როგორ განიკურნა „დედოფლის“ მიბრძანებისთანავე ბავშვი, რომელიც უმოძრაო იყო, ვერ მეტყველებდა, ვერ ჭამდა და როგორ იღებენ ადამიანები მასთან მიახლებისთანავე შეწევნას
„დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“ – ხატი, რომელიც განსაკუთრებულად შეიყვარა მთელმა ერმა. ეს ხატი სასწაულმოქმედი და მსწრაფლშემსმენელია. როგორც მომლოცველები ამბობენ, ზოგჯერ მხოლოდ წუთები გადის, ვიდრე საკვირველება მოხდება, თუმცა, ალბათ, თავად ხატის ისტორიაა განსაკუთრებულად საკვირველი. ეს ისტორია ხომ ჩვენს დროში და ჩვენ გვერდით მოხდა და, შესაბამისად, მრევლშიც განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ „დედოფალი“ ახლად გამოჩენილი ხატია, მას უდიდესი საკვირველმოქმედებები აქვს აღსრულებული. „დედოფალზე“ უამრავი სტატია დაიწერა და მომლოცველებიც ხშირად ჩამოდიან უცხოეთიდან. ხატს, როგორც იცით, ორი მცველი ჰყავს – გიორგი ჭოლოკავა და ზურაბ შიოშვილი. დღეს „დედოფალზე“ უკვე უცხოეთშიც შეიტყვეს და არაერთ ენაზე ითარგმნა ხატის ისტორიაც და მისი საკვირველებებიც.
გიორგი ჭოლოკავა: უამრავი ადამიანი ინტერესდება „დედოფლის” საკვირველმოქმედებით; მომლოცველთა ნაკადი მუდამ დიდია. როდესაც მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ხატს გამოვაბრძანებთ, იმ წუთებიდანვე დგება მომლოცველთა რიგები. სასიხარულო ისაა, რომ ღვთისმშობლის მოსალოცად ყველა დიდი სიყვარულითა და მოწიწებით მოდის, ეს ერთგვარი დღესასწაულია. მრავალ საკვირველებას აღასრულებს „დედოფალი“, თუმცა, ეს, უპირველესად, მომლოცველზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიეახლება ის „დედოფალს” და რამდენად უფლისთვისა და ღვთისმშობლისათვის სათნოა მათი სურვილები თუ შესავედრებელი.
ზურაბ შიოშვილი: ხატიდან განსაკუთრებული ცხოველმყოფელობა იგრძნობა ღვთისმშობლისა. ხშირად ხდება ისე, რომ მომლოცველი მოილოცავს ხატს, გავა ტაძრიდან, ისევ უკან შემოდის და ასე აკეთებს რამდენჯერმე, რადგან უჭირს ხატთან განშორება. უამრავი საკვირველება აქვს აღსრულებული „დედოფალს“ და ამას თავად მრევლისგან ვიგებთ. განსაკუთრებულად აღვნიშნავთ იმას, რომ ხატის რეპროდუქციებსა თუ ჟურნალში დაბეჭდილ გამოსახულებებს ხელები მუდამ თბილი აქვთ. ეს პირველად ერთმა მომლოცველმა მოგვწერა, მერე მეორემ და ასე გამოჩნდა უამრავი ადამიანი, ვინც ამ ფაქტს აღნიშნავს. უცხოეთშიც მრავლად გაგზავნეს ასლები და იქიდანაც გვწერენ ამაზე. ეს იმდენად დიდი სასწაულია, რომ მსგავსი მოვლენის შესახებ არსად ამომიკითხავს. თავად ხატიდანაც მოდის უზარმაზარი სითბო. მნიშვნელობა აქვს თავად მომლოცველსაც: ზოგის მიახლებისას სითბო იმატებს, ზოგჯერ კი – არა. ხატის ასლებზეც ასე ხდება. ეს მართლაც უიშვიათესი მოვლენაა საქრისტიანოში.
