კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი გარემოება

თვალების გახელა არ იყო მთავარი – მაინც ვერ შეძლო ამოსვლა უფსკრულიდან. ისეთი განცდა ჰქონდა, რომ რაღაც ძალიან ღირებული და ძვირფასი დაკარგა. გული ერეოდა და გონებაც დაბინდული ჰქონდა. ვერ შეძლო, ცოლისთვის – სარასთვის დაეძახა. დალევა და ნაბახუსევი მისთვის უცხო არ იყო, ბოლო დროს კი ძალიან დაუმეგობრდა სასმელს. თვითონ ამას ტრაგიკულად არ მიიჩნევდა, მაგრამ სარა... ჰო, ცოლში გაუმართლა – სარა ჭკვიანიც იყო, ლამაზიც და საკმარისად მომთმენიც, თუმცა, ბოლო დროს ხშირად ეჩხუბებოდა, ძალიან ხშირადაც კი...
მუხლებზე დაჩოქილმა ძლივს მოახერხა, ტუალეტამდე მიეღწია. ონკანი მოუშვა, რამდენიმე ყლუპი წყალი გადაყლაპა და გული აერია. დიდხანს იყო ასე – უნიტაზში სანახევროდ თავჩაყოფილი. სისუსტე გაუძლიერდა, თუმცა თავი უკეთესად იგრძნო – თითქოს გონებიდან ბინდი გადაეწმინდა. შეეცადა, წინა დღის მოვლენები გაეხსენებინა – ეს საკმაოდ რთული იყო. „პახმელიაზე“ ადრეც ყოფილა, მაგრამ ეს კიდევ სხვა იყო – სიკვდილს ჰგავდა, თუმცა, აშკარად ცოცხალი იყო. არ შორდებოდა რაღაცნაირი დანაშაულის განცდა. წყალი ბევრი დალია, მერე სახეზეც შეისხა... ესეც არ ჩათვალა საკმარისად –  პირსახოცი აიღო და გრილ შხაპს მთელი ტანი შეუშვირა. სწორედ შხაპის ქვეშ მდგარმა, ეტაპობრივად დაიწყო წინა დღის მოვლენების გახსენება – პრინციპში, ყველაფერი მეტ-ნაკლებად ახსოვდა, რაც საღამომდე მოხდა. მაგალითად, ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ ნამდვილად ჰედლი ჰარვისი იყო და მსხვილ სარეკლამო კომპანიაში მუშაობდა. მას კარგი იდეები და ალღო ჰქონდა და ამიტომაც პატიობდნენ ისეთ წვრილმან ცელქობას, როგორიც შეუფერებელ დროს დალევა იყო... იმ დღეს ჰედლი ბილ ჰანტერმა ხაზგასმით გააფრთხილა – არავითარი სასმელიო. საღამოს განსაკუთრებულ პრეზენტაციაზე მიდიოდნენ – ავტომობილების უმსხვილეს კომპანიას ახალი მოდელი უნდა წარმოედგინა და ჰედლი ჰარვისის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი კლიენტის „დათრევა“. ჰედლიმ ირონიულად ჩაიცინა ბილის სიტყვებზე. ამ ტიპს ვერ იტანდა, არაფრად აგდებდა. თავი მოსწონდა იმით, რომ კომპანიის დამფუძნებელს, დრისკოლეს სწორედ იმ იდეებისთვის უყვარდა, რომლებითაც შემკვეთებს აღაფრთოვანებდა ხოლმე.
ჰედლიმ შუბლი მოისრისა: რა იყო მერე? ბარში ნამდვილად კარგი სასმელებით უმასპინძლდებოდნენ – ესეც ახსოვდა. ავტომობილი ისეთ კვარცხლბეკზე იდგა, რომელიც ნელა ბრუნდავდა... გვერდით თვალისმომჭრელი სილამაზის, გარუჯულსხეულიანი მოდელი იდგა და ავტომობილის მაღალ კლასს კიდევ უფრო გამოკვეთდა.
მესამე ჭიქა ბურბონის შემდეგ, სიცილი აუტყდა; მეოთხე ჭიქის შემდეგ კი სითამამე მოემატა და გათავხედდა – ხელის კვრით გვერდზე გასწია ბილი, რომელიც ეუბნებოდა, მეტი აღარ დალიო, დღეს „მოხუცმა“ შენს სამეთვალყუროდ გამამწესა. ჭკუით იყავი, პრობლემა არ შეიქმნაო... მერე ღიმილით მივიდა  კომპანიის მეპატრონესთან, რომელიც სავარაუდო კლიენტთან საუბარში იყო გართული და რაღაც თქვა... ჰო, რაღაც, მაგრამ, კონკრეტულად ვერ იხსენებდა თავის სიტყვებს. თუმცა, ის კი ნათლად დაუდგა თვალწინ, როგორ მოებრიცა სახე დრისკოლეს, ხოლო გაფუყულმა ავტომფლობელმა უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა – ეს რა არის, კომუნისტი გყავს კომპანიაშიო?..
