როგორ ადამიანს შეუძლია გონების დაკეტვა ბოროტი და სამარცხვინო ზრახვებისგან და რა ზიანს მოუტანს მას ხატთან არასწორი ურთიერთობა
მორწმუნე ადამიანის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მუდმივად ფერისცვალება, გარდაქმნა, მასში ახალი კაცის დაბადება. თუმცა, ამას ხშირად ისინიც ვერ ახერხებენ, რომლებიც წლების განმავლობაში დადიან ეკლესიაში, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობენ, ლოცულობენ და მარხვას იცავენ, სახლში ხატებს მიაბრძანებენ. როგორ უნდა განიცადოს ადამიანმა ფერისცვალება, რა ეხმარება მას ამაში და როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს წმიდანების ხატებთან, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– სანამ უშუალოდ ადამიანების ფერისცვალებაზე ვისაუბრებდეთ, მინდა შევეხო ისეთ საკითხს, როგორიც არის ეკლესიიდან ოჯახებში ხატების მიბრძანება. როდესაც ეკლესიიდან მოძღვრის კურთხევით მობრძანდება შედარებით დიდი ზომის ხატი, ამ შემთხვევაში, ოჯახი განსაკუთრებულ რეჟიმში გადადის. ოჯახი მასპინძლობს ამ ხატს, კითხულობს დაუჯდომლებს, პარაკლისებს და ნაკლებად უთმობს დროს საერო საკითხებს, გართობას. ამ დროს სასურველია, ნაკლებად ვუყუროთ ტელევიზორს, ნაკლებად ვიფიქროთ ამ სოფლის ამაო საზრუნავზე. უმჯობესია, ის პერიოდი, რა დროსაც ხატი ბრძანდება ოჯახში, გამოვიყენოთ უფალთან დასაახლოებლად. ყველა ოჯახშია განსაცდელი და ყველგან, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანები ცხოვრობენ, საჭიროა სულიერი გაძლიერება, სულიერი სიმტკიცე, უფალთან დაახლოება. როდესაც ოჯახში მობრძანდება ხატი, მას თან მოჰყვება სულიერი პირი და ამ დროს ხდება განსაკუთრებული ზეიმი. ოჯახის წევრები იკრიბებიან, ეკურთხება სახლი და იწყებენ პარაკლისებისა და დაუჯდომლების კითხვას. ძირითადად, ხატები მორწმუნე ადამიანებთან მიბრძანდება, მაგრამ ვინც უკვე ჭეშმარიტად მორწმუნეა, შეიძლება, მას ნაკლებად სჭირდებოდეს ხატის მიბრძანება. ამიტომ, იქ უფრო შეიძლება ხატის მიბრძანება, სადაც ნაკლებად სწამთ, ნაკლებად სასოებენ ღმერთს, რათა ხატის მიბრძანებამ ამა და იმ პიროვნებაში, ოჯახში გარკვეული სულიერი დაბადება წარმოშვას. ინდივიდუალურად, პირადი სურვილით, რაღაც ახირებით და მოძღვრის კურთხევის გარეშე, ხატების გადაბრძანებამ, შეიძლება, გარკვეული ზიანი მოუტანოს ადამიანს. სიწმიდესთან ურთიერთობა არის ეკლესიის გარკვეული მოვალეობა და მისი კურთხევით შეიძლება, ადამიანმა გადააბრძანოს ხატი და ჰქონდეს მასთან ურთიერთობა. ეკლესიაში არიან „ხატის მცველები“, ვისაც დაავალა მოძღვარმა, რომ ხატს თან ახლდეს და გარკვეული სწავლება, შეგონება დანერგოს ოჯახში, რადგან ძალიან ბევრმა არ იცის ხატთან ურთიერთობა.
– სახლის კურთხევამაც დღეს ფორმალური სახე მიიღო, ისევე, როგორც ბევრმა საეკლესიო საიდუმლომ, რიტუალმა.
– ადამიანები, სადაც ცხოვრობენ, რითაც გადაადგილდებიან, ეს იქნება ნავი, ავტომობილი, მატარებელი თუ თვითმფრინავი, ყველაფერი უნდა დაილოცოს, რომ მან მშვიდობით ატაროს ხალხი. ადრე იყო ნავის, ურმის კურთხევა. როდესაც „კურთხევანი” შედგა, მაშინ არ იყო ავტომობილები, მაღაზიები, აფთიაქები და შემდეგში თანამედროვე მოძღვრებმა გარკვეული სიტყვები შევცვალეთ. ასე რომ, ნავი ეკურთხება, ურემი თუ მანქანა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან კედლები კი არ იკურთხება, არამედ ჩვენი მრწამსი იქნება უფლის თვალში შეწირული. სახლის კურთხევის დროს მოძღვარი ასხურებს კედლებზე ნაკურთხ წყალს, ზეთს სცხებს ოთხივე კედელზე, ზღურბლზე გამოსახავს მაცხოვნებელ ჯვრებს, იკითხება სახარება, კვერექსი და ეშმაკის განსხმის ლოცვა, რომელსაც ზოგჯერ კითხულობს მოძღვარი, ზოგჯერ – არა. ამ ლოცვას ჰქვია „სახლსა შეგრძნებულისა” და თუ ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ მათთან დაბუდებულია არაწმიდა სული, უნდა სთხოვონ მღვდელს, რომ მან წაიკითხოს ეს ლოცვა. თუ უფრო მძიმე სიტუაციაა, სასურველია, მოძღვარმა მცირე აიაზმა, მცირე წყლის კურთხევა აღასრულოს.
