კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცხელ დღეებში სადილობა და ვახშმობა სალათებით დაიწყეთ


ჯანმრთელობის, ლამაზი გარეგნობისა და სიმხნევისა შესანარჩუნებლად აუცილებელია, სწორად იკვებოთ. ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა ახალ, სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს; იყიდეთ იმდენი, რამდენსაც ერთ-ორ ჯერზე მიირთმევთ, რადგან, ერთი დღის განმავლობაში მაცივარში დებისგან ის სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების დიდ ნაწილს კარგავს.
სადილი და ვახშამი სალათებით დაიწყეთ – ეს მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას.
ზაფხულში პურზე, საქონლის ან ღორის ხორცზე უარის თქმა თქვენს ჯანმრთელობას სასიკეთოდ წაადგება. ასევე, ნუ მოამზადებთ რამდენიმე დღის სამყოფ კერძს, რადგან, წინა დღეს მომზადებული და შემდეგ გაცხელებული საკვები სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს.
საუზმეზე კარგია ფაფა, ჯემი, შავი პური და ჩაი. ადამიანს დილით ჩაი უფრო აფხიზლებს და ავსებს ენერგიით, ვიდრე ყავა. სადილობა აუცილებელია, რადგან, ვინც არ სადილობს, ორმაგად ინაზღაურებს საკვებს ვახშამზე, ეს კი ორგანიზმისთვის მავნებელია.
ვახშამზე, ანუ დაძინებამდე ორი-სამი საათით ადრე, მიირთვით ბოსტნეული, თევზი და ორცხობილა, ნელა ჭამეთ, არ იჩქაროთ, რომ ზედმეტი საკვები არ მიიღოთ.
საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე კარგია სუპები. მისი გადამუშავების დროს ორგანიზმი გაცილებით მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე თვითონ ამ საკვებშია. თან, სუპის ჭამის შემდეგ  დიდი ხნით აღარ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა.
კვირაში სამი დღე საუზმეზე მიირთვით უცხიმო ყველი და უშაქრო ჩაი ან ხილის წვენი დააყოლეთ. ლანჩზე კი შეგიძლიათ, უცხიმო იოგურტი და კვერცხი მიირთვათ.
სადილად მიირთვით ბოსტნეული, უცხიმო თეთრი ხორცი ან ორთქლზე მომზადებული კატლეტი; ვახშმის დროს კი – ერთი ჭიქა თბილი რძე, რომელშიც 1 ჩაის კოვზი თაფლი იქნება გარეული.

