რა აკრძალვები აქვს ნატა ბერეჟიანს მეუღლისთვის და რას იხვეწება ზურა ნიჟარაძე ნატო კაკაჩიასთან დაკავშირებით
მსახიობ ნატა ბერეჟიანის გმირი – ნატო კაკაჩია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა. ესაა საკმაოდ ჯანსაღად მოაზროვნე ქალი ბიზნესში, მაგრამ პირად ურთიერთობებში ცოტა სიმკაცრეს იჩენს, რაც მის მეუღლეს ძალიან აწუხებს.
ნატა ბერეჟიანი: ზაფხულის მიუხედავად, აქტიურ გადაღებებში ვარ ჩართული. სექტემბრიდან „მაესტროზე” ახალი სერიალი დაიწყება, რომელსაც „ღამის შოუს“ სტუდია იღებს. სახელწოდება ჯერ არ ვიცი, თუმცა კომედიური ჟანრის არაა. ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული სერიალია, რომელშიც მრავალი გმირია განსხვავებული ისტორიებით. რაც შეეხება „ჩემი ცოლის დაქალებს“, ეს სეზონი ისე დამთავრდა, რომ იმედი მაქვს, ჩემი პერსონაჟი კიდევ იქნება, თუმცა, ეს სცენარისტის გადასაწყვეტია. მე მომწონს ნატო კაკაჩია (იცინის). მართალია, ჯერ კარგად არ ჩანს, როგორი ადამიანია. მის შესახებ უფრო მეტს მისი მეუღლე ლაპარაკობს.
– თუმცა, მეუღლე კარგს ბევრს არაფერს ამბობს.
– ავი ქალია (იცინის). მაგრამ რადგან ქმარს უყვარს, ესე იგი, კარგი თვისებებიც აქვს. იმედი მაქვს, მომდევნო სერიებში იქნება ამის გამოვლენის საშუალება. ჯერჯერობით ჩანს, რომ პრაგმატულად მოაზროვნე ქალია. გადაწყვეტილებებს მარტივად არ იღებს. ამბობს, სანამ გადავწყვეტთ, ჯერ უნდა დავთვალოთ, დავიანგარიშოთო. მისგან განსხვავებით, მე არასდროს მივსულვარ ნათესავთან რამის სათხოვნელად. მით უმეტეს, ამხელა თანხის. ძალიან ახლო მეგობარს, შეიძლება, ელემენტარული რამ ვთხოვო, მაგრამ დიდ თანხას, ალბათ, ვერასდროს ვთხოვ, თუ მართლა უსაყვარლესი ადამიანის სიცოცხლე არ იდება სასწორზე და მეტი გამოსავალი არ მექნება.
– ნატოს რამით ჰგავხარ?
– ნატოსავით არა, მაგრამ ბუნებით ცოტა ავი მეც ვარ (იცინის). „ახლა გეყოფა, მეტი არ დალიო” და მსგავსი რამეები, მეც მითქვამს მეუღლისთვის. მგონი, ეს ყველა ქართველ ქალში დევს. პატარა აკრძალვები მაქვს, მაგრამ, როგორც მერაბ დარჩიას ექცევა ნატო, მე ისე ნამდვილად არ ვექცევი ჩემს ქმარს (იცინის).
– მეუღლე რომ გხედავს ამ როლში, რას გეუბნება?
– არასდროს უთქვამს ჰგავხარო (იცინის). თუმცა, ისე, კი მეუბნება, მწარე ენა გაქვსო და ამაში ვეთანხმები. ისე მწარედ ვიცი რამის თქმა, რომ შემიძლია, ერთი წინადადებით ძალიან ვაწყენინო ადამიანს. გურული ვარ და გურული ქალისთვის დამახასიათებელი ენაც მაქვს. ამით გამორჩეული ვარ (იცინის). ამის გამო მეუღლე მეუბნება, ხანდახან უნდა დაფიქრდე, სანამ რამეს იტყვი. არ შეიძლება, ერთი სიტყვით ადამიანს ძალიან ატკინო გულიო. მარტო მეუღლე კი არა, დედა, მამა, მეგობრებიც სულ ამას მეუბნებიან. მეგობრებმა ისიც მითხრეს, ყველას პატარა ბრელოკი-სალამურები უნდა გვქონდეს და დავიკიდოთ. ეს „სისინს“ რომ დაიწყებს სალამურით უნდა მივაძინოთო. მსაყვედურობენ, თუმცა, მე არასდროს არაფერს ვიგონებ, ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. სიმართლის მოსმენა კიდევ, ხომ იცით, არავის უყვარს. მომთხოვნიც ვარ. ცოტა რთული ხასიათი მაქვს. ჩემზე, დამყოლი და დამჯერი ცოლი, არ ითქმის, პირიქით, ჯიუტი ვარ. რამის გაკეთება რომ მინდა, წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ვცდილობ, ჩემი გავიტანო.
