რა მიზნებს ისახავდა სტალინის მიერ ორგანიზებული საიდუმლო შეხვედრები ზუბალოვოს სამთავრობო აგარაკზე
მას შემდეგ, რაც ლენინი გარდაიცვალა და სტალინი უკვე ფორმალურადაც ქვეყნის მმართველი გახდა, მან საგარეო პოლიტიკის ყველა სადავე ხელში აიღო. პოლიტბიუროს ოფიციალური სხდომების პარალელურად, სათავე დაუდო მისი გარემოცვის ყველაზე ერთგული წევრების შეკრებებს, რომლებიც ზუბალოვოში იმართებოდა. ახლობლების გარდა, ამ შეხვედრებზე სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებსაც იწვევდნენ, რომლებმაც შემდგომში უდიდესი როლი ითამაშეს ქვეყნის გაძლიერებაში. ფაქტობრივად, ამ არაფორმალურ შეკრებებზე წყდებოდა სახელმწიფოს ბედი და სტალინი შეგნებულად აკეთებდა ამას, რადგან პოლიტბიუროს გარკვეულ ნაწილს არ ენდობოდა, რაც დადასტურდა კიდეც მოგვიანებით. იქ, ზუბალოვოში ჩაეყარა საფუძველი რემდენიმე მსხვილი გეოლოგიური ექსპედიციის დაწყების იდეას, რომლის დროსაც ციმბირში ოქროს, ალმასისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებისა თუ წიაღისეულის დიდი საბადოები აღმოაჩინეს. საშინაო პოლიტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, სტალინის ოპონენტები საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის უხეში, მოუქნელი კურსის მომხრენი იყვნენ, მაშინ, როდესაც სტალინი მოქნილ, მაგრამ პრინციპულ პოლიტიკას ქადაგებდა და იმავდროულად, არამეგობრულ, ჩვენდამი მტრულად განწყობილ ქვეყნებში ფართო სადაზვერვო-სააგიტაციო-პროპაგანდისტულ ქსელებს ქმნიდა... სტალინმა და ძერჟინსკიმ 1918 წლის ბოლოს გერმანიაში პირველი მსხვილი სადაზვერვო რეზიდენტული ქსელი ჩანეგრეს, რომელიც სულ მოკლე ხანში გამსხვილდა და იმხელა ეფექტი მოგვცა, ამას, ალბათ, მხოლოდ სტალინი თუ წარმოიდგენდა წინასწარ.
მიუხედავად იმისა, რომ ზუბალოვოს არაფორმალური შეხვედრები მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, სტალინი ყველა მათგანის სტენოგრაფიულ ჩანაწერს აკეთებინებდა და საკუთარი ხელმოწერით მათ საიდუმლო არქივში ინახავდა. ამის შემდეგ, ამ მასალებს „სრულიად საიდუმლოს“ ორმაგი გრიფი ედო. ჩემი აზრით, წინდახედული სტალინი ამ დოკუმენტებს არა მხოლოდ ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებდა, არამედ პოლიტიკურსაც. ოციანი წლების დასაწყისში, როდესაც ჰიტლერის ნაცისტური მოძრაობა გერმანიაში მხოლოდ და მხოლოდ ძალებს იკრეფდა და მნიშვნელოვან ძალას არ წარმოადგენდა, საბჭოთა რეზიდენტურას დაევალა, საკუთარი ხალხი ჩაენერგა ამ მოძრაობაში. მათ ყველაფერი უნდა ეღონათ საიმისოდ, რომ, რაც შეიძლება, მაღალ ეშელონებში შეეღწიათ და იქ გაედგათ ფესვები. ჩვენმა დაზვერვმამ ეს ამოცანა წარატებით შეასრულა და 1923 წლის ნოემბრის დასაწყისისთვის (8-9 ნოემბერი – ეგრეთ წოდებული „ლუდის პუტჩი“), რამდენიმე ჩვენი აგენტი ჰიტლერის უახლოეს გარემოცვაში შევიდა. 1924 წლის 26 თებერვალს, როდესაც ჰიტლერი და მისი მომხრეები „პუტჩის“ ბრალდებით გაასამართლეს, სტალინმა ზუბალოვოში ძალიან ვიწრო წრეში გამართულ შეკრებაზე ძერჟინსკისა და ორჯონიკიძეს განუცხადა: „ეს კაცი (ჰიტლერი) სულ მალე ისეთ სახელს მოიხვეჭს, ერის მამად გამოაცხადებენ და ის სახელმწიფოს სათავეში მოვა.” იქვე, ძერჟინსკის დაავალა, ამ მიმართულებით (გერმანიის) რესურსები გაეორმაგებინა. სტალინს ფაშისტური ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა შორის ისეთი აგენტები ჰყავდა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუდმივად აწვდიდნენ ინფორმაციას საბჭოთა დაზვერვას, რეგულარულად ხვდებოდნენ თავად ჰიტლერს და გარკვეული გავლენაც კი ჰქონდათ ფაშისტების სახელმწიფო პოლიტიკაზე.
