რატომ ვერ ეგუება ზოგიერთი ქალი რეალობას და რაში ტყუვდებიან ისინი გათხოვების შემდეგ
ყველას არ შეუძლია, უყვარდეს. სიყვარული არის ნიჭი, რომელიც, თუ არ გაქვს, თავად უნდა აღზარდო საკუთარ თავში. არცთუ იშვიათად, ვცდებით ხოლმე სხვების შეფასებისას, რადგან ზოგიერთს ორბუნებოვნება ახასიათებს. არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ, გარეთ სხვანაირები იყვნენ და იდეალური პიროვნების შთაბეჭდილება დატოვონ. ძალიან დაკვირვებულმა ქალმაც კი შეიძლება დაუშვას შეცდომა, ცხოვრება ასეთს დაუკავშიროს და, დიდი ალბათობით, ის ბედნიერი ვერ იქნება.
დიანა (29 წლის): როგორი იმედი მქონდა, რომ შევქმნიდი ოჯახს და მერე ჩემს რჩეულთან ერთად დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებდი – ყველა ქალი ხომ ამაზე ოცნებობს. მიკვირს, რატომ უყურებენ კაცები ამას ირონიულად – ოჯახი მათთვისაც ხომ მნიშვნელოვანია და ამაზე ძვირფასი რა შეიძლება ადამიანს ჰქონდეს?! ჩემი მომავალი ქმარი ხალხში არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული იყო.
– რას გულისხმობთ ამაში?
– არაჩვეულებრივად იქცეოდა – ძალიან რაინდულად და ღირსეულად, ისე, რომ ყველა ქალს შურდა ჩემი – ნაცნობსაც, მეგობარსაც და უცნობსაც. ზოგჯერ მე თვითონაც კი არ მჯეროდა საკუთარი ბედნიერების – ასეთ განსაკუთრებულ მამაკაცს როგორ შევუყვარდი-მეთქი. თურმე, ორსახოვანი მამაკაცებიც არსებობენ – საშინაო დესპოტები და საგარეო რაინდები. ზუსტად ასეთი აღმოჩნდა ჩემი ქმარი.
– ფიქრობთ, რომ მხოლოდ მამაკაცები შეიძლება იყვნენ ასეთები?
– ამ წუთში, მე სხვა არ მაინტერესებს, თუმცა, მგონი, უფრო კაცებისთვისაა ამ ტიპის ორსახოვნება: სანამ ცოლად შეგირთავს, თავს გაჩვენებს, რომ შენით ცოცხლობს, სინამდვილეში კი მოახლე და მონა სჭირდება, რომ მასზე იბატონოს და თუ ეს მონა მუნჯიც იქნება, მთლად უკეთესი.
– ასეთი ურთიერთობა გაქვთ ქმართან? მუნჯი უნდა იყოთ, ამას გაიძულებთ?
– ერთი შეხედვით ეს ასე არ ჩანს, მაგრამ აშკარაა ჩემ მიმართ უპატივცემულობა. ყოფილა შემთხვევა, როცა სამი დღით დაკარგულა და არც კი აუხსნია, სად იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ვინერვიულებდი. მაგრამ, როცა მოვიდა და ვკითხე, სად იყო, სანანებელი გამიხდა – ისეთი „ჩამიტარა“, თავის მოკვლა მინდოდა. აქეთ დამადანაშაულა: მითხრა, რომ ისტერიკისკენ მაქვს მიდრეკილება; რომ აზრზე არ ვარ, როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს ქმართან. მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ არაფერი ეშველებოდა; რომ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც სიყვარული არ შეუძლიათ. იმდენჯერ ავუტირებივარ, სათვალავი ამერია. ასე მგონია, სხვა კაცთან ვცხოვრობ და არა იმასთან, ვისაც ქორწინებამდე ვიცნობდი და მიყვარდა. ფეხით მოსიარულე ყურადღება და მზრუნველობა იყო; თვალებში მიყურებდა, რომ გამოეცნო, რა მესიამოვნებოდა... მართლა ყველას შურდა ჩემი. ფსიქოლოგი ან ტელეპატი უნდა ვყოფილიყავი, რომ მის ჭეშმარიტ ბუნებას ჩავწვდომოდი. ერთადერთი, რასაც ვამჩნევდი, სიჯიუტე იყო, მაგრამ, ჯიუტი ვინ არ არის? ამით როგორ უნდა მივმხვდარიყავი, სიყვარული შეეძლო თუ არა?
– არცერთხელ არ გაემჟღავნებია თავი?
– რაში? იმაში, რომ სიყვარულის უნარი არ ჰქონდა? – რა თქმა უნდა, არა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს შეუმჩნეველი დარჩა.
– კიდევ რაში გამოიხატება მისი „არსიყვარული“ თუ „ვერსიყვარული“... ანუ ის, რომ სიყვარული არ შეუძლია?