– შენ და ზურა ნიჟარაძეს სინამდვილეში როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ზურა ჩემი კურსელი და ძალიან ახლო მეგობარია. ძალიან მაგრად მიყვარს. ისეთი რბილი ხასიათის ნამდვილად არაა, როგორიც სერიალში ჩანს. ცხოვრებაში მასაც ძალიან მწარე ენა აქვს. ხშირად ვკამათობთ ხოლმე. მეც ბევრ მწარეს ვეუბნები და ისიც. ძალიან განიცდის, რომ ასე ჩაგრავენ ეკრანზე (იცინის). იხვეწება, ერთხელ მაინც შემაგინებინეთო. მე კიდევ ვამბობ, ამ სცენაში არ შეიძლება, ერთი წამოარტყას ნატომ-მეთქი და ზურა ბრაზდება – არა, ეგეთ მდგომარეობაშიც ნუ ჩააგდებთ, კაცო, ამ მერაბსო. მოკლედ, ძალიან სერიოზულად განიცდის (იცინის). ხალხს ეგონება, რომ მართლა ასეთი ვარო. არადა, ასეთი საერთოდ არაა.
– შენ, როგორც ვიცი, ხშირად შლი გადაღებებს სიცილის გამო.
– ჰო. ბოლო გადაღების დროსაც ამიტყდა სიცილი, მაგრამ მოვახერხე თავის შეკავება. ძალიან ცხელოდა, ყველა გადაღლილი იყო და მივხვდი, რომ როგორმე, მობილიზაცია უნდა გამეკეთებინა, თუმცა, სამი დუბლი გავაფუჭე. ბოლოს ვთქვი, ორი წამით მაცალეთ და მეტს აღარ გავაფუჭებ-მეთქი. ეს დაღლილობისგან ხდება ხოლმე. ბავშვს რომ ძილი გადაუცდება და უზნეოდ იქცევა, ისე მემართება (იცინის). ვიცინი და ვეღარ ვჩერდები. ამისთვის განსაკუთრებული მიზეზი არ მჭირდება. ანეკდოტების დაგაღების დროს, ღამით, როცა უკვე ძალიან დავიღლებოდი, ამიტყდებოდა სიცილი და ვეღარ მაჩერებდნენ. ბოლოს რეჟისორმა თქვა: მოდი, ღამის გადაღებებზე ბერეჟიანი აღარ დავიბაროთო. ეს სიცილი გადამდები ხდებოდა და ყველა იძახდა: ბერეჟიანი, გაჩუმდიო. ჩემი შვილი მეუბნება: მეც ხომ გეუბნები, ღამ-ღამობით გიჟდებიო (იცინის). რომ ვიღლები, უაზროდ ვიქცევი ხოლმე. უფრო სწორად, სიმწრის სიცილი მაქვს.
– შვილს მოსწონს ეკრანზე რომ გხედავს?
– ეკრანზე რომ მხედავს, მგონი, ცოტა იძაბება. სახეზე ხელებს იფარებს ხოლმე. ცოტა ღელავს ამ დროს და ცოტა რცხვენია. ძირითადად, ჩემთან ერთად უყურებს, თან ჩემს ხელს იჭერს და თვალებზე იფარებს. ბავშვობაში რამის ყურებას რომ გიკრძალავენ და ორ თითს შორის იჭვრიტები, ზუსტად ისე (იცინის).
– მეგობრებთან არ ამაყობს პოპულარული დედის გამო?