რატომ არის ამებიაზი საშიში დაავადება და რა იწვევს მის გამწვავებას ზაფხულის დღეებში
ამებიაზი ნაწლავთა დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მსხვილი ნაწლავის წყლულოვანი დაზიანება და სხვადასხვა ორგანოში ჩირქის კერების განვითარება, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს.
გადაცემის თვალსაზრისით, საშიშია ადამიანის ფეკალური მასით დაბინძურებული სამეურნეო თუ სასმელი წყალი, ანუ, დაავადება ჩნდება დაბინძურებული მწვანილით, ხილით, საკვები პროდუქტებით, რომლებიც ასეთი წყლით ირწყვება; ასევე – ჭუჭყიანი ხელებით, უსუფთაო საოჯახო ნივთებით, ზაფხულში კი – ბუზის მეშვეობით.
დაავადება ვითარდება ბრმა ნაწლავის ლორწოვან გარსში და ლორწოვანქვეშა გარსში. ამ ადგილებში წარმოიქმნება ანთებითი კვანძები, რომლებიც შემდგომში ღრმა წყლულებად გარდაიქმნება. დაწყლულების პროცესი ბრმა ნაწლავიდან თანდათანობით ვრცელდება – მსხვილი ნაწლავიდან სწორ ნაწლავამდე. მრავლობითი წყლულები განაპირობებს ისეთი სიმპტომების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კოლიტი, სისხლდენა, შეხორცებები და ასე შემდეგ.
ნაწლავთა ამებიაზის ფარული პერიოდი ზოგჯერ ოთხ თვესაც გრძელდება. დაავადება იწყება უმადობით, სისუსტით, დაღლილობის შეგრძნებით, მუცლის ტკივილით, შემდეგ კი ვითარდება ფაღარათი. პირველ დღეებში კუჭის მოქმედების სიხშირე დღე-ღამეში საგრძნობლად ხშირდება; განავალი თხელია, ლორწოვანი, ტკივილი კი ლოკალიზებულია ბრმა ნაწლავის არეში; დროთა განმავლობაში მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. განავალში ამ დროს ჩნდება სისხლი. მსუბუქ შემთხვევაში, ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება სამ კვირაში, მაგრამ, თუ ავადმყოფი სხვადასხვა ფაქტორის, მაგალითად, არასწორი კვების, გაციების, ავიტამინოზის გავლენით, კვლავ, ცისტების მატარებელი დარჩა,  პერიოდულად ეწყება ამებიაზის გამწვავება, რაც დროდადრო, წლების განმავლობაში, გრძელდება. ამას კი ნაწლავური და ნაწლავგარე სხვადასხვა სიმძიმის გართულებები მოსდევს. ნაწლავური გართულებებიდან აღსანიშნავია ღრმა წყლულით ნაწლავის კედლის გახვრეტა, რასაც პერიტონიტის განვითარება მოსდევს. შესაძლოა, განვითარდეს ამებიური ჰეპატიტი (ანუ ღვიძლის ანთებითი დაზიანება) ან ღვიძლის აბსცესი.
ამებიაზის პროფილაქტიკისთვის საჭიროა სასმელი და სამეურნეო წყლის სანიტარული ნორმების დაცვა. საეჭვო შემთხვევაში, სასმელი წყალი აუცილებლად გადაადუღეთ და ისე სვით, ხოლო ხილი, ბოსტნეული და მწვანილი დიდხანს რეცხეთ გამდინარე სუფთა წყალში.
რატომ არის საშიში ხალის სახეცვლილება, ქავილი და ტკივილი
მელანომა ავთვისებიანი წარმონაქმნია. აუცილებელია ამ დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, რადგან, დაგვიანებული დიაგნოზი, უმეტეს შემთხვევაში, ავადმყოფისთვის ტრაგედიით მთავრდება.
მელანომა არის კანის სიმსივნე. ის ძირითადად ვითარდება ხალებისგან, მაგრამ, შეიძლება წარმოიქმნას სუფთა კანზეც. კეთილთვისებიანი ხალები თანაბარი და გლუვია, ბრტყელი ან ოდნავ ამობურცული და არ იზრდება. ხალის გარეგნული სახის ნებისმიერი ცვლილება: ქავილი, სისხლდენა ან ტკივილი მის გადაგვარებაზე მიანიშნებს.
განსაკუთრებით ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვისაც კანზე ბევრი დიდი ზომის, თანდაყოლილი ხალი აქვს. მათ, ვისაც აქვთ თეთრი კანი, ქერა თმა, ჭორფლი და ცისფერი თვალები, რომლებსაც ძალიან სწრაფად ეწვებათ კანი მზისგან, მაგრამ არ ირუჯებიან, ეკრძალებათ სოლარიუმში ულტრაიისფერი დასხივება და თაკარა მზეზე ცოტა ხნით დაჯდომაც კი.
აუცილებელია  კანზე ხალის რეგულარულად გასინჯვა. ყურადღებით დაათვალიერეთ, რათა არ გამოგეპაროთ მელანომის განვითარების პირველი ნიშნები და დროულად მიმართეთ ექიმს.

როგორ უნდა აღმოუჩინოთ გულწასულ ადამიანს დროული დახმარება
გულის უეცარი წასვლის მიზეზი თავის ტვინის მწვავე, მაგრამ მცირე ხნით განვითარებული სისხლნაკლებობაა, რაც არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით არის განპირობებული. გულის წასვლა ვითარდება ნერვული გადაძაბვის, შიშის, გადაღლის, სისხლის დაკარგვის შემთხვევაში. ასევე, გულის დაავადებების, მწვავე სისხლდენის, შიმშილის, ჩახუთულ ჰაერზე ყოფნისას. ზოგჯერ გულის წასვლა აღინიშნება ფეხზე დგომისას, ან ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში უეცარი  გადასვლის დროს. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ფერს კარგავს, ოფლიანობს, ვითარდება ჰიპოთერმია, ანუ სხეული ცივდება, სუნთქვა ნელდება, არტერიული წნევა ქვეითდება. ამ დროს აუცილებელია გულწასული ადამიანის დაწვენა. ტვინის სისხლმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სასურველია, მას ფეხები ააწევინოთ, რომ სისხლმა თავისკენ დაიწყოს სვლა. გულის წასვლის დროს, თუ ის დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, განვითარდეს ტვინის ინფარქტი, ამიტომ, დროზე უნდა აღმოუჩინოთ დახმარება.
ზოგჯერ გულის წასვლას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, გულმკერდის არეში ტკივილი, რაც გულის იშემიურ დაავადებაზე მეტყველებს. თუ მისი გამომწვევი მიზეზი რამე სერიოზული პათოლოგიაა, მაგალითად, გულის მანკი, გულის იშემიური დაავადება და სხვა, საჭიროა ამ ძირითადი დაავადებების მკურნალობა. გაფრთხილებთ, აუცილებლად მიაქციეთ სათანადო ყურადღება ჯანმრთელობას – თუ უეცრად წაგივიდათ გული, ჩაიტარეთ სათანადო გამოკვლევები და ნუ დატოვებთ ამ საშიშ სიმპტომს ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.