– სახლის კურთხევამ, ეკლესიაში სიარულმა, ლოცვების კითხვამ, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობამ ადამიანში ფერისცვალება – გარკვეული ცვლილებები უნდა მოახდინოს. თუმცა, ეს არც თუ ისე ხშირია.
– არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ნებისმიერი საქციელი, მის შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული. თუკი მას ნამდვილად გონიერი, სათნო და სიკეთის მოყვარე სული აქვს, ეს მის ყოველ ნაბიჯში გამოჩნდება: გამოხედვაში, სიარულში, ხმაში, ღიმილში, საუბარსა და სხვებისადმი დამოკიდებულებაში. ასეთ სულში ყველაფერს კეთილსახიერი შეხედულება აქვს და ის გონებას კეტავს ბოროტი და სამარცხვინო ზრახვებისთვის. ჩვენი ცხოვრება წინ, უკეთესობისკენ რომ მიდიოდეს, უნდა ვიზრუნოთ გულის კულტურის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ადამიანში ადამიანურობის გამოვლენას. ის არა მხოლოდ სიკეთის, სილამაზის მქონეა, რომლითაც დაგვაჯილდოვა შემოქმედმა, არამედ, ამ მარადიული ღირებულებების მთესველიც არის. თუ ადამიანი სხვისგან სამაგიეროს მოელის, ესე იგი, პატივმოყვარეობითა და დიდებისმოყვარეობით არის შეპყრობილი. ნუ შეჰპირდებით სხვებს რამეს, თუ მისი შესრულება არ შეგიძლიათ. ნურც უფალს შეჰპირდებით რამეს, რადგან, არ იცით, ხვალ რა მოგელით. თითოეული ადამიანი ნათლობის დროს უფალს აღუთქვამს, რომ ის განეშორება შურს, განკითხვას, სიძულვილს, ანგარებას, მკითხაობას, უსაქმურობას, ყოველივე ბოროტებას და იცხოვრებს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ქვეყნის შემოქმედს ადამიანის მხრიდან სხვა პირობა არ სჭირდება, ამ ყველაფრის დაცვა და მიღწევა კი მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით, წირვა-ლოცვებზე დასწრებით, ეკლესიური წესების სწორი დაცვითა და შესრულებით არის შესაძლებელი. ახალ აღთქმაში მოციქულები ამბობდნენ: ჩვენ ვიხილეთ ღვთის ღმერთი. რადგან უფალი დედამიწაზე ადამიანის სახით, განკაცებული მოვიდა, ამიტომ შესაძლებელი გახდა მისი ხილვა. მაცხოვრის ადამიანური ბუნება ფარავდა მის ღვთაებრივ ბუნებას, იმ დიდებას, რომლის ხილვა ადამიანს არ ძალუძს. იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება რწმენის თვალით იხილვებოდა და იხილვება. ურწმუნოთათვის კი მაცხოვარი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია. მეორედ მოსვლის დროს კი, უკვე ყველასთვის ხილული და განცხადებული გახდება იესო ქრისტეს ღვთაებრიობა და მოვა ის დიდებით. თუმცა, მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ მეორედ მოსვლამდე, როდესაც უფალი დედამიწაზე ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა, მან საკუთარი ღვთაებრიობა, საღვთო დიდება განუცხადა მოწაფეებს. ეს კი სწორედ ფერისცვალების დროს, თაბორის მთაზე მოხდა. იესო ქრისტე, ღმერთი ამქვეყნად ადამინებს ეცხადება იმ ზომით, როგორც ადამიანი გაუძლებს მის სიდიადეს და დარჩება ცოცხალი. თაბორის მთაზე მომხდარი უფლის ფერისცვალება იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ამ ამბის შესახებ სამი სახარება მოგვითხრობს, ხოლო აღმოსავლეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ფერისცვალება თორმეტ უდიდეს დღესასწაულს შორის შეიყვანა. ფერისცვალების შემდეგ, ეკლესია, რომელიც არის სასუფეველი ღვთისა, ეჯახება ამ სოფელს, შემოდის ჯვარი, გოლგოთა და ჩნდება პირველი მოწამე, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ეკლესია კი ჩამოდის თაბორის მთიდან და შეუდგება გოლგოთის ძნელ და მძიმე გზას, რომლის შემდეგაც დგება სასუფეველი ცათა.