გიორგი: პეტრეპავლობის მარხვაში, როდესაც „დედოფალი“ გამოვაბრძანეთ სამების ტაძარში, ულამაზესი ყვავილების გვირგვინით იყო შემკობილი. ხატი ახალ კიოტში იყო ჩაბრძანებული, რომელსაც კარგადაც კი არ ჰქონდა ლაკი შემშრალი. სამწუხაროდ, ერთი მომლოცველის დაუდევრობით, მოხდა ისე, რომ სანთლიდან ყვავილებს ცეცხლი მოედო. საბედნიეროდ, ცეცხლი ჩააქრეს, მაგრამ, ერთი საკვირველება ამასაც მოჰყვა: ყვავილები სქელ კარკასზე იყო დამაგრებული. როდესაც ვნახეთ კარკასი, მთლიანად დამწყვარი იყო, ცეცხლის კვალი ჰქონდა ანალოღიასაც, მაგრამ ხატის კიოტი აბსოლუტურად დაუზიანებელი იყო. უამრავი ადამიანი გვწერს კურნებათა შესახებ, ბევრიც ტაძარში მოდის და გვესაუბრება. არის კურნებები ისეთი მძიმე დაავადებებისგან, როგორიცაა სიმსივნე ან თუნდაც ლეიკემია. უმეტეს შემთხვევაში ეს დადგენილი დიაგნოზია, პაციენტი მკურნალობს, მაგრამ, ხატის მოლოცვის შემდეგ მიდიან გამოკვლევაზე და დაავადება, უბრალოდ, აღარ არის. ცნობილი გახდა ერთი ბავშვის ამბავიც, რომელიც უმძიმესი მდგომარეობიდან იხსნა „დედოფალმა“; ბავშვისა, რომელიც უკვე უმოძრაო იყო, ვერც მეტყველებდა და ვერც ჭამდა, მაგრამ ხატის ასლის მიბრძანებისთანავე, რამდენიმე წუთში, ბავშვი ადგა და ჭამა და ლაპარაკი დაიწყო. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც რეანიმაციაში გადაყვანილი, უკვე იმედგადაწურული პაციენტები გამოკეთებულან.
ზურაბი: „ფეისბუქში” არის გვერდი „დედოფალი“, საიდანაც მომლოცველები იტყობენ ხოლმე ხატის გამობრძანების შესახებ ან იგებენ სხვადასხვა საჭირო ინფორმაციას, სწორედ იქ გვწერენ ხშირად. რუსთავიდან გვწერდა გოგონა: როდესაც მან შეიტყო „დედოფლის“ გამოჩენის შესახებ, მის მოსალოცად უნდოდა მოსვლა, მაგრამ გზის ფული არ ჰქონდა. ის წერდა, რომ „დედოფალს“ ევედრებოდა შეწევნას თბილისში ჩამოსასვლელად, რათა სამების ტაძარში მოსალოცად მოსულიყო. ღვთისმშობლის იმედად გამოვიდა სახლიდან და დაეშვა კიბეზე. მას გზაში შეხვდა დედა, რომელმაც მხოლოდ თბილისამდე წამოსასვლელი ფული მისცა, რადგან მეტი არ ჰქონდა. ჩამოვიდა და თაყვანი სცა ხატს, უკანა გზაზე კი სრულიად უცხო მძღოლმა უთხრა, ფული არ გადაიხადოო.
გიორგი: მხოლოდ კურნებები როდია, არაერთს უთქვამს, რომ შეუთხოვიათ კეთილად დაოჯახებაზე და ძალიან მალე ასეც მომხდარა. ზოგს მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს, ისიც კი უთქვამთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახში ყველა უმუშევარი იყო, მაგრამ, ღვთისმშობლის ხატის მოლოცვის შემდგომ ოჯახის ორი წევრი რამდენიმე დღეში დასაქმდა. ძალიან დიდ სიყვარულსა და სითბოს იწვევს „დედოფალი“ მრევლში, ის ყველას დედაა და მფარველი, მთავარია, ადამიანმა სიყვარული საკუთარ გულში იპოვოს. მომლოცველები უცხოეთიდანაც ჩამოდიან, ბევრი მათგანი უიმედოდაა სნეულების გამო, მაგრამ, რამდენიმე დღეში წერენ, რომ სასწაულებრივად განიკურნენ, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. არის ნარკომანიისგან განკურნების შემთხვევებიც; მოდიან უშვილო წყვილებიც, ორსულებიც უამრავი პრობლემით. „დედოფალმა” უდიდესი საკვირველმოქმედებები ათონის მთაზე აღასრულა, რომლის შემსწრენიც ჩვენ, ხატის მცველები ვიყავით. ჯერ კიდევ ახალჩასულებს გვითხრა ათონელმა უხუცესმა ბერმა, ეს ბოლო დროის უდიდესი ხატიაო. მაშინ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ იწყებოდა და, არც ვიცოდით, რაოდენ დიდი მოვლენების წინაშე დავდგებოდით.