პოლიტბიუროს სხდომების უმრავლესობა ოციან წლებში დიდი ხმაურით მიმდინარეობდა და საბოლოოდ, სკანდალით მთავრდებოდა. იმ პერიოდში ქვეყნის ეს უმაღლესი პოლიტიკური ორგანო, ფაქტობრივად, ფუნქციის გარეშე იყო დარჩენილი და ინტრიგების ასპარეზად იქცა. იქ არანაირი ნორმალური დისკუსია აღარ იმართებოდა და აქედან გამომდინარე, არც რამე სერიოზული საკითხის განხილვა-გადაწყვეტა იყო შესაძლებელი. ალბათ, სწორედ ამის გამო ჩაუყარა საფუძველი სტალინმა ზუბალოვოს შეკრებებს, სადაც ერთი იდეითა და სულისკვეთებით შეკავშირებული ადამიანები იკრიბებოდნენ და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეს წყვეტდნენ. 1924 წლისთვის ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფო პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამდა.
1924 წლის ოქტომბრის ბოლოს, პოლიტბიუროს სხდომაზე ტროცკის გამო მორიგი სკანდალი მოხდა. ჩხუბის საბაბი გახდა არმიაში სამხედრო მეთაურთან არსებული პოლიტიკური კომისრის ინსტიტუტი. ტროცკი ამ თანამდებობის გაუქმებას კატეგორიულად მოითხოვდა, რასაც პოლიტბიურომ მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრის შემდეგ, ტროცკი სიტყვით გამოვიდა და პატარა ჯიუტი ბავშვივით, პოლიტბიუროს წევრებს დაემუქრა – იმ შემთხვევაში, თუ მის წინადადებას არ მიიღებდნენ, გადადგებოდა. ზინოვიევმა ამ გამოხდომაზე მკვეთრად უპასუხა: ტროცკის გადადგომა დიდად არ დააზიანებს საბჭოთა არმიასო და იქვე შესთვაზა პოლიტბიუროს წევრებს, ტროცკის გადადგომის საკითხი კენჭისყრაზე დაეყენებინათ. ამან გამოფხიზლებული სამხედრო კომისარი უკიდურესად გააღიზიანა და ზინოვიევს შეუტია. სიტუაცია ისევ სტალინის ჩარევამ გაანეიტრალა, რომელმაც ეს საკითხი განსახილველადაც კი არ გამოიტანა და ამის გამო ტროცკი მოხსნას გადაურჩა. თუმცა, მან დაუყოვნებლივ დატოვა სხდომა. მეორე დღეს, 30 ოქტომბერს სტალინმა ზუბალოვოში შინაურ ატმოსფეროში მიიწვია ძერჟინსკი, მისი მოადგილე იაგოდა, ვოროშილოვი, ორჯონიკიძე (რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა თბილისიდან) და რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი, რომლებსაც საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში მაღალი პოსტები ეკავათ. ამ შეკრებებმა სამ დღეს გასტანა. საგანგებო სამხედრო კონფერენციაზე „ჩეკას“ ხელმძღვანელობამ სტალინს წარუდგინა უტყუარი ცნობები იმის თაობაზე, რომ ტროცკის „ხლაფორთები“, საბოლოო ჯამში, სამხედრო გადატრიალებისთვის მზადება იყო და მას ტროცკის თავიდან მოშორება, მისი ლიკვიდაცია შესთავაზა. 