ჰანტერმა ამოიოხრა, ჰედლის მივარდა და გვერდზე გაათრია... უძალიანდებოდა? მგონი, ჰო... თუმცა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. მთავარი, სავარაუდოდ, ის სიტყვები აღმოჩნდა, რომლებიც შეფსა და იმ გაბღენძილს უთხრა, რადგან „მოხუცმა” განაჩენი გამოუტანა – სამსახურიდან გააგდო... ორი პეშვი ცივი წყალი სახეზე და, ნელ-ნელა ის სიტყვებიც გაიხსენა, რაც მაშინ დრისკოლემ წარმოთქვა: შეგიძლია, ხვალიდან კომპანიაში მოსვლით თავი არ შეიწუხო. შენს ნივთებს ჩემი მდივანი მოგიტანს. იდეები მართლაც არაჩვეულებრივი გაქვს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ახლა „სტავკას“ ჭკვიან და წესიერ თანამშრომელზე გავაკეთებო...
ჰარვისი ბინაში გამეფებულმა არაბუნებრივმა სიჩუმემ გააოცა. ნეტავი, სად იყო სარა... იცოდა, ჰედლი სამსახურიდან რომ გამოაგდეს? იქნებ, მთვრალმა უთხრა კიდეც და ახლა აღარ ახსოვდა? მაშინ, რატომ არ შემოდიოდა და სკანდალს რატომ არ ტეხდა?!
ჰარვის ჰედლიმ შუბლი მოისრისა. პრობლემა სერიოზული იყო: რადგან სამსახურიდან სიმთვრალის გამო გააგდეს, კომპენსაციასაც ვერ მოითხოვდა. ერთბაშად, მის დაბინდულ გონებაში რომელიღაც ნათურა აინთო. გაახსენდა, რომ წინა ღამითაც სწორედ ამაზე ფიქრობდა – ეძებდა საშუალებას, რომლითაც იმის დამტკიცებას შეძლებდა, რომ, ძალიან მთვრალი კი არა, მსუბუქად ნასვამი იყო... გაიხსენა, როგორ გამოვიდა ქუჩაში და განათებულ ვიტრინებს გაუყვა. მაღაზიების უმეტესობა ღია იყო. რატომ ეგონა, რომ მალე თავზე დაათენდებოდა? საათის ისრები ჯერ მხოლოდ ღამის 11 საათს უჩვენებდა. ერთ ვიტრინაში, მანეკენზე, ორიგინალური ჰალსტუხი დაინახა – ლურჯი იყო და წითელი, იაპონური იეროგლიფების მსგავსი ნაქარგები ჰქონდა. შეეცადა, მაღაზიაში მტკიცე ნაბიჯით შესულიყო და, როგორც თვითონ მოეჩვენა, გამყიდველს საკმაოდ „დალაგებულად” აუხსნა, რა უნდოდა. მერე გამყიდველმა ჰალსტუხი სპეციალურ, საფირმო ქაღალდის ტომსიკაში ჩაუდო... ჩეკიც იქვე იყო – ჰალსტუხი 23 დოლარი და რამდენიმე ცენტი ღირდა. ჰედლის გაუხარდა, რომ ამის გახსენებაც კი მოახერხა – ესე იგი, სასმლისგან გონება არც ისე დახშული ჰქონდა, როგორც თავიდან მოეჩვენა. ახლა სუფთად ჩაიცვამდა, ახალ ჰალსტუხს გაიკეთებდა და ოფისში წავიდოდა, რათა დაემტკიცებინა, რომ შეუფერებლად მთვრალი არ ყოფილა. ზუსტად იმდენი ჰქონდა დალეული, რამდენიც კოქტეილ-წვეულებაზე არის დასაშვები. თუ საჭირო გახდებოდა, მაღაზიაში მივიდოდა და მოწმედ გამყიდველს წამოიყვანდა.
საძინებელ ოთახში ჰალსტუხის ძებნამ შედეგი არ გამოიღო. იატაკზე მისი წინა დღის „გარდერობის“ ნაშთი ეყარა... ნამდვილად ვერ გაიხსენა, გული როდის აერია, ან როგორ მოახერხა, შარვალი მუხლზე გადაეხია... სარას საძინებელშიც არეულობა იყო, ლოგინი კი ნაომარს ჰგავდა... იატაკზე დაჭმუჭნილი ქაღალდის ტომსიკა ეგდო – სწორედ ის, რომელშიც გამყიდველმა ჰალსტუხი ჩაუდო... მაგრამ, რატომ არ ჩანდა  სარა? ცოლს ვერც სამზარეულოში მიაგნო. თან,  მასთან ერთად, თითქოს ჰალსტუხიც გაუჩინარდა. უცნაური განცდა დაეუფლა, რამაც შიში მოჰგვარა... ფეხაკრეფით შევიდა სასტუმრო ოთახში... რაღაც საშინელების მოლოდინში, ნაბახუსევიდან ჯერაც გამოურკვეველი სხეული კანკალმა აიტანა: სარა იატაკზე იჯდა და გაყინული მზერა მისკენ ჰქონდა მიმართული. შუშის თვალებში სიცოცხლე ჩაქრობოდა, მის ნაზ კისერზე კი მჭიდროდ შემოხვეული ლურჯი ჰალსტუხი შენიშნა – წითელი, იაპონური იეროგლიფების მსგავსი ნაქარგებით დამშვენებული.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3