ჭეშმარიტი სარწმუნოება
როგორ გადაარჩინა მამა პაისის ხილვამ ახალგაზრდა უცილობელ სიკვდილს
მამა პაისი მთელ ღამეს ლოცვას უთმობდა და მხოლოდ გამთენიისას ისვენებდა ერთი-ორი საათით, რათა მის სიყვარულს შესძლებოდა, ეპასუხა სნეული ადამიანებისათვის, რომლებიც დღისით მასთან მრავლად მოდიოდნენ. ღამით ის განსაკუთრებულად იმ ახალგაზრდებისთვის ლოცულობდა, რომლებიც ღამეებს სხვადასხვა გასართობ დაწესებულებაში ატარებდნენ და რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა. უამრავია ასეთი შემთხვევა, როდესაც მამა პაისის ლოცვამ იხსნა ისინი. თავად, რა თქმა უნდა, არასდროს ეთანხმებოდა იმას, რომ ეს მისი დამსახურება იყო.
ერთ ახალგაზრდა ვაჟს, ეგრეთ წოდებულ „ქუჩის ბიჭს, არავითარი კავშირი არ ჰქონდა ეკლესიასა და რელიგიასთან, ასევე, მის მშობლებსაც. ერთხელ, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ის თავბრუდამხვევი სიჩქარით მიჰქროდა საკუთარი ავტომობილით ათენიდან დაფინში. უცებ გზაზე ბერი შენიშნა. მან გაზი გამორთო და სიჩქარეს მოუკლო. ბერი ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. ამ დროს მარჯვენა მხრიდან მოხდა ისეთი რამ, რის გამოც ვაჟს სუნთქვა შეეკრა: იმ ადგილას, სადაც ბერი იდგა, მარჯვენა მხრიდან მძიმე სატვირთო მანქანამ ძალიან დიდი სიჩქარით ჩაიქროლა წითელ შუქზე.
მანამდე ბერი რომ არ გამოჩენილიყო, ვაჟი უკვე მკვდარი იქნებოდა. მან აკანკალებულმა განაგრძო გზა და უჩვეულო ხილვით გაკვირვებული იყო.
დიდი ხნის შემდეგ ის მეგობრებმა დაიყოლიეს, მათთან ერთად მთაწმინდაზე წასულიყო და მოენახულებინა მოძღვარი, რომელიც სასწაულებს ახდენდა. როდესაც ისინი პანაგუდაში ჩავიდნენ, ვაჟი გაშეშდა! მის წინ ის ბერი იყო, რომლის გამოჩენამაც მისი სიცოცხლე იხსნა. ვაჟმა მოძღვარს მომხდარის შესახებ უამბო, მან კი, როგორც ყოველთვის, არ აღიარა მომხდარი, ანუ, არწმუნებდა ვაჟს, არ დაეჯერებინა, რომ სწორედ ის ბერი იყო, რომელიც გზაზე გამოეცხადა. ვაჟი სრულიად დარწმუნებული იყო და ვერ ახერხებდა, უარეყო ის, რაც საკუთარი თვალით იხილა და ძალიან უკვირდა მოძღვრის თავმდაბლობა, რომელსაც მომხდარის აღიარება არ სურდა.
მოძღვარი მართალი იყო, რამეთუ ხედავდა, რომ სასწაულის აღსრულების დროს მოქმედი თვითონ როდი იყო. ის ამბობდა:
– მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, ღვთის შეწევნით ავასრულო – მორჩილად ვილოცო მთელი ღამის განმავლობაში მათთვის, ვისაც გზაზე განსაცდელი მოელის. კეთილი ღმერთი საბაბს ეძებს უწესო და დაუმორჩილებელი შვილების გადასარჩენად. ის ჩემს ლოცვას მოიმიზეზებს და თვითონ იმოქმედებს. მაგრამ, ვინაიდან უფალი ჩვენი თავმდაბალია ბუნებით, არ სურს, გამოჩნდეს; და რადგანაც მიზეზად ჩემი ლოცვა ჰქონდა – ანგელოზს ჩემი სახე მიანიჭა. ასე რომ, მე არაფერ შუაში ვარ.