჩვენ ვხატავთ, თქვენ პატივს გცემთ, მაგრამ ჩვენი გზა გვაქვს-მეთქი. ბავშვობიდან ვხატავ, მეოთხე კლასიდან ლექსებს ვწერ, მერე კი – კინოსცენარებს. ქუჩა თავისთავად მოვიდა, თორემ, „ქუჩის ბიჭობისა“ და „ავტორიტეტობისადმი” დიდი მისწრაფება არ მქონია. თუმცა, ამ ჩხუბებისა და მიღებული გამოცდილების გამო, რაღაც ავტორიტეტი თავისთავად შემექმნა. მაგრამ, სწორად მოვახერხე თავის დაღწევა. ჩემი მეგობარი „ქუჩის ბიჭებიდან“ 27 წლის ასაკამდე თითქმის ყველა შეეწირა ქუჩურ გარჩევებს. 16-17 წლის ასაკში შემხვდა კაცი, რომელიც 45 წელი ციხეში იჯდა. ამ კაცმა თავისი ბიოგრაფია მომიყვა. მითხრა, კაცი რომ სიგარეტს ეწევა, იმით ვხვდები, რა პიროვნებაცააო. შენისთანა ალალი ციხეშიც დაიჩაგრები, სულ უსამართლობის შეგრძნება გექნება. თუ მილიციასთან „კუდი არ გადააბი,“ ციხეში დაგალპობენ ჩემსავითო. მე მხოლოდ დედა მყავდა და მის დაკრძალვასაც ვერ დავესწარიო. ძალიან თავაზიანი ადამიანი იყო. მან შთამაგონა, რომ ქუჩაში ზრდილობა ნომერ პირველი წესია. მითხრა: შენ უკვე იმდენი მტერი გყავს, ამ სამყაროდან წასვლას რომ დააპირებ, არ მოგეშვებიან – ან გესვრიან ან დაგჭრიან, მაგრამ, არ შებრუნდე, პასუხის გაცემაზე არ იფიქრო და ისევ ქუჩას არ დაუბრუნდეო. მშობლები ციხე-ციხე რატომ უნდა ატარო და დედას ცრემლი რატომ უნდა გაუშროო. ისეთი რჩევები მომცა, ვამბობდი, სკოლის პედაგოგიც კი ამას მეტყოდა-მეთქი. მაგრამ, უცებ, არავინ რომ არ ელოდა, მოვტრიალდი და თეტრალურში,  ყველაზე არაქუჩურ ინსტიტუტში ჩავაბარე. ამის შემდეგ იყო ის ტყვიები. ვინც მესროლა, ის ავტორიტეტი იყო. რამდენჯერმე მყავდა ნაცემი და მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, „ქუჩის ბიჭობა“ რომ გადავიფიქრე. სამი ტყვია მომაყოლეს, მაგრამ გადავრჩი. ამით მან თავის ავტორიტეტს მიუმატა ქულები. მერე, როგორც გავიგე, ის ბიჭიც მოკლეს. მოკლედ, ამ კაცის ნათქვამი ზუსტად ახდა. მან ჩემი ცხოვრება შეცვალა.
– შვილებთან მიმართებით არ გქონიათ ეს პრობლემები?
– კი, უფროსი ორჯერ იყო დაპატიმრებული. მიხარია, რომ მესამე შვილი გაუჩნდა და უკვე სხვა ჭკუაზეა. ქუჩასთან პრობლემები მასაც ჰქონდა, თან, ის 90-იანებში იყო მოზარდი. მიმაჩნია, რომ ეს თაობა უკვე შეიძლება, ქუჩას მოვარიდოთ. თან, დღევანდელი ქუჩა ის ქუჩა აღარ არის. მაშინ ნაციხარი კაცი არ გეტყოდა, ციხეში ჩაჯექიო; პირიქით, ჭკვიანურ რჩევას მოგცემდა. მაგრამ დღეს ამ რჩევის მომცემი ხალხი აღარ არსებობს. ჯობია, ბავშვები სპორტითა და განათლებით დავტვირთოთ. ჩემი შვილებისთვისაც ვცდილობდი ამას, თუმცა, ქუჩა მაინც გარდაუვალია – სკოლა, სამეგობრო წრე, მაინც აქეთ უბიძგებს. მთავარია სიფრთხილე. დღევანდელი თაობა ძალიან იმეტებს ერთმანეთს. სანამ შვილი არ გამიჩნდა, ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მშობლის ღელვა. არც იმ ბიჭებმა იციან, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ სხვისი შვილის სიცოცხლეს. ქართველები ისედაც ცოტანი ვართ და ცოდოები ვართ ერთმანეთის სასიკვდილოდ გასამეტებლად. ხელით ჩხუბი სხვაა, იარაღი და სისხლისღვრა – სხვა. ჩემი ყველა ძმაკაცი ჩხუბში მყავს გაცნობილი. კაცი რომ ჩხუბის დროს არ გაგექცევა და ვაჟკაცურად დაგიდგება გვერდში, ის ძმაკაცია. სადაც სისხლი იღვრება, ვინც დანას დაგარტყამს და სასიკვდილოდ გაგიმეტებს, მასთან შერიგებაზე და ძმაკაცობაზე საუბარი ზედმეტია.

скачать dle 11.3