– უნარი არ აქვს, გამიგოს; არაფერს წარმოვადგენ მისთვის; გვერდში დგომის უნარი არ გააჩნია. რაც უნდა მოხდეს, ყველფერში მე ვარ დამნაშავე. იშვიათი ნიჭი აქვს, მთელი ბრალეულობა ჩემზე გადმოიტანოს და იქით მომახდევინოს ბოდიში. ეტყობა, მოსწონს, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში რომ ვარ. თუ ჩემს წარმატებებზე ვუყვები, დუმს, თითქოს საერთოდ არაფერს წარმოვადგენ. ერთხელ ვცადე, დავლაპარაკებოდი – ვუთხარი, შენ, მგონი, აღარ გიყვარვარ-მეთქი. სულელი ხარ. რა უნდა გავაკეთო, სიყვარული რომ დაგიმტკიცო, თავდაყირა ვიაროო?! იქნებ მას ასე ესმის სიყვარული? ან, იქნებ, პირიქით, როგორმე მე უნდა გავუგო და დავეხმარო? მოკლედ, აღარ ვიცი, რა ვქნა. იმიტომ, რომ, როგორც კი იმას ვეუბნები, არ გიყვარვარ-მეთქი, გიჟდება, სახლიდანაც კი გარბის. ორჯერ უკვე მოიქცა ასე. ვფიქრობდი, არ დამერეკა და ამით დამესაჯა, იქნებ ჭკუაზე მოსულიყო, მაგრამ, მხოლოდ დღე-ნახევარი გავძელი და ბოლოს ისევ მე დავურეკე, მაგრამ, ისეთი რაღაცეები მითხრა, ცრემლებით ვეხვეწებოდი, ოღონდ დაბრუნდი და ყველაფერზე თანახმა ვარ-მეთქი.
რა გითხრათ?
– რომ მე ეგოისტი და უსულგულო ვარ; რომ ის ზრუნავს მთელ ოჯახზე, შრომობს, მე კი განსაკუთრებულ ყურადღებას ვითხოვ და არ შევდივარ მის მდგომარეობაში... თუმცა, როცა მოვიდა და ატირებული დავხვდი, თან ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს, მითხრა – ვიცოდი, რომ დამირეკავდიო. მერე, რამდენიმე დღე, თითქოს ცდილობდა, ძველებურად თბილი და ყურადღებიანი ყოფილიყო, მაგრამ, ძალიან ცოტა ხანს გასტანა, ისიც გარკვეული ულტიმატუმებით.
– რა ულტიმატუმებით?
– არ უნდა ჩავიცვა მოკლე კაბა; ზედმეტად გულამოჭრილი მაისურებიც უნდა დავივიწყო; ბევრი არ უნდა ვილაპარაკო – მოკლედ, მკაცრი განაწესი მაქვს. ასეთ რეჟიმში და მუდმივ სტრესში როგორ უნდა ვიცხოვრო? მითხარით, ეს სიყვარულია?! მისი ყველა გამოხდომა სულში ნაიარევს მიტოვებს და ეს ჭრილობები გროვდება. ვეღარ ვეგუები რეალობას, მიჭირს ამდენ ტკივილთან ცხოვრება. ქორწინებაში სხვა გეგმები გვქონდა, რომელიც დამენგრა.
– რა გეგმები გქონდათ?
– მშვიდი ცხოვრება მოსიყვარულე ქმართან და შვილებთან ერთად, ყოველგვარი დაძაბულობისა და სტრესების გარეშე. ადამიანს აღარ ვგავარ.
– ხომ არ ეჭვიანობთ, რომ ვიღაც სხვა ქალთან ხარჯავს მთელ სითბოს და ამიტომ გახდა თქვენ მიმართ ასეთი?
_ არ ვიცი. შეიძლება, ეგეც არის, ვერაფერს გამოვრიცხავ. მე აღარ მაქვს იმის ენერგია, უკან ვდიო და რაღაც-რაღაცეები გამოვქექო. რომ გამიგოს, სულ გადაირევა.
– ანუ, ისევ მის მდგომარეობას უფრთხილდებით?
– ოჯახს ვუფრთხილდები. თან, გამიგია, როცა კაცები საყვარელს იჩენენ, პირიქით, ძალიან ყურადღებიანები ხდებიან, ცოლებს საჩუქრებით ავსებენ... ეს რატომ იქცევა არანორმალურად, მართლა ვერ ვხვდები.
– ქცევა ინდივიდუალურია. ამის მიხედვით მსჯელობა ლოგიკური არ იქნება.
– არ ვიცი, ძალიან დავიბენი და, შეიძლება, სისულელეებსაც ვლაპარაკობ. დაბნეულობა ცუდი მრჩეველია. ხან ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა დავასრულო და ახალი ცხოვრება დავიწყო.
– ქმრის გარეშე?
– როცა ამ აზრამდე მივდივარ, მაგრად ვფრთხები, უკან ვიხევ და ისევ მზად ვარ, ჩემი ქმრის უსიყვარულობა და გულცივობა ავიტანო... რამდენიმე დღის წინ მიყვირა – თავი დამანებე, მომცილდიო. რანაირადღა ველაპარაკო? არავითარი გრძნობა... არავითარი. ცივია და შეუვალი, რაც მომაკვდინებელია ჩემთვის. ჩემმა ქმარმა სიყვარული არ იცის, უბრალოდ, ზოგჯერ ახერხებს, ითამაშოს მზრუნველი და მოსიყვარულე ქმრის როლი. ეს კი საკმარისი არ არის, მით უმეტეს, როცა საქმე ოჯახს ეხება. მაგრამ, არც ის ვიცი, რა მოვახერხო...