ზურაბი: უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი ხვდებიან „დედოფალს“ რეგიონებშიც. ჩვენ, ასევე, გახლდით ისტორიულ ლორეში, სადაც „დედოფალი“ მიბრძანდა იქ დარჩენილ ქართულ ტაძრებში. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ ხატის იერუსალიმში წაბრძანებას; ასევე ათონის წმინდა მთაზეც უნდა წაგვებრძანებინა, რადგან ბერებმა გვთხოვეს ხატის იქ ჩაბრძანება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამას ვერ ვახერხებთ. ყველაფერი ჩვენი, ხატის მცველების პირადი დანაზოგით კეთდება მუდამ. ამ ეტაპზე კი არ გვაქვს საშუალება, ხატი წავაბრძანოთ, თუმცა, იმედი გვაქვს, უფალი გზას გაგვიხსნის (ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი #GE18BG0000000559017500. მიმღები: ზურაბ შიოშვილი. შემოწირულობით ხატი წმიდა მიწაზე გაემგზავრება). მე ვფიქრობ, დღეს ნამდვილად გვაქვს უდიდესი სიხარულის მიზეზი, რადგან უფალმა გადმოგვცა თავისი დედის ესოდენი დიდი ცხოველმყოფელი ხატი. ეს დიდი სიხარულიცაა და, ამავდროულად, პასუხისმგებლობაც. მინდა, კიდევ ერთი ისტორია მოგითხროთ, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ მოხდა: მყავს ტაილანდელი მეგობარი, საკმაოდ მორწმუნე ოჯახიდან. მოგეხსენებათ, ტაილანდელები ბუდისტები არიან და, ჩემი მეგობრის ოჯახიც, წესისამებრ, მუდამ დადის ტაძარშიც. ამ ოჯახს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა და, გამოუვალი სიტუაციის გამო, დიდ მწუხარებაშიც აღმოჩდნენ. ძალიან განვიცდიდი მათ ასეთ გასაჭირს, ოჯახი ტირილსა და გლოვაში იყო მუდამ. ერთ დღეს, როდესაც ჩემი მეგობარი კვლავ საკუთარ გასაჭირზე მესაუბრებოდა, ხატის ასლი გავუგზავნე. მან უკვე იცოდა „დედოფლის“ შესახებ. ჯერ მოვუბოდიშე, რადგან სხვა რელიგიის წარმომადგენელი იყო, მაგრამ, ვუთხარი, „დედოფლისთვის” ეთხოვათ დახმარება, ელოცათ მის წინაშე და ის შეეწეოდა მათ. ორი დღის შემდეგ მისგან შეტყობინება მივიღე, რომ ისინი ლოცულობდნენ ღვთისმშობლის წინაშე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმაც შეისმინა მათი ვედრება და ის განსაცდელი უეცრად გაქრა. ძალიან დიდ სიხარულში იყო და, მითხრა, რომ არასოდეს მოიშორებდა დედოფლის ხატს, როგორც მისი ოჯახის მფარველს.
გიორგი: როდესაც ვისმენთ ან ვკითხულობთ ისტორიებს „დედოფლის“ მიერ მომლოცველთა შეწევნის შესახებ, გული სიხარულით გვევსება. უმეტეს შემთხვევაში, მართლაც რომ, მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თუ შეუძლია ადამიანების ხსნა იმ განსაცდელებისგან. მოსაყოლი მართლაც რომ ბევრია, მაგრამ, ბევრ ისტორიას ვერც ვყვებით, რადგან ეს მაინც სხვისი ტკივილით სავსე ისტორიებია. ჩვენ ყველას სიყვარულით ვხვდებით და გვახარებს თითოეული მომლოცველის ტაძარში შემოსვლა. „დედოფალს“ ყველგან მუდამ დიდი სიხარულით ელიან და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ მისი შეწევნით შევძლებთ ხატის საქართველოს ყველა კუთხეში შებრძანებას. „დედოფალი“ მართლაც რომ არის სიხარულის მომნიჭებელი.