– კი. დათუნა ცხრა წლისაა და დღეს ეზოში ჩხუბი მოუვიდა. მითხრა, ძალიან მაგრად ვიჩხუბეო და მერე იმ ბიჭს ვიღაცამ უთხრა: ეს იცი, ვისი შვილიაო? იმ მსახიობისო. ის ბიჭი მოვიდა და „აუ, ძაან დიდი ბოდიშიო“ და შემირიგდაო. უკვე სარგებლობს (იცინის).
– თვითონაც ხომ არ უნდა, პოპულარული მსახიობი რომ იყოს?
– არა, თვითონ ჯერ არ იცის. ხან უნდა, რომ მეცნიერი იყოს, ხან – არქეოლოგი და ხან – ფეხბურთელი და მორაგბე. არ ჩამოყალიბებულა. მეცნიერობა არ ვიცი, რატომ უნდა. გამომგონებელი უნდა გამოვიდეო, ამბობს. ისე, აფერისტია და სიმულაცია ეხერხება. მაგალითად, არაჩვეულებრივად თამაშობს დაღლილობას და ტკივილს (იცინის).
– მომავალ მეუღლესა და შენ შორის ურთიერთობა როგორ დაიწყო?
– მე და აკოს საერთო ბავშვობის მეგობარი გვყავს და ერთმანეთი მასთან გავიცანით. ჩვენი ამბავი ძალიან სწრაფად მოხდა. ერთ კვირაში უკვე ერთად ვიყავით. მესამე დღეს მითხრა, რომ მოვწონდი და ჩემგანაც იგივე პასუხი მიიღო. წელიწადსა და რამდენიმე თვეში ცოლად გავყევი. მაისში ათი წელი შეგვისრულდა.
– ნატო კაკაჩიას შესარიგებლად მეუღლემ ერთხელ გრანდიოზული სიურპრიზი მოუწო. შენი მეუღლეც თუ ცდილობს ხოლმე შენს შემორიგებას სიურპრიზებით?
– ჩვენ ჩვეულებრივად ვრიგდებით ხოლმე. სიურპრიზი როგორ არ გაუკეთებია, ძალიან ბევრჯერ, მაგრამ შესარიგებლად არა. დათუნამაც იცის საჩუქრების გაკეთება. ფულს აგროვებს და მერე რაღაცეებს ყიდულობს ჩემთვის. შარშან „კონვერსის” კედები მიყიდა. ვთქვი, რომ ძალიან მინდოდა და რატომ არ ყიდულობო? ფული არ მაქვს-მეთქი. ფასი მკითხა და გაჩუმდა. დილით სკოლაში წასვლამდე თავთით დაუტოვებია ფული (იცინის). მაშინ რვა წლის იყო და ამის შესახებ დიდი სიამაყით ვყვები ხოლმე.
– სერიალში შენს ქმარს და დედას – ეგონას არასახარბიელო დამოკიდებულება აქვთ. რეალურ ცხოვრებაში რა ხდება?
– ჩემს მეუღლესა და დედაჩემს ზედმეტად კარგი ურთიერთობა აქვთ. იმდენად კარგი, რომ ვბრაზდები. ხომ არ შეიძლება, ყველაფერში აკო იყოს მართალი. როგორი კონფლიქტიც არ უნდა მოხდეს ჩვენ შორის, მაინც მის მხარეს იჭერენ. თვითონაც ძალიან უყვარს ჩემი მშობლები და ალბათ, მათაც ამიტომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება. ანალოგიურად, მეც კარგი ურთიერთობა მაქვს აკოს მშობლებთან. უკვე რამდენი წელია, ერთად ვცხოვრობთ და სერიალის მსგავსი პრობლემები არცერთს არ გვქონია.
– ახლო მომავალისთვის რა გეგემები გაქვს?
– რამდენიმე დღეში კიდევ გადაღებები და რეპეტიციები მეწყება. აგვისტოს ბოლოს მუსკომედიის თეატრიდან ბუქარესტში მივდივართ გასტროლზე. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს და ბავშვი მეუბნება, თითქმის ვერ გნახულობო. ყველა დიასახლისს პატივს ვცემ, მაგრამ მგონია, შვილისთვისაც კარგია, როცა ხედავს, რომ მშობელი შრომობს. ეს მაგალითის მიმცემია.