რას იწვევს ვიტამინების ნაკლებობა და როგორ აღვიდგინოთ იმუნიტეტი ბუნებრივი საშუალებებით
ვიტამინების ნაკლებობა იწვევს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას, პოლივიტამინური ნაყენების ხალხური რეცეპტები კი სიმხნევეს მოგანიჭებთ, ტვინის მოქმედებას გაააქტიურებს და ტონუსს აგიმაღლებთ.
* დანაყეთ 3 სადილის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და 3 სადილის კოვზი ასკილი. დაუმატეთ 2 სადილის კოვზი მოცვი და კარგად აურიეთ. 3 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით 2 საათით, ოთახის ტემპერატურაზე. სვით დილა-საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნაყენი ამდიდრებს ორგანიზმს ყველა ვიტამინითა და მიკროელემენტით.
* ნახევარ ჩაის ჭიქა კუნელის ნაყოფს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და დადგით დაახლოებით 5-6 საათით, ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ 1 ჭიქა ნაყენში გაურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ჭამის  შემდეგ დალიეთ.
* 1/4 ჩაის ჭიქა მოცვის ფოთლებს დაასხით 3 ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ ნახევარი საათის განმავლობაში. დალიეთ თბილი, დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ. ეს ნაყენი ვიტამინების საბადოა.
* 4 სადილის კოვზი გვირილის ყვავილი, 4 სადილის კოვზი პიტნის ფოთოლი და 2 სადილის კოვზი ვალერიანის ძირები კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამ ნარევის 1 სადილის კოვზი ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში და შეავსეთ მდუღარე წყლით. გააჩერეთ დაახლოებით 10-15 წუთი, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ თითო სადილის კოვზით, დღეში ორჯერ.
* 1 სადილის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და დადგით 20 წუთით. დაუმატეთ შაქარი და ნაღები გემოვნებით. ეს ნაყენი ორგანიზმისთვის ერთგვარი მკვებავია, ასევე, უხდება ნაწლავებს და აწესრიგებს ძილს.
* თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს ასკილის ნაყოფი და მოცხარის კენკრა. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და თავდახურული გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და დაატკბეთ შაქრით. დალიეთ ნახევარი ჭიქა, დღეში სამჯერ. ეს ნაყენი კარგია ინფექციების დასამარცხებლად.
* ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით აურიეთ ასკილი და ცირცელი. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათით, შემდეგ კი გაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჩაის ჭიქა.

ვის აწუხებს ხშირად რადიკულიტი
რადიკულიტი ხშირად მას ემართება, ვინც თავს მძიმე ფიზიკური შრომით იტვირთავს, უწევს არასასურველ ტემპერატურულ და მეტეოროლოგიურ პირობებში ყოფნა. კისრისა და გავა-წელის რადიკულიტი ნერვული სისტემის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ოსტეოქონდროზი. რადიკულიტის კლინიკური სურათის ჩამოყალიბება-გამომჟღავნების თვალსაზრისით, მნიშვნელობა აქვს შინაგანი და გარეგანი ფაქტორების არსებობას, კერძოდ, ხერხემლის თანდაყოლილ ანომალიას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას, დიაბეტს, პოდაგრას, ავიტამინოზს, C ვიტამინის ცვლის მოშლას, ტრავმას, გაციებას, ინფექციას, ინტოქსიკაციას და ასე შემდეგ.
გავა-წელის  რადიკულიტი იწყება წელის არეში ყრუ ან მწვავე ტკივილით, რომელიც შემდეგ წვივზეც გადადის. ამ დროს სიარული, ფეხზე დგომა და მოძრაობა ტკივილს აძლიერებს. გავა-წელის რადიკულიტს ხშირად თან სდევს ხერხემლის გამრუდება და წელის კუნთების დაჭიმვა. მის მიმდინარეობას შესაძლოა მოჰყვეს სისხლის წნევის მომატება. გავა-წელის რადიკულიტის მსგავსი სურათი ზოგჯერ ზურგის ტვინის სიმსივნეების, თირკმლისა და შარდსასქესო კენჭოვანი დაავადებების,  გინეკოლოგიური პათოლოგიების დროსაც ვითარდება, ამიტომ სწორი დიაგნოზის დასმა აუცილებელია.
ქრონიკული რადიკულიტის დროს კარგია სპეციალური ვარჯიშები; დისკოგენური რადიკულიტის დროს კი, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.
ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად მთავარია სამუშაო პირობების მოწესრიგება, უხეში მოქმედებებისა და დიდი ტვირთისგან თავის დაცვა, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის დროს ყურადღების გამოჩენა და ასე შემდეგ. ასევე, დაავადების პირველივე გამწვავებისას, მნიშვნელოვანია სრული სამკურნალო კურსის ჩატარება და ორგანიზმის გაკაჟება სამკურნალო მასაჟითა და ვარჯიშებით.

скачать dle 11.3