31 ოქტომბრის სტენოგრამაში, რომელსაც სტენოგრაფისტი ალა მურავიოვა აწერს ხელს, ვკითხულობთ: „ამხანაგი სტალინი ოთახში დინჯად მიმოდიოდა, ჩიბუხს აბოლებდა და დუმდა. ხმას არც დანარჩენი დამსწრეები იღებდნენ. ბოლოს ორჯონიკიძემ, რომელსაც, როგორც ეტყობა, მოთმინება დაეკარგა, ფეხზე ამდგარმა მიმართა სტალინს: „სოსო, რატომ არაფერს ამბობ? ხომ ხედავ, ის ნაძირალა (ტროცკი) საითკენ მიდის? რას ელოდები?“ სტალინმა მას ხელით ანიშნა, მაცადეო და პაუზის შემდეგ უპასუხა: „ახლა რომ ეს საკითხი გავამწვავოთ? ისეთ კოზირს მივცემთ ხელში ტროცკის, რომელზეც ის ალბათ, არც ოცნებობს.“ ორჯონიკიძემ მას შეაწყვეტინა სიტყვა: „რატომ გავამწვავოთ? იაგოდამ რაც შემოგვთვავაზა, ის შევასრულოთ და ეს საკითხი თავისთვად მოიხსნება“. აქ უკვე მშვიდმა და გაწონასწორებულმა სტალინმა წამით თავშეკავებაც კი დაკარგა და ანთებული, მრისხანე თვალებით შეხედა ამხანაგ სერგოს: „შენ გინდა, მას წამებულის გვირგვინი დაადგან თავზე და მისი სახელით სხვებმა წამოჰყონ თავი? ნუთუ მაგდენს ვერ ხვდები? ტროცკი რომ ახლა თავის სიკვდილით მოკვდეს, მაინც არავინ დაიჯერებს და ეს ჩვენ შემოგვიბრუნდება ცუდად. პირიქით, ახლა ტროცკი ისე უნდა დავიცვათ, ცივი ნიავიც კი არ უნდა მიეკაროს და ამას თქვენ გავალებთ (სტალინმა ძერჟინსკის მიმართა), იცოდეთ, საკუთარი თავით აგებთ ამაზე პასუხს“.
ამ შეხვედრების დროს იაგოდამ სტალინს ტროცკის ლიკვიდაციის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა და ამ საკითხმა გამოიწვია ეს პოლემიკა. სტალინმა, რომელიც, რა თქმა უნდა, ტროცკის მშვენივრად იცნობდა, ყველაზე კარგად იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა და მან სულ სხვა ტაქტიკა აირჩია. ამავე სტენოგრამიდან ვიგებთ: „ამხანაგმა სტალინმა ვოროშილოვს მიმართა: „კლიმ, შენ ამ სუბიექტის „მოყუჩებაზე“ უნდა იზრუნო და მას ძერჟინსკის იმ სამხედრო მეთაურების სია გამოართვა, რომლებიც „ჩეკას“ შავ რეესტრში ირიცხებოდნენ. მათ შენ საკუთარ კაბინეტში თათბირზე მიიწვევ, ხოლო ესენი კი (სტალინმა იაგოდასკენ გაიშვირა ხელი) მშვიდად აიყვანენ. ეს უფრო (მან ახლა უკვე ორჯონიკიძეს მიმართა) ჭკვიანური ნაბიჯია, რადგან ტროცკის ყოყლოჩინობა ამ მეთაურების ძალაუფლებაზეა დამყარებული. როდესაც მას ამ საყრდენს გამოვაცლით, რამდენიც უნდა, იყვიროს, იხტუნოს და წეროს“. ზუბალოვოს ამ სამდღიან თათბირზე სტალინმა და მისმა უახლოესმა თანამებრძოლებმა ტროცკის შესუსტების ზომები დასახეს და უკვე რამდენიმე თვეში გახდა შესაძლებელი, ტროცკი თანამდებობიდან მოეხსნათ, რადგან მა©ს ყოველგვარი საყრდენი გამოაცალეს. მხოლოდ 1924 წლის მიწურულისთვის „წითელ არმიაში“ 11 გენერალი, 8 ბრიგადის გენერალი და 50-მდე უფროსი ოფიცერი დააპატიმრა „ჩეკამ“. ტროცკი, რომელმაც ეს ადამიანები ღალატის გზაზე დააყენა, პოლიტბიუროს სხდომებზე პროტესტს გამოთქვამდა ამის გამო, რასაც თითქმის უკვე აღარავინ აქცევდა ყურადღებას. ხშირ შემთხვევაში, ეს პროტესტი კომიკურ ფორმებს იღებდა.